შალვა პაპუაშვილი - ჩვენკენ რომ გადმოიხედებიან, უკრაინის პრეზიდენტმა ტონს უნდა დაუწიოს - არ მივიღებთ და არ მოვითმენთ ზელენსკისგან ერთ მისხალ საყვედურსაც

ჩვენ არ ვართ გერმანია და საფრანგეთი, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება იმ ტონით დაელაპარაკება, რა ტონითაც ესაუბრება ამ ქვეყნებს - ჩვენკენ რომ გადმოიხედებიან, ვფიქრობ, უკრაინის პრეზიდენტმა ტონს უნდა დაუწიოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას პრეტენზიები უნდა ჰქონდეს გლობალურ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ქვეყნების მიმართ, მათ შორის დასავლეთ ევროპული ქვეყნების მიმართ, თუმცა საქართველოსთან მიმართებით სიტყვები და ქმედებები უნდა შეარჩიონ.

„ჩვენ ჩვენი ისტორიული გამოცდილება გვაქვს და მათ შორის, უკრაინის ხელისუფლება პრეტენზიების ტონით არ უნდა გველაპარაკოს. ეს უნდა გაიაზროს თავად უკრაინის ხელისუფლებამ. თუკი უკრაინის ხელისუფლება მოელის, რომ ყველამ აწონოს სიტყვა მათ მიმართ, ასევე მოველით ჩვენ ყველას მხრიდან, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომ აწონონ ყველა სიტყვა და გადაწყვეტილება საქართველოსთან და ქართველ ხალხთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვართ არც გერმანია, არც რომელიმე დასავლეთევროპული ქვეყანა, რომელსაც შეიძლება უკრაინამ სამართლიანი პრეტენზიები წაუყენოს, იმიტომ, რომ თავის დროზე დიდი ქვეყნები, დასავლეთ ევროპა და ევროკავშირი მოწოდების სიმაღლეზე რომ ყოფილიყო, ეს ომი არ იქნებოდა და, რა თქმა უნდა, უკრაინამ პრეტენზიები უნდა წაუყენოს ამ ხალხს, იმიტომ, რომ ეს არის უპირველეს ყოვლისა გლობალური ძალების და გლობალურ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ქვეყნების პასუხისმგებლობა, რომ ეს ომი საერთოდ დაიწყო. აშშ-ის პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს, რომ ის რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ეს ომი არ იქნებოდა და ეს ის ომია, რომელიც არასდროს არ უნდა დაწყებულიყო. ამიტომ, მათი პრეტენზიები დასავლეთ ევროპის მიმართ გასაგებია, მაგრამ ამ ტონს ნუ გადმოიტანენ ქართველ ხალზე. ჩვენ ამ ტონს არ მივიღებთ არც უკრაინის ხელისუფლებისგან. არ მივიღებთ ზოგადად და მათ შორის კონკრეტულად ზელენსკისგან არ მივიღებთ ერთ მისხალ საყვედურსაც და არც ერთ საყვედურს ასე არ მოვითმენთ. ომში ჩვენც ვიყავით და ვინმესთვის რაიმე საყვედური გვითქვამს და პრეტენზია წარმოგვითქვამს? ომში ყოფნა უფრო მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს და ამას ღირსეულად უნდა ტარება. როდესაც საქართველოს აბრალებს სააკაშვილის წამებას, ეს არის უღირსი საქციელი. საუბარი იყო იმაზე, რომ გაეროში რომ რეზოლუციას მხარი დაუჭირეთ, ეს იყო წესიერების ნიშანიაო და ამას რა მადლობა უნდაო. ჯერ ერთი ყველაფერს მადლობა უნდა, თავისთავადი არაფერი არ არის, თუ არადა ჩახედონ სიას, ვინ დაუჭირა მხარი, ვინ შეიკავა თავი, ვინ არ დაუჭირა და მერე გველაპარაკონ და მეორე, ბოლო უკვე რამდენიმე წელია უკრაინის დელეგაციები სხვადასხვა ფორმატებში მხარს უჭერენ ქართველი ხალხის მიმართ ყველა მტრულ გადაწყვეტილებას. ეს არის მადლიერება? ეს არის ის, როგორც უნდა მოეპყრო მეგობარს? ჩვენკენ რომ გადმოიხედებიან, ვფიქრობ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ტონს უნდა დაუწიოს”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ქართლ ენაზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გაეროს რეზოლუციისთვის „მხარდაჭერა“, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, ნამდვილად არ არის ქველმოქმედება ან გმირობა. ეს ელემენტარული წესიერების მინიმალური დონეა.

სტეფანჩუკის თქმით, ის, ვინც უკრაინას „უმადურობაზე“ მუდმივად საყვედურობს, სინამდვილეში საკუთარი ღირსების დაკარგვას ფარავს და სანაცვლოდ მდაბალ მორჩილებას ავლენს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო