მოწმის განცხადებით, ოპერატიული წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციებით, 4 ოქტომბრის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ირაკლი შაიშმელაშვილი იყო

ერთ-ერთი „ლინკი“ იყო ნანა სანდერის პოსტი, სადაც საუბარი იყო, რომ მას ირაკლი შაიშმელაშვილთან ჰქონდა კომუნიკაცია და მან განუცხადა, რომ ის იყო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმემ, შსს-ს ყოფილმა თანამშრომელმა ილია ბერიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპერატიული წყაროს მიერ მიწოდებული „ლინკები“, საჯარო წყაროებში გავრცელებული ვიდეოები იყო.

„მივიღე ოპერატიული ინფორმაცია და გამოძიება დაიწყო. 9 ოქტომბერს შედგა კომუნიკაცია და მითხრეს, რომ ირაკლი შაიშმელაშვილის წინააღმდეგ ჰქონდათ ინფორმაცია. მომაწოდა „ლინკები“, რომელიც ჩემს პერსონალურ კომპიუტერში გავხსენი. „ლინკები“ იყო „ტიკ-ტოკისა“ და სოციალურ ქსელებში ატვირთული სხვა ინფორმაციები. „ლინკები“ გავხსენი, სადაც ირაკლი შაიშმელაშვილი კარგად ჩანდა, ის აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა ებრძოლათ შსს-ს თანამშრომლების წინააღდეგ. ასევე, ის საუბრობდა, რომ შსს 500-კაციან ჯგუფს შექმნიდა, რომლებიც აქციის მონაწილეებში გაერეოდნენ და ისეთ მოქცევას დაიწყებდნენ, რომ პოლიცია იძულებული გახდებოდა აქცია დაეშალა.

ასევე, ერთ-ერთი „ლინკი“ იყო ნანა სანდერის პოსტი, სადაც საუბარი იყო, რომ მას ირაკლი შაიშმელაშვილთან ჰქონდა კომუნიკაცია და მან განუცხადა, რომ ის იყო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ასევე მის მიერ დაიგეგმა აქციის მონაწილეებისთვის საბრძოლო გეგმა. ასევე, ამავე პოსტში ეწერა, რომ ირაკლი შაიშმელაშვილის ინფორმაციით, 50 სპეცრაზმელი დაყრიდა სპეციალურ ეკიპირებას და ხალხის მხარეს გადავიდოდა.

ასევე, ოპერატიულ წყაროსაც ჰქონდა ირაკლი შაიშმელაშვილთან კომუნიკაცია და მასაც განუცხადა, რომ ის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო”, - განაცხადა ილია ბერიშვილმა.

ასევე, ბექა ბასილაიას კითხვაზე, რატომ არ ასახა მის მიერ დაწერილ პატაკში კონფიდენციალური წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომ ირაკლი შაიშმელაშვილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, მოწმემ უპასუხა, რომ მის მიერ პატაკში ასახული ინფორმაცია აღნიშნულ ფაქტს გულისხმობდა.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო