გუშინდელი სასამართლო იყო ძალიან კარგი ლუსტრაცია, როგორ ასამართლებენ საქართველოს ევროპულ მომავალს, - ასე შეაფასა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერმა, გიორგი ბუტიკაშვილმა, 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ აღძრულ, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გუშინ გამართული პროცესი.
როგორც გიორგი ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ყველა ადამიანმა უნდა გაიაზროს, რომ თუ პოლიტიკოსები ციხეში იქნებიან, პარტიები გაუქმდება, საქართველო სამუდამოდ დარჩება რუსული გავლენის ქვეშ და იქიდან ამოსვლა გაგვიჭირდება.
„გუშინდელი სასამართლო იყო ძალიან კარგი ლუსტრაცია, როგორ ასამართლებენ საქართველოს ევროპულ მომავალს. ლიდერების იქ ყოფნა ერთად, სუფთა ფურცლის გამო, ფაქტობრივად, ამის დადასტურება იყო და იმ გზის აღსრულება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული მომავლის საბოტაჟით დაიწყო. ნებისმიერი ლიდერი, ვინც ციხეშია ან ვის წინააღმდეგაც არის საქმე აღძრული, იბრძვის ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. პარტიებისთვის მთავარი ამოცანა იყო, ქვეყანა გამხდარიყო ევროკავშირის წევრი, ჰქონოდა პარტნიორობა დასავლურ სახელმწიფოებთან, მათ შორის ამერიკასთანაც. სწორედ ამას ასამართლებს „ქართული ოცნება“. პუტინს და რუსეთს სეირის ყურების საშუალებას აძლევს, რომ ნახოს, როგორ სამართლდება ამ ქვეყანაში ჩვენი ევროპული მომავალი, რაც არის რეალურად საქართველოს იდენტობა. ამ საქმეებზე სერიოზულად ვერ ვილაპარაკებთ, რადგან არ არსებობს არანაირი ფაქტი, რაც დასტურდება“, - განაცხადა ბუტიკაშვილმა.
მისი განმარტებით, „ქართული ოცნების“ ქმედებები მიუთითებს იმას, რომ ხელისუფლება აღასრულებს იმას, რაც მიზნად დაისახა, თუმცა მნიშვნელოვანია, როგორ წინააღმდეგობას აჩვენებს საზოგადოება.
„წინააღმდეგობაში ვგულისხმობ, ხალხი რამდენად გაათვითცნობიერებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სიტუაცია გადაიყვანა უკვე ავტოკრატიის ფინალურ ფაზაში, სადაც ნებისმიერი ადამიანი, ვინც კი კრიტიკულ სიტყვას დაძრავს და ხმას ამოიღებს, შეიძლება ციხეში აღმოჩნდეს. კანონიც, რომელიც არალეგიტიმურობის შესახებ დააინიცირეს, სწორედ ამას გულისხმობს, რომ ჩვენ უნდა გავჩერდეთ. პოლიტიკოსების ძალა და იმედი იმაშია, რომ ისინი ამ საბოტაჟის საქმეებს ძალიან გმირულად ხვდებიან და საზოგადოებას მაგალითს აჩვენებენ, რომ ეს არის უკომპრომისო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, - განაცხადა ბუტიკაშვილმა.
როგორც მან განმარტა, დაუმორჩილებლობა და არ თანამშრომლობა არის ის, რაც „ქართულ ოცნებას“ ძალიან აწუხებს, რასაც მოწმობს ხელისუფლების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი თუ მიღებული კანონი.
„მათ სურთ პროტესტის მოკვდინება, პარტიების გაუქმება, ამ ქვეყანაში დემოკრატიული ხმის გაუქმება, მათ შორის ეს ეხება ასევე ტელემედიებსაც. „ქართული ოცნების“ ამოცანა არის, ძალადობით მოახდინოს საზოგადოებაზე ზეწოლა და ასე აღიარებინოს თავი“, - განაცხადა ბუტიკაშვილმა.
რაც შეეხება პროტესტს, გიორგი ბუტიკაშვილის აზრით, საზოგადოება გაბრაზებულია, მაგრამ ამავდროულად, გადაღლილი. მისი შეფასებით, „ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანაც სწორედ ის არის , რომ ხალხი დაიღალოს და საქართველო პუტინს მიაბაროს“.
„მესმის, რომ არ არის ერთი ძალა ან ლიდერი, რომელსაც საზოგადოება გაჰყვება, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ დიქტატორებში ერთი ლიდერის არსებობა ასევე წარუმატებლად მთავრდება. ეს ვნახეთ რუსეთის, ბელარუსის შემთხვევაშიც“,- განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა, რომელმაც დასძინა: „ქართული ოცნების“ რღვევის პროცესი დაწყებულია და ამაზე მეტყველებს ის, რომ „ქართულ ოცნებას“ კონსოლიდაცია არ შეუძლია.
ამასთან, მან შეაფასა ის გარემოებაც, რომ ხვალ, 12 თებერვალს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, 8-თვიანი პატიმრობის ამოწურვის შემდეგ რუსთავის ციხეს დატოვებს. როგორც გიორგი ბუტიკაშვილმა განმარტა, გვარამია ახალი ძალებით დაბრუნდება.
„ხელისუფლებამ შიდა კონსოლიდაცია ვერ შეძლო, მაგრამ შეძლეს პროდასავლურმა ძალებმა, ჩვენ ჯერ კიდევ ფეხზე ვდგავართ. პარტიული სტრუქტურები შენარჩუნებულია, ვთანამშრომლობთ დასავლურ სახელმწიფოებთან. არაღიარების პოლიტიკა გრძელდება, სახლში არავინ წასულა, დღემდე ქუჩაში ვდგავარ და ვცდილობთ ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ. პოლიტიკური ლიდერების გამოსვლასთან ერთად, კიდევ უფრო ახალი ენერგია იბადება და დაიბადება. ჩვენ ეს ვნახეთ ზურას [ჯაფარიძე], გიორგი ვაშაძის შემთხვევაშიც. ნიკაც თავის ენერგიით და ძალებით ბრუნდება უკან და აუცილებლად მოახდენს ესეც გარდატეხას. ამის იმედი მაქვს, მაგრამ ამ ადამიანებმა მოგვცეს ბრძოლის, არ თანამშრომლობის, არდანებების მაგალითი“, - განაცხადა ბუტიკაშვილმა.
გარდა ამისა, მან შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტიც შეაფასა. გიორგი ბუტიკაშვილის განცხადებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იმიტომ არ ეწვია საქართველოს, რომ „ქართული ოცნება“ არ არის ის დემოკრატიული ძალა, ვისთანაც თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა შეიძლება.
„ქართულ ოცნებას“ არ ენდობიან. აღიქვამენ, როგორც რუსულ ძალას და ქვეყანაში რუსული გავლენის აქტორს. ვინაიდან რუსეთს არ ენდობიან, ასევე არ ენდობიან ბიძინა ივანიშვილსაც. ივანიშვილს რომ ენდობოდნენ, ივანიშვილი დასანქცირებული აღარ იქნებოდა. კორიდორებში ხელის ჩამორთმევა, რასაც პროპაგანდისტულად ასაღებს „ქართული ოცნება“, ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ ამერიკამ „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობები გადააფასოს“, - განაცხადა ბუტიკაშვილმა.
რაც შეეხება აშშ-ში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მამუკა მდინარაძის ვიზიტს, მისი თქმით, ვიდრე „ქართული ოცნება“ დემოკრატიულ გზას არ დაუბრუნდება, აშშ-თან ურთიერთობის ნორმალიზება შეუძლებელია.
„ნებისმიერი შეხვედრაზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკასთან ან ამერიკელ კოლეგებთან გამართავს, ისმენს ერთ რამეს, დაუბრუნდით დემოკრატიულ გზას თუ გინდათ, რომ სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა. „ქართული ოცნებისთვის“ დათმობა არ არსებობს. ცხადია, ფორმატებს იყენებენ იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ ესაუბრონ. უნდა აიძულონ ისინი, დემოკრატიულ გზას დაუბრუნდნენ, სხვა შემთხვევაში, აშშ-ის ინტერესი საქართველოსთან მიმართებით გაჩერდება.
აშშ ითხოვს, რომ „ქართული ოცნება“ დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას. არ შეუქმნას პრობლემები მაგისტრალს, ზანგეზურის კორიდორს, რითაც როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ აშანტაჟებს. ამიტომ, რაც უფრო ხისტი პოლიტიკა ექნება „ქართულ ოცნებას დასავლელი პარტნიორების მიმართ, მით უფრო ხისტი პოლიტიკით დაუბრუნდება დასავლეთი. სწორედ ამიტომ არის ეს შეხვედრები, რომ „ქართული ოცნების“ არაადეკვატურ ნაბიჯებს ძალიან ადეკვატური პასუხებით პასუხობენ. დასავლეთი ელაპარაკება მათ მხოლოდ კონკრეტულ ამბავზე - მათ უნდა შეწყვიტონ ქვეყანაში ადამიანების წამება, შეწყვიტონ ადამიანების უფლებების ხელყოფა და დაუბრუნდნენ დემოკრატიულ გზას. სხვანაირად წარმოუდგენელია ნდობის აღდგენა“, - განაცხადა ბუტიკაშვილმა.
მისი თქმით, ნაბიჯები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა, მას არასანდო პარტნიორს ხდის.
„თუ უნდათ სანდოობაა დაიბრუნონ, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგან. სწორედ ამ საკითხზე აქვთ შეხვედრები, თუ აქვთ აშშ-თან ან ევროპასთან. მაგალითად, ახლა მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის კონფერენციაზე მიდის, იქაც იმავე გზავნილები იქნება. არ არსებობს ტრანზაქციული ურთიერთობები, თუ აქ ადამიანებს ქუჩაში ტროტუარზე დგომის გამო იჭერენ, პარტიებს აუქმებენ და პოლიტიკურ ლიდერებს არაფრის გამო ასამართლებენ“, - განაცხადა ბუტიკაშვილმა.