ადვოკატები ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის საქმის მოსამართლის, თამარ მახარობლიძის აცილებას ითხოვენ.
აღნიშნული შუამდგომლობა თავდაპირველად გიორგი ვაშაძის ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ დააყენა. ფურცელაძის შუამდგომლობის საფუძველი მოსამართლის მიერ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მედიაპლატფორმის საშუალებებით გაკეთებული განცხადებები გახდა.
ადვოკატმა სასამართლოში წაიკითხა მოსამართლის მიერ საჯაროდ გაკეთებული შეფასებები და განცხადებები.
„მივიჩნევთ, რომ თქვენ ვერ შეძლებთ ობიექტურად და მიუკერძოებლად საქმის განხილვას. ფაქტობრივი საფუძველი გახლავთ ის, რომ სხვადასხვა დროს გაქვთ გამოხატული საჯარო დამოკიდებულება კონკრეტულ პოლიტიკოსებთან და მათ საქმიანობასთან დაკავშირებით.
ჩვენ ეს განცხადებები მოგიტანეთ და საქმეს დავურთეთ“, - განაცხადა ფურცელაძემ.
ადვოკატის თქმით, მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ერთ-ერთ მედიაგამოცემაში, 2019 წლის 12 მაისს ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, რომელიც „რუსთავი 2“-ის საქმესა და ნიკა გვარამიას ეხებოდა. ფურცელაძის თქმით, მოსამართლეს ნიკა გვარამიას მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია აქვს დარღვეული და გაკეთებული აქვს მის წინააღმდეგ განცხადება.
კერძოდ კი, მან მახარობლიძეს გვარამიას მიმართ გაკეთებული განცხადების ამონარიდი წაუკითხა, რომლის მიხედვითაც, „გვარამია თავისი ქმედებით ცდილობდა უკანონო ლეგალიზაციის გადაფარვას“, რითაც ადვოკატის თქმით, მოსამართლემ წინასწარ შეაფასა, რომ გვარამიას სისხლის სამართლის დანაშაული ჰქონდა ჩადენილი.
ასევე, ადვოკატმა მოსამართლე თამარ მახარობლიძეს მის მიერ 2020 წლის 9 ივნისს გაკეთებული განცხადებაც წაუკითხა, სადაც მახარობლიძე „ოპოზიციის საქმიანობას ქვეყნის დამაზიანებლად მოიხსენიებს“.
ფურცელაძის თქმით, შემდეგი სტატია საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, სადაც კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაზე და სააკაშვილზე უთითებს.
ადვოკატმა მოსამართლეს ასევე წაუკითხა კიდევ ერთი სტატია, სადაც ის ბიძინა ივანიშვილის მნიშვნელობასა და როლზე ციტირებს.
ფურცელაძის თქმით, შემდეგი განცხადებით მოსამართლე „ადვოკატებს ესხმის თავს“. ადვოკატის შეფასებით, მახარობლიძეს სამართლის ექსპერტის რანგში აქვს განცხადება გიორგი რურუასთან დაკავშირებით გაკეთებული, რომ ეს საქმე „ოპოზიციამ შოუდ გადააქცია“.
ამასთან, ადვოკატის განმარტებით, მახარობლიძეს განცხადება აქვს გაკეთებული, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაიზარდა სასამართლოს დამოუკიდებლობა და რომ ამას, მათ შორის გამამართლებელი განაჩენებიც ადასტურებს, ასევე მოქმედი ხელისუფლების პირობებში სასამართლო არ არის ხელისუფლების დაქვემდებარების ქვეშ, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდისგან განსხვავებით.
შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდებული გიორგი ვაშაძეც.
კიდევ ერთი ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ მოსამართლე საქმეს თავად აიცილებდა.
„თქვენი განცხადებები იმდენად ხისტია, ობიექტური ადამიანის თვალში შეუძლებელია მიუკერძოებლობის განცდას ტოვებდეთ.... მე გამიკვირდა კიდეც, რომ თვითაცილება არ დააყენეთ. ამ საქმეზე ჩემთვის თქვენთან ერთად მუშაობა არ იქნება კომფორტული, რადგან წინასწარ მეცოდინება თქვენი გადაწყვეტილება",- განაცხადა ჩომახაშვილმა.
ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა.
უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.
მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.
აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.