შალვა პაპუაშვილი - რამდენიმე დღის წინ BBC-ის პასუხი მივიღეთ, ისინი არ აპირებენ გადახედონ საკუთარი ჟურნალისტების საქმიანობას - ვართ სამართლებრივ დავაში, წინ არის სხვა პროცედურები! თქვენ ნახავთ მწარე მარცხს!

გამოცდილება გვეუბნება, სადაც რომელიმე უცხო სახელმწიფო, ორგანიზაცია შეეჭიდა საქართველოს, ყველა დამარცხდა, ასე რომ, აქაც ნახავთ თქვენ მწარე მარცხს! - წინ არის სხვა პროცედურები, სადაც უფრო მეტად მოუწევთ პასუხისგება, ვიდრე აქამდე იყო, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს ჩათვლით, სადაც უკვე მოპასუხე იქნება ბრიტანეთის სახელმწიფო და სახელმწიფო დამარცხდება „ქართულ ოცნებასთან“. ასე რომ მათი გადასაწყვეტია, სჯობს, აქვე დამორჩილდნენ ჭეშმარიტებას და აღიარონ, რაც დააშავეს, ვიდრე გააჯანჯლონ და ბოლოს უფრო დიდი ზიანი მიიღონ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც მედიასთან დაადასტურა, რომ BBC-ისგან მათ საჩივარზე პასუხი მიიღეს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, BBC პასუხი „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე დღის წინა მიიღო. მისი თქმით, საპასუხო მიმართვაზე იურისტები უკვე მუშაობენ.

„რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მივიღეთ მათი პასუხი. რა თქმა უნდა, მათ წინასწარვე ჰქონდათ თავისი პოზიცია გამჟღავნებული, რომ ისინი არ აპირებენ გადახედონ საკუთარი ჟურნალისტების საქმიანობას და ამ პასუხშიც იგივე პოზიცია არის. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენ მივყვებით ამ პროცედურებს. იურისტები უკვე მუშაობენ საპასუხო მიმართვაზე, რომელიც ბრიტანეთის კანონმდებლობიდან გამომდინარე კვლავ BBC-ში უნდა გავასაჩივროთ ეს საკითხი, მათი პოზიცია შიდა რეგულაციის მეორე დონეზე. რა თქმა უნდა, ჩვენ BBC-სგან დიდი იმედი არ გვქონდა, რომ როდესაც ასეთ ფალსიფიკაციას მხარს უჭერ და აქვეყნებ, შემდეგ საკუთარ თავს დააბრალებდნენ ამას, თუმცა ჩვენ ამიტომაც მივყვებით ყველა პროცედურას. საბოლოო ჯამში, გამოცდილება გვეუბნება, სადაც რომელიმე უცხო სახელმწიფო, ორგანიზაცია შეეჭიდა საქართველოს, ყველა დამარცხდა, ასე რომ, აქაც ნახავთ თქვენ მწარე მარცხს!

ის, რომ არ გამოიყენა ეს შანსი [„ქართული ოცნების“ მოთხოვნების შესახებ, ბოდიშის მოხდის, ფილმის წაშლის] და სხვათა შორის, ცალკე არგუმენტად მოგვცა ჩვენ, კიდევ დამატებით, რომ წინასწარვე საკუთარი განწყობა გაამხილეს. როდესაც ჩვენ მივმართეთ მათ საჩივრით, სანამ საერთოდ საჩივარს გაეცნობოდნენ, არგუმენტებზე დაფიქრდებოდნენ, ცოტა კრიტიკულ ანალიზს ჩაატარებდნენ შიგნით მაინც, პირველი რეაქცია მათი მხრიდან იყო ის, რომ „არა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს ჟურნალისტს“. ასე რომ, ყველაფერთან ერთად, რაც აუცილებლად იქნება ჩვენს ერთ-ერთ არგუმენტაციაში, გაამხილეს, რომ შიდა გასაჩივრების სისტემა არის ფარსი, რაც ბრიტანეთში არსებობს იმიტომ, რომ მას არანაირი შედეგი არ აქვს, რადგან წინასწარ განწყობითვე თქვეს მათ, რომ არ აპირებენ რაიმე კრიტიკულ ანალიზს.

იმ მიზანს, რაც მათ ჰქონდათ, რომ დაეზიანებინათ ქვეყანა, არ უნდათ გადაუხვიონ. მივყვებით ყველა პროცედურას. ჩვენ, ახლა, BBC-ის იმედად ხომ არ ვიქნებოდით? ჩვენ ხომ არ გვაკადრეს, დონალდ ტრამპს აკადრეს ისეთი ტყუილი, რომ მილიარდიანი სარჩელი ემუქრებათ, ასეთი ტყუილი დონალდ ტრამს აკადრეს და საქართველოსთან უკადრებელს კი არ იკადრებდნენ, რა ვიცი, უარესს იზამდნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან უპასუხა მედიის კითხვას, თუ რატომ არ გაასაჯაროვა „ქართულმა ოცნებამ“ BBC-ისგან მიღებული პასუხები.

„ჩვენ ვართ შესული სამართლებრივ დავაში, რომელსაც თავისი პროცედურები აქვს. ამაში ჩართული არიან იურისტები. რა თქმა უნდა, პასუხი არის და არგუმენტაციები მოტანილი აქვთ, ის, რასაც საუბრობენ. საერთო ჯამში, არაფერი ახალი არ არის. დეტალებში არ შევალ. მთავარი არის ერთი რამ, რომ ისინი არიან მტყუანები, ჩვენ ვართ მართალი. ეს დადასტურდება და მათ ხელში რომ არ დადასტურდება, ეს თავიდანვე ცნობილი იყო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, მიღებული პასუხი ახლა, კვლავ BBC-ში უნდა გაასაჩივრონ.

„ასეთი აბსურდული წესები აქვს ბრიტანეთს, სასწაულია პრინციპში. კიდევ აქეთ რეკომენდაციებს გვაძლევენ და შეგვიძლია მართლაც რეკომენდაციები მივცეთ, როგორ მოაწესრიგონ ის, რომ სიყალბისგან დაიცვან, მათ შორის საკუთარი მოქალაქეები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი განმარტებით, „რაც უფრო გაძალიანდებიან, მით უფრო დააზიანებენ საკუთარ თავს“.

„რაც უფრო გაძალიანდებიან, მით უფრო დააზიანებენ საკუთარ თავს და იმიტომ, რომ წინ არის სხვა პროცედურები, სადაც უფრო მეტად მოუწევთ პასუხისგება, ვიდრე აქამდე იყო, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს ჩათვლით, სადაც უკვე მოპასუხე იქნება ბრიტანეთის სახელმწიფო და სახელმწიფო დამარცხდება „ქართულ ოცნებასთან“. ასე რომ არ ვიცი, მათი გადასაწყვეტია, სჯობს აქვე დამორჩილდნენ ჭეშმარიტებას და აღიარონ, რაც დააშავეს, ვიდრე გააჯანჯლონ და ბოლოს უფრო დიდი ზიანი მიიღონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, BBC-იმ გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციაზე საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს. „ქართულმა ოცნებამ“ მასალაში მოყვანილი ინფორმაცია უარყო და BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა. საქართველოს მმართველმა პარტიამ აღნიშნული საჩივრით BBC-სგან ბოდიშის მოხდა და მასალების აღება მოითხოვა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!