საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, სლოვაკეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ორივე ქვეყნის მთავრობა აცნობიერებს სუვერენიტეტის დაცვისა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იურაი ბლანარიმთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პოლიტიკური დიალოგი ინტენსიურია და შეხვედრები პროდუქტიულ გარემოში გაიმართა.
მისივე განცხადებით, მხარეებმა განიხილეს არაერთი საკითხი, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და პარტნიორობას ეხება.
„საგარეო მინისტრის რანგში პირველად ვიმყოფები სლოვაკეთის რესპუბლიკაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგი ინტენსიურია და დღეს მაქვს შესაძლებლობა, გვქონოდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, გვესაუბრა ბევრ საკითხზე, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას და პარტნიორობას ეხება.
ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ეფუძნება დიდი ხნის თანამშრომლობის და პარტნიორობის ისტორიას. სლოვაკეთი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო. სლოვაკეთის და საქართველოს მთავრობები დღეს კარგად აცნობიერებენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის დაცვა და ერთმანეთთან თანამშრომლობა ამ მიმართულებით. ძალიან ხშირად გვესმის კრიტიკა, სწორედ ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილებების გამო. ამ თვალსაზრისით მიგვაჩნია, რომ ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და სუვერენიტეტის დაცვა არის ერთადერთი საშუალება, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენ ქვეყნებში მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა“,- განაცხადა მინისტრმა.
ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა უსაფრთხოების გარემოზე და განაცხადა, რომ საქართველო, რომელსაც არ იცავს ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგა, განსაკუთრებული სიფრთხილით ატარებს პოლიტიკას მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. მისი თქმით, სწორედ ეს არის ხელისუფლების მთავარი ამოცანა.
„საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ძალიან კარგად იცის მშვიდობის ფასი, ეს ჩვენმა ისტორიამ გვაჩვენა. იმ პირობებში, როდესაც ჩვენს ქვეყანას არ იცავს ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგა, განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისით ფრთხილი პოლიტიკის გატარება და ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა. ეს არის ის, რასაც აკეთებს ჩვენი ხელისუფლება. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით და ძალიან ვაფასებთ ყველას თანადგომას, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობის უზრუნველყოფაზე.
ეს არის ის, რაც გვაერთიანებს სლოვაკეთთან. აქვე ვისარგებლებ სიტუაციით და მადლობას გადაგიხდით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მადლიერები ვართ იმისისთვის, რომ სლოვაკეთი მუდმივად მხარში უდგას საქართველოს, ტერიტორიული მთლიანობას, არაღიარების პოლიტიკას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილის თქმით, დღეს დეტალურად ისაუბრეს საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგზე.
„პოლიტიკური დიალოგი დინამიკურად მიმდინარეობს. განხორციელდება მაღალი დონის ვიზიტები სლოვაკეთში. იქნება პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტები. ასევე მოველით პრემიერ-მინისტრის ვიზიტი განხორციელდება საქართველოში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, პოტენციალი ნამდვილად უფრო მეტი არსებობს. ჩვენ ქვეყნებს შორის ხელმოწერილი შეთანხმება კარგი საფუძველია იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.
მივესალმებით დიპლომატის გამოგზავნას საქართველოში, რომელიც ეკონომიკურ საკითხებზე იმუშავებს. ტურიზმის სფეროშიც მნიშვნელოვანია, პირდაპირი რეისები, რომლებიც ქვეყნებს შორის არის და ნამდვილად ხელს უწყობს მეტი ტურისტის მოზიდვას, ამ მიმართულებითაც უნდა გავაღრმაოთ ურთიერთობები“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.