ირაკლი ნადირაძის ადვოკატი - სახელმწიფომ მოაწყო პროვოკაცია, ღობე დააზიანა, რომ გადანგრეულიყო, ჰქონდა მოლოდინი, რომ სასახლეს მასობრივად შეუტევდა ხალხი, მაგრამ ეს არ მოხდა, რადგან ამის ორგანიზებას არავინ არ აკეთებდა

სახელმწიფომ მოაწყო პროვოკაცია, ღობე დააზიანა, რომ გადანგრეულიყო, ჰქონდა მოლოდინი, რომ სასახლეს მასობრივად შეუტევდა ხალხი, მაგრამ ეს არ მოხდა, რადგან ამის ორგანიზებას არავინ არ აკეთებდა,- ამის შესახებ ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პოლიტიკოსის, ირაკლი ნადირაძის ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფომ პროვოკაცია მოაწყო, რომ პოლიციელები დაზიანებულიყვნენ.

„სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ პროკურატურამ, ანუ რეჟიმმა, საქმიდან გააქრო პრეზიდენტის სასახლის ღობის სექციები, რომელზედაც ჩატარებულია ექსპერტიზა. რა თქმა უნდა, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ღობე წინასწარ იყო გადაჭრილი, რადგან ამის გამომრიცხავი გარემოება ექსპერტს წარმოდგენილი და შეფასებული არ აქვს.

დღევანდელი განცხადება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, პირდაპირ პროკურორის მითითებით არ მოხდა ღობის სექციის ამოღება, თითქოს იმიტომ, რომ ის დიდი ზომის იყო, მაშინ როდესაც, ღობის სექციების ამოიღება შეუძლებელი არ იყო, მიგვანიშნებს იმაზე, რომ პროკურატურის ინტერესში არ იყო, რომ საქმეში, მომავალში ობიექტური გამოძიების დროს, ყოფილიყო შესაძლებლობა გადამოწმების, ღობე წინასწარ დაზიანებული ხომ არ იყო.

სახელმწიფოს დადგმულ პროვოკაციაში კარგად ჩანს ისიც, თუ როგორ მოექცა სახელმწიფო საკუთარ პოლიციელებს. პოლიციელმა დაადასტურა, რომ ყოველგვარი ეკიპირების გარეშე დააყენეს პრეზიდენტის სასახლის ეზოში და მას შემდეგ, როდესაც პირველ პოლიციელს მოხვდა ნასროლი ნივთი, მას შემდეგაც კი არ შეუყვანიათ ეკიპირების გარეშე მყოფი პოლიციელები უსაფრთხო ადგილას და არ მიუწოდებიათ თუნდაც ფარები და ჩაფხუტები. სახელმწიფოსა და პროვოკაციის მიზანი იყო, რომ ადამიანები მასობრივად შესულიყვნენ პრეზიდენტის სასახლის ეზოში, რაც არ მოხდა, ამის მიზანი არ არსებობდა და მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი. სახელმწიფოს მიზანი იყო, რომ პოლიციელები დაზიანებულიყვნენ იმდენად დაუცველ მდგომარეობაში ჩააყენა სახელმწიფომ საკუთარი პოლიცია.

ტრასოლოგმა, რომელიც წინა სხდომაზე დაიკითხა, ვერ დაადასტურა რამდენი ტეხვის ადგილი ჰქონდა ღობეს, ასევე ვერ დაადასტურა, რომ ყველა ეს ადგილი ასახა. დაადასტურა ის, რომ სამი ღობის სექცია ერთ ადგილას, ერთმანეთზე ეგდო და არც კი დაუცალკევებია, რომ შეემოწმებინა, რომელიმე ერთ წერტილში თუ იყო ჭრის კვალი. მან დაადასტურა ის, რომ ადგილზე მივიდა, დახედა და უი, ეს გატეხილია" თქვა",- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო