[მარო მაყაშვილი მოკლა] რუსეთის მეთერთმეტე არმიამ, ისტორიას, მე მგონი, სკოლაში გავდივართ - 1921 წლის გმირებს, მარო მაყაშვილს და სხვებს შერცხვებოდათ, რომ ენახათ, 105 წლის თავზე, თქვენი ტელევიზიები, თქვენი დამფინანსებლის დავალებით, ასეთი სპეკულაციით რომ ხართ დაკავებულები მათ სიცოცხლეზე, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას: „ვინ მოკლა მარო მაყაშვილი?“
პაპუაშვილის თქმით, ისტორიის მიმართ მსგავსი „აგდებული და სპეკულაციური დამოკიდებულება სამწუხაროა“.
„[მარო მაყაშვილი მოკლა] რუსეთის მეთერთმეტე არმიამ. ისტორიას, მე მგონი, სკოლაში გავდივართ. სამწუხაროა, თქვენი დამოკიდებულება ისტორიის მიმართ, მისი ასე აგდებულად, სპეკულაციურად თქვენი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოსაყენებლად. ეს არის სამარცხვინო, როდესაც ასე აგდებულად უყურებთ ისტორიას. ფიქრობთ ამ ისტორიიდან რა შეიძლება გამოიტანოთ სპეკულაციურად თქვენი კონკრეტული ტელევიზიის პატრონებისთვის. ეს არის სირცხვილი. 1921 წლის გმირებს, მარო მაყაშვილს და სხვებს შერცხვებოდათ, რომ ენახათ, 105 წლის თავზე, თქვენი ტელევიზიები, თქვენი დამფინანსებლის დავალებით, ასეთი სპეკულაციით რომ ხართ დაკავებულები მათ სიცოცხლეზე“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
მორიგ კითხვაზე, „იყო თუ არა შესაძლებელი საბჭოთა ოკუპაციის თავიდან არიდება?“ პაპუაშვილმა უპასუხა, რომ „ისტორია ასე არ განისჯება“.
„ისტორიაზე ცოტა რთული და შეუძლებელია ისაუბრო, რა მოხდებოდა რაღაც ისე ან ასე რომ ყოფილიყო. ისტორია ასე არ განისჯება. ისტორია სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ იყოს გაკვეთილი ჩვენთვის. სამყარო არ იცვლება, დღესაც ამას ვხედავთ, რაც იყო 100 წლის წინ. იმავე წესებით თუ წესების გარეშე მოქმედ სამყაროს შევყურებთ დღესაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პასუხისმგებლობების გააზრებით ვიმოქმედოთ. კიდევ ერთხელ, ჩვენ ისტორიას ვერ განვსჯით იმით, რა შეიძლება ყოფილიყო. ისტორია ასე არ განისჯება, რა იქნებოდა და რა არ იქნებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ქართველები ნებისმიერ მომენტში, როდესაც საჭიროა, რომ საკუთარ ქვეყანას გადაეფარონ, ამას ვაკეთებთ. ვეფარებით ჩვენს ქვეყანას და ზუსტად ეს გააკეთეს 1921 წლის გმირებმა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.