ერთ გუნდად შეკვრაზე საუბარი ისედაც არ არის. „ლელო“ თუ შიშობს, რომ პარტიული განსხვავებების შთანთქმა მოხდება, ცდება. დემოკრატიული პარტიები ვთანხმდებით ერთიან დემოკრატიულ სტრატეგიაზე რეჟიმის წინააღმდეგ და მათ შორის ქცევის წესებზე, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო კირთაძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელო -ძლიერი საქართველოს“ განცხადებას და გადაწყვეტილებას, პოლიტიკური ბრძოლის დამოუკიდებლად გაგრძელებასთან დაკავშირებით.
როგორც მან აღნიშნა, პარტიებს შორის ქცევის წესებზე შეთანხმების ძალიან დიდი ნაწილი უკვე შეჯერებულია.
„მე „ლელოს“, ამ შემთხვევაში, ვეთანხმები კიდეც. „ლელომ“ იცის, რის შესახებ არის ეს პროცესი, უბრალოდ რაღაც მიზეზების გამო, ამ ეტაპზე, გადაწყვიტა, რომ შემოერთებაზე უარი თქვას. არ ვიცი, ეს პარტიული ინტერესია, თუ სხვა რაღაც მოტივები ამოძრავებს, თუმცა ერთ გუნდად შეკრებაზე საუბარი ისედაც არ არის. „ლელო“ თუ შიშობს, რომ პარტიული განსხვავებების შთანთქმა მოხდება და ერთგვაროვანი მასის ფორმირება იქნება ამ პროცესის შედეგი, მაშინ ძალიან ცდება. პირიქით, დემოკრატიული პარტიები ვთანხმდებით ერთიან დემოკრატიულ სტრატეგიაზე რეჟიმის წინააღმდეგ და მათ შორის ქცევის წესებზე - რა დაკვეთა გააჩნია საზოგადოებას და როგორ უნდა იქცეოდნენ დემოკრატიული პარტიები ერთმანეთთან ურთიერთობაში. ეს შეთანხმება მოიცავს სწორედ იმას, რომ იმ ნაწილში, სადაც შეთანხმება არსებობს წინააღმდეგობის გზასთან დაკავშირებით, ერთი სტრატეგიით ივლიან პარტიები, მაგრამ იქ, სადაც იდეოლოგიური განსხვავებია პარტიებს შორის ან ტაქტიკას შორის, რაც არ არის შეთანხმების ნაწილი, რა თქმა უნდა, ნებისმიერი პარტია საკუთარ იდენტობას შეინარჩუნებს. ეს არათუ გვერდითი შედეგი იქნება ამ პროცესის, ამ ურთიერთობის მიზანია, რომ პარტიებმა განსხვავებები შეინარჩუნონ.
მე მომავალთან დაკავშირებით პროგნოზებს ვერ გავაკეთებ. ვარიანტს პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით, ზოგადად არ გამოვრიცხავ, თუმცა ძალიან მეეჭვება. დღეის მდგომარეობით მიდის საუბარი ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმებასა და ქცევის წესებზე. იდეალურ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს უნდა ყოფილიყო გუშინ და გუშინწინ გაკეთებული, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი საზოგადოება აგერ 15 თვეა რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში იბრძვის და პოლიტიკურ სპექტრს ამისთვის ფეხი უნდა აება. უკვე უნდა ეჩვენებინა გარკვეული ალტერნატივა, რა იქნებოდა რეჟიმის ჩანაცვლების შემთხვევაში, ეს, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა, ამას ობიექტური და სუბიექტური მიზეზები გააჩნია. ისიც, რომ ზოგადად, ავტოკრატიულ რეჟიმებში ოპოზიცია ყოველთვის სუსტია როგორც პოლიტიკურად, ასევე ფინანსური თვალსაზრისით. ის პროპაგანდიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს ერთმანეთთან დაპირისპირებული, ან უჭირდეს ერთმანეთთან კონტაქტი, ან არ ჰქონდეს ერთმანეთთან თანამშრომლობის გამოცდილება, ან ჰქონდეს ნეგატიური თანამშრომლობის გამოცდილება. ამ ყველაფრის გადალახვა მოგვიწია ამ შეთანხმების მომზადების პროცესში. ამიტომ გაგრძელდა სამწუხაროდ. ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ არაერთი ლიდერი იმყოფებოდა და დღესაც იმყოფება ივანიშვილის სატუსაღოში, რაც ართულებდა ამ კონსენსუსის პროცესს, მაგრამ იმედიანად ვარ განწყობილი, რომ ძალიან დიდი ნაწილი იმ შეთანხმების, რასაც ხელი უნდა მოეწეროს, უკვე შეჯერებულია. არსებობს ზეპირსიტყვიერი თანხმობა ამასთან დაკავშირებით და ახლა მიდის დეტალების გარკვევის პროცესი. ქართულ ოპოზიციურ სპექტრს ახსოვს რიგი შეთანხმებები, ქაღალდზე ხელს მოაწერდნენ, ფოტოებს გადაიღებდნენ და შემდეგ გვახსოვს, როგორ გრძელდებოდა ეს გაერთიანებების ისტორია. ეს შეთანხმებები იმ ფურცლის ფასიც არ იყო, რომელზეც იწერებოდა. ეს არის ფუნდამენტური საკითხი, რაც ამ ჯერზე კეთდება, თუ როგორი ურთიერთობა არის აუცილებელი პოლიტიკურ პარტიებს შორის“, - განაცხადა კირთაძემ.
სხვა შეეხება სხვა აქტუალურ საკითხებს, მან „ახალი თეატრის“ შენობიდან მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ბანერის ჩამოხსნასა და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ბანერი არის სიმბოლო და განასახიერებს ადამიანს, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ ღალატობს“.
„ჩუმად კი არის ბანერი ჩამოკიდებული, მაგრამ ის ძალიან ყვირის და ყურადღებას იქცევს. ის არის სიმბოლო, განასახიერებს ადამიანს, რომელმაც საკუთარი ყველაფერი პირადი გადადო და წესიერად, მშვიდობიანად დაუპირისპირდა იმ რეჟიმს, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ღალატობს და არანაირ შეთანხმებაზე არ დათანხმდა, ბოლომდე წავიდა ამ გზაზე. ეს არის მაგალითი ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც წესიერებაზე შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია. ამიტომაა ეს ბანერი ხმაურიანი. ზუსტად იგივე ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ ჩვენ ის შეცვლილი კანონმდებლობა, რომლის მასშტაბითაც უკვე რუსეთის ფედერაციასაც გადავასწარით, სიმკაცრის თვალსაზრისით. თუ შენ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს არალეგიტიმურად აღიარებ, ესეც ამ ოპერიდან არის, რომ არ შეიძლება გამოხატვა ეროვნულობის, პატრიოტიზმის, სულისკვეთების, ბრძოლის სურვილის, რადგან ანდრო ჭიჭინაძის, მზია ამაღლობელის და სხვა სინდისის პატიმრების მაგალითი და ასეთი პრინციპულობა გადამდებია. ეს უნდათ, რომ ამოიძირკვოს ყველგან. ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა დღეს ცოცხლები რომ იყვნენ, ბიძინა ივანიშვილი ჩაყრიდა ციხეში“, - განაცხადა კირთაძემ.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც კირთაძემ ისაუბრა, „საქსტატის“ ინფორმაციაა, რომლის თანახმად, საქართველოში წარმოებული და უცხოეთში გაყიდული ნავთობის მოცულობა 3000 %-ით გაიზარდა.
„ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არ ფუნქციონირებს დღეის მდგომარეობით. დასრულებული არც არის ქარხანა, რაზეც ვლაპარაკობთ, რომ ნავთობის გადამუშავება ხდება. საქართველოში არის ხაზი. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შემოდიოდა ფაქტობრივად გადამუშავებული ნავთობი, ოღონდ სანქციების გვერდის ავლით არა. რუსული ნავთობი შეიძლება შეისყიდო, თუ ის სანქცირებულ ფასზე ქვემოთ გაქვს ნაყიდი და არასანქცირებული კომპანიებისგან. ამის დაცვას ყოველთვის ცდილობდნენ. თითქმის მზა ნავთობი შემოდიოდა, შემდეგ ხდებოდა რაღაც ხსნარების გარევა, საბოლოო პროდუქტის სახელი რომ მიეცათ „დამზადებულია საქართველოში“ და შემდეგ გაჰქონდათ გასაყიდად. ამას ჰქონდა საშუალო ბიზნესის მოცულობა. მაგრამ უკვე მათ შორის ბრიუსელმაც შეამჩნია, რომ ეს შეიძლება იყოს ირიბად რუსული სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი. არავის აწყობს, რომ საქართველოში არსებობდეს რაღაც კომპანია, ნავთობტერმინალი, სადაც შემოვა რუსული ნავთობი, ვითომ გადამუშავდება საქართველოში, რომ დაერტყას „დამზადებულია საქართველოში“ და გაიყიდოს ლეგალურად გინდ ევროკავშირის ქვეყნების, გინდ სხვაგან. ამიტომ არის პოტენციური დასანქცირების კანდიდატი ყულევის ნავთობტერმინალი და ყველა ის პირი, ყველა ის ბანკი, რომელიც ამ პროცესებში იქნება ჩართული. როცა ასეთ მაღალ რისკებზე მიდიხარ, კარგის ნიშანი არასდროსაა. რეჟიმსაც ყოველთვის ურჩევნია შეუმჩნევლად აკეთოს თავისი საქმე. როცა ასეთ მოლიპულ ველზე შესვლას, სადაც სანქციების მაღალი რისკია, უშვებ შენს ქვეყანაში, ეს იმის მანიშნებელია, რომ ეკონომიკური პრობლემები გააზრებული გაქვს“, - განაცხადა თენგო კირთაძემ.