პაატა ზაქარეიშვილი - თუ საერთაშორისო რეზოლუცია მაინც გავა, ხელისუფლება ხმას აძლევს რუსეთის წინააღმდეგ და ქულებს იწერს, რაც ეჭვი არ მეპარება, მოსკოვთანაა შეთანხმებული - ეს მინიმალური ვალდებულებაც არ არის, უკრაინის მიმართ ფარისევლობაა

პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მიმართ „ფარისევლურ პოლიტიკას“ მიმართავს.

როგორც ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, საქართველოს პოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე ხშირად მხოლოდ სიმბოლური ხასიათისაა და რეალურად არ გამოხატავს სოლიდარობას უკრაინასთან.

პოლიტოლოგმა გამოეხმაურა უკრაინის რადას თავმჯდომარის რუსლან სტეფანჩუკის სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე გავრცელებულ განცხადებას, რომელიც პასუხი იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, შეფასებაზე, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უმადური იყო აშშ-სა და საქართველოს მიმართ.

„მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, პირველი დღეებიდან დაფიქსირდა შემდეგი ტენდენცია: საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო დონეზე, სადაც რუსეთის წინააღმდეგ კოლექტიური გადაწყვეტილებები მიიღება, ხმას ყოველთვის რუსეთის წინააღმდეგ აძლევს, რადგან ეს რეზოლუცია მაინც გავა, ამიტომ ჯობია თავიანთი ამომრჩევლებისა და მოქალაქეების წინაშე ქულები „ჩაიწერონ“ – „ხედავთ, მე ხმა მივეცი რუსეთის წინააღმდეგ“. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს რუსეთთან არის შეთანხმებული. მგონია,რომ რუსეთთან შეთანხმებაა, იქ, სადაც მაინც გავა რეზოლუცია, ჯობია იყოს თქვენთან ერთად, რადგან თქვენი საზოგადოება არ იყოს აღშფოთებული. სამაგიეროდ, საქართველო არასდროს არ ამბობს, რომ ჩვენ ისეთივე დაზარალებულები ვართ, როგორც უკრაინა. ეს მინიმალური ვალდებულებაც კი არ არის, ეს არის ფარისევლობის ფარისევლობა. საერთო პაკეტში საქართველოს არასდროს შეჰყავს თავი უკრაინასთან ერთად, ყოველთვის არის გარეთ. საქართველომ სამარცხვინო საპარლამენტო რეზოლუცია მიიღო 2023 წელს - ვიღაც შეიჭრა უკრაინაში და ომს აწარმოებს. რომ არა რეზოლუციის სათაური, ვერ გაიგებდი ვინ შეიჭრა უკრაინაში. ამიტომ, „ქართული ოცნების“ ძალიან ფარისევლური პოლიტიკაა . როგორც ბრიტანეთმა თქვა, თქვენ არ ხართ ნეიტრალურები, თქვენ ხართ ომის მხარეს. სანქციები მხოლოდ ტელევიზიებით არ უნდა შემოიფარგლოს“,- აცხადებს ზაქარეიშვილი.

გარდა უკრაინის მიმართ პოზიციისა, პაატა ზაქარეიშვილმა შიდა პოლიტიკაზე, კერძოდ, ოპოზიციის ქმედებებზე, გააკეთა შეფასება.

მისი თქმით, ოპოზიციამ „ყველა ტოტი მოჭრა, რაზეც იჯდა“ - არ შევიდა პარლამენტში, ბოიკოტი გამოუცხადა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს. რაც, მისი აზრით, შეცდომა იყო.

ზაქარეიშვილი მოუწოდებს ოპოზიციას, შეწყვიტოს სხვა პარტიების კრიტიკა, რომლებმაც პარლამენტში შესვლასა და ბოიკოტში მონაწილეობაზე განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღეს.

„ოპოზიციამ ყველა ის ტოტი მოჭრა, რაზეც იჯდა. პარლამენტში არ შევიდა... ოპოზიცია პარლამენტში რომ შესულიყო, წულუკიანის სამარცხვინო კომისია არ შეიქმნებოდა. პარლამენტი ლეგიტიმურობის ცენტრი კი არ არის, ის პოლიტიკის კეთების ცენტრია. შემდეგ ყველაზე საშინელება - ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტი განუცხადეს. ანუ სრულად აჩუქეს ძალაუფლება. დაანებონ თავი იმ პარტიების კორტნას, ვინც პარლამენტში შევიდნენ და ბოიკოტს არ შეუერთდნენ. აღიარონ, რომ ეს იყო არასწორი ნაბიჯი“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

პოლიტოლოგის შეფასებით, 2028 წლამდე „ქართული ოცნება“ არ აპირებს არჩევნების დანიშვნას, ხოლო ოპოზიცია მისი თქმით, კონსტიტუციით დადგენილ არჩევნებს რუსულ სპეცოპერაციას ეძახის.

„მთელი ცხოვრებაა ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. რატომღაც, კონსტიტუციით დადგენილ არჩევნებს რუსულ სპეცოპერაციას ეძახიან. კარგად იციან, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება. „ქართულმა ოცნებამ“ ყველა შემწეობა ჩახსნა, აშკარად ჩანს რომ ის სიღარიბით იღებს ცოცხალ ხმებს ანუ 2-3 წელი არ აპირებს დახარჯოს ფული და გამწარებულ ადამიანებს გადაუხადოს შემწეობა. 2028 წლამდე „ქართული ოცნება“ არ აპირებს არჩევნებს. ვინც ვადამდელ არჩევნებს იძახის, ჯანდაბამდე გზა გქონიათ, ვინც ასე არ ფიქრობთ, მოემზადეთ 2028 წლისთვის“, - აცხადებს ზაქარეიშვილი.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო