სამარცხვინოა დღეს არსებული ხელისუფლების პოზიცია უკრაინა-რუსეთის საკითხზე, - ამის შესახებ პარტია „თავისუფლების მოედნის“ წევრმა, კახა ჩიქოვანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
კახა ჩიქოვანის განმარტებით, „ქართული ოცნების“ რიტორიკით და ქმედებებიდან ჩანს, რომ ისინი რუსეთის მხარეს არიან და არა უკრაინისკენ.
„ეს ომი ნამდვილად არასდროს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ არსებობს ერთი “მაგრამ” - ვინ დაიწყო ეს ომი და რა პოზიცია უჭირავს დღეს ე.წ. საქართველოს ხელისუფლებას ამ ომთან მიმართებით. სამარცხვინოა დღეს არსებული ხელისუფლების პოზიცია უკრაინა-რუსეთის საკითხზე. მათი რიტორიკაც და ქმედებებიც არათუ გვაფიქრებინებს, არამედ აშკარად ჩანს, რომ მათი მხარე არის უფრო რუსეთისკენ მიმართული, ვიდრე უკრაინისკენ. ის თანაგრძნობა, რომელიც საქართველოს უკრაინის მიმართ უნდა გამოეხატა, დღეს სათანადოდ არ ფიქსირდება. საქართველოს მოსახლეობას აბსოლუტურად სხვა პოზიცია აქვს და ჩემი აზრით, ზუსტად ის პოზიცია უკავია, რაც უნდა ეჭიროს. რაც შეეხება ომს, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა რუსეთმა, როდესაც გადაწყვიტა, რომ უკრაინა უნდა მიეერთებინა ისეთი მეთოდებით, რასაც დღეს ის აკეთებს“, - განაცხადა კახა ჩიქოვანმა.
მისი შეფასებით, „სასაცილოა“ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება „ურთულეს გარემოში ატარებდა მშვიდობის პოლიტიკას, როდესაც ომის მოსურნეები, გარედან წნეხით და შიგნიდან ციხის გატეხით, ცდილობდნენ ომის ცეცხლის რკალში საქართველოს ჩაბმას“.
„ამას არანაირი ახსნა არ აქვს, უბრალოდ სასაცილოა. ეს რიტორიკა არ იცლება უკვე 4 წელია. ამ 4 წლის განმავლობაში ვერც დოკუმენტი წარმოადგინეს და ვერც დამამტკიცებელი საბუთი მოიტანეს. შესაბამისად, ეს არის დემაგოგია და მეტი არაფერი. რაც შეეხება სამყაროს და მის უსაფრთხოების არქიტექტურას, რა თქმა უნდა, ეს არქიტექტურა შეიცვალა და აბსოლუტურად გადალაგდება ყველაფერი, თუმცა პირველ რიგში, ეს ომი არის დასამთავრებელი. ამ ომმა დასავლეთსაც დაანახა თავისი სუსტი ადგილები. ეს გამოიწვევს იმ შედეგებს, რომელიც საბოლოოდ, წაადგება დასავლეთის, ევროპის გაძლიერებასაც და ერთ ძლიერ ორგანიზმად ჩამოყალიბებასაც. სად ვართ ჩვენ ამ ვითარებაში და სად ვიქნებით ომის დასრულების შემდგომ? დღევანდელი კონტურები, რაც რის გამოკვეთილი, კარგს ვერაფერს გვიქადის. სანამ ეს მმართველი ძალა ხელისუფლებაში იქნება, ჩვენ სამყაროს ბნელ ნაწილში ვიქნებით დარჩენილი. საბოლოოდ, ეს ომი აუცილებლად უკრაინის გამარჯვებით დამთავრდება“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, მან საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშის პროექტზეც ისაუბრა, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად საპირისპიროთი შეცვალა.
კახა ჩიქოვანის განმარტებით, ცივილიზებული სამყარო ობიექტურად აფასებს საქართველოში არსებულ ვითარებას და ზუსტად იცის, რაც ხდება დღეს ქვეყანაში.
„ეს კიდევ ერთი სიგნალია ქართული საზოგადოების მიმართ, რომ ჩვენ მარტო არ ვართ, არ მიუტოვებიათ საქართველო და საქართველოს დახმარებას აგრძელებენ, საქართველოს მოიაზრებენ, როგორც მათი ოჯახის წევრს. „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელობა არ აქვს, ეს კრიტიკა საერთოდ იარსებებს თუ არა, რადგან მათ იზოლაციის პოლიტიკა აქვთ არჩეული და დასავლეთიდან მომდინარე აზრი ფასეულობას არ წარმოადგენს. არჩეული აქვთ უკვე ვექტორი და ამ მიმართულებაზე მოძრაობენ. ჩვენი ამოცანა არის, რაც შეიძლება მალე მოვიკრიბოთ ძალები ისე, რომ ქართული ოცნების“ ხელისუფლება მალე გავუშვათ სახლში და საქართველო დავუბრუნოთ დემოკრატიული განვითარების გზას“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის განცხადებები, რომ ისინი ადამიანის უფლებებს იცავენ, მხოლოდ მანიპულაციაა.
„ამას ჰქვია ზუსტად „ ენას ძვალი არ აქვსო“, რასაც უნდათ, იმას ლაპარაკობენ. რომელ ადამიანის უფლებებზე არის ლაპარაკი, როცა ხალხს ტროტუარზე დგმის გამო იჭერენ. რომელ ადამიანის უფლებებზე არის ლაპარაკი, როცა ამდენი ახალგაზრდა სრულიად უკანონოდ ზის ციხეში. რომელ კანონის უზენაესობაზეა ლაპარაკი. შეიძლება შერჩევითად კანონის უზენაესობა არსებობს, მაგრამ ამ კანონებსაც გააჩნია. კანონის უზენაესობა კი არ უნდა იყოს ჩვენი მიზანი, არამედ სამართლის უზენაესობა და ამ ქვეყანაში სამართალი აღარ არსებობს, მათ დაასამარეს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
გარდა ამისა, მან ოპოზიციის გეგმებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მოლაპარაკება, რაც პარტიებს შორის მიმდინარეობს, არ გულისხმობს კლასიკური ტიპის გაერთიანებას, არამედ მოიაზრებს ქცევის წესებს, რომელიც სტრატეგიულად დასახული მიზნის მიღწევისკენ იქნება მიმართული.
„ოპოზიციური ერთობა ჩვენ სხვანაირად გვესმის. ოპოზიციური ერთობა არ ნიშნავს ერთ პარტიად ჩამოყალიბებას. ეს ასე არე არის. ოპოზიციური ერთობა ნიშნავს იმას, რომ კოორდინაციით ვიმოქმედებთ იმ მიზნისკენ, რომელიც არის დასახული“, -განაცხადა ჩიქოვანმა.