ლევან გოგიჩაიშვილი - უნდა მოვემზადოთ 2028 წლის არჩევნებისთვის, პარტია „ახალს“ კი ასახსნელი აქვს, როგორ იშოვეს დიქტატურაში 30 მილიონზე მეტი? ზუსტად ვიცი, ივანიშვილისგან გილაურს „მწვანე“ ჰქონდა, რომ ეს ფული მათთან მიეტანა

რასა იუკნევიჩიენეს მოხსენება შეიძლება „ქართული ოცნების“ საღლიცინო გახდეს, მაგრამ თუ გერმანული პროკურატურა გამოვა და იტყვის, რომ „ოცნების“ მფარველობით მათ პენსიონერებს ფულს ძალავენ, ეს გაცილებით ეფექტური იქნებოდა, „ოცნებას“ ამაზე რეაქცია ექნება და შეეშინდება,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა ის, რომ 25 თებერვალს, ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი, რასა იუკნევიჩიენე საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ მოხსენებას წარადგენს.

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას გოგიჩაიშვილმა ევროკავშირის მხრიდან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ან მათთან დაკავშირებული პირების დასანქცირების ეფექტურობაზე საუბრისას აღნიშნა, ამის „იმედი არ უნდა გვქონდეს, რადგან „ოცნება“ დასამარცხებელია შიგნიდან და არა გვერდიდან“.

„ყოველდღიურად, თაღლითური „ქოლცენტრები“ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით ძარცვავენ პენსიონერებს და მერე, ეს ფული აკუმულირდება ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ შავ სალაროში. [ჩამონათვალს] ესეც შეიძლება დაამატონ და ამაზეც ჰქონდეთ რეაქცია. ეს ფული ხან პრემიერ-მინისტრის ჯიბეში ხვდება, ხან სუს-ის ხელმძღვანელების, ხან „ქართული ოცნების“ სალაროში. ჯობია, კონკრეტულად მიხედონ. შეუძლია ქალბატონმა რასამ ესეც ჩაწეროს. ეს გაცილებით ეფექტური იქნებოდა.

ჩემი აზრით, ქალბატონი რასას მოხსენება შეიძლება „ქართული ოცნების“ საღლიცინო გახდეს. ამაზე ეს ადამიანები უკვე ღლიცინებენ და სერიოზულად არ უყურებენ, მაგრამ თუ გერმანული პროკურატურა გამოვა და იტყვის, რომ „ქართული ოცნების“ მფარველობით ჩვენს პენსიონერებს ფულს ძალავენ, ეს, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნებისთვის“ პრობლემური იქნება. ან თუ გამოვა ევროკავშირის სხვა სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენელი და იტყვის, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, მფარველობით, ამ კრიმინალურ სქემებში ვიღაცები მონაწილეობენ და მერე ეს ფული „ოცნების“ ანგარიშებზე ილექება, ამაზე „ოცნებას“, რა თქმა უნდა, ექნება რეაქცია, შეეშინდება. რასას მოხსენებაზე დაიწყებენ სიცილს. ეს არის რეალობა. როგორც იციან ბოლო წლების განმავლობაში, ისევე გააგრძელებენ. გამოვლენ და იტყვიან, რომ ასეთია, ისეთია. რეალურად, რაღაცებს შეაფასებენ, სადღაც შეიძლება სწორადაც თქვან, შეიძლება არასწორად. გაიცინებენ, მაგრამ თუ გერმანიის პროკურორი გამოვა და „ოცნებაზე“ იტყვის, რომ ის მფარველობს თაღლითურ „ქოლცენტრებს“, რომლებიც ჩვენი პენსიონერების ფულს თაღლითურად ითვისებენ, ამაზე ვერ გაიცინებენ იმიტომ, რომ შეეშინდებათ.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირების დასანქცირებას, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამასთან დაკავშირებით დიდ იმედებს არ ამყარებდა არასდროს. საერთოდ, გვგონია, რომ ადგილზე არის დასამარცხებელი „ოცნება“ და არა გვერდიდან. ჩვენთვის ეს თვითმიზანი არასდროს ყოფილა. ვიღაცამ რომ ჩემი ქვეყნის მოქალაქე დაასანქციროს იმის გამო, რომ მე ვერ ვერევი და ამის გამო სხვის იმედზე ვიყო, ეს არ არის სწორი. ჩვენ არჩევნებით უნდა გავიმარჯვოთ. ქართველი ხალხი უნდა დავარწმუნოთ და არა ვიღაც სახელმწიფოს წარმომადგენელი, რომ საქართველოს კონკრეტულ მოქალაქეზე სანქცია გასცეს. ეს არის ჩემი მსოფლმხედველობა, სხვას სხვა აქვს. არჩევნებია აქ მოსაგები. იმის იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ კეთილ ბიძიას ევროპაში გაახსენდება, რომ სანქციები აქვს დასადები. ეს საქმე არის ჩვენი გასაკეთებელი და არა რასასი და სხვა ადამიანების. მერამდენე „რაპორტი“ უნდა გააკეთოს... მართლა სასაცილოდ აქვთ აგდებული და პირიქით, ამ ყველაფერს ევროპული მომავლის წინააღმდეგ იყენებენ. „ოცნების“ პროპაგანდა ამას ძალიან კარგად იყენებს. გამოიყვანს, მერე ამას შეადარებს სააკაშვილზე განცხადებებს და დამთავრდა უკვე მისი რეპუტაცია. როდესაც ადამიანი კაცზე [მიხეილ სააკაშვილზე] ამბობს, რომ არის პოლიტპატიმარი... ადამიანმა, რომელმაც ეს ქვეყანა შეიწირა პირდაპირი მნიშვნელობით, სხვა ბევრი ადამიანის აღქმაში, ადამიანების უფლებები მასობრივად დაარღვია. როცა ადამიანი ასეთი ევროპარლამენტარების განცხადებას ისმენს, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, მათ რეპუტაციას და მათი სიტყვის ნდობას, ფასი უკვე აღარ აქვს“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

გარდა ამისა, გოგიჩაიშვილმა ისაუბრა ოპოზიციის გაერთიანების პერსპექტივაზე და აღნიშნა, რომ ეს მათი მხრიდან არ მოხდება. მისივე თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ პარტია „ახალს“ ასახსნელი აქვს, ავტორიტარიზმში საიდან მოიტანა 30 მილიონზე მეტი ლარი საარჩევნო კამპანიისთვის“.

„არანაირი გაერთიანება ჩვენი მხრიდან ამ მიმართულებით არ იქნება. სანდრო გირგვლიანის მკვლელებთან, პირდაპირი მნიშვნელობით, რომლებსაც ჩვენ ვებრძოდით და დავამარცხეთ, ვერანაირ ალიანსში ვერ შევალთ 2025 წელს, გამორიცხულია. მკაფიო იდეოლოგიური განსხვავებაა, ეს ყველას უნდა ესმოდეს. იმ ადამიანებთან, ვინც 1-ელ ოქტომბერს სააკაშვილს მხარეს იბრძოდა და ნახევარ საქართველოს გაუბედურებას უქადდა, მათთან არანაირ პოლიტიკურ ალიანსში არ შევალთ არასდროს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც მარტივ მამრავლებად არის დაშლილი, რაც უნდა ის უქნია - გინდა გაერთიანდნენ, გინდა გამოერთიანდნენ. ამ ადამიანებს ასახსნელი აქვთ, საიდან მოიტანეს საარჩევნოდ 30 მილიონზე მეტი? ავტორიტარიზმში როგორ იშოვა პარტია „ახალმა“ მილიონობით ლარი საარჩევნო კამპანიისთვის? ეს ასახსნელი აქვთ არა მარტო ჩვენთვის.

ზუსტად ვიცი, პირდაპირი მნიშვნელობით, ბიძინა ივანიშვილისგან გილაურს მწვანე ჰქონდა იმისთვის, რომ ეს ფული მათთან მიეტანა. მე ასე ვვარაუდობ. მან ეს ფული იქ მიიტანა, მაგრამ მათ საკუთარ ამომრჩეველს უნდა აუხსნან, დიქტატურაში როგორ იშოვეს ათეულობით მილიონი ლარი საარჩევნო კამპანიისთვის. მეორე - „ქართული ოცნება“ დღეს რომ სუპერ ძლიერია თავის პოლიტიკურ მოცემულობაში, ეს მათი დამსახურებაა. პარლამენტთან მიმართებით გასაგებია, მაგრამ ყველაფერი გააკეთეს კახა კალაძის პარტიამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა ბრიყვებმა, რომ ადამიანები არ მისულიყვნენ თვითმმართველობის არჩევნებში.

სამუშაო მაგიდასთან დასხდომა მაგათთან არ შეგვეძლო. არ შეიძლება, არასწორია, მორალურად არასწორია. ჩვენ არავინ დაგვიზიანებია. „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა ეს ბრიყვები. „ნაციონალური მოძრაობა“ შუაზე გააყოფინეს, ხმები დაკარგეს. 27-28 %-ს იღებდა „ნაციონალური მოძრაობა“. 6-7% სად წავიდა? გაყოფის გამო ეს ხმები რომ დაკარგეს, ის ძირითადად „ქართულ ოცნებაში“ წავიდა. „ოცნება“ მათ გააძლიერეს იმით, რომ ისინი ამ ხალხს ფულს ხარჯავენ. ჩვენ ხმები იმიტომ დავკარგეთ, რომ ხალხი არ მოვიდა თვითმმართველობის არჩევნებზე. არ მოვიდნენ იმიტომ, რომ აქეთა და იქითა მხრიდანაც ძლიერი იყო ადამიანების დარწმუნება, რომ არჩევნებზე მისვლას აზრი არ ჰქონდა. ჩვენ მართლები ვიყავით. მართალი ადამიანი ხანდახან ასეთ მდგომარეობაში ხვდება ხოლმე“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ასევე, გოგიჩაიშვილის თქმით, „ოპოზიციური პარტიები უნდა მოემზადონ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგან მანამდე არ ჩანს რაღაც მოცემულობა, რომელსაც შეუძლია ხელისუფლება აიძულოს, ვადამდელი არჩევნები დანიშნოს“.

„ერთადერთი, რასაც შეეძლო, რომ ამ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები მოეტანა, ეს იყო თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ჩემთვის საბოტაჟი არის ის, რაც მათ განახორციელეს თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებით, ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ დირიჟორობითა და ორკესტრირებულებით. სადღაც დაიგეგმა, ციფრებში ნახეს, რომ თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი და სხვა დიდი ქალაქები წააგეს, იფიქრეს, რომ არჩევნებში იგივე მოცემულობით, გაყალბებითაც კი ვერ იგებდნენ და დასჭირდათ ეს ადამიანები. გაახსენდათ ის ხალხი, ვისზეც არჩევნების წინ ფული აქვთ გადახდილი. ეს საკითხი ასე არ დამთავრდება. მათ უნდა იცოდნენ, რომ ძმრად ვადენთ ამ საკითხებს. თქვენ მეუბნებით, რომ იმ ხალხთან, ვინც „ოცნებასთან“ თანამშრომლობს, მე რაიმე საერთო მაქვს? ივანიშვილის ბუნება და ფუნქცია როგორია იცით? როცა კაცს ფულს უხდის და ეს კაცი მის ფულს იღებს, რასაც უნდა იმას უშვრება. თუ უნდა დაიჭერს, მერე გამოუშვებს, მერე რაღაც საქმეს აღუძრავს, მერე პასპორტს ჩამოართმევს. წარმოიდგინეთ, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ციხეში გაუშვებს და განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულისთვის [საბოტაჟი, მოღალატეობა, ხომ წარმოგიდგენიათ რა სიმძიმის არის], იქ თუ უნდა გირაოს გაუფორმებს. როგორც უნდა, ისე ათამაშებს ამ ხალხს. მაგ ხალხმა თავის თავი თვითონ ჩაიგდო [ამ მდგომარეობაში]. შენ რომ ეშმაკის ფულს ხელს კიდებ, ეს ეშმაკი რასაც უნდა იმას გიკეთებს“, - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!