კახა კალაძე - გავიგეთ ეს სანქციები, არაფრისმთქმელი რეზოლუციები, ეს ყველაფერი გავიგეთ, მერე რა ხდება?! - ევროპული ბიუროკრატია ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ შეიცვლება

რამდენჯერ უნდა დაასანქცირონ ეს ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი] და რამდენჯერ უნდა დაგვასანქცირონ?! წარმოუდგენელია - უკვე რამდენი წელია და იგივე იტკეპნება, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში მომზადებულ ანგარიშის პროექტზე დასმულ კითხვას.

„გავიგეთ ეს სანქციები, არაფრისმთქმელი რეზოლუციები - ეს ყველაფერი გავიგეთ, მერე რა ხდება?!

კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით არ არსებობს არანაირი არგუმენტი, არანაირი შინაარსი. არის არასამართლიანი დამოკიდებულება, ძალის დემონსტრირება, მუქარა, შანტაჟი. ეს არის სამწუხარო რეალობა, თუმცა ევროპული ბიუროკრატია ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ შეიცვლება“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში რასა იუკნევიჩიენე 25 თებერვალს წარადგენს.

ანგარიშის პროექტი სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც “დემოკრატიული უკუსვლის, რეპრესიების, მტრული რიტორიკის, დეზინფორმაციისა და მუქარის ფონზე ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის ბრძოლას განაგრძობს“.

ანგარიში აღნიშნავს “იმ ფაქტს, რომ უკუსვლა ფიქსირდება ცხრავე პრიორიტეტის განხორციელებაში, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობას წარმოადგენდა“.

პროექტი “ხაზს უსვამს „ქართული ოცნების“ განცხადებების აბსურდულობას იმის შესახებ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია მთავარ პრიორიტეტად რჩება, მაშინ როდესაც მისი უმაღლესი თანამდებობის პირები და მთავრობასთან დაკავშირებული მედია სისტემატურ კამპანიას აწარმოებენ და ევროკავშირის, მისი ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ მანიპულაციურ ნარატივებს, დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს ავრცელებენ“ და “გმობს იმ ფაქტს, რომ 2024 წლის ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ სრული ავტორიტარიზმისკენ სვლა კიდევ უფრო გააძლიერა“.

ანგარიში “ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ დაწესებული მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორებისა და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე, დაუსჯელობის წინააღმდეგ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს“.

ასევე, პროექტი “შეუძლებლად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობას იქამდე, ვიდრე მათი რეპრესიების, შეზღუდვებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის მიმდინარე კურსის შეცვლა არ მოხდება“.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!