ირაკლი კუპრაძე - თუ ქმედითი შეთავაზება იარსებებს, დავფიქრდებით, მაგრამ რაზე ვამბობ უარს, ვინმემ იცით? ან „ქართული ქარტია“ გადააგდეს, აღარ არსებობს, გააწერეს ხელი თუ ჯვარი აიყარეს? - ჩვენ ვაძლიერებთ „ლელოს“, რაშიც მამუკა და ბადრი აქტიურად არიან ჩართული

ხელოვნური, მექანიკური ჯამებით და ერთ სუბიექტად ქცევით, დიდი შანსია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დავაბრკოლოთ, რომ მხარი დაუჭიროს ოპოზიციას. ივანიშვილს აქვს სურვილი, რომ ერთიანად წარმოგვაჩინოს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შესაძლებლობებზე საუბრისას განაცხადა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არანაირი ქმედითი შეთავაზება არ არსებობს დღის წესრიგში. ამასთან, ოპოზიციაში არსებობს ნდობის კრიზისი.

ბიძინა ივანიშვილის მიზანი, მრავალფეროვნება, ალტერნატიულობა წაშალოს და ყველა ერთ კალათაში მოაქციოს, ყველა დააკავშიროს „ნაციონალურ მოძრაობასთან“. რაც ივანიშვილს სჭირდება, ჩვენ საწინააღმდეგო უნდა გავაკეთოთ. ივანიშვილს სჭირდება, რომ გაანადგუროს ოპოზიცია, განგვდევნოს პოლიტიკური პროცესიდან და წაშალოს მრავალფეროვნებისა და ალტერნატიულობის ზღვარი და შესაძლებლობა ამომრჩევლისთვის. ამ ხელოვნური, მექანიკური ჯამებით და ერთ სუბიექტად ქცევით, დიდი შანსია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დავაბრკოლოთ, მხარი დაუჭიროს ოპოზიციას. ივანიშვილს აქვს სურვილი, რომ ერთიანად წარმოგვაჩინოს, 13 წელია ამას აკეთებს”, - განაცხადა კუპრაძემ.

კუპრაძემ ისაუბრა დეკლარაციაზე, რომელზეც ოპოზიცია მუშაობს და თქვა, რომ არსებულ დოკუმენტში „რა წერია, არავინ იცის“, შესაბამისად, კუპრაძე აღნიშნავს, რომ თუ ოდესმე იარსებებს „ქმედითი შეთავაზება“, მისი კოალიცია დაფიქრდება.

„როცა რაღაც შეთავაზება ხდება, შეთავაზება უნდა იყოს ქმედითი, შედეგზე ორიენტირებული. დეკლარაცია, რომელზე ხელმოწერაზეც ვსაუბრობთ, იცით შინაარსი? - უცნაურია, რომ მედიაში ვსაუბრობთ რაღაც ტიპის დეკლარაციაზე, თუ მემორანდუმზე და იქ რა წერია არავინ იცის. ერთობაზე იქ არ არის საუბარი. რვა პარტია მოაწერს თუ არა ხელს, ეს არანაირ ერთობას არ ნიშნავს, ეს ნიშნავს რამდენიმე ღირებულ პუნქტზე ხელმოწერას. ერთ-ერთი პუნქტი თავდაუსხმელობაა. შეგახსენებთ, რომ ყოველგვარი ხელმოწერისა და დეკლარაციის გარეშე „ლელო“ ამას წლების განმავლობაში აკეთებს. ხელმოწერა მათაც არ უნდა ჭირდებოდეთ მსგავს ელემენტარულ პრიმიტიულ პრინციპებზე.

თუ ოდესმე იარსებებს, დავფიქრდებით, მაგრამ არანაირი ქმედითი შეთავაზება არ არსებობს დღის წესრიგში. რა შეთავაზებაზე ვამბობ უარს ვინმემ იცით? არ არსებობს არანაირი ქმედითი შეთავაზება. რა თქმა უნდა, ნდობის კრიზისი არის, მაგრამ ეს არა მხოლოდ წარსულ ურთიერთობებს ეხება, არამედ ეხება უშედეგობას, არაქმედით შეთავაზებებს. შეთანხმება, რომ ჩვენ ერთად ვართ და გვქვია „წინააღმდეგობის მოძრაობა“ და რა, წინააღმდეგობის მოძრაობა რომ გქვია? ამის მიღმა რამე ქმედითის დაგეგმარების შესაძლებლობა გაქვს? მე დავსვამ რიტორიკულად შეკითხვას: „ქართულ ქარტიას“ ხელი ხომ მოვაწერეთ სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით?- ვინმე გადააგდო ეს ქართული ქარტია, აღარ არსებობს, განაწერეს ხელი, ჯვარი აიყარეს ამ ქარტიასთან და დოკუმენტთან მიმართებაში? მასზე უფრო მნიშვნელოვანი ეს დეკლარაცია, რაზეც საუბრობენ, საერთოდ არ არის. სამი პუნქტი აქვთ მხოლოდ შემოთავაზებული: თავდაუსხმელობა და ა.შ. ყოველგვარი პირობის და ხელმოწერის გარეშე თავდაუსხმელობის პრინციპი უნდა დაიცვან, თუ არ უნდათ ამით ბიძინა ივანიშვილმა იხეიროს“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ირაკლი კუპრაძემ პარტია „ლელოში“ მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტიის ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკიდან წასვლას აპირებენ.

კუპრაძის თქმით, პარტიაში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ცვლილებები, თუმცა მენეჯმენტში და ლიდერშიპში არანაირი ცვლილება არ იგეგმება.

„პარტიაში მიდის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, ოღონდ ეს არის პოზიტიური ცვლილებები. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ფლანგს, მათ შორის ვესაუბრებით ახალ ადამიანებს იმისთვის, რომ „ლელო“ გავაძლიეროთ ახალი პოლიტიკური სახეებით. გვექნება ახალი ადამიანების შემომატება, თუმცა მენეჯმენტში და ლიდერშიპში არანაირი ცვლილება არ იგეგმება. მამუკაც და ბადრიც აქტიურად და ყოველდღიურად არიან ჩართული პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა