ნიღაბი მომხსნეს და შემდეგ გამლახეს, ფორმა შემომახიეს და ყვიროდნენ, ყველას გახადეთო, 15 კაცამდე მირტყამდა, ერთ-ერთი ამოვიცანი ამ დარბაზიდან - გური ჟვანია, - ამის შესახებ ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლაშა ჯუღელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 10 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
მას საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს. სამმართველოს უფროსის ჩვენების მიხედვით, მას აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც თავში დაზიანება მიიღო.
„დაახლოებით, 19:00 საათისკენ გადმოიცა რაციაზე, რომ მომიტინგეები პრეზიდენტის სასახლისკენ აპირებდნენ ჩასვლას და მზადყოფნაში ვიყავით, შემდეგ რაციაში მივიღეთ ინფორმაცია, რომ სასახლეში შეჭრას აპირებდნენ, თან ინტერნეტშიც ვუყურებდით ამ ყველაფერს.
სასახლესთან ხალხი დაგვხვდა, შევჩერდით, სასახლემდე არ მისული დაგვიწყეს ქვების, ჯოხების სროლა, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, გვაგინებდნენ, ჩემი ბევრი თანამშრომელი დაზიანდა.
ძალიან ბევრი ადამიანი იყო იქ, თავშიც, თითქმის ყველგან მომხვდა, 15 კაცამდე მირტყამდა“, - განაცხადა ჯუღელმა.
პროკურორის კითხვაზე, თუ ახსოვს პირები, რომლებიც მას გაუსწორდნენ, დაზარალებულმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, გური ჟვანია ამოიცნო.
„დაახლოებით, 15-ადამიანამდე მირტყამდა, ერთ-ერთი ამოვიცანი ამ დარბაზიდან, 50 წელს ზემოთ, ჩემზე ოდნავ მაღალი - გური ჟვანია. ის ამოვიცანი ვიდეოზე, სახეზე მახსოვდა, დარწმუნებული ვარ, მე როგორც გამლახეს, ისე რომ გაელახათ სხვა ვინმე, ისიც დაიმახსოვრებდა.... ვიდეოშიც ჩანს, წაქცეულზე ფეხს მირტყამს... ჩვენ პრეზიდენტის სასახლეში შესვლას ვცდილობდით, რათა მომიტინგეები იქ არ შესულიყვნენ, მაგრამ ვერ მივაღწიეთ, დაგვიზიანეს ყველაფერი",- განაცხადა ჯუღელმა.
გური ჟვანიას ადვოკატის, ნათია კორკოტაძის ერთ-ერთ კითხვაზე, რადგან მას ნიღაბი ეკეთა, თან ძირს დაგდებულს ურტყამდნენ, როგორ ამოიცნო ჟვანია, პოლიციელმა ასე უპასუხა:
„თქვენ ვიდეო ნანახი გაქვთ? ნიღაბი მომხსნეს და შემდეგ გამლახეს, ფორმა შემომახიეს, კონკრეტულად თუ გაინტერესებთ და ყვიროდნენ, ყველას გახადეთო. ფორმა რომ გამხადეს, მაისურის გახდასაც ცდილობდნენ, „5.11“ მაისური მეცვა, სამხედროა და ფორმა ეგონათ, შემომახიეს“, - განაცხადა ჯუღელმა.
ადვოკატ შოთა თუთბერიძის კითხვაზე, თუ რატომ ეკეთა პოლიციელს ნიღაბი, მაგალითად, რამის ხომ არ რცხვენოდა, პოლიციელმა უარყოფითი პასუხი გასცა.
„სასირცხვილო არაფერი გვაქვს პოლიციელებს, პირიქით, მეამაყება პოლიციელი რომ ვარ და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას ვიცავ, ნიღაბი იმის გამო არ მეკეთა, რომ რამის მრცხვენოდა. ნიღბის გაკეთების გადაწყვეტილება პირადად მივიღე და მეკეთა, სანამ არ მომხსნეს“, - განაცხადა პოლიციელმა.
თუთბერიძის კითხვაზე, თუკი, დაზიანება მიიღო, რატომ არ მივიდა ექიმთან, პოლიციელმა უპასუხა, რომ „ზოგადად, ექიმებთან არ დადის“.
ამ წუთებში სასამართლოში ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პოლიტიკოსების - პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 5 პირის - ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძის და თორნიკე მჭედლიშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.