ლევან სანიკიძე - მაქვს კითხვა: როცა კობახიძე „ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი იყო და ლილუაშვილის მიერ მიტანილ შავ ფულს ხარჯავდა, ამაზე რა პასუხისმგებლობას იღებს?! - ისე გამოჰყავთ, თითქოს მხოლოდ წელიწად-ნახევარია, რაც ქვეყანას მართავენ

მე მაქვს მარტივი შეკითხვა: როდესაც ირაკლი კობახიძე იყო „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი და ხარჯავდა ლილუაშვილის მიერ მიტანილ „შავ კორუფციულ ფულს“, ამაზე რა პასუხისმგებლობას იღებს?! იღებს პასუხისმგებლობას, რომ უცხოელი პენსიონერების ნაძარცვი ფულით დააფინანსა საარჩევნო კამპანია?! - „ქოცებს“ ეშინოდათ, „ნაცები“ მოვლენ და გაგვასამართლებენო და ირაკლი კობახიძემ ისინი ისე გაასამართლა, რომ ვერ ამბობენ პოლიტპატიმრები ვართო, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში”, ე.წ. ქოლცენტრებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ თავად ადასტურებს, რომ გრიგოლ ლილუაშვილი და ოთარ ფარცხალაძე „ქოლცენტრებს“ ლობირებდნენ, ჰელსინკის კომისია კი წერდა, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას „ქოლცენტრების“ ფულით აფინანსებდა.

„2020 და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე იყო. ჰელსინკის კომისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია ფინანსდება „შავი ფულით“. პირდაპირ ეწერა, რომ საუბარი იყო „ქოლცენტრების“ ფულზე. მე მაქვს მარტივი შეკითხვა, როდესაც ირაკლი კობახიძე იყო „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი და ხარჯავდა ლილუაშვილის მიერ მიტანილ „შავ კორუფციულ ფულს“, ამაზე რა პასუხისმგებლობას იღებს?! „ქართული ოცნება“ თვითონ ადასტურებს, რომ გრიგოლ ლილუაშვილი და ოთარ ფარცხალაძე „ქოლცენტრებს“ ლობირებდნენ, ჰელსინკის კომისია წერდა, რომ დიახ, „ქართული ოცნება“ კამპანიას „ქოლცენტრების“ ფულით იფინანსებს. უბრალოდ, ამ ფულს ვინ ხარჯავდა?! შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე. ირაკლი კობახიძე იღებს ამაზე პასუხისმგებლობას, რომ უცხოელი პენსიონერების ნაძარცვი ფულით დააფინანსა საარჩევნო კამპანია?! ასეთ მე არაფერი გამიგია. ეს ხალხი ხომ გარედან არ მოსულა, იმ სისტემის ნაწილი იყო. რაზე იღებს ეს კაცი პასუხისმგებლობას?

„ოცნებას“ როგორ გამოჰყავს იცით?! სულ რომ წელიწად-ნახევარია, რაც ქვეყანას მართავენ. ანუ, ირაკლი კობახიძის პრემიერობა ყოფილა „ქართული ოცნების“ ათვლის წერტილი. ღარიბაშვილს და ლილუაშვილს რის გამოც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მობრუნების ეშინოდათ, იმაზე უარესი უქნეს. თავის თავს პოლიტპატიმრებსაც ვერ ეძახიან. „ქოცებს“ ხომ ეშინოდათ, „ნაცები“ მოვლენ და გაგვასამართლებენო და ირაკლი კობახიძემ გაასამართლა ისე, რომ ვერ ამბობენ, რომ პოლიტპატიმრები არიან. აქ ვხედავთ, რომ კორუფციას კი არ ებრძვიან, ერთი ჯიბიდან მიდის მეორეში,“ - განაცხადა სანიკიძემ.

ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ „ქოლცენტრები“ მუშაობს აგრძელებენ და იქ დასაქმებული ადამიანები ევროპელ პენსიონერებთან ახლა სხვა უფროსის გამო რეკავენ.

„ეს არის უმძიმესი რეპუტაციული დარტყმა. ამავე დროს, მე მაქვს მარტივი შეკითხვა - გვაჩვენონ, სამწუხაროდ, „ქოლცენტრში“ დასაქმებული ახალგაზრდები, რომლებიც „ქოლცენტრებში“ მუშაობის გამო დაისაჯნენ. ამდენი „ქოლცენტრი“ ხომ მუშაობდა და მუშაობს და სად არის ის ხალხი?! ლილუაშვილი იჯდა და თვითონ რეკავდა, თუ ღარიბაშვილი და ფარცხალაძე? იქ ხომ ხალხი მუშაობს?! სად არიან?! რატომ არავინ იჭერს იმ ადამიანებს, ვინც მოტყუებით მოხუცს ფულს ართმევს?! მათ არავინ დაიჭერს. უფროსები ეცვლებათ მხოლოდ და მხოლოდ. ადრე თუ რეკავდნენ ლილუაშვილის გამო, ახლა დარეკავენ სხვა უფროსის გამო,“ - განაცხადა სანიკიძემ.

გარდა ამისა, მან გადაცემაში „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის გათავისუფლება შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არის „კლანური“ გარჩევის უმაღლესი დონის საქმე.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა „ფარცხალაძის სარდაფი“ პროკურატურით და სასამართლოთი შეცვალა.

„ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნების გამბედაობის პრობლემას ვხედავ ხოლმე. ივანიშვილისგან ისე მოდიან, არაფერს ჰყვებიან. დარწმუნებული ვარ, გახარიამ უამრავი რამ იცის, ლილუაშვილმა უამრავი რამ იცის, ღარიბაშვილმა კიდევ უფრო ბევრი რამ იცის, ფაქტობრივად, ოჯახის წევრია. მათ ეშინიათ ივანიშვილის. მე და თქვენ შეიძლება ნაკლები ვიცოდეთ, რაზეა ეს კაცი წამსვლელი, მაგრამ მათ, ალბათ, უარესი ისტორიები იციან ივანიშვილზე და შიში აქვთ. სხვანაირად მე ამას ვერ ვხსნი.

ბაჩიაშვილის საკითხი საერთოდ წარმოუდგენელია - ეს არის „კლანური“ გარჩევის უმაღლესი დონის საქმე, ქრესტომათიული. კაცი იყო უცხოეთში წასული, სახელმწიფო რესურსებით გაიტაცეს, ჩამოიყვანეს, გაასამართლეს, ჩასვეს, კერძო დავა სისხლის სამართლებრივ დავაში გადაუყვანეს, ციხეშიც გაუგონარი ვითარება იყო, საუბარია ამ ადამიანის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. ამის შემდეგ უცებ ვიგებთ, რომ საპროცესო შეთანხმება არის გაფორმებული. სავარაუდოდ, მთლიანად ის თანხა, რასაც ივანიშვილი ედავებოდა, არის უკან დაბრუნებული და ბაჩიაშვილის მხრიდან კიდევ არ გაკეთებული განცხადებები. ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, ფარცხალაძის სარდაფი, სადაც მინისტრებს აგდებდა, ივანიშვილმა შეცვალა პროკურატურით და სასამართლოთი. თავის სარდაფს აღარ აცდენს, ალბათ, იქ რაღაც აქვს დაბინავებული, ამიტომ სარდაფად იყენებს რუსთავის ციხეს, გლდანის ციხეს, სასამართლოს და პროკურატურას,“ - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, ლევან დავითაშვილის სუს-ში გამოკითხვას - როგორც სანიკიძე აღნიშნავს, დარწმუნებულია, რომ დავითაშვილი ვერ აცდება ან მოპარული ფულის უკან დაბრუნებას, ან ციხეს, ან ორივეს ერთად.

ლევან დავითაშვილი იყო ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის წევრი. ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვას რა ემართება, კი ვხედავთ. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, ეს არის იმ მასშტაბის ფიგურა ტექნოკრატიულ სისტემაში, რომელიც ვერ აცდება ან მოპარული ფულის უკან დაბრუნებას, ან ციხეს, ან ორივეს ერთად,“ - განაცხადა სანიკიძემ.

გარდა ამისა, მან შეაფასა „ლელოს“ გადაწყვეტილება, ბრძოლა ცალკე, როგორც დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გააგრძელოს. ლევან სანიკიძე მიიჩნევს, რომ „ლელო“ არის შეცდომაში გაჯიუტებული, მათ შორის, იმ ძველი გადაწყვეტილების გამო, რომელიც მათ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ე.წ. არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მიიღეს.

სანიკიძის თქმით, თუ ერთიანი ოპოზიციური თამაში არ იქნა, მარტო გამარჯვების რესურსი არავის აქვს. ის, ასევე, აღნიშნავს, რომ „არავინ არავის ეხვეწება“.

„შეიძლება, პოლიტიკურ ორგანიზაციას ჰქონდეს წუხილი კონკრეტულ შეთანხმებასთან, დოკუმენტთან დაკავშირებით - შესრულდება თუ არა ეს დოკუმენტი, როგორ შესრულდება, რა იქნება გაერთიანების მთავარი მოტივი, რამდენად ყოვლისმომცველ ერთიანობაზეა საუბარი, მაგრამ ის, რომ არც ერთ ოპოზიციურ ძალას მარტო არ შეუძლია გამარჯვება, არის ფაქტობრივი მოცემულობა. ანუ „ლელოს“ გადაწყვეტილებაში ჩემთვის არგაერთიანებაზე უფრო პრობლემური არის იმის ახსნა, რომ ვინმეს მარტო რამის თავი აქვს. ტყუილია ეს. თუ ერთიანი ოპოზიციური თამაში არ იქნა, მარტო გამარჯვების რესურსი არავის აქვს.

მათ აქვთ ის ტკივილები, რაც 2025 წლის ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში გასვლის შემდეგ შიდა ოპოზიციურ ველზე დაფიქსირდა. ეს განა არ მესმის?! ადამიანების ეს არის ძალიან რთული გადასალახი. მე იმასაც არ მოვუწოდებ ვინმეს, რომ გადალახოს. საბავშვო ბაღი ხომ არაა, რომ ვიღაცამ ნეკი-ნეკისა გვათამაშოს და შევრიგდეთ?! ამას ისედაც არავინ გთხოვს, მაგრამ როცა პოლიტიკური თამაშია შეიძლება მორიგდე. პირად ურთიერთობაში შეიძლება არ ესალმებოდე კაცს და მასთან ერთად ერთ ოთახში ყოფნა გიჭირდეს, მაგრამ საქმეს როცა სჭირდება, სხვანაირად უნდა იქცეოდე. მე ასე მესმის ეს საქმე. არავინ არავის ეხვეწება. არავისთან შესახვეწი არ აქვს, მათ შორის, არც „ნაციონალურ მოძრაობას“. იძულებითზე როცა არის საუბარი, არავინ ხელბორკილებით არ მიდის და არავის ჩაბმას არ გთხოვს, რა. მრავალფეროვნად ხომ გავიდნენ არჩევნებზე და რა ქნეს?!,“ - განაცხადა სანიკიძემ.

ის ასევე აღნიშნავს, რომ არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ოპოზიციის შეთანხმება შედგეს.

„პოზიტიურ დინამიკას ნამდვილად ვხედავ, რომ შესაძლებელია, ეს ერთობა შედგეს. უბრალოდ, აქ ჩვენთვის მთავარი საკითხებია - რა სახის ერთობაა, ვინ არის შეთანხმების ნაწილი, ამ შეთანხმებას რამდენად ყოვლისმომცველი ხასიათ აქვს, ეს არის ე.წ. ფიქციური ერთობა თუ რეალური, რა საკითხების გარშემო ვთანხმდებით. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ამ მიმართულებით უკეთესი ვითარებაა ბოლო დღეებში. მოვლენებს წინ არ გავუსწრებთ, მაგრამ მიმაჩნია, არსებობს რეალური შესაძლებლობა იმისთვის, რომ ეს შეთანხმება შედგეს. ყველამ კარგად იცოდეს, „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ვერც ერთი ერთიანობა ვერ მიიღებს დიდი ერთიანობის სახეს,“ - აღნიშნა სანიკიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!