35 წელია გაგვიცნეს, მას შემდეგ რაც რკინის ფარდა ჩამოიშალა, ჩამოვიდნენ აქ, ხინკალიც ჭამეს, ხაჭაპურიც, ქართლის დედასაც შეხედეს და ვეფხისტყაოსანიც ორი სტროფი წაიკითხეს და გონზე არ არიან, ვისთან აქვთ საქმე, რომ შეიძლება ქართველ ხალხს უთხრან, ვიზა გინდა თუ თავისუფლებაო?!- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას, რომლის თქმითაც, ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლება პრობლემებს ვერ მოაგვარებს.
პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირი საქართველოს აშანტაჟებს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს „ღირებულებით უფსკრულს“, რომელშიც, მისი შეფასებით, აღნიშნული ორგანიზაციის დღევანდელი მმართველები არიან.
„ასეთი განცხადებებიც კარგია იმ მხრივ, რომ დავინახოთ, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე. სინამდვილეში ევროკავშირის ხელმძღვანელობა ჩვეულებრივი შანტაჟიორები არიან, რომლებიც აშანტაჟებენ მთელ ერს. მთავარი მიზეზი არის ის, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არ არის ის ხალხი, რომელიც მათ უნდოდათ, რომ ყოფილიყო. ევროკავშირის ელჩი თავად იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში. ურსულა ფონ დერ ლაიენის წარმომადგენელი თბილისში თავად იყო ჩართული კამპანიაში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, აფინანსებდნენ ორგანიზაციების საარჩევნო კამპანიის მიზნით. ის დამარცხდა ამ არჩევნებში, „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და ამის შემდეგ ვხედავთ მუდმივ თავდასხმებს საქართველოს წინააღმდეგ. ამ შანტაჟის მთავარი სათქმელი შემდეგია,- „ქართველო ხალხო, ან დაემორჩილებით ჩვენს ნებას და გააკეთებთ იმას, რასაც ჩვენ გეტყვით, თქვენ მოსამართლეებს ჩვენ დავნიშნავთ, თქვენს პროკურორებს ჩვენ დავნიშნავთ, დაგაკანონებინებთ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, როგორც ამას სთხოვენ ახლა ყველას, მიგაღებინებთ ამ კანონს, გაგაუქმებინებთ იმ კანონს, რასაც ჩვენ გეტყვით, იმას გააკეთებთ ან მოგიწევთ მოხვიდეთ ჩვენთან საელჩოში ვიზის ასაღებად“. ამ დონეზე ფიქრობენ ქართველ ხალხზე, რომ ქართველი ხალხი თავისუფლებასა და ვიზას შორის აირჩევს ვიზას. 35 წელია გაგვიცნეს, მას შემდეგ რაც ეს რკინის ფარდა ჩამოიშალა, ჩამოვიდნენ აქ, ხინკალიც ჭამეს, ხაჭაპურიც, ქართლის დედასაც შეხედეს და ვეფხისტყაოსანიც ორი სტროფი წაიკითხეს და გონზე არ არიან ვისთან აქვთ საქმე, რომ შეიძლება ქართველ ხალხს უთხრან, ვიზა გინდა თუ თავისუფლებაო?! პირველი ხომ არ იქნება ევროკავშირი, ვინც ეს გვითხრა- ჩვენ ვიზები ჩაგვიკეტეს ჩვენი დამოუკიდებლობის სხვადასხვა პერიოდში, ეკონომიკური სანქციებიც დაგვიწესეს, სწორედ ასე: თავისუფლება გინდა თუ ვიზაო - აი, რა გზაზე დგას დღეს ევროკავშირი ამ ხელმძღვანელობის ხელში, რომ ფიქრობენ, რომ ხალხს შეიძლება არჩევანი დაუყენო თავისუფლებასა და ვიზას შორის და იფიქრო, რომ ეს ხალხი აირჩევს ვიზას. კულტურულად რა წარმოდგენა აქვთ სხვა ხალხებზე, რომელი საუკუნის ევროპის წარმომადგენლები არიან, რომ სხვა ხალხებზე ასე ფიქრობენ, რომ გემიდან ჩამოვლენ, დახვდებათ იქ უცხო ტომი, რომელსაც ეტყვიან, რომ მოგცემ სასმელს და მთელ ოქროულობას წავიღებ. ასე რომ აცურებდნენ ხალხებს, ეს პერიოდი წავიდა უკვე დიდი ხანია. ეს კარგად აჩვენებს, რა ღირებულებით უფსკრულში არის დღეს ბრიუსელი. შეგახსენებთ, რომ უვიზო მიმოსვლა 2010 წელს, გაგანია დიქტატურაში, ევროკავშირმა მისცა სააკაშვილის რეჟიმს, ხალხს არ მოგვცა. ამ წამების სისტემის შემქმნელს, მკვლელობების ჩამდენებს მისცა. ასე რომ, დემოკრატიაზე ესაუბრონ ერთმანეთს, ამ ტყუილს ქართველი ხალხი არ გაატარებს.“- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლების მიერ პრობლემების მოგვარება არ მოხდება.
„ევროკავშირი ქართველი ხალხის დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს ამ მიზნისკენ მუშაობას მოვუწოდებთ. საქართველოში ბოლო დროს განვითარებული ნეგატიური მოვლენების ფონზე ევროკავშირმა მტკიცე რეაგირება მოახდინა და საქართველოს ხელისუფლებას ჟურნალისტების, აქტივისტებისა და უსამართლოდ დაკავებული პირების გათავისუფლებისკენ მოუწოდა“, - ნათქვამია ფონ დერ ლაიენის მიერ ოპოზიციისთვის გაგზავნილ წერილში.