თამარ ჩერგოლეიშვილი - 99%-ი შეთანხმებულები ვართ, ეს არ არის გაერთიანება, ეს მრავალპარტიული ალიანსია - თუ პროცესი დაიძრა, ხაზარაძესაც მოუწევს შემოერთება, რადგან არ მგონია, ამ ქვეყნის მტერი, უბრალოდ, ჯიუტი კაცია

საქმის 99%-ი გაკეთებულია და 99%-ი შეთანხმებულები ვართ. ისეთი წესები გვაქვს გაწერილი, რომ თუ არავინ დაარღვევს, არანაირი ლანძღვა არ იქნება საჭირო. თუ არადა გამოვა შეთანხმების დამრღვევი, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა ოპოზიციურ ერთობაზე საუბრისას.

როგორც იგი აღნიშნავს, ალიანსის ფარგლებში იდეოლოგიური განსხვავებები შენარჩუნდება, თუმცა ეს განსხვავებები „ტოქსიკურ ფორმას“ არ მიიღებს. მისი თქმით, თანამშრომლობა ეფუძნება საერთო მიზანს და ქვეყნის ინტერესებს და არა რომელიმე დონორის ან ავტორიტარული ლიდერის გავლენას.

„ყველაფერი გარკვეულია იმ ტექსტით, სადაც 99%-ით შეთანხმება მიღწეულია. ყველაფერი და ყველა წესი გარკვეული. რასაკვირველია, იდეოლოგიური განსხვავება გვექნება, მაგრამ ეს არ შეიძენს ტოქსიკურ ფორმას. მთავარი წესია, რომ ჩვენ ვემსახურებით ქართველი ხალხის ინტერესებს და არა რომელიმე დონორის ან ავტოკრატიული ლიდერის ინსტინქტებს.

ეს არ არის არანაირი ქორწინება, უბრალოდ, ეს არის თანამშრომლობა საერთო მიზნის გარშემო. რაც შეეხება გადაწყვეტილებებს, ყველა გადაწყვეტილება, რაც გვაერთიანებს, უკვე დევს დოკუმენტში. იმ გადაწყვეტილებებს თუ შევასრულებთ ბიძინა ივანიშვილს ავაყირავებთ“,- აცხადებს ჩერგოლეიშვილი.

თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციური ერთობის საკითხზე საუბრისას აცხადებს, რომ პარტია „ლელოს“ წევრები დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ და მის შიგნით საბოლოო გავლენა მამუკა ხაზარაძეს აქვს.

ჩერგოლეიშვილის თქმით, მიუხედავად კრიტიკისა, იგი ხაზარაძეს ქვეყნის მტრად არ მიიჩნევს, თუმცა მას ჯიუტ და პოლიტიკურად გამოუცდელ ლიდერად ახასიათებს.

„ლელო“ თავის თავს არ ეკუთვნის. სამუშია აქ რომ იჯდა, მასზე არაფერია დამოკიდებული. სამუშია სიამოვნებით შემოვარდებოდა ჩვენთან. ხაზარაძეზეა ჩამოკიდებული სამუშია. ხაზარაძე სამყაროზეა გაბუტული. ყველას გვადანაშაულებს იმაში, რაც დაემართა, აქედან გამომდინარე, ამათაც განძრევის საშუალება არ ექნება. თუ პროცესი დაიძრა, ხაზარაძესაც მოუწევს შემოერთება, რადგან არ მგონია ამ ქვეყნის მტერი, უბრალოდ, ჯიუტი კაცია, რომელსაც პოლიტიკა კარგად არ ესმის.

ჩვენ რა განცხადებასაც ვაკეთებთ, მასთან წინააღმდეგობაში არ არის. ეს არ არის გაერთიანება, ეს არის მრავალპარტიული ალიანსი, რომელიც ერთიანდება მთავარზე - როგორ ვამარცხებთ რეჟიმს“,- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

ჩერგოლეიშვილის თქმით, მაშინ, როდესაც ოპოზიციურ ძალებს შორის შეთანხმების პროცესი თითქმის დასრულებულია, ახლა მნიშვნელოვანია მოკლე ვადებში ვიზიტის ორგანიზება ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ოპოზიცია აპირებს ამერიკულ მხარეს წარუდგინოს საკუთარი თავი, როგორც მოქმედი ხელისუფლების ალტერნატივა, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის გავლენის დამარცხებას სამხრეთ კავკასიაში.

„შემიძლია ვთქვა, რომ საქმის 99%-ი შეთანხმებულია. ახლა სასიცოცხლოდ სწრაფად გვჭირდება ვიზიტის მომზადება ვაშინგტონში. ძალიან სწრაფად, რომ ამ ყველაფერზე მოვაწეროთ ხელი და ჩვენი სტრატეგიით წარვდგეთ იქ (აშშ) , რომ ჩვენ ვართ ალტერნატივა და ჩვენ უზრუნველვყოფთ რუსეთის მარცხს სამხრეთ კავკასიაში და ამით იზეიმებს თავისუფალი სამყარო.

ყველა სიხარულით მიგვიღებს (ამერიკის შეერთებულ შტატებში) თუ ჩვენ ვიქნებით ქართველი ხალხის და ქართული წინააღმდეგობის წარმომადგენლები. მე და ბოკერიამ, რაც არ უნდა ვირბინო თუ ქართველ ხალხს არ წარმოვადგენთ ჩვენ გამო ვერავინ იმოქმედებს, რამდენადაც არ უნდა მოსწონდეთ მათ“,- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!