თქვენ რომ ნიღაბი არ გკეთებოდათ, მოხდებოდა იგივე? - ამ კითხვით 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა გენერალმა ლაშა ბერიძემ დაზარალებულ პოლიციელს, ლაშა ჯუღელს მიმართა.
ის ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსია და 4 ოქტომბრის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი აქვს. მისი ჩვენების მიხედვით, ათონელის სასახლესთან მას 15-მდე პირი ფიზიკურად გაუსწორდა, რომელთაგანაც ერთ-ერთი ბრალდებული, გური ჟვანია ამოიცნო.
ლაშა ბერიძე ბრალდებულებიდან ერთადერთი იყო, რომელმაც დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელს კითხვები დაუსვა.
„ზოგადად, საზოგადოებაში ნიღბიანი პოლიციელი მაინც ასოცირებულია პოტენციურ მოძალადესთან, ნიღბის გარეშე პოლიციელი ასოცირდება პირთან, ვინც კანონს იცავს. თქვენ რომ ნიღაბი არ გკეთებოდათ, მოხდებოდა იგივე?“, - ჰკითხა ბერიძემ ჯუღელს, რასაც პოლიციელმა უპასუხა, რომ „ალბათ, კი“. მას ბრალდებულმა კვლავ მიმართა კითხვით.
„ბატონი ლაშა ბევრ დემონსტრაციაზე იქნებოდა უნიღბოდ ნამყოფი. სხვა დროს განხორციელებულა თუ არა ძალადობა, თქვენი, როგორც პოლიციელის მიმართ?“, - იკითხა ბერიძემ, თუმცა, მისი კითხვა განარიდეს, ვინაიდან საქმესთან შემხებლობაში არ იყო.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.