20 ივნისის ორგანიზატორები არიან ადამიანები, რომელთაც გავრილოვი ქვეყანაში ჩამოიყვანეს და შემდეგ თავისი სავარძელი დაუთმეს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას მიმართ დევნა არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „მუქარის რეალიზების“ პროცესი.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ ადამიანები, რომელთაც ზიანი აქვთ მიღებული 20 ივნისის ღამეს, უშუალოდ რეზინის ტყვიების გამოყენების შედეგად. პროკურატურაც ვერ ედავება გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენებას, შესაბამისად, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და გიორგი გახარიას ქმედებას, ან უმოქმედობას შორის არ არსებობს. მეორე, არც ერთ მოწმეს არ აქვს ინფორმაცია და არც დაუნახავთ, რომ გიორგი გახარია რაიმე ფორმით აორგანიზებდა მათი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას. ფაქტობრივი გარემოებები არის ის, რომ მოწმეები, მათ შორის ერთ-ერთი არის მომჩივანი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეთანხმება ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად გიორგი გახარიას და მის მოადგილეებს რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება არ გაუციათ.
არსებითი განხილვისას, ერთ მოწმესაც კი ვერ წარმოადგენენ, რომელიც იტყვის, რომ ადამიანების განზრახ მძიმე დაზიანებას გაუწია ორგანიზება, იმიტომ, რომ არ არსებობს ასეთი საქმეში. შესაბამისად, რის გამო ხორციელდება ეს სისხლის სამართლებრივი დევნა, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ეს არის ივანიშვილის მუქარის რეალიზების პროცესი, რასაც ვხედავთ 20 ივნისთან დაკავშირებით. მათ შორის ეს ადამიანები, რომლებსაც შეკითხვა დავუსვი სასამართლოზე, პირდაპირი ფორმით ამბობენ, რომ ეს ადამიანები აპროტესტებდნენ გავრილოვის ჩამოყვანას ამ ქვეყანაში და კობახიძის მიერ მისთვის სავარძლის დათმობას, საიდანაც საპარლამენტთაშორისო ასამბლეა მიჰყავდა ოკუპანტი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფოს დუმის დეპუტატს სერგეი გავრილოვს. ეს არის მოცემულობა, რის გამოც 20 ივნისი სამწუხარო დღე ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში ჩაიწერა, ეს არის იმ ადამიანების, იმ პოლიტიკოსების უპასუხისმგებლობის შედეგი, რომლებმაც ჯერ უმასპინძლა გავრილოვს, ჩამოიყვანა და მერე საკუთარი სავარძელი დაუთმო. თუ ვინმეს ორგანიზებას ვედავებით რამის, ორგანიზატორები არიან ის ადამიანები, ვინც ჩამოიყვანა და ჩასვა სავარძელში“ , - აცხადებს სიჭინავა.
ბერდია სიჭინავას თქმით, არ არსებობს არც ერთი მოწმის ჩვენება, რომელიც ოქმში აფიქსირებს ინფორმაციას, თითქოს გიორგი გახარიამ ადამიანების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება დააორგანიზა.
„თამამად შემიძლია გითხრათ, 120 ტომიან სისხლის სამართლის საქმეში, რომელშიც ყველაფერია ჩაყრილი აბსოლუტურად, არ არსებობს არც ერთი მოწმის ჩვენება, რომელიც გამოკითხვის ოქმში აფიქსირებს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს დააორგანიზა გიორგი გახარიამ ადამიანების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. პროკურორი, რომ მოვა ახლა და შეკითხვებს დაუსვამთ, როცა დაიწყებენ საუბარს მოწმეთა ჩვენებებზე და დათვალიერების ოქმზე, ერთი მტკიცებულება კითხეთ, რომელიც ადასტურებს გიორგი გახარიას მხრიდან დანაშაულის ჩადენას”,- აღნიშნავს ადვოკატი.