ზურაბ ბატიაშვილი - “თუ ირანის რეჟიმი დაემხო, ცვლილებების ტალღა საქართველოსაც მოსწვდება”
სოციალურად დაუცველთა ბაზის დიდი წმენდა - ხელისუფლების გადაწყვეტილების პოლიტიკური ასპექტები
მირიან მირიანაშვილი - “მე საქართველოს როლს პესიმისტურად არ ვუყურებ”
ევროკავშირში სანქციების მე-20 პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ - ერთ-ერთი მიზეზი ყულევის პორტია
ანდრო გოცირიძე - “ქოლცენტრებზე რეაგირება მას შემდეგ მოხდა, რაც ეს პოლიტიკურად მიზანშეწონილად ჩაითვალა”
* * *
ზურაბ ბატიაშვილი - “თუ ირანის რეჟიმი დაემხო, ცვლილებების ტალღა საქართველოსაც მოსწვდება”
“ამერიკამ სამხედრო ნაწილები და ტექნიკა გადაისროლა რეგიონში და კიდევ აგრძელებს. ბრძანების შემთხვევაში ირანზე შეტევა დაუყოვნებლივ დაიწყება. აშშ მოითხოვს ირანისგან ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმას და ახლო აღმოსავლეთში ე.წ. პროქსიჯგუფების - “ჰეზბოლას”, “ჰამასის”, ჰუსიტებისა და სხვათა დაფინანსების შეწყვეტას. ირანი ამ პირობებს არ თანხმდება, რადგან მიაჩნია, რომ ეს კაპიტულაციად შეფასდება და შესაძლოა რეჟიმის დამხობაც გამოიწვიოს. აშშ ზრდის სამხედრო ზეწოლას ირანზე და ისრაელიც ემზადება შესაძლო სამხედრო მოქმედებებისთვის. შეტევის შემთხვევაში ირანი შეეცდება საპასუხო სამხედრო დარტყმები მიაყენოს არა მხოლოდ ისრაელს, არამედ რეგიონში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს და იმ არაბულ ქვეყნებს, რომლებმაც შესაძლოა საჰაერო სივრცე დაუთმონ აშშ-ს ან სხვა სახის დახმარება აღმოუჩინონ. არ არის გამორიცხული, ირანმა იერიში მიიტანოს ამ ქვეყნების ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზეც მათი ეკონომიკური დაზარალებისა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის გაზრდის მიზნით”, - აცხადებს ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ ირანის რეჟიმი დაემხო, ცვლილებების ტალღა საქართველოსაც მოსწვდება”.
“გასული წლის ირან-ისრაელის 12-დღიანი დაპირისპირების დროს ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაწილი განადგურდა, თუმცა დაახლოებით 15% რუსეთისა და ჩინეთის დახმარებით აღადგინეს. პირველ სამიზნედ სწორედ ეს აღდგენილი სისტემები იქცევა. ამის შემდეგ სამიზნეში შეიძლება ამოღებულ იქნეს ირანის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ასევე ბაზები ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის რეგიონში აშშ-ის ბაზებსა და მის მოკავშირეებს. ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას ირანის ნავთობგადამმუშავებელი ინფრასტრუქტურის განადგურება, რადგან აშშ-შიც და ისრაელშიც ფიქრობენ, რომ რეჟიმის შეცვლის შემთხვევაში ირანს ეკონომიკური აღდგენა დასჭირდება, თუმცა პროცესების გაჭიანურების შემთხვევაში ეს მიდგომა შესაძლოა შეიცვალოს. შარშანდელმა 12-დღიანმა დაპირისპირებამ ბევრი რამ გამოაჩინა, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტიანობის მხრივ. საქმე ის არის, რომ ეს სისტემები ირანს რუსული ჰქონდა, რუსული კი თითქმის ყველაფერი უხარისხოა. საზოგადოდაც, ირანის სამხედრო არსენალის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსული წარმოებისაა. თუ კონფლიქტი აშშ-სთან მართლაც დაიწყო, კვლავ ნათლად გამოჩნდება, რამდენად დიდია ტექნოლოგიური სხვაობა დასავლურ და რუსულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებს შორის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ბატიაშვილი.
“ჯერ არდაწყებული კონფლიქტის შედეგებზე საუბარი რთულია, თუმცა ჰიპოთეზურად თუ დავუშვებთ, რეჟიმის შეცვლის შემთხვევაში ხელისუფლებაში, დიდი ალბათობით, პროამერიკული ძალა მოვა. თუ ჩვენს რეგიონს გადავხედავთ, სომხეთი და აზერბაიჯანი დღეს უფრო დასავლეთზე არიან ორიენტირებული, მეტიც, უკვე პროამერიკულ სახელმწიფოებადაც კი განიხილებიან, ასეთ შემთხვევაში საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც პრორუსულ პოლიტიკურ ორბიტაზე დარჩება, რაც ანომალიური ვითარებაა. ამიტომაც თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ცვლილებების ტალღა საქართველოსაც მოსწვდება და გავლენას მოახდენს. სხვა მხრივ, რთულია იმის თქმა, პროცესები როგორ განვითარდება”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ირანი უზარმაზარი, 90-მილიონიანი ქვეყანაა, ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდი ტერიტორიით, ნავთობისა და გაზის უდიდესი მარაგებით, მაგრამ სანქცირებულია, რამაც ათწლეულების განმავლობაში ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო. თუ კონფლიქტი გაიწელა და ეკონომიკაც ჩამოექცათ, მაშინ გარდაუვალი იქნება ჰუმანიტარული კრიზისი, რაც, თავის მხრივ, წარმოშობს ლტოლვილთა ნაკადებს. ამხელა ქვეყანაში 2%-ც რომ იქცეს ლტოლვილად და სადმე წავიდეს, ეს ძალიან დიდი ტალღა იქნება. ისინი ნამდვილად არ წავლენ არც ავღანეთისკენ და არც პაკისტანისკენ, შეიძლება წავიდნენ ჩრდილოეთით - კავკასიისკენ, ან დასავლეთით - თურქეთ-ერაყისკენ. ამხელა მასასთან გამკლავების საშუალება კი ყველა ქვეყანას არ გააჩნია და შესაძლოა ამან დამატებითი ჰუმანიტარული კრიზისები წარმოშვას ირანის მეზობელ ქვეყნებში”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“ირანში არ არსებობს კლასიკური დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა - ძლიერი პარტიები, დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორი და ინსტიტუტები. საუბარია შაჰის შესაძლო დაბრუნებაზე, თუმცა თავად აცხადებს, რომ მხოლოდ გარდამავალ ეტაპზე შეიძლება აიღოს პასუხისმგებლობა და მერე ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ ენდომებათ მმართველად და ცხოვრების რა წესს აირჩევენ. მაგრამ არის ერთი დიდი პრობლემა - ირანს არ გააჩნია დემოკრატიული ცხოვრების ტრადიციები, რაც, როგორც წესი, ძალიან აძნელებს დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას... რუსეთის დახმარება, სავარაუდოდ, შემოიფარგლება საჰაერო თავდაცვის სისტემებით, ისიც შეზღუდულად, რადგან თავადაც რესურსების დეფიციტი აქვთ. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ რუსეთის გავლენა ძალიან სუსტდება - ჩვენ ეს დავინახეთ როგორც ყარაბაღის ომში, ასევე სირიაში, სადაც ყველასთვის მოულოდნელად ჩამოაგდეს ასადის რეჟიმი, რომელიც რუსულ ხიშტებზე იდგა. ეს ამბავიც, რაც ირანის თავს ხდება, აჩვენებს, რომ რუსეთს ძალა აღარ აქვს თავისი გავლენის შენარჩუნებისთვის, ირანის რეჟიმის გადარჩენისთვის”, - დასძენს ზურაბ ბატიაშვილი და შეკითხვაზე - “რას იტყვით ამგვარ შეთქმულების თეორიაზე, რომ შესაძლოა დასავლეთმა საქართველო რუსეთს “დაუთმოს”? - პასუხობს:
“სრულიად არარეალურია “ვაჭრობასა და დათმობაზე” ლაპარაკი. ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, აქამდე მოხდებოდა და “ქართული ოცნება” უკვე იზეიმებდა ქვეყნის რუსეთისთვის ჩაბარებას. მთავარი ის არის, რომ ქართველი საზოგადოება არ დათანხმდება რუსეთის სივრცეში ცხოვრებას და არც დასავლეთს აქვს საქართველოს რუსულ ორბიტაზე დატოვების ინტერესი. პროცესი რთული და ხანგრძლივია, თუმცა საბოლოო არჩევანი თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე გადის. ჩვენს წინაპრებს რომ იმგვარად ეცხოვრათ, რასაც დღეს `ქართული ოცნება~ ქადაგებს, ეს ქვეყანა დღეს არ იარსებებდა”.
სოციალურად დაუცველთა ბაზის დიდი წმენდა - ხელისუფლების გადაწყვეტილების პოლიტიკური ასპექტები
“სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის მასშტაბური გადამოწმება იწყება. ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სიაში საკმაოდ ბევრია ფინანსურად გაძლიერებული ოჯახები, “ოცნების” დეპუტატები კი აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში ბევრმა ადამიანმა დასძლია სიღრიბე და ახლა სია გადახედვას საჭიროებს. ოპოზიცია ხელისუფლების ამ ინიციატივას პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად აფასებს. ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბაზაში დღემდე ფიქსირდებიან ადამიანები და ოჯახები, რომლებსაც აღარ აქვთ სოციალური დახმარების აუცილებლობა. მინისტრის განცხადებით, გადამოწმების წარმართვისთვის მომზადებულია ყველა საჭირო წინაპირობა და მომდევნო თვეების განმავლობაში ოჯახები გადამოწმდებიან სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროგრამის მიხედვით. პრიორიტეტულად შემოწმდებიან ოჯახები, რომელთა შემთხვევაშიც მაღალია ალბათობა, რომ არ აკმაყოფილებენ შემწეობის მიღების პირობებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სოციალურად დაუცველთა ბაზის დიდი წმენდა - ხელისუფლების გადაწყვეტილების პოლიტიკური ასპექტები და შეფასებები.
“სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და ფინანსური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა აღემატება 185 ათასს, ხოლო ასეთი ოჯახების წევრთა რაოდენობა შეადგენს, ჯამში, 710 000-ს. ბაზაში სულ რეგისტრირებულია 400 ათასამდე ოჯახი (ჯამში, დაახლოებით 1 300 000 პირი). მათგან ნახევარზე მეტი არ იღებს შემწეობას, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის შეღავათით. რაოდენობა არ არის ცოტა, თუმცა ძირითად შემთხვევაში სახეზეა ოჯახები, რომელთაც ამ დროის განმავლობაში გაუჩნდათ გარკვეული მატერიალური შესაძლებლობები, გაუუმჯობესდათ მდგომარეობა და მათი ეს მდგომარეობა აღარ არის ისეთი, რომ სახელმწიფომ დაუნიშნოს ფინანსური შემწეობა", - განაცხადა სარჯველაძემ, რომლის თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმების მიზანია, რომ ბაზაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები და ადამიანები, რომლებსაც, კანონმდებლობის თანახმად, რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა. “ფაქტია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში. სწორედ ამ მიზეზთა გამო იქმნებოდა ნიადაგი აღნიშნული რიცხვებით მანიპულირებისა და ყალბი შთაბეჭდილებების შესაქმნელად”, - თქვა მინისტრმა, რომლის აზრით “დროა, წერტილი დაესვას ასეთ პოლიტიკურ სპეკულაციებს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ოპოზიცია აღნიშნულ განცხადებას “ოცნების” ხელისუფლების დაგვიანებულ აღიარებად აფასებს. კრიტიკოსების მტკიცებით, სოციალური დაუცველის სტატუსი წლების განმავლობაში ხშირად არა რეალური საჭიროების, არამედ პოლიტიკური ერთგულების ნიშნით გაიცემოდა, რაც, მათი თქმით, გავლენას ახდენდა ელექტორალურ მხარდაჭერაზე. პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელმა ტატა ხვედელიანმა “ოცნების” ეს ნაბიჯი ძალაუფლების გამყარების მორიგ ნაბიჯად შეაფასა. “რეფორმა ჩვენს ქვეყანაში “ოცნებას” ისე ესმის, რომ რეფორმის შედეგად ის აძლიერებს საკუთარ ძალაუფლებას, პოლიტიკურ ბერკეტებს და ამ ყველაფერს საკუთრი სარგებლისთვის იყენებს. შესაბამისად, აქაც იბადება ეჭვი, რომ ამ სფეროშიც და ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ გამოყენებული იქნება პოლიტიკური ნიშნით ეს ცვლილებები”, - განაცხადა ხვედელიანმა. “ქართული ოცნების” დეპუტატ ლევან მახაშვილის აზრით ბევრმა ოჯახმა დაძლია ის ზღვარი, რომელიც იყო გათვალისწინებული სახელმწიფო შემწეობებისთვის, შესაბამისად, დღეს სოციალურად დაუცველთა პროგრამის გადახედვის საჭიროება დგას”, - განაგრძობს გამოცემა.
“დღეს დგას იმის საჭიროება, რომ არსებითად გადაიხედოს ეს პროგრამა და სახელმწიფოს ეს დახმარება მხოლოდ იმ ოჯახებს, მხოლოდ იმ ადამიანებისკენ მიემართოს, რომლებიც კრიტიკულად საჭიროებენ ამ დახმარებას. სხვებმა ბოროტად არ უნდა ისარგებლონ და არ უნდა გამოიყენონ სახელმწიფოს ეს სახსრები, ფინანსები, თუ სხვა ტიპის მხარდაჭერა. სწორედ ამას მოემსახურება გადახედვის რეფორმა. გარდა ამისა, ჩვენ გვესმოდა სპეკულაციები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. 2020 წლის შემდგომ მორატორიუმი იყო გამოცხადებული, არ ხდებოდა ამ სიებიდან არავის ამორიცხვა იმიტომ, რომ სხვადასხვა პრობლემიდან გამომდინარე, სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში უნდა დასდგომოდა ოჯახებს - პანდემია იყო, ინფლაცია, თუ სხვა პრობლემები, ასეთ დროს სახელმწიფო გვერდში მდგარიყო. დღეს კი აბსოლუტურად სხვა სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა და დღეს უკვე სახელმწიფოს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მხოლოდ იმ ოჯახებზე მიმართოს სახელმწიფო შემწეობები, რომლებიც აუცილებლად საჭიროებენ სახელმწიფოს გვერდში დგომას”, - განაცხადა მახაშვილმა. ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფიქრობს, რომ ეს ინიციატივა დაგვიანებულიც კია და ამის დაკავშირება პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებასთან წმინდა წყლის სპკეულაციაა. ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია კი საუბრობს მთავარ მიზანზე, თუ რა დგას ამ ინიციატივის უკან”, - დასძენს გამოცემა.
“სოციალური დახმარებების პაკეტი პრობლემურია მსოფლიო მასშტაბით, როცა არაკეთილსინდისიერი ადამიანები, ცალკეული მოხელეების მონაწილებით, ახერხებენ, რომ მიიღონ სახელმწიფოსგან დახმარება, ამ დროს კი წარმოადგენენ საშუალო ან შედარებით დაბალ ფენას, მაგრამ არა შეჭირვებულ კლასს. ამ მავნე პრაქტიკას საკმაოდ დიდი ხანია ებრძიან როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაშიც და დადგა ის დრო, როცა საქართველოს ხელისუფლებამაც მიხედოს სიიდან იმ ადამიანების ამოგდებას, რომლებსაც ძვირადღირებული ქონება გააჩნიათ და მაინც თავხედურად იღებენ სახელმწიფოსგან დახმარებას. ეს არის სოციალური პაკეტის გაცემის ოპტიმიზაცია. აქ პოლიტიკური მდგენელი თუ რაღაც ხელისუფლების შენარჩუნებაზე ნარატივები არის წმინდა წყლის სპეკულაცია და მეტი არაფერი, “ოცნებას” ნუ ეუბნებიან წინა რეჟიმის წარმომადგენლები იმას, რომ სოციალურ დახმარებებში არის ხელმომჭირნე და არ აფართოვებს ამ პაკეტებს. საყოველთაო ჯანდაცვა და სხვა პაკეტები, ყველაფერს ამას ლაპარაკობს... ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც „ოცნებიდან" მოდის, წინ ეღობება უარგუმენტო რიტორიკა, როცა შეიძლება ამას დაუპირისპირდე ციფრებით, სტატისტიკით და არა ყავლგასული ლოზუნგებით და ტრაგიკომიკური შეძახილებით”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“ჩვენთან ყველაფერი, როგორც ყოველთვის, უკუღმა იწყება. ხელისუფლება აანონსებს, რომ სიღატაკის ზღვარს ქვემოთ უნდა შემოწმოს სოციალური შეფასების სისტემა და რეალური მოცემულობა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე არაფერს ამბობს. მოგეხსენებათ, რამდენიმე ათწლეულის წინ არის მიღებული ქონების გადასახადი, რიცხულ 40 000 ლარზე წელიწადში, რომელიც რეალურად 32 000 ლარს გულისხმობს. ამ ადამიანებს ჰქვიათ მდიდარი და ქონების გადასახადებს იხდიან ასეთი ადამიანები. აი, ამის გადახედვას ხელისუფლება არ აწარმოებს, მაგრამ ამბობს, რომ სიღატაკის ზღვარს ქვემოთ არსებული მდგომარეობა გადამოწმებას საჭიროებს. პრინციპი რაშია - ხელისუფლება ხომ ცდილობს ჩვენთან შექმნას ეკონომიკური წარმატების ილუზია, თუკი ხელისუფლება სოციალური შეფასების სისტემას გადახედავს მხოლოდ სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანებისათვის, მათი რაოდენობა, დამერწმუნეთ, გადახედვის შემდგომ შემცირდება. ანუ გამოდის, რომ როგორც კი ხელისუფლება სათვისოდ დააკორექტირებს ამას, მას კვლავ გამოიყენებს პროპგანდისათვის”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გამზარდია.
მირიან მირიანაშვილი - “მე საქართველოს როლს პესიმისტურად არ ვუყურებ”
“ამერიკის ადმინისტრაციამ ორი ვარიანტი განიხილა: სამხედრო სცენარი, მათ შორის ირანის ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობა და დიპლომატიური გზა, რომ ბომბის შექმნის შესაძლებლობა გამორიცხული იყოს. ირანის ლიდერები მზად არიან დათმობებისთვის, თუმცა ცდილობენ გაარკვიონ დათმობების მასშტაბი. თუ აიათოლები გადაწყვეტენ, რომ ტრამპის მიზანი რეჟიმის შეცვლაა, შეეცდებიან ყველანაირ დათმობაზე წავიდნენ, რათა ამერიკის პრეზიდენტს ხისტი მოქმედებების არგუმენტები გამოაცალონ. თუ დაასკვნიან, რომ პრიორიტეტი ბირთვული ინდუსტრია და სარაკეტო არსენალია, მათ შეეძლებათ ისე დათმონ გარკვეული პოზიციები, რომ სახე არ დაკარგონ და ტრამპსაც მისცენ შესაძლებლობა შედეგი წარმოაჩინოს, დაახლოებით ისე, როგორც 12-დღიანი ომის დასრულების შემდეგ, როცა პოზიციების განმტკიცება შეძლეს. როგორც ჩანს, ტრამპს არ სურს ისრაელის დღის წესრიგით იხელმძღვანელოს”, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ექსპერტი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მე საქართველოს როლს პესიმისტურად არ ვუყურებ”.
“ისრაელისთვის პრიორიტეტულია ირანის სარაკეტო პროგრამა და ატომური პროექტის სრული განეიტრალება, ტრამპისთვის კი დამატებით მნიშვნელოვანია ირანის ნავთობის ინდუსტრია. მას არ სურს ეს სექტორი დაინგრეს. პირიქით, მისი ინტერესია, რომ ირანის ნავთობის ინდუსტრია ან ამერიკის გავლენაში მოექცეს, ან, მინიმუმ, ჩინეთისა და რუსეთის კურატორობიდან გამოვიდეს. ამის ერთგვარი მარკერი ისიც იყო, რომ 12-დღიანი ომის განმავლობაში ამერიკას ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის არც ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი არ დაუბომბავს. შესაბამისად, დავა მიმდინარეობს სამი ძირითადი საკითხის გამო: ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის, ბირთვული პროგრამისა და სარაკეტო არსენალის. თუ ირანი ვენესუელის მსგავსად დათანხმდება ნავთობის სექტორის კურატორობის ამერიკულ გავლენაში გადასვლას და იქიდან რუსეთისა და ჩინეთის გაძევებას, ასევე უარს იტყვის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებზე, შესაძლოა შეთანხმება ბოლო მომენტში შედგეს. თუ ამერიკამ ირანის ტოტალური დაბომბვა დაიწყო, შედეგი დამანგრეველი იქნება. 12-დღიანი ომის დროს ვნახეთ, რა ზარალი მიაყენა ისრაელმა ირანს, ხოლო ამერიკის სამხედრო რესურსი ისრაელისას მრავალჯერ აღემატება”, აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან მირიანაშვილი.
“სხვათა შორის, ჩვენთვის ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუ ირანის საკითხი ისე გადაწყდება, რომ იქიდან რუსეთი და ჩინეთი გამოაძევეს, ეს იქნება რუსეთის იმპერიული გავლენის დასასრულის დასაწყისი. ირანი საკვანძო ელემენტია ანტიამერიკულ და ანტიდასავლურ პოლიტიკურ კონსტრუქციაში. თუ ეს საყრდენი დაიკარგა, რუსეთს წინა აზიაში აქტიური ბერკეტი აღარ დარჩება. ასეთ შემთხვევაში მას მოუწევს ფუნდამენტური გეოსტრატეგიული არჩევანის გაკეთება: ან გახდეს ჩინეთის სატელიტი და საბოლოოდ გადავიდეს ანტიამერიკულ-ანტიდასავლურ რელსებზე, ან სცადოს ამერიკის სასარგებლოდ გადაწყობა და ჩინეთისგან დისტანცირება. ირანის შემდეგ ამერიკის მთავარი სამიზნეები მხოლოდ რუსეთი და ჩინეთი რჩებიან. ანტიამერიკული სარტყლის ქვეყნების დიდი ნაწილი დასუსტებულია და, თუ ირანიც გამოეთიშება, გლობალური ძალთა ბალანსი რადიკალურად შეიცვლება. განსაკუთრებით ნიშანდობლივია რუსეთზე ამერიკული სანქციების გახანგრძლივება, სადაც პირდაპირ არის აღნიშნული, რომ რუსეთი ანტიამერიკულ საქმიანობას ეწევა”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ისიც აღსანიშნავია, რომ ამერიკის მიერ კუბის წინააღმდეგ მიღებულ დადგენილებაში რუსეთი პირდაპირ არის მოხსენიებული, როგორც ამერიკის მტრული სახელმწიფო. ეს უპრეცედენტო მოვლენაა ტრამპის ერთწლიანი მმართველობის განმავლობაში და ეს ადასტურებს, რომ ადმინისტრაციის საკვანძო ფიგურებმა, მათ შორის რუბიომ, შეძლეს პრეზიდენტის დაყოლიება რუსეთთან უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებაზე. ირანის “მორჯულებისთანავე” დაიწყება რუსეთის ფაქტობრივი ბლოკადა. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, რუსული ნავთობის ფლოტი სერიოზულად შეზღუდეს, ირანის შემდეგ კი რუსეთის ნავთობის ფლოტის ტოტალური დარბევა შეიძლება ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცეს. ფაქტობრივად, რუსეთს საგარეო ვაჭრობას ჩაუკეტავენ. საზღვაო ვაჭრობისა და ნავთობის ექსპორტის გარეშე რუსეთის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ეს ამერიკისთვის აუცილებელ ნაბიჯადაც შეიძლება იქცეს, თუ ირანისა და ვენესუელის ნავთობის ინდუსტრიები მის გავლენაში გადავა. ასეთ შემთხვევაში ამ ორი უმნიშვნელოვანესი მარაგის რეალიზება გახდება პრიორიტეტი, რაც ნიშნავს, რომ ნავთობის ბაზრიდან რუსეთის ჩამოშორება აქტუალური ამოცანა იქნება. ამ კონტექსტში რუსეთი ამერიკის პირდაპირ კონკურენტად იქცევა ნავთობპროდუქტების ვაჭრობაში, ხოლო ამერიკისთვის მისი ეკონომიკური “მოხრჩობა” ადვილი იქნება”, - განმარტავს ექსპერტი.
“საქართველოსთვის ეს თვისებრივად ახალი რეალობაა. მე საქართველოს როლს პესიმისტურად არ ვუყურებ: თუ ამერიკა ირანში სერიოზული სამხედრო მოქმედებებით ჩაერთვება, ეს მინიმუმ 6-7-თვიან ეპოპეას ნიშნავს. თუ ნახევარი წლის განმავლობაში ამერიკა ამ რეგიონზე იქნება კონცენტრირებული, ეს ნიშნავს, რომ საქართველო მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი გახდება, ვიდრე იმ პერიოდში, როდესაც ამერიკა ვენესუელასა და კუბაზე იყო ფოკუსირებული სამხედრო-პოლიტიკური ქმედებებით. შეიძლება ითქვას, საქართველო მსოფლიო პოლიტიკის ავანსცენაზე დაბრუნდება შესაძლებლობების თვალსაზრისით. როგორ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება, ეს სხვა საკითხია”, - დაასკვნის მირიან მირიანაშვილი და შეკითხვაზე - “მოდი, განვიხილოთ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების კარგი და ცუდი სცენარები” - პასუხობს:
“დავიწყებ ცუდი სცენარით. რუსეთი ირანის თემაში არ ჩაერევა, ეს ცალსახაა, მაგრამ როცა ირანის შემდეგ ამერიკა რუსეთის სავაჭრო ფლოტის “მოხრჩობას” დაიწყებს, ვშიშობ, საქართველოზე რუსეთის გავლენამ ანტიამერიკულ რიტორიკაში არ გადაგვაგდოს. იმედია, ბიძინა ივანიშვილი ანტიდასავლური ტონალობიდან ანტიამერიკანიზმში არ გადავა. თუ საქართველოს ხელისუფლება ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას შეძლებს იმ დროს, როდესაც ამერიკა ანტირუსულ ნაბიჯებს გადადგამს, ვფიქრობ, ამერიკელების პირველი კომუნიკაცია სწორედ ბიძინა ივანიშვილთან იქნება, რომ ისინი რეგიონში რუსეთის შეკავებას იწყებენ და საქართველომ ამ პროცესში აქტიური ჩართულობა არ უნდა გამოიჩინოს რუსეთის სასარგებლოდ. ვფიქრობ, სწორედ აქედან დაიწყება დიალოგი. ეს არის ერთი და იმავე პროცესის როგორც ცუდი, ისე კარგი სცენარის განვითარების შესაძლო დასაწყისი”.
ევროკავშირში სანქციების მე-20 პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ - ერთ-ერთი მიზეზი ყულევის პორტია
23 თებერვალს ევროკავშირის საბჭოს სამიტია დაგეგმილი, სადაც გაერთიანების წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი საბოლოოდ უნდა შეათანხმონ. მანამდე ცნობილი ხდება, რომ ჯერჯერობით კონსენსუსი არაა და რამდენიმე ქვეყანა პაკეტში გაწერილ ზოგიერთ პუნქტს არ ეთანხმება. ამ სადავო პუნქტებს შორისაა ყულევის პორტის დასანქცირებაც, რასაც, დასავლური მედიის ცნობით, არ ეთანხმებიან უნგრეთი და იტალია. სანქციების დაწესების საჭიროება დოკუმენტში იმითაა დასაბუთებული, რომ პორტი “გამოიყენება ნედლი ნავთობის ან ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც წარმოებულია რუსეთში ან ექსპორტირებულია რუსული გემებით, რომლებიც იყენებენ არარეგულარულ და მაღალი რისკის მქონე გადაზიდვის პრაქტიკას”. ყულევის ნავთობტერმინალს აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანია “სოკარი” ფლობს. მის სანქცირებაზე უნგრეთის პოზიცია სავსებით გასაგებია, ხოლო რაც შეეხება იტალიას, ანალიტიკოსთა შეფასებით, მისი პოზიცია აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობით აიხსნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ევროკავშირში სანქციების მე-20 პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ და ამის ერთ-ერთი მიზეზი ყულევის პორტია
“ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ, რომელშიც გათვალისწინებულია, რომ ბლოკმა დაუწესოს სანქციები უცხოურ პორტებსა და ბანკებს, როგორც რუსული ნავთობის ექსპორტის შეზღუდვების ნაწილი. “ბლუმბერგის” ინფორმაციით, შეუთანხმებლობის მიზეზი რამდენიმე საკითხზე კონსენსუსის არქონაა. უნგრეთი და იტალია საქართველოში ყულევის პორტზე სანქციების დაწესების მხარდაჭერას ერიდება, საბერძნეთი და მალტა შეშფოთებას გამოთქვამენ პაკეტში არსებულ იმ პუნქტზე, სადაც ნათქვამია, რომ ინდონეზიაში კარიმუნის პორტს სანქციები უნდა დაუწესდეს. იტალია ესპანეთთან ერთად ასევე არ ეთანხმება კუბის ერთ-ერთ ბანკზე სანქციების დაწესებას. ევროკომისიამ ახალი სანქციების შესახებ წინადადებები თებერვლის დასაწყისში წარადგინა. პროექტი ითვალისწინებს რუსული ნავთობის საზღვაო გადაზიდვების სრულ დაბლოკვას - სანქციები დაეკისრება კიდევ 43 ტანკერს, რაც რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” სანქცირებული ტანკერების საერთო რაოდენობას 640-მდე გაზრდის. ევროკავშირი ასევე აპირებს შეზღუდოს ტანკერების შეძენა “ჩრდილოვან ფლოტებში” გამოსაყენებლად და აკრძალოს თხევადი აირის გადამზიდავი რუსული ტანკერებისა და ყინულმჭრელი გემებისთვის ტექნიკური მომსახურების და სხვა მომსახურების გაწევა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ბლოკი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს 23 თებერვალს დაამტკიცებს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. ევროკომისიის საკანონმდებლო წინადადება ახლა ევროკავშირის საბჭოს მიერ უნდა დამტკიცდეს, რაც ბლოკის ყველა წევრის თანხმობას ითხოვს. თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ უნგრეთის წინააღმდეგობა გამოწვეულია საქართველოს ხელისუფლებასთან მეგობრული დამოკიდებულებით, იტალიის პოზიცია კი აიხსნება აზერბაიჯანზე ენერგოდამოკიდებულებით”, - დასძენს გამოცემა.
“იტალიას გაზი აზერბაიჯანიდან მიეწოდება თურქეთის ტერიტორიის გავლით. იტალიის ენერგოდამოკიდებულება საკმაოდ გაზრდილია, მით უმეტეს, როდესაც რუსეთიდან ევროკავშირი ამას აღარ იღებს, იტალიისთვის აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორი გახდა და ამის გამო საერთოდ არ აინტერესებს საქართველოსა და აზერბაიჯანში დემოკრატიის მდგომარეობა და ადამიანის უფლებები. თუ ევროკავშირის წევრთა უმრავლესობისთვის ყულევის საკითხი პრინციპულია, მაშინ უნგრეთს და იტალიას უკან დახევა მოუწევთ, თუ პრინციპული არაა, შეიძლება ეს საკითხი ამ ეტაპზე ამოიღონ და მომდევნო პაკეტისთვის დაიტოვონ... ყულევის პორტის დასანქცირება უკვე ძალიან სერიოზული ნაბიჯი იქნება, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაუარესების ახალი ფაზა დაიწყება. აქამდე საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტული სამხილები არ არსებობდა, რომ ის სასანქციო რეჟიმს არღვევს, მაგრამ თუ ეს მოხდა, ეს რეპუტაციული ზიანიც იქნება და ამას ექნება, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური ფასი. ბევრ სხვა რაღაცაზე იმოქმედებს - იგივე საინვესტიციო გარემოზე და ა.შ.”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.
ანდრო გოცირიძე - “ქოლცენტრებზე რეაგირება მას შემდეგ მოხდა, რაც ეს პოლიტიკურად მიზანშეწონილად ჩაითვალა”
“თავისთავად ის ფაქტი, რომ საქართველოში ასეთი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული წლების განმავლობაში მოქმედებდა და მას, როგორც პროკურატურა ამტკიცებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და ყოფილი გენერალური პროკურორი მფარველობდნენ, შემაძრწუნებელი ფაქტია, რომელიც აჩვენებს, რა დონეზეა ორგანიზებული კრიმინალი ფეხმოკიდებული საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად საუბრობდნენ სხვადასხვა პარტიის, საზოგადოების, მათ შორის მასმედიის წარმომადგენლები, ჩატარდა ჟურნალისტური გამოძიებები და ა.შ., ამ დანაშაულზე რეაგირება მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ეს პოლიტიკურად მიზანშეწონილად ჩაითვალა... სავარაუდოდ, გრიგოლ ლილუაშვილს ამ საქმეზეც წარედგინება ბრალი, ვინაიდან პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ის მფარველობდა ქოლცენტრების ნაწილს. ალბათ, აქვთ საკმარისი მტკიცებულებები”, - აცხადებს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, “ქოლცენტრების საქმეზე რეაგირება მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ეს პოლიტიკურად მიზანშეწონილად ჩაითვალა”.
“სავალალოა ის გარემოებაც, რომ რატომღაც ეს გამოძიება ამ ეტაპზე შეჩერებულია მხოლოდ მმართველ პირებზე. ფარცხალაძე, რომელსაც ქოლცენტრების მფარველობა ბრალდება, საქართველოში ოფიციალურ თანამდებობას 2015 წლის შემდეგ აღარ იკავებს. რა საშუალებებით ახერხებდა 2020-2023 წლებში ქოლცენტრების მფარველობას, მაშინ, როდესაც ის მმართველი პარტიის წევრიც არ იყო, არათუ პარტიის ელიტის წევრი? მფარველობა ნიშნავს სახელმწიფო უწყებების განეიტრალებას, სამართალდამცავ სტრუქტურასთან კორუფციულ ურთიერთობებს... როგორ ახერხებდა ამ ყველაფერს, როდესაც არანაირი თანამდებობა არ ეკავა? ვფიქრობ, ეს მმართველი პარტიისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო და უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ კრიმინალურ დანაყოფებს იყენებდნენ, მაგალითად, ოპოზიციის წინააღმდეგ, ან საარჩევნო ტექნოლოგიებში. ეს მხოლოდ ვარაუდებია, სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია უსაფრთხოების სამსახურის ამგვარი განეიტრალება გამორჩენოდა მმართველ პარტიას, რომელსაც ამ სამსახურის საკონტროლებლად ყოველგვარი ბერკეტი აქვს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანდრო გოცირიძე.
“ოფიციალური წყაროებით სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელი სხვადასხვა მაღალჩინოსანი თურმე ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებებს ხელმძღვანელობდა და მფარველობდა. ფარცხალაძე გენერალური პროკურორი იყო რამდენიმე წლის წინ და ისიც მხოლოდ რამდენიმე თვე. აღმოჩნდა, რომ პოსტზე მხოლოდ რამდენიმე თვე მყოფ პირს ჰქონდა იმგვარი გავლენა, რომ მას შეეძლო მფარველობა გაეწია კრიმინალური სინდიკატებისა და ორგანიზებული დანაშაულისთვის, რომლის გამოძიებაში მთელი ევროპული მედიასაშუალებები, ინტერპოლი და ა.შ იყო ჩართული. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს პირი გავლენას 2013-დან 2025 წლამდე ინარჩუნებდა. სავარაუდოდ, ამაში ჩართული იყვნენ მისი მოადგილეებიც, დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ისინი, რომლებსაც ოპერატიულად უნდა გამოევლინათ ამგვარი დანაშაულები, მაგრამ რატომღაც ვერ ხედავდნენ - ანუ მთლიანი სტრუქტურა ისე იყო შერწყმული ორგანიზებულ კრიმინალთან, რომ არც არავინ ამოწმებდა, არც ინფორმაციას ავრცელებდა და ის, რაც იცოდნენ ჟურნალისტებმა, ვიცოდით ჩვენ, გამოდის, არ იცოდნენ მათ, ვისაც ეს უნდა სცოდნოდა.”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ეს ხომ წარმოუდგენელია? ამგვარი წაყრუებისგან ჰქონდათ, ალბათ, თანამდებობრივი სიკეთეები, ბენეფიტები. მხოლოდ მინისტრი და გადამდგარი გენერალური პროკურორი ვერაფრით იქონიებდნენ გავლენას, თუ არ ეყოლებოდათ შემსრულებლები. ეს მოწმობს, რომ ყველა ეს სტრუქტურა შერწყმული იყო ორგანიზებულ კრიმინალურ ტრანსნაციონალურ დანაშაულთან, რაც საინვესტიციო გარემოსა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც კატასტროფაა. ფაქტობრივად, ეს იცოდა ყველამ, ოღონდ, როგორც ჩანს, არ იცოდნენ იმათ, ვისაც ეს უნდა სცოდნოდა, კონკრეტულად, საპარლამენტო უმრავლესობამ, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტმა, ნდობის ჯგუფმა, ვსაუბრობ იმ ინსტიტუტებზე, რომლებსაც აქვთ უსაფრთხოების სამსახურზე კონტროლის საშუალება. როგორც ჩანს, არ იცოდა არც პროკურატურამ, რომელიც 2020-2023 წლების დანაშაულზე 2026 წელს საუბრობს. ვფიქრობ, ეს საკითხი ახლა უკავშირდება შიდა გადაჯგუფებებს - ახლა არა მარტო ამ ფრონტზე, ყველგან ხდება ფარცხალაძის მიმართულების შევიწროება, თორემ მანამდე ფარცხალაძე სწორედაც ამ მმართველი ძალის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდა”, - მიიჩნევს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი და შეკითხვაზე - “როგორი გაგრძელება ექნება ქოლცენტრებთან ბრძოლას?” - პასუხობს:
“ამჟამად არ ვიცი, ისევ არსებობს თუ არა ეს ქოლცენტრები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქოლცენტრების მსხვერპლნი საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ. ქოლცენტრები შესაძლოა ჩვენგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად არსებობდნენ, ისე, რომ ამას ვერ ვიგებდეთ, ადამიანების დასაქმებისას ისინი მაღალ კონსპირაციას იცავენ და რადგან დაზარალებული საქართველოში არ არის, ამიტომ ნაკლებად ჩანს ეს ყველაფერი. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, აქ ერთადერთი შემაშფოთებელი ის არის, რომ ეს ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებები თურმე ინფილტრირებული იყვნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რომელიც უნდა ზრუნავდეს ქვეყნის უსაფრთხოებაზე. მმართველი პარტია ამბობდა და ამბობს, საქართველოს ყველა მტრობსო, ამ დროს კი უსაფრთხოების სამსახური, ნაცვლად იმისა, ქვეყნის უსაფრთხოება დაეცვა, დაკავებული იყო კრიმინალური მოქმედებებით”...