ვინ არ აწერს ხელს ოპოზიციის ერთობის დოკუმენტს - პარტია “ახალი” უკვე შეთანხმებული ტექსტის გამოქვეყნებას აანონსებს
რა ჩამოიტანა მდინარაძემ ვაშინგტონიდან - სხვადასხვა ვერსიები და დამთხვევები
“მივუტევოთ ადამიანებს, რომლებიც უსამართლოდ გვექცევიან...” - რაზე მიანიშნებს “ლელოს” ლიდერი და როგორ მიიღებს ამას დანარჩენი ოპოზიცია
* * *
ვინ არ აწერს ხელს ოპოზიციის ერთობის დოკუმენტს - პარტია “ახალი” უკვე შეთანხმებული ტექსტის გამოქვეყნებას აანონსებს
“ოპოზიციის ერთობის დოკუმენტი უკვე მზადაა, თუმცა ზოგიერთი პარტია მასზე ხელის მოწერისგან თავს იკავებს. ამის მიუხედავად, უახლოეს დღეებში, შესაძლოა, ეს შეთანხმება გასაჯაროვდეს. ამაზე “ახლები” საუბრობენ და აცხადებენ, ამით საზოგადოებას შეექმნება წარმოდგენა, თუ რის ხელმოწერაზე ამბობს უარს ოპოზიციის ნაწილი. ანალიტიკოსები კი “რეზონანსთან” ამ უარის სავარაუდო მიზეზებსა და კონკრეტული პარტიების განსხვავებულ მოსაზრებებზე საუბრობენ. ახალ ერთობასთან დაკავშირებით საუბარია სულ ათ ოპოზიციურ პარტიაზე. არაოფიციალური ინფორმაციით, 8 მათგანმა უკვე მოაწერა ხელი თანხმობის დოკუმენტს. ესენია: “ახალი”, “დროა”, “გირჩი - მეტი თავისუფლება”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ევროპული საქართველო”, “ფედერალისტები”, “თავისუფლების მოედანი”, “ეროვნულ დემოკრატიული პარტია”, კიდევ ორი ოპოზიციური პარტია - “ნაცმოძრაობა” და “ლელო” კი ამ დრომდე თავს იკავებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვინ არ აწერს ხელს ოპოზიციის ერთობის დოკუმენტს - პარტია “ახალი” უკვე შეთანხმებული ტექსტის გამოქვეყნებას აანონსებს.
“დოკუმენტის შინაარსი უცნობია, თუმცა, ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საჯარო განცხადებებიდან უკვე გამოიკვეთა მისი მთავარი პუნქტები: ურთიერთთავდაუსხმელობა, ხმების ერთ ყულაბაში მოგროვება, თანასწორობა, პრინციპულობა, ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის არმიცემა, პარტიულ სუვერენიტეტში არჩარევა. ანალიტიკოსთა შეფასებით, დიდი ალბათობით ენმ-დან ხელმოწერაზე ყოყმანის მთავარი მიზეზი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხია, “ლელოს” მხრიდან - კი პარტიული დამოუკიდებლობის შენარჩუნების სურვილი. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პროცესს ემთხვევა “ახალის” ლიდერის ნიკა გვარამიას ციხიდან გამოსვლა, ის რუსთავის საპატიმროს 12 თებერვალს დატოვებს და, სავარაუდოდ, პროცესი ალბათ უფრო გააქტიურდება. ”ახალის” წარმომადგენელი თენგო თევზაძე ამბობს, რომ . “პარტია “ახალი” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” იღებს პასუხისმგებლობას, რომ ეს დოკუმენტი 2-3 დღეში აუცილებლად გასაჯაროვდება. მისი თქმით, “რა არის იქ ცუდი, რა არის კარგი, რაზე ვერ გადავაბიჯეთ რომ ამ დოკუმენტზე ხელი მოგვეწერა - ამაზე ფართო მსჯელობა იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“დარწმუნებული ვარ, რომ პარტიების უმრავლესობა დოკუმენტს ხელს მოაწერს. ეს ჯანსაღი, დემოკრატიული დოკუმენტია. აქ არავის აკრძალვა და პარტიულ სუვერენიტეტში ჩარევა არაა, აქ არის თანასწორობაზე, პრინციპულობაზე, ხელისუფლების ლეგიტიმაციის არმიცემაზე და ბრძოლის მშვიდობიან სტრატეგიაზე საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელშიც ოპოზიცია ერთიანად უნდა გამოიყურებოდეს და არა დაქსაქსულად. ყველა ისეთი საკითხი წერია, როცა გადაწყვეტილებები კონსენსუსის გზით მიიღება", - განაცხადა თევზაძემ. ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ლევან სანიკიძე კი ამბობს, რომ მთავარი პრობლემა მიცემული სიტყვის დარღვევაა. “დოკუმენტს და ურთიერთთავდაუსხმელობას რომ თავი დავანებოთ, სიტყვას რომ იტყვი, უნდა დაიცვა. რომ იტყვი - “ამას არ დავესხმები”, არ უნდა დაესხა; რომ იტყვი - “მე დავივიწყე” მერე არ უნდა წამოაძახო. რომ იტყვი - “ჩვენ ერთ ყულაბაში ვაგროვებთ ხმებს", შენი თამაში არ უნდა დაიწყო. მე სიტყვის არგატეხვის პრობლემას უფრო ვხედავ, ვიდრე ხელმოწერის. შეიძლება მოკლე პოლიტიკური ბიოგრაფია მაქვს, მაგრამ ამ პერიოდში რაც შეთანხებები და სიტყვის გატეხვები ვნახე... ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ რაღაც ტიპის ოპოზიციური ერთობა თუ არ შედგა, დროს ვკარგავთ”, - თქვა მან”, - განაგრძობს გამოცემა.
“ფედერალისტების” ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი კი ამბობს, რომ რვა პარტია უკვე შეთანხმდა გამარჯვების სტრატეგიაზე და ამ სტრატეგიის შესრულებისას თანამშრომლობის დემოკრატიულ წესებზე. “ეს არ არის დახურული დოკუმენტი, ეს არ არის დროში შემოსაზღვრული დოკუმენტი, უბრალოდ, ჩვენ გვეჩქარება, პროცესი უნდა დავძრათ. “ნაციონალურ მოძრაობასთან” მიდის მოლაპარაკებები. მოლაპარაკებებში მონაწილეობს და თავის ვარიანტებს გვთავაზობს სააკაშვილის სახელით ბარამიძე და უნდა ხელმოწერა, ყოველ შემთხვევაში ამას ამბობს. ბოკუჩავა სხვა რაღაცაზე ლაპარაკობს და ჯობია შიგნით ჩამოყალიბდნენ და როცა ჩამოყალიბდებიან, მერე იტყვიან”, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა, რომელიც იმედოვნებს, რომ საბოლოოდ შეთანხმების დოკუმენტს “ნაციონალური მოძრაობა” და “ლელოც” შეუერთდება. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ ყოყმანის მიზეზი შესაძლოა ენმ-ს მხრიდან სააკაშვილი იყოს, “ლელოს” კი უფრო პარტიული დამოუკიდებლობა სურდეს”, - დასძენს გამოცემა.
“როგორც ვიცი, ამ ეტაპზე “ნაციონალური მოძრაობა” და “ლელო” იკავებენ თავს, თუმცა, ყოველ შემთხვევაში, შეთანხმება მაინც შედგება. შეიძლება ენმ-ს შემთხვევაში იგივე მიხეილ სააკაშვილის საკითხი იყოს - რომ, როდესაც პოლიტპატიმრებს ახსენებენ, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად იყოს მოხსენიებული. შესაძლოა გარკვეული კამათი “ოცნებასთან” ტელედებატების საკითხზეც არის, მაგრამ, საერთო ჯამში, მათ საერთო ღირებულებები აკავშირებთ. “ლელოსთვის” რა იყო თავის შეკავების მიზეზი, ამის თქმა ძნელია. შესაძლოა მას უფრო დამოუკიდებლობა სურს”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე და შეკითხვაზე, - “რას შეცვლის გვარამიას გამოსვლა ციხიდან?” - პასუხობს:
“გვარამიას გამოსვლა პროცესს გააძლიერებს, ოღონდ ამომრჩეველს სწორი მესიჯი უნდა გაეგზავნოს. არ გამოვრიცხავ მან ციხიდან გამოსვლის შემდეგ განცხადებაც გააკეთოს, რომ ბრძოლას აახლებს; თუმცა, იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ მასზე კიდევ რაღაცა ზეწოლა წამოვიდეს ხელისუფლების მხრიდან”.
რა ჩამოიტანა მდინარაძემ ვაშინგტონიდან - სხვადასხვა ვერსიები და დამთხვევები
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მამუკა მდინარაძე სამდღიანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იყო კოლეგების მიწვევით. დამატებითი დეტალები უცნობია და ოპოზიცია დეტალებს ითხოვს, თუ რა მიზნებისთვის გაემგზავრა აშშ-ში მდინარაძე და ვისთან ჰქონდა შეხვედრები. ერთის მხრივ, მდინარაძის აშშ-ში ჩასვლა შესაძლოა უკავშირდებოდეს “ოცნების” ხელისუფლების მცდელობას, რომ მიაღწიოს აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადატვირთვას. მეორე მხრივ, ეს ვიზიტი დროში დაემთხვა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის კავკასიურ ტურნეს. გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართა ირანის გარშემო მნიშვნელოვანი ესკალაციის ფონზე და იმ პირობებში, როდესაც შესაძლებელია უკრაინაში ომის დასრულების რეალური პერსპექტივა გაჩნდეს. მდინარაძე რომ აშშ-ში “გაგზავნა ივანიშვილმა”, ეს ჯერ კიდევ 4 თებერვალს გააჟღერეს პარტიაში “გახარია საქართველოსთვის”, რაც მოგვიანებით სუს-ში უარყვეს. 1-ლ თებერვალს კი სუს-მა თავად გაავრცელა ინფორმაცია, რომ მდინარაძე 7-10 თებერვლის ამერიკული მხარის მოწვევით იმყოფებოდა აშშ-ში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა ჩამოიტანა მდინარაძემ ვაშინგტონიდან - სხვადასხვა ვერსიები და დამთხვევები.
“აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი 8-10 თებერვალს ერევანსა და ბაქოს ესტუმრა, თუმცა თბილისში არ ჩამოსულა. 10 თებერვალს, სავარაუდოდ მდინარაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ, „ოცნებაში" ერთიმეორის მიყოლებით კეთდებოდა განცხადებები აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის პერსპექტივაზე. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 10 თებერვალს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება “აშშ-ის შემხვედრ პოზიციას დაელოდება” და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას რამდენი დროც დასჭირდება, იმდენ ხანს მოიცდის. მისივე თქმით, ბოლოდროინდელი გზავნილები, რაც ამერიკული მხრიდან ისმის, მას ოპტიმისტურად განაწყობს. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ასევე 10 თებერვალს განაცხადა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთიბებში სიახლე უნდა შევიდეს - აღნიშნული კომენტარი აშშ-ს უმაღლეს წარმომადგენლებთან მის შეხვედრას ეხებოდა, თუმცა დასძინა, რომ მთავრობას აქვს მოლოდინი, რომ “აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის დღის წესრიგში საქართველო უახლოეს მომავალში დადგება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ოცნებაში” მდინარაძის ვიზიტზე არ საუბრობენ. შალვა პაპუაშვილმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ „საქმიანი ურთიერთობა სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის გრძელდება" და ვიზიტი შეეხებოდა უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობას. საქართველოში აშშ-ის საელჩომ “რადიო თავისუფლებას” მდინარაძის ვიზიტის დეტალებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ “აშშ-ის ოფიციალური პირები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე ორიენტირებული სტანდარტული, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ”. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ვიზიტი კავშირში იყოს როგორც რეგიონისა და ქვეყნის უსაფრთხოებასთან, ისე ურთიერთობების დალაგების მცდელობასთან. თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია თვლის, რომ აშშ-ში საქართველოს სუს-ის ხელმძღვანელის მისაწვევად შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ყოფილიყო და არავისთვის დასამალი არაა, რომ “ოცნება” აშშ-სთან ურთიერთიბების აღდგენას ცდილობს”, - განაგრძობს გამოცემა.
“დასამალი არაა და “ქართული ოცნება” დიდი ხანია ყველანაირად ცდილობს აშშ-ს დღევანდელ ადმინისტრაციასთან ურთიერთობები დაალაგოს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში უფრო მეტი ინტენსიფიკაციით, ეტყობა ვენესუელის ეფექტიდან და ირანის ამბებიდან გამომდინარე. ცდილობენ ყველა შანსი გამოიყენონ, თუნდაც თეორიული, რომ შეხვდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ურთიერთობები დაალაგონ. სავარაუდოდ, ამ კონტექტში უნდა გავიაზროთ ეს ვიზიტიც - რომ მდინარაძე ცდილობს უკვე აშშ-ში თავისი პროფილის ორგანიზაციებთან, უსაფრთხოების სამსახურებთან დაალაგოს” - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია და შეკითხვაზე - “რამდენად შესაძლებელია, რომ მდინარაძის აშშ-ში მიწვევა მიზანმიმართულად დაამთხვიეს ვიცე-პრეზიდენტ ვენსის კავკასიურ ტურნეს და ეს უკავშირდებოდეს აშშ-ის სურვილს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანთან ერთად, საქართველოშიც ჰქონდეს გარკვეული გეგმები სამხრეთ კავკასიაში გავლენების გასაძლიერებლად”? - პასუხობს:
“აქვს თუ არა ასეთი გეგმა, არავინ არ იცის, მაგრამ ფაქტია - აშშ-მა ორ სახელმწიფოსთან სტრატეგიული ურთიერთობა დაამყარა. საქართველოსთან ძალიან დაბალი დონის ურთიერთობა კი აქვს, თუმცა, სამუშაო ურთიერთობები არის, გეოგრაფიულად საქართველოს გვერდს ვერ აუვლი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სტრატეგიული ურთიერთობები ისეთ ნიშნულზე დაბრუნდება, როგორიც აქამდე იყო, როგორც გუშინ აზერბაიჯანთან მოხდა. “ქართულმა ოცნებამ” ანტიამერიკული რიტორიკით და ა.შ. დიდი ზიანი მიაყენა ურთიერთობებს. შეიძლება ტრამის ადმინისტრაციას ბაიდენის ადმინისტრაცია არ მოსწონდეს, მაგრამ ამერიკელები არიან და ნებისმიერი ანტიამერიკული ქმედება, რომელიც ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, სერიოზულად იქნება მიღებული”.
“აშშ-მა დიპლომატიური არხებით “ოცნებას” დიდი ხანია გამოუგზავნა, თუ რას ელოდება მისგან. ამის შემდეგ აქედან პასუხი არ ყოფილა და არც ის პირობები არ შესრულებულა. სავარაუდოდ, საუბარია დემოკრატიული ინსტიტუტების დემონტაჟზე უარის თქმაზე და ა.შ. ეს სანამ არ იქნება, არ მგონია რაღაც შეიცვალოს... რაც შეეხება ფაქტს, რომ მდინარაძე აშშ-ში ამერიკელი კოლეგების მიწვევით ჩავიდა, აშშ-ს საქართველოსთან ომი კი არ აქვს გამოცხადებული - შეიძლება რაღაც უნდათ მოისმინონ, დღევანდელი ხელისუფლება ურთიერთობების გაუმჯობესებას როგორ ხედავს, ქვეყანა ფაქტიურად იზოლაციაშია და როგორ ხედავენ ამის გამოსავალს... მათ იმედი აქვთ, რომ ორმხრივ ურთიერთობაში რაღაც შეიცვლება, რაც თეორიულადაც და პრაქტიკულადაც არაა გამორიცხული, თუ ისინი ძირითად პირობებს შეასრულებენ. ამაზე წავა თუ არა “ოცნება”, ცოტა ძნელი სათქმელია, რადგან აქ უკვე ერთმანეთს უპირისპირდება რეჟიმის გადარჩენის ინსტინქტი და ქვეყნის იზოლაციიდან გამოსვლის სურვილი. ეს ორი ერთმანეთს გამორიცხავს”, - დასძენს კაკაჩია.
“მივუტევოთ ადამიანებს, რომლებიც უსამართლოდ გვექცევიან...” - რაზე მიანიშნებს “ლელოს” ლიდერი და როგორ მიიღებს ამას დანარჩენი ოპოზიცია
“ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულმა ბადრი ჯაფარიძემ 10 თებერვლის სასამართლო პროცესზე მოულოდნელი განცხადება გააკეთა: “გვჭირდება, მოვძებნოთ ძალა, ვიფიქროთ ქვეყანაზე, მივუტევოთ ადამიანებს, რომლებიც უსამართლოდ გვექცევიან და საზოგადოება გავამთლიანოთ”. ნიშნავს თუ არა ეს “ოცნების” ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყებაზე მინიშნებას და როგორ მიიღებს ამას დანარჩენი ოპოზიცია? ჯაფარიძემ ეს განცხადება სასამართლოზე რვა ოპოზიციონერისთვის წაყენებული ბრალდების შინაარსზე საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ამ ბრალდებების დაბალი სტანდარტის მტკიცებულებებიც კი არ არსებობს და ეს ყველაფერი “წარმოუდგენელი ფაბრიკაციაა”. ჯაფარიძის თქმით, ასეთი პრაქტიკა წარსულში უნდა დარჩეს და საზოგადოებამ უნდა მოძებნოს ძალა, რომ მძიმე ვითარებიდან გამოსასვლელად კონსოლიდაციისკენ წავიდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “მივუტევოთ ადამიანებს, რომლებიც უსამართლოდ გვექცევიან...” - რაზე მიანიშნებს “ლელოს” ლიდერი და როგორ მიიღებს ამას დანარჩენი ოპოზიცია.
“ეს აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფოს. ასეთი პროცესები წარსულში უნდა დარჩეს. ჩვენ გვჭირდება, რომ საკუთარ თავებში მოვძებნოთ ძალა, იმისათვის, რომ ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზე, გამოვიდეს მძიმე მდგომარეობიდან, მივუტევოთ იმ ადამიანებს, რომლებიც უსამართლოდ გვექცევიან და შევეცადოთ საზოგადოება გავამთლიანოთ”, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე. მისი თქმით, საქართველოს არ აქვს საკმარისი რესურსი მსგავსი დაპირისპირების გასაგრძელებლად და დაუშვებელია სასამართლოსა და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება. “უნდა შევწყვიტოთ დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში, ასეთი პროცესები მხოლოდ საზოგადოების გახლეჩას უწყობს ხელს. ჩვენ უნდა გავამთლიანოთ ჩვენი საზოგადოება. უნდა გადავლახოთ ერთმანეთის აზრის ასეთი შეუწყნარებლობა, რადგან იმ პროცესს, რასაც ახლა ვხედავთ, ეს არის პროცესი განსხვავებული აზრის წინააღმდეგ”, - აცხადებს ჯაფარიძე. ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის აზრით, ნაკლებად მოსალოდნელია ბადრი ჯაფარიძეს ხელისუფლებასთან შერიგების სურვილი ჰქონდეს, ხოლო ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ოპოზიციას სულ რომ ასე უნდოდეს, მთავარია ხელისუფლებას რა სურს, რადგან პროცესებს ის წარმართავს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ჩემი აზრით, აქ დიალოგზე საუბარი არ არის. სავარაუდოდ, ის მიანიშნებს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევში რაღაც შერიგებას უნდა ჰქონდეს ადგილი. ოღონდ აქ საუბარი “ქართული ოცნების”პოლიტიკურ ელიტაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ ხელისუფლების მომხრეებზე, რომ ერი შერიგდეს. მე ასე გავიგე ეს განცხადება. თუ ხელისუფლებასთან შერიგება იგულისხმა, ოპოზიციის დანარჩენი ნაწილიდან ალბათ, აზრთა სხვადასხვაობა იქნება - ზოგი ფიქრობს, რომ ეს საჭიროა, სხვები კი პირიქით. თუმცა, საბოლოო ჯამში, თუ გაერთიანების სურვილი არსებობს, ოპოზიცია ამას ხელს არ შეუშლის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე. „რეზონანსთან".
“საკმაოდ უცნაური და მოულოდნელი განცხადებაა, რადგან აქ ლაპარაკი მხოლოდ ოპოზიციაზე და შეცდომებზე არ არის. საკითხავია, რამდენად უნდა ხელისუფლებას, რომ დიალოგი გაიმართოს? ან ეს ხისტი დაპირისპირება უფრო რბილ ფორმებში გადავიდეს? შეიძლება ოპოზიციას და თუნდაც ჯაფარიძეს უნდოდეს, რომ ეს მოხდეს, მაგრამ “ქართულ ოცნებას” უნდა ამ ნაბიჯის გადადგმა? თუ ხელისუფლება ამას იზამს, ეს ნიშნავს იმას, რომ უარს იტყვის რეპრესიებზე? ამიტომ, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში რაღაც სიტუაციის გამოსწორება ოპოზიციაზე ნაკლებად არის დამოკიდებული. ოპოზიციას შეიძლება ბევრი რამე უნდოდეს, მაგრამ პროცესს ყოველთვის ხელისუფლება წარმართავს. არ მგონია დღეს მთავრობა მზად იყოს, ოპოზიციასთან ყოველგვარი წინაპირობების გარეშე რაიმე დათმობებზე წავიდეს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“თუ ოპოზიცია იტყვის, რომ მთავრობა მართალი იყო, არჩევნები სამართლიანად ჩატარდა და ა.შ., მაშინ ეს დათმობას კი არა, კაპიტულაციას ნიშნავს. ამიტომ როცა ასეთი განცხადებები კეთდება, სწორი იქნება, თუ დაზუსტდება რას გულისხმობს მიტევებაში. ხელისუფლება პირიქით იძახის - მიტევება მათ კი არა, ოპოზიციას სჭირდებაო. აქედან გამომდინარე, ოპოზიციის სურვილს არავითარი მნიშვნელობა აქვს. თუ ჯაფარიძე ხელისუფლებისთვის მიტევებას გულისხმობს, მგონია, რომ დანარჩენი ოპოზიციის მხრიდან, თუნდაც “ნაციონალური მოძრაობის”, ნეგატიური დამოკიდებულება იქნება. თუნდაც იმის გამო, რაც მე ვთქვი. არ მესმის რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მაშინ ჯაფარიძემ უნდა განმარტოს, რას გულისხმობს მიტევებაში. გასაგებია ის, თუ რა მოთხოვნები იქნება ხელისუფლებისგან, მაგრამ მზად არის ოპოზიცია ასეთ კომპრომისებზე წავიდეს? ეს არის მნიშვნელოვანი. როცა ეს იქნება ცხადი, მერე შეიძლება ამ საკითხზე საუბარი - რა არის ამისთვის საჭირო, რა შედეგი ექნება და ა.შ. მანამდე ასეთი გაურკვეველი განცხადებების შეფასებას აზრი არ აქვს”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.