ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026

გია ხუხაშვილი - “ვენსის ვიზიტი კავკასიაში საქართველოს გვერდის ავლით ჩვენთვის გეოპოლიტიკური კატასტროფაა”

“ლელოს” საბოლოო უარი და აზრთა სხვადასხვაობა ენმ-ში - ოპოზიცია გაერთიანებას ისევ ვერ ახერხებს

ვახტანგ ძაბირაძე - “ჩვენ ახლა ვგავართ პეპელას, რომელიც ცეცხლისკენ დიდი გულმოდგინებით მიიწევს..."

რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობისა და აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას ითხოვს

ეკა კუპატაძე - „მე მათ პირდაპირ ვეუბნები - არ იქნება სახელმწიფო სამართალი, იქნება ჩემი!“

* * *

გია ხუხაშვილი - “ვენსის ვიზიტი კავკასიაში საქართველოს გვერდის ავლით ჩვენთვის გეოპოლიტიკური კატასტროფაა”

“მოსაზრება, რომ ხელისუფლების წამოწყებული ე.წ. რეფორმა ილიას უნივერსიტეტის წინააღმდეგ არის მიმართული, სრულიად საფუძვლიანია, ისევე როგორც შენობების გასხვისებასთან დაკავშირებული სრულიად ბანალური, მერკანტილური მოტივი, თუმცა მე ამ პრობლემას უფრო ფართოდ შევხედავდი. დავიწყებ იმით, რომ რეჟიმის ფორმირების პროცესში ხელისუფლებას აქვს გარკვეული პრობლემები, რაც სხვადასხვანაირია. მათ შორის უმნიშვნელოვანესია ახალ თაობასთან კონფლიქტი. ამ რეჟიმის ფორმირება ხდება პოსტსაბჭოთა მენტალიტეტზე დაყრდნობით, რაც სრულიად უცხოა ახალი თაობისთვის. შესაბამისად, ამ ყველაფერს თაობათა შორის კონფლიქტის განზომილებაც აქვს. უფრო მეტსაც გეტყვით, რუსი იმპერიალისტი იდეოლოგები ბოლო წლებში ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ, საქართველოში ყველაფერი სწორად მიდის, მაგრამ პრობლემაა ახალი თაობა, რომელიც სრულიად გაუცხოებულია ჩვენს წიაღთან, რუსული ენაც კი არ იცისო. მათი აზრით, ენის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ახალი მოდელით მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში რეინტეგრაციისთვის”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვენსის ვიზიტი კავკასიაში საქართველოს გვერდის ავლით ჩვენთვის გეოპოლიტიკური კატასტროფაა”.

“ვფიქრობ, ეს ე.წ. განათლების რეფორმა გარკვეულწილად შიდაპოლიტიკური მოტივებითაც არის განპირობებული, მაგრამ, ჩემი აზრით, სამწუხაროდ, ყველაზე მნიშვნელოვანი რუსული ფაქტორია. გარკვეული ქმედებები მეტყველებს, რომ ამ რეფორმების სტრატეგია სწორედ კრემლთან კოორდინაციაშია შემუშავებული. ახლა შევეცდები ავხსნა, რატომ ვფიქრობ ასე. გავიხსენოთ, რით დაიწყეს ეს რეფორმა - გამოცხადდა 3 ინიციატივა: პირველი - განათლების საერთაშორისო ცენტრის გაუქმება, მეორე 11-წლიან სასკოლო განათლებაზე გადასვლა და მესამე - უმაღლესი განათლების სისტემის მოწყობა პრინციპით: “ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი”. რას იძლევა ეს სამი ინიციატივა? - ართულებს ცივილიზებულ სამყაროში განათლების მიღებას. მოგეხსენებათ, 11-წლიანი განათლება ცივილიზებულ სამყაროში არსად არ არის, ანუ 11-წლიან ატესტატს არსად არ იღებენ. ერთადერთი ქვეყანა არის რუსეთი, სადაც ის შეიძლება იყოს მოქმედი და ასევე დსთ-ის ზოგიერთ ქვეყანაში. პირველი ორი ინიციატივა სწორედ ამგვარი შედეგის მიღებას ემსახურება, ანუ გადაუკეტონ ქართველ ახალგაზრდებს ცივილიზებული, დასავლური განათლების მიღების გზები. რაც შეეხება მესამეს, უნდათ შექმნან ხელოვნური დეფიციტი მოთხოვნად პროფესიებზე და საბოლოოდ იძულებული გახადონ ქართველო მშობლები და აბიტურიენტები, რომ უცხოეთში ეძებონ განათლების მიღების საშუალებები, თუმცა ვინაიდან ხელისუფლება მათ დასავლეთისკენ გზებს ყველანაირად უჭრის, ალტერნატივად რჩებათ მხოლოდ რუსეთისა და დსთ-ის ზოგიერთი ქვეყნის უნივერსიტეტები”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ვინმემ დაასაბუთა, რა მოტივით გადაწყვიტეს 11-წლიან სწავლებაზე გადასვლა? თუ ჩვენი მიზანია ინტეგრაცია ცივილიზებულ სამყაროში, მაშ, რატომ ვამბობთ უარს ვიყოთ საერთაშორისო, გლობალური განათლების სისტემის ნაწილი? ყველაფერი, რასაც ახლა ამბობენ, რომ ვიღაცა 12 წელს ისწავლის, რეპეტიტორიუმს თუ რაღაც მსგავსს ქმნიან, ეს წყალზე ნაწერი ისტორიებია, რაც ან განხორციელდება, ან არა. მთავარი დამაზიანებელი და სახიფათო ნაბიჯები უკვე გადადგმულია. ვიმეორებ, ილიას უნივერსიტეტი ნამდვილად არის კონკრეტული სამიზნე, მაგრამ პრობლემა გაცილებით გრძელვადიანი და გლობალურია. რეზიუმე რომ გავაკეთო, ეს რეფორმა მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოს განათლების სისტემის სრული ინტეგრაცია მოხდეს რუსულ იმპერიულ განათლების სისტემაში. რბილი იმპერიული ძალა ასე მოქმედებს, ხდება სინქრონიზაცია და ინტეგრაცია სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ პროცესების ამგვარ განვითარებას პოლიტიკური, ეკონომიკური, საინფორმაციო და ახლა უკვე განათლების მიმართულებითაც. ახლა ცდილობენ ახალი თაობის რეინტეგრაცია მოახდინონ ამ იმპერიულ სივრცეში. არ ვამბობ, რომ ვისი ხელითაც ეს კეთდება, ამ ყველაფრის აზრზე არიან, ვერ გამოვრიცხავ, რომ ისინი იღებენ დავალებას, ასრულებენ და სულაც არ იციან, რისთვის კეთდება ეს ყველაფერი”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ქართული ოცნება” ნამდვილად ცდილობს ჩვენი ხალხი დააჯეროს, რომ აშშ-ისთვის სულერთია ვინ არის აქ ხელისუფლებაში, რომ მათი არადემოკრატიული ნაბიჯების მიუხედავად, მათთან ილაპარაკებენ და ა.შ. ასე არ მოხდება და აგიხსნით რატომ. ვინაიდან იციან საზოგადოების განწყობა, ცდილობენ იმიტირებასა და ილუზიების შექმნას, თითქოს კიდევ შეუძლიათ მნიშვნელოვან პარტნიორთან ურთიერთობის აღდგენა. შესაბამისად, არაფრისგან სცადეს ისტორიის შექმნა, სინამდვილეში კი ყაველაშვილთან ეს იყო წმინდად პროტოკოლური, შემთხვევითი გასაუბრება და არ ყოფილა ცალკე დანიშნული შეხვედრა, მით უფრო, რომ ამერიკელებმა კარგად იციან, ვინ არის ყაველაშვილი და რა წონა აქვს მის ფიგურას. რაც შეეხება მდინარაძის ვიზიტს, ვფიქრობ, ის არ იყო პოლიტიკური ვიზიტი და უკავშირდებოდა ირანის ირგვლივ მიმდინარე პროცესს, რაც, დიდი ალბათობით, ამერიკელების ინიციატივით შედგა. მოგეხსენებათ, ირანთან დაკავშირებით რამდენიმე სცენარი არსებობს, იქაურ დემოკრატიას აქვს თავისი სტანდარტი - სპეცსამსახურების ხელმძღვანელთან ლაპარაკობენ სპეცსამსახურებზე, პოლიტიკოსებთან - პოლიტიკურ თემებზე... ამ ვიზიტს რაიმე პოლიტიკური შედეგი რომ ჰქონოდა, ხომ წარმოგიდგენიათ, ხელისუფლება ამას როგორ გააფორმებდა და როგორ მიაწვდიდა მოსახლეობას”, - განმარტავს ექსპერტი.

“რაც შეეხება იმიტაციებს, რომ მათ კიდევ აქვთ აშშ-თან ურთიერთობის აღდგენის რესურსი, ეს არის ერთგვარი ნიღაბი იმ რეალური გზისა, რაც აირჩია “ოცნებამ”. ჯერჯერობით არ მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ვითარება ისეა მომწიფებული, რომ პირდაპირ გამოგვიცხადონ, გაუმარჯოს რუსეთის იმპერიას და საბჭოთა კავშირის აღდგენასო. იმაზეც კი ლაპარაკობენ, ევროკავშირში გვინდაო, ოღონდ დილით ევროკავშირს ლანძღავენ, რაღას არ აბრალებენ, საღამოს კიდევ ევროპაში მიდიან. ეს არის ობივატელზე გათვლილი ვირეშმაკული თამაში, ადამიანზე, რომელიც უპირობოდ იღებს პროპაგანდას, მით უმეტეს, თუ ის ინტენსიურია. დღეში 10-ჯერ ტყუილს რომ გეტყვიან, ბოლოს და ბოლოს, დაიჯერებ... საქართველო, როგორც სუბიექტი, საერთაშორისო ურთიერთობებში გაქრა. ეს ჩანს ყველაფერში, მათ შორის ვენსის ვიზიტშიც. საქართველოს არ ელაპარაკებიან, არ მიიჩნევენ ამას შესაძლებლად. ვიღაცა ფიქრობს, რომ საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკა ყალიბდება კრემლში და თუ დასჭირდათ, ჯობს კრემლს ელაპარაკონ და არა ამათ. არის მეორე მნიშვნელოვანი განზომილებაც - რამდენიმე დღის წინ მარკო რუბიომ ირანზე საუბრისას ასეთი რამ თქვა, ამ ქვეყანასთან რთულია ურთიერთობა იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანას მართავს ვიღაც, არაინსტიტუციური სულიერი ლიდერი და ლაპარაკს ინსტიტუციურ ხელმძღვანელობასთან აზრი არა აქვს, რადგან ისინი გადაწყვეტილებებს არ იღებენო. ეს ნათქვამი პირდაპირ ვრცელდება საქართველოზეც”, - ამტკიცებს გია ხუხაშვილი.

“ქვეყანას მართავს არაინსტიტუციური პირი, სახელმწიფო მოღვაწეებისთვის კი, რომლებმაც უნდა ილაპარაკონ სტრატეგიულ ურთიერთობებზე, პარტნიორობაზე, დიდი მნიშვნელობა აქვს ვის ელაპარაკებიან. კობახიძესთან ლაპარაკს აზრი არა აქვს, რადგან ის ამ ლაპარაკში იძულებული იქნება, სულ ცოტა, გამოიყენოს ზარი ახლობელთან, თვითონ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. საერთაშორისო ურთიერთობებში თითქოს პირად ურთიერთობებს არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ აშშ-ის ან ნებისმიერი ქვეყნის ლიდერი რომ ხარ, რომელიმე ქვეყნის ფოსტალიონს რატომ დაელაპარაკები? დიქტატორებსაც ელაპარაკებიან, აგერ პუტინსაც კი, რომელსაც მთელი ცივილიზებული სამყარო მტრად მიიჩნევს, მაგრამ საქმე ის არის, რომ პუტინი ინსტიტუციონალიზებული დიქტატორია, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს და ამიტომ ელაპარაკებიან. ამავე პრინციპით ელაპარაკებიან ლუკაშენკოსაც... აქ ვის დაელაპარაკონ? - ივანიშვილი თვითონ არ ჯდება მოლაპარაკებებზე, მაგრამ რომც დაჯდეს, ოფიციალურ შეხვედრებს მასთან ვერ გამართავენ. ამ თვალსაზრისით ერთგვარ ჩიხში ვართ. “, - დაასკვნის რესპონდენტი.

“ივანიშვილს შეიძლება უნდა ამ ჩიხიდან გამოსვლა, მაგრამ ამის ერთადერთი გზა არსებობს - მისი ინსტიტუციონალიზაცია, უნდა გამოვიდეს ბუჩქებიდან და ფორმალურად აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ამ შემთხვევაში კიდევ არის მცირე შანსი, რომ ეს ურთიერთობები წავიდეს დალაგებისკენ. ვენსის ვიზიტი კავკასიაში საქართველოს გვერდის ავლით ჩვენთვის გეოპოლიტიკური კატასტროფაა. 5-10 წლის წინათაც კი, ვიდრე საქართველოს სრული დეგრადაცია და სტერილიზაცია დაიწყებოდა, ეს შეხვედრები აუცილებლად გაიმართებოდა თბილისში. დიახ, ჯეი დი ვენსი მათ საქართველოში შეხვდებოდა, რეგიონების ერთიანობის ცენტრი და დასავლეთთან ურთიერთობის მთავარი გამტარი ხომ აქამდე საქართველო იყო. შეხედეთ, კობახიძეს თითქმის არსად არ იწვევენ და არსად არ დადის, მაგრამ სადაც მიდის, იქაც ობოლი ბავშვივით დგას ხოლმე, იქაც კი არავინ ელაპარაკება, თუ არ ჩავთვლით ბოტსვანის პრეზიდენტს. რაც შეეხება შუა დერეფნის თემას, ჩემი აზრით, დღეს ანაკლიის პორტი უკვე ექსპლუატაციაში რომ ყოფილიყო გაშვებული, ზანგეზურის საკითხი შეიძლება არც დამდგარიყო, რადგან ახალი დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური დახასიათება აზრს დაკარგავდა”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ზანგეზურის თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა ზუსტად იმიტომ, რომ საქართველოში მოხდა ქვეყნის გეოპოლიტიკური ფუნქციის ხელოვნური ტორპედირება. ჩვენ ეს გეოპოლიტიკური ფუნქცია სულ გვქონდა, მაგრამ საჭირო იყო მისი განვითარება, მაგრამ ამის ნაცვლად ხელისუფლებამ თვითონ მოახდინა საკუთარი გეოპოლიტიკური ფუნქციის საბოტირება, რაც იყო უპირველესად რუსეთის ინტერესი. თუმცა მოსკოვის ინტერესში არც ზანგეზურია. რადგან დაინახეს, რომ საქართველოში მიმდინარეობდა შუა დერეფნის განვითარების საბოტაჟი, იძულებული გახდნენ დიდი მოთამაშეები, რომლებისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩრდილოეთის გზის ალტერნატიული დერეფნის გაჭრა, შეეცვალათ მიმართულება და საბოლოოდ ყურადღებამ გადაინაცვლა ზანგეზურის დერეფანზე. მე არ ვამბობ, რომ მისი ამოქმედების შემდეგ საქართველოზე გამავალი დერეფანი სრულად გაუქმდება, მაგრამ ტვირთები ძალიან შემცირდება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთს აქვს პირდაპირი ინტერესი ტვირთები აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ სწორედ მისი პორტების საშუალებით გადაიზიდოს. დიახ, თურქეთს აქვს ამბიცია გახდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის შემაერთებელი უმნიშვნელოვანესი ჰაბი. ამას ერდოღანი არც მალავს, ზანგეზური კი მას ამის შესაძლებლობას აძლევს”, - დასძენს გია ხუხაშვილი.

“ლელოს” საბოლოო უარი და აზრთა სხვადასხვაობა ენმ-ში - ოპოზიცია გაერთიანებას ისევ ვერ ახერხებს

“ოპოზიციის ერთობის დოკუმენტზე “ლელომ” საბოლოოდ უარი თქვა. “ნაცმოძრაობაში” ამ საკითხზე ისევ აზრთა სხვადასხვაობაა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება. “კოალიცია ცვლილებებისთვის” კი აცხადებს, რომ დოკუმენტის გასაჯაროების შემდეგ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მასზე ხელმოწერაზე უარს იტყვიან, საზოგადოებისათვის თავისი პოზიციის ახსნა მოუწევთ. “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, თენგო თევზაძის განცხადებით, “ნაცმოძრაობისგან” ელოდებიან ოფიციალურ პასუხს, ხოლო “ლელომ” უკვე დააფიქსირა პოზიცია, რომ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. “თუ ეს ერთობა ვერ შედგა, ყველას მოუწევს პასუხის გაცემა, მათ შორის, იმ ადამიანებს, ვინც ერთობის გულმხურვალე მხარდამჭერები არიან, მაგრამ ერთობა არასდროს შეუქმნიათ სხვასთან. პირიქით, ისინი ხელს უწყობენ მეტი ბარიერის შექმნას”, - ამბობს თევზაძე, რომლის თქმით, შეთანხმების დოკუმენტი მხოლოდ რედაქციულ ცვლილებებს საჭიროებს, შინაარსი და პრინციპები შეთანხმებულია და უახლოეს დღეებში ეს დოკუმენტი გახდება საჯარო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ლელოს” საბოლოო უარი და აზრთა სხვადასხვაობა ენმ-ში - ოპოზიცია გაერთიანებას ისევ ვერ ახერხებს.

“თევზაძემ ოპოზიციური ერთიანობის აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გაერთიანება უნდა ეფუძნებოდეს საზოგადოების ორ მთავარ მოთხოვნას - პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ახალი, სამართლიანი არჩევნების დანიშვნას. “ახალი სამართლიანი არჩევნები რომ დაინიშნება, ოპოზიცია უნდა დასხდეს და გადაწყვიტონ როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით და გარეთ დიახ, შესაქმნელია. საქმე საქმეზე რომ მიდგება, ერთიანობასთან დაკავშირებით მესმის ბუნდოვანი პოზიცია - ვინმეს არ მოსწონს თევზაძე, გვარამია, მელია და ა.შ. -მოწონებაზე არ არის საუბარი, აქ არის ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის ეროვნული ინტერესი. ახლა მნიშვნელოვანია ოპოზიციის გაერთიანება. ერთიანობასთან ერთად უნდა გავშალოთ ბრძოლის სტრატეგია, თუ როგორ უნდა დავასუსტოთ ივანიშვილის რეჟიმი. ოპოზიცია მრავალფეროვანია და ეს ერთობაც უნდა იყოს მრავალფეროვანი, რათა მას დიდი ძალა ჰქონდეს. უნდა გავიგოთ, თუ რატომ არ გამოდის ერთობა 13 წლის მანძილზე”, - განაცხადა თევზაძემ. “ნაცმოძრაობაში” არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე “ფედერალისტების” ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმაც ისაუბრა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს არ არის დახურული დოკუმენტი, ეს არ არის დროში შემოსაზღვრული დოკუმენტი. უბრალოდ, ჩვენ გვეჩქარება, პროცესი უნდა დავძრათ. “ნაციონალურ მოძრაობასთან” მიდის მოლაპარაკებები, მიშა სააკაშვილის წარმომადგენლები ბოლო შეხვედრაზე თვლიან, რომ ბარამიძემ უნდა წარმოადგინოს მისი ინტერესები. ბოკუჩავა კი სხვა რაღაცაზე ლაპარაკობს და ჯობს შიგნით ჩამოყალიბდნენ და როცა ჩამოყალიბდებიან, მერე თქვან. ახლა კი მოლაპარაკებებში მონაწილეობს და თავის ვარიანტებს გვთავაზობს სააკაშვილის სახელით ბარამიძე და უნდა ხელმოწერა, ყოველ შემთხვევაში ამას ამბობს”, - განმარტავს თამარ ჩერგოლეიშვილი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი, ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ “ნაცმოძრაობის” გარეშე რეალური ერთობის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდება. ამასთან, მისი ვარაუდით, აზრთა სხვადასხვაობა შესაძლოა მმართველ პარტიასთან მომავალი ურთიერთობის საკითხს უკავშირდებოდეს”, - დასძენს გამოცემა.

“ნამდვილად არ ვიცი, “ნაცმოძრაობაში” ვის რა პოზიცია გააჩნია. შესაძლოა ოპოზიციაში ვიღაც “ოცნებასთან” დიალოგის მომხრეა, რასაც “ნაცმოძრაობიდან” ვიღაც ეთანხმება და ვიღაც - არა. ვერ გეტყვით ვინ რა აზრზეა. მე მაინც მგონია, რომ გარკვეული დათქმებით ერთობას “ნაცმოძრაობა” მაინც შეუერთდება. წინააღმდეგ შემთხვევაში რეალური ერთიანი ოპოზიციური პლატფორმის ჩამოყალიბება რთული იქნება”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - “ჩვენ ახლა ვგავართ პეპელას, რომელიც ცეცხლისკენ დიდი გულმოდგინებით მიიწევს...”

“უკვე დავკარგეთ 370 მილიონი მხოლოდ გერმანიისგან და ამას, სავარაუდოდ, სხვა ქვეყნების ნაბიჯებიც მოჰყვება. ის, რაც გერმანიის ელჩმა გვითხრა, ყველაფერი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია. მალე კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოვჩნდებით. ჯერ მხოლოდ განცხადებებია, მალე მოქმედებებიც დაიწყება. შესაძლოა შეიქმნას ისეთი მდგომარეობა, რომ რამდენი კომისიაც არ უნდა შექმნან კობახიძემ და ხელისუფლებამ ფასებთან დაკავშირებით, პროცესები ვეღარავინ გააკონტროლოს... რა შეეხება ცვლილებებს გრანტებსა და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ისეთი საკანონმდებლო ბაზა იქმნება, რომელიც ზედიქტატორული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. სხვა საკითხია, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს მიღებული კანონების სრულფასოვნად ამოქმედებას, თუმცა სამართლებრივი საფუძველი უკვე შექმნილია, თეორიულად შესაძლებელია ნებისმიერი ადამიანი დააკავონ”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია, თორემ სერიოზული საფრთხე გვემუქრება...”

“ხელისუფლება ხედავს, რომ პროტესტი ნელ-ნელა ფართოვდება. უმაღლესი სასწავლებლების გაერთიანების საკითხი ავიღოთ: ეს პროტესტი აქ არ დასრულდება. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა რეფორმა მისაღებად მიიჩნია, მაგრამ იქ არიან პროფესორ-მასწავლებლები, ასევე ადმინისტრაციის თანამშრომლები, რომლებიც საჯაროდ არაფერს ამბობენ, თუმცა ძალიან გაბრაზებულები არიან. მათ კარგად იციან, რომ ეს პროცესი სწავლა-განათლების ხარისხის ამაღლებას კი არა, ძალაუფლების გამყარებას, ინფრასტრუქტურულ ინტერესებსა და კორუფციულ სქემებს უკავშირდება... სწორედ ეს არის ჩვენი პრობლემა - როდესაც პროტესტი იზრდება, მაგრამ მისი პოლიტიკურად ორგანიზება ვერ ხერხდება, შეიძლება ერთ დღეს სპონტანურად ამოიფრქვეს და ქვეყანა დაღუპვის პირას მიიყვანოს. ერთადერთი იმედი ის არის, რომ ხელისუფლება მოეგოს გონს. ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ შიდა პროტესტისა და გარე ზეწოლის პირობებში ხელისუფლებამ ვითარება რეალურად შეაფასოს და პროცესი უკონტროლო აფეთქებამდე არ მიიყვანოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრსისას ვახტანგ ძაბირაძე.

“გამოსავალი შეიძლება იყოს რეალური და არა ფორმალური არჩევნები, რომლის გზითაც ქვეყანა ცვლილებებს მშვიდობიანად მიაღწევს. თუ ხელისუფლება იმავე კურსს გააგრძელებს და დაიწყებს უკვე მიღებული მკაცრი კანონმდებლობის სრულმასშტაბიან ამოქმედებას, ხოლო შიდა პროტესტი და გარე ზეწოლა ვერ შეერწყმება ისე, რომ მასზე ზემოქმედება მოახდინოს, მაშინ ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება. არც 2012 წელს არსებობდა მაორგანიზებელი პოლიტიკური ძალა, უბრალოდ, გამოჩნდა ივანიშვილი, რომელმაც მოახერხა საზოგადოების განწყობის ორგანიზება და ცვლილება არჩევნების გზით. დღესაც იმავე მდგომარეობას ვუახლოვდებით”, - დაასკვნის ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “დღეს ივანიშვილის საპირწონე არავინ ჩანს, ოპოზიციის ლიდერები, მაგალითად, ციხიდან ახლახან გამოსული ნიკა გვარამია ერთადერთ გამოსავლად ისევ ერთობას მიიჩნევს. ამჯერად მაინც მოახერხებს ოპოზიცია შეთანხმებას?” - პასუხობს:

“შანსი არ არის! ვერც იმის შესაძლებლობას ვხედავ, რომ ოპოზიცია ბრძოლის საერთო სტრატეგიაზე შეთანხმდეს, ვერც სხვა გამოსავალს. გასაგებია, რომ 2012 წლამდეც უიმედო მდგომარეობა იყო, მაგრამ მაშინ არსებობდა ივანიშვილი, რომელსაც წლების განმავლობაში დაგროვილი დივიდენდები ჰქონდა... საზოგადოებაში გაჩნდა ილუზია, რომ ეს იყო ფიგურა, რომელიც შეძლებდა სისტემური ცვლილების მოტანას. დღეს მსგავსი მასშტაბის ქარიზმატული ლიდერი არ ჩანს და არც ის ჩანს, საიდან შეიძლება ფიგურა გამოჩნდეს”.

“ერთადერთი გამოსავალი ახლა ის არის, რომ ხელისუფლებაზე შიდა და გარე ზეწოლამ იმოქმედოს, ან თავად გააცნობიეროს ვითარების სიმძიმე და შეცვალოს კურსი, მაგრამ მე ამის იმედი არ მაქვს, ჩვენ ახლა ვგავართ პეპელას, რომელიც ცეცხლისკენ დიდი გულმოდგინებით მიიწევს... თეორიულად, თუ ხელისუფლება გადაწყვეტს ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, არსებული განწყობების პირობებში მას მაინც ეყოლება მყარი ელექტორატი, 30-35 პროცენტი, რაც სერიოზული რესურსია. დანარჩენი უკვე ოპოზიციის კონსოლიდაციაზე იქნება დამოკიდებული. თუმცა მნიშვნელოვანი იქნება ისიც, როგორ განვითარდება რეგიონში პროცესები, მაგალითად, უკრაინაში ომის დასრულების ფორმა. საბოლოოდ, პოლიტიკური პროცესი დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, იარსებებს თუ არა გარე და შიდა ფაქტორების ისეთი თანხვედრა, რომელიც ხელისუფლებას პროცესების დემოკრატიულ ჩარჩოში დატოვებას აიძულებს. უსაფრთხოებისა და პირადი გარანტიების საკითხი ქართულ პოლიტიკაში ყოველთვის არსებობდა და, სავარაუდოდ, მომავალშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობისა და აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას ითხოვს

“რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ითხოვს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ ეს დიდ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანდა საქართველოს და ქვეყნის ხელისუფლება წესით უნდა დაფიქრდეს ამაზე. რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ავერჩუკმა კი განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა აფხაზეთის გავლით საქართველოსთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე. რა გეგმა ჩანს ამ განცხადებების მიღმა და როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია? 15 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საქართველოს, განიხილოს მათთან კონტაქტები. მოწოდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა გააკეთა. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან თანამშრომლობა საქართველოს ეკონომიკური აღდგენის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია. თუმცა, მან თქვა, რომ მხოლოდ ასეთი წარმატებები საკმარისი არ არის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რუსეთი აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე მუშაობს და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას სთხოვს.

“ეკონომიკაში არსებული წარმატებები მკვეთრად კონტრასტირებს პოლიტიკური დიალოგის არარსებობასთან. იქნებ საქართველოს ხელისუფლება დაფიქრდეს, თუ რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნება შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არსებობის შემთხვევაში”, - განაცხადა მიხაილ გალუზინმა. გარდა ამისა, 12 თებერვალს რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთი აფხაზეთის გავლით საქართველოსთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხს განიხილავს. მისი თქმით, მიმდინარეობს სამუშაოები კავკასიაში ყველა დაზიანებული მარშრუტის განბლოკვის მიზნით. ოვერჩუკმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მარშრუტის აღდგენა მნიშვნელოვანია მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის თვალსაზრისით აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, ირანის, თურქეთისა და რუსეთისთვის. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის, ვახტანგ მაისაიას შეფასებით, საქართველოს ითრევენ ჩრდილოეთ-სამხრეთის გეოეკონომიკური პროექტის რეალიზაციააში. მისივე აზრით, საქართველოს ხელისუფლება ამაზე არ უნდა წავიდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჯერ კიდევ 2 წლის წინ ვთქვი, რომ რუსეთი ამას მოითხოვდა და ასეც მოხდა. მინდა გითხრათ, რომ ოვერჩუკი, ფაქტობრივად, რუსეთის პრემიერია და პუტინი ამ პოსტისთვის მას უკვე ამზადებს. ამიტომ ჩათვალეთ, რომ მისი განცხადება პირდაპირ პუტინის გზავნილია. ამას ემატება გალუზინის განცხადებაც. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოს დღევანდელ რეჟიმს ხედავს სტრატეგიულ პარტნიორად. როგორც ჩანს, საქართველოს ითრევენ ჩრდილოეთ-სამხრეთის გეოეკონომიკური პროექტის რეალიზაციაში, ვინაიდან რუსეთს უკვე პრობლემები შეექმნა აზერბაიჯანთან. აზერბაიჯანმა უარი განაცხადა, რომ ჩართულიყო ამ პროექტის რეალიზაციის საქმეში, რაც ვახსენე. ფაქტობრივად, აფხაზეთის ე.წ. რკინიგზის აღდგენა პირდაპირ კავშირშია რუსეთ-ირანის გეოეკონომიკური და გეოსტრატეგიული ალიანსის კიდევ უფრო გაძლიერებასთან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“სავარაუდოდ, საქართველოს ხელისუფლება ამაზე დათანხმდება. როგორც ჩანს, რუსეთი ამ საკითხს ულტიმატუმის დონეზე აყენებს. როგორც აქამდე იყო საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, ასევე უნდა გაგრძელდეს - როგორც ჩვენ გვქონდა ოკუპაციის შესახებ კანონი, რომ სანამ ჩვენი რეგიონის დეოკუპაცია არ მოხდება, ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი ზედმეტია. თუ ასე არ მოხდა, ეს იქნება საქართველოს მხრიდან ძალიან ტრაგიკული ნაბიჯი. ჯობია საქართველო “ტრამპის მარშრუტს” მიურთდეს და აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით განავითაროს მუშაობა, ვიდრე რუსულ პროექტში ვიყოთ მთავარი მონაწილეები და მერე ჩვენი ტერიტორია კრემლმა გამოიყენოს სომხეთზე კიდევ უფრო მეტი ზეწოლის განხორციელების მიზნით”, - დაასკვნის ვახტანგ მაისაია.

ეკა კუპატაძე - „მე მათ პირდაპირ ვეუბნები - არ იქნება სახელმწიფო სამართალი, იქნება ჩემი!“

“29 წლის მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე ყველა იმ პირის დასჯას ითხოვს, ვინც მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდა. 10 თებერვალს პროკურატურამ არასრულწლოვნებს ბრალი დაუმძიმა და ადრე ჩადენილი ძალადობის ამსახველი უმძიმესი კადრებიც გაავრცელა. პროკურატურის მტკიცებით, გაბაშვილი, რიკაძე, ჩიქოვანი და სხვები კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებით თითქოსდა გოგონების სახელით სწერდნენ შერჩეულ მსხვერპლს და ითანხმებდნენ წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილას შეხვედრაზე, უსაფრდებოდნენ და უმოწყალოდ სცემდნენ. ამ ძალადობის სცენებს იღებდნენ, ინახავდნენ მობილურ ტელეფონებში და ავრცელებდნენ “მიზნობრივ ჯგუფებში”. გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ეკა კუპატაძე აცხადებს, რომ პროკურატურას დიდი დაჯგუფების პატარა ნაწილი უჭირავს ხელში, თუმცა ღრმადაა დარწმუნებული, რომ ყველას იპოვიან”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” გიგა ავალიანის დედასთან ინტერვიუში, სათაურით ეკა კუპატაძე: “მე მათ პირდაპირ ვეუბნები - არ იქნება სახელმწიფო სამართალი, იქნება ჩემი!”

“გაინტერესებთ, რატომ არის მამამისი, ალექსანდრე გაბაშვილი, თამამი, როცა ამბობს, არ არსებობს დაზარალებულიო? იმიტომ არ არსებობს, რომ დაზარალებული ხმას ვერ იღებს. შეარჩევდნენ მსხვერპლს, სადღაც 30 წლის ან მის ზევით. არასრულწლოვნებს შექმნილი აქვთ მახინჯი ჯგუფი, გოგონები მსხვერპლს სწერენ... ვიღაც სრულწლოვანი, 30 წელს მიახლოებული, აი, იმ ვიღაც არასრულწლოვან გოგონასთან 12-13-წლიან ასაკობრივ სხვაობაშია. შესაბამისად, ეს პედოფილიას ნიშნავს. პროკურატურამაც თქვა ეს. იმ სრულწლოვანს არასრულწლოვანი გოგონა ეპატიჟება შეხვედრაზე და იქ ხვდებიან ეს მანიაკი ბიჭები, ეკითხებიან, რისთვის მოხვედიო, და ეს საწყალი თავს გრძნობს დამნაშავედ. ამიტომ ვერ იღებენ ხმას. ჩემს მესინჯერში ყოველ წუთს შემოდის შეტყობინება ახალი კადრების გავრცელების შემდეგაც. მაქვს გამოგზავნილი სქრინები. ერთმა ქალმა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომაწოდა და სასწრაფოდ ვუგზავნი პროკურატურას. ოთხი-ხუთი შემთხვევაა, ოღონდ ჯერ ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ გასარკვევია დეტალები. გავარკვიე ამათი საიდენტიფიკაციო ნიშან-თვისებები, თითოეული ელემენტი, თუნდაც ის თასმები, შარვალი, სამხრე, რომელი რას ნიშნავს...” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეკა კუპატაძე.

“სკვერში ჩხუბში რიკაძე და ჩიქოვანი იყვნენ. ჩიქოვანზე ახლა ვაზუსტებ სხვა ინფორმაციასაც. ბევრი რამე გავიგე. დედამისი ისევ უარყოფს მისი შვილის თანამონაწილეობას, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა, ისინი რას იტყვიან, პროკურატურამ უკვე მოახდინა მათი იდენტიფიკაცია. ჩატარებულია იმ ვიდეომასალების ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზები, რაც ნიშნავს ხმისა და ვიზუალის იდენტიფიკაციას. ექსპერტიზის პასუხები მათაც აქვთ, რა, არ იციან წაკითხვა? შეიარაღებული გაბაშვილის ფოტოები ხომ ნახეთ ყველამ, ის მომიწერაში წერს, დღეს ვერ დავითრიე, არადა, რა მომზადებული ვიყავიო. რითი იყო მომზადებული? იმ დანით, რომელიც, თუ არ ვცდები, ორლესულია, იმ ელექტროშოკით? გიგასთან მოსაკლავად რომ მოდის ასე შეიარაღებული, ეს კადრები მაშინ არის გადაღებული, 30 სექტემბრით თარიღდება. ნეტავ რიკაძის დედამ იცნო მისი შვილის თეთრი დასისხლიანებული ბოტასები და წინდები? ეს სწორედ რიკაძის ფეხებია, ჩაიხედონ საქმის მასალებში, იქ ყველაფერი წერია.”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჩემს ძმას მუქარის წერილი რომ გამოუგზავნა გაბაშვილმა, - მგონი, ჩვენ და თქვენ სხვადასხვა საქმის მასალები გვაქვსო, - მარტო თავიანთ ჩვენებებს რომ კითხულობენ, სხვა რამეც წაიკითხონ. ახლა სასამართლოზე დუმილის უფლებას იყენებს ყველა. ადვოკატებმა რა ჩვენებაც არ უნდა მიაცემინონ, სიმართლე მაინც გამოჩნდება. ექსპერტიზის პასუხების მიხედვით, გიგა ავალიანს სასიკვდილო დაზიანება მიაყენეს მკვრივი, ბლაგვი საგნის შუბლში პირდაპირი დარტყმით. ახალ ძალადობის ამსახველ ვიდეოებზე გაკეთებულია ფონოსკოპიური (ხმის) და ჰაბიტოსკოპიური (ვიზუალის) ექსპერტიზები, რომლითაც იდენტიფიცირებულია გაბაშვილიც, რიკაძეც და ჩიქოვანიც. ძმები ჩიქოვანები, რიკაძე და გაბაშვილი, ოთხივე, სკინჰედის, ძალადობრივი ჯგუფის წევრები არიან”, - განმარტავს გიგა ავალიანის დედა.

“მე დამიკავშირდნენ არასრულწლოვნები, რომელთაც ფიზიკურად პირადად უსწორდებოდნენ ეს ველურები. ალაპარაკდნენ სკვერში ცემის თვითმხილველებიც. გამოძიება მიდის ნია იმნაძის მიმართულებითაც და საქმე აქ ცოტა რთულად გვაქვს - მისი ტელეფონი პოლიციამდე სრულად გაწმენდილი მივიდა, დარჩენილი იყო მხოლოდ 13 ზარი. აქედან ხუთი დედის, ოთხი მამის და დანარჩენი ოთხი გოგონების. როცა ტელეფონი პროგრამულად აღადგინეს, არაფერი არ აღდგა, რამდენიმე სურათის გარდა, მე რომ დავდე ფეისბუქზე. ის სურათია, ზუსტად სამ წუთში ჯგუფის ჩატიდან რომ გაიგო ნია იმნაძემ, გიგა ავალიანი უგონოდ რომ იყო და კვდებოდა კლინიკაში, ჩახუტებულ-ჩასკვნილს გაბაშვილის უბეში აქვს თავი ჩაყოფილი. დარწმუნებული ვარ, გამოძიება მალე გავა ბოლოში და იმნაძესაც დაიჭერენ. თურმე ნია იმნაძის “ოჯახი” სუფრაზეც კი თავს იწონებს, ნიას ვერ დაიჭერენო. მე მათ პირდაპირ ვეუბნები - არ იქნება სახელმწიფო სამართალი, იქნება ჩემი!" - დასძენს ეკა კუპატაძე.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო