სასამართლოში ვიშუამდგომლებთ გიორგი გახარიას მიმართ ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ - ის წარმოუდგენელი აქტი, რომელსაც ჩორჩანას საქმეზე დევნის დაწყებით საკუთარი ქვეყნის შს მინისტრის მიმართ აწარმოებს ქართული პროკურატურა, არის უპრეცედენტოდ სამარცხვინო, ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, - ამის შესახებ ყოფილი შს მინისტრის და პრემიერის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ადვოკატმა ბერდია სიჭინავამ ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. ჩორჩანას საქმეზე წინასასამართლო სხდომა იმართება, სადაც მხარეები მტკიცებულებებს წარადგენენ. ბერდია სიჭინავას განცხადებით, საქმეზე დაცვის მხარის მიერ ათეულობით მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რომელიც ცალსახად ადასტურებს გახარიას მიმართ პოლიტიკური დევნის მოტივს ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით.
„დღეს, დაცვის მხარე შუამდგომლობა დააყენებს გიორგი გახარიას მიმართ ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ იმიტომ, რომ ალბათობის მაღალი ხარისხი არ არის სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი, რაც არსებითად სხდომაზე საქმის განხილვის გადატანის საფუძველი შეიძლება გახდეს.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ ორთვიანი ვადა ითხოვა გამოძიების გასაგრძელებლად და ამ ორი თვის განმავლობაში ერთადერთი, რაც ხელშესახები თითქოს წარმოადგინეს საქმეში და მტკიცებულებად დაამაგრეს, არის ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც ცალსახად არის დევნის ინსტრუმენტი გიორგი გახარიას მიმართ და მეორე - წარმოიდგინეთ, საქმეში წარმოდგენილია რუსული საოკუპაციო რეჟიმის, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სტატია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ეს არის წარმოდგენილი ბრალდების მხარის მიერ საქმეში გიორგი გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებად, რაც არის წარმოუდგენელი, იმიტომ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის შემლახავი სტატია დღეს ოფიციალურად გამოიყენება გიორგი გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებად.
ეს არის სტატია, რომელიც აღწერს ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებს და რუსული მხარის მხრიდან დანახული და აღწერილი პროცესი, განვითარებული მოვლენები, დღეს, გიორგი გახარიას წინააღმდეგ აქვს გამოყენებული ბრალდების მხარეს. ამასთან დაკავშირებით გვექნება შუამდგომლობა იმიტომ, რომ ეს არის გაუგონარი და წარმოუდგენელი - რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო, რომელსაც მართავს დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის „კა-გე-ბე“, გამოიყენება გიორგი გახარიას წინააღმდეგ“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ
ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარის შუამდგომლობის მიუხედავად ბრალდების მხარეს ჩორჩანას საქმეზე გიორგი გახარია დისტანციურად არ გამოუკითხავს, თუმცა თავად დაცვამ გამოჰკითხა დისტანციურად, რაც სასამართლომ საქმეს მტკიცებულებად უნდა დაურთოს.
„მიუხედავად იმისა, რომ ათეულობით მტკიცებულება მოვიპოვეთ,რომელიც ცალსახად დევნის შეწყვეტის საფუძველია, შსს-სა და სუს-ის მხრიდან დარღვეულია გიორგი გახარიას დაცვის უფლება იმიტომ, რომ დაცვის მხარეს შეეზღუდა მტკიცებულებების მოპოვების უფლება, იმ ინფორმაციის, რომელიც ამ უწყებებში, სამინისტროებში და სპეციალურ სამსახურში შეიძლება იყოს. ამასთან დაკავშირებით ბევრი მიმოწერა, შუამდგომლობა დავაყენეთ, რომელიც არ დაკმაყოფილდა. მათ შორის შსს-ს და სუს-ის მხრიდან გიორგი გახარიას უფლებების დარღვევის ფაქტი დაადგინა სახალხო დამცველმა, შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართა სუს-ის უფროსს მამუკა მდინარაძეს და შს მინისტრს, ბატონ გელა გელაძეს, თუმცა ეს რეკომენდაციაც არ არის შესრულებული საქმეში“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.