„ქართულ ოცნებაში“ კოლექტიური „ჯაყოები“ არიან, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება და მიუხედავად იმისა, რომ ის ადგილები არ ეკუთვნით, სადაც არიან, აბრახუნებენ მაგიდაზე და გაიძახიან: „ასე იცის ჯაყომა“ - ვინც კი მათ უგონო პოლიტიკას შეეწინააღმდეგება, ელჩი თუ საქართველოს მოქალაქე, ცდილობენ ყველას დისკრედიტაცია გაუკეთონ და ძალით აღიარებინონ მათი ლეგიტიმაცია, - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ წევრმა, თამუნა გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩის „იმედისა“ და „პოსტვისთვის“ სანქციების დაწესების საკითხზე დაბარებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის მხრიდან „იმედის“ და „პოსტვისთვის“ დაწესებული სანქციები მხოლოდ დასაწყისია და კიდევ უნდა ველოდოთ სანქციებს, რომლებიც „კიდევ უფრო გამკაცრდება „ქართული ოცნების“ მიმართ“.
„ამ სანქციებით, „იმედის“ და „პოსტვის“ გაქრობით, „ქართულ ოცნებას“ სატელევიზიო სივრციდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენი გამოეცლება. ეს მხოლოდ დასაწყისია და კიდევ უნდა ველოდოთ შესაბამის სანქციებს, რომლებიც კიდევ უფრო გამკაცრდება „ქართული ოცნების“ მიმართ. რაც შეეხება ელჩების დაბარებას, ვნახეთ, რომ რამდენიმე დღის წინ ესტონეთის ელჩიც დაიბარეს იმის გამო, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდასაჭერი განცხადება გააკეთეს. ეს არის სრულიად უგონო პოლიტიკა, რომელიც ერთი მხრივ ქვეყანას აზარალებს, რაც მათ არ აინტერესებთ, მეორე მხრივ კი, აზარალებს მათაც - ეს არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. „ქართული ოცნება“ კოლექტიური „ჯაყოები“ არიან, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება და მიუხედავად იმისა, რომ ის ადგილები არ ეკუთვნით, სადაც არიან, აბრახუნებენ მაგიდაზე და გაიძახიან: „ასე იცის ჯაყომა“. ასე უგონოდ აწვებიან თავიანთ პოლიტიკას. ვინც კი მათ ამ უგონო პოლიტიკას შეეწინააღმდეგება, ელჩი თუ საქართველოს მოქალაქე, ცდილობენ ყველას დისკრედიტაცია გაუკეთონ და ძალით აღიარებინონ მათი ლეგიტიმაცია“, - განაცხადა თამუნა გამყრელიძემ.
ამასთან, კითხვაზე რომელიც შეეხებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებას „იმედსა“ და „პოსტვის“ დასანქცირებაზე, თამუნა გამყრელიძემ უპასუხა, რომ ხელისუფლება „ხავსს ეჭიდება, ცდილობს თავი გადაირჩინოს - მათი საყრდენი ტელევიზიები „პოსტვ“ და „იმედი“ გადაარჩინონ, თუმცა საინტერესოა, რას მოიმოქმედებენ ბანკები“.
„ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი, ნათია თურნავა და ირაკლი კობახიძე არის ჭაობი - ვინც კი მათთან შემხებლობაში მოვა, ჩაძირავს და ეს არ აინტერესებთ. ეს თუ ქვეყანას, ამ ორგანიზაციებს და ინსტიტუტებს აზრიანებს, არ აინტერესებთ. ხავსს ეჭიდებიან, ცდილობენ თავი გადაირჩინონ - მათი საყრდენი ტელევიზიები „პოსტვ“ და „იმედი“ გადაარჩინონ, თუმცა ვნახოთ, რას მოიმოქმედებენ ჩვენი ბანკები.
ეს ყველაფერი ჭაობია. ჩაძირვის პირას არის და ირაკლი რუხაძეს უნდა, რომ თავი გადაირჩინოს. ნებისმიერი, ოდნავ გონიერი ადამიანი მიხვდება, რომ თავი უნდა გადაირჩინოს და გაემიჯნოს. მისი ხრიდან ამ ნაბიჯების გადადგმა [„იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის დატოვება] სრულიად ლოგიკურია.
დღეს ხომ „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ ამ სანქციებს გადაურჩებიან - როგორც ამ საჯარო რეესტრში რიგში აღმოჩნდა [ირაკლი რუხაძე], ასე ვნახავთ მათ ქვეყნის საზღვართან, გასაქცევად, რიგში ჩამწკრივებულს. ვერავინ გადაურჩება“, - განაცხადა გამყრელიძემ.
გარდა ამისა, პოლიტიკოსმა გადაცემაში ისაუბრა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ გამართულ მოსმენაზე და აღნიშნა, რომ ევროსტრუქტურების მხრიდან ნებისმიერი ანგარიში ამიერიდან მხოლოდ კრიტიკული იქნება.
„ეს ყველაფერი არის მტკიცებულება. გავა დრო, ბოლომდე დაკარგავენ ლეგიტიმაციას და ძალაუფლებას - ამ რეჟიმის წინააღმდეგ კი მტკიცებულებებია. სწორედ ამას ემსახურება ეს დოკუმენტები. ასევე, ემსახურება იმას, რომ დამატებითი მექანიზმები ამოქმედდეს მათ წინააღმდეგ იქნება ეს სანქცია, „მოსკოვის მექანიზმი“ თუ სხვა. ნებისმიერი მექანიზმი რომ ამოქმედდეს მათ წინააღმდეგ, სწორედ ამას ემსახურება. მათი მხრიდან კი ყოველთვის ისეთი განცხადებები კეთდება, რომ ეს არაფერს ნიშნავს, „ფაშისტები არიან“ და ა.შ. ვინ არიან ფაშისტები? კაია კალასმა განაცხადა, რომ საქართველოდან რუსული ჯარები უნდა გავიდნენ - ვინც ლობირებს და მოითხოვს, რომ რუსული ჯარი გავიდეს და დეოკუპაცია მოხდეს, იმათ ვეძახით ფაშისტებს? ეს ხომ პირდაპირ ანტიეროვნული განცხადებებია?“ - განაცხადა პოლიტიკოსმა.