ანა დოლიძე „ოპოზიციის ალიანსზე“ - როგორც ჩანს, კარგად ვერ აღიქვამენ მათი ლიდერის, მეხუთე პრეზიდენტის ბიოგრაფიას - თუ ვინმე ჩვენს შორის არის “ქართული ოცნების” მემკვიდრეობის წარმომადგენელი, ეს სალომე ზურაბიშვილია

ჩემთვის ამ დოკუმენტზე ვინმეს აზრი რომ ეკითხა, ვეტყოდი, რომ ყველა ჩვენი უცხოეთში ვიზიტის ერთ ადგილას თავმოყრა, ერთ კაბინეტში თავმოყრა, ერთი გზავნილების ქვეშ თავმოყრა პირდაპირი საჩუქარია ბიძინა ივანიშვილისთვის, - ამის შესახებ პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა, ანა დოლიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” “ოპოზიციის ალიანსის” შექმნაზე საუბრისას განაცხადა.

დოლიძის შეფასებით, ოპოზიციის გაერთიანება “ცუდი იდეაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გაძლიერებას მოემსახურება”.

"დემოკრატიული პროცესის საშუალება რომ მქონოდა, ვინმესთვის აზრი მეთქვა, ვინმე რომ მოსულიყო ჩემთან, როგორც თავად განაცხადეს, (ყველას შევხვდებითო, ორი თვეა ამას ამბობენ), ჩემთვის ამ დოკუმენტზე ვინმეს აზრი რომ ეკითხა, ვეტყოდი, რომ ყველა ჩვენი უცხოეთში ვიზიტის ერთ ადგილას თავმოყრა, ერთ კაბინეტში თავმოყრა, ერთი გზავნილების ქვეშ თავმოყრა, პირდაპირი საჩუქარია ბიძინა ივანიშვილისთვის.

ერთ წელზე მეტია, ოპოზიცია, ხალხი, დიასპორა, სამოქალაქო საზოგადოება ერთი ამოცანის ირგვლივ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და შედეგებს ვდებთ. ის, რომ პროპაგანდისტული ტელევიზია მოულოდნელად დასანქცირდა, ეს ჩვენი შედეგია. ის, რომ ახლა მე ავდგები და ერთ კაბინეტში ამას მოვუყრი თავს და წინასწარ სოლოლაკმა და მოდულმა უნდა იცოდეს, რომელ ქვეყანაში ვინ წავა და მერე ეს ყველაფერი უნდა გადაწყვიტოს, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილისთვის დახმარება.

ეს არის ცუდი იდეა და როგორც იდეა, მისი დანერგვა მოემსახურება ბიძინა ივანიშვილის გაძლიერებას”, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა “ოპოზიციური ალიანსისა” და მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის “ქართული ოცნების” მემკვიდრეობის წარმომადგენელი, შესაბამისად ოპოზიცია კარგად ვერ აღიქვამს მისი ლიდერის როლს.

“მე ვწუხვარ იმაზე, რომ, როგორც ჩანს, კარგად ვერ აღიქვამენ მათი ლიდერის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ბიოგრაფიას იმიტომ, რომ თუ ჩვენ გადავხედავთ სალომე ზურაბიშვილის ბიოგრაფიას, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი იყო “ქართული ოცნების” დეპუტატი, მას ხმა მიცემული აქვს ყველა იმ ძალიან დრამატული და ცუდი კანონისთვის, რომელმაც შექმნა მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი, მას ხმა მიცემული აქვს ირაკლი კობახიძის კონსტიტუციისთვის, მას ხმა მიცემული აქვს კლანის ჩასაბეტონებელ კანონზე, ე.წ. მესამე ტალღის კანონზე. ის ასევე იყო “ქართული ოცნების” პრეზიდენტი, მის მიერ დასმული და ხელშეწყობილი პრეზიდენტი, ამიტომ ცოტა თანმიმდევრულად უნდა განსაზღვრონ, ვისთან აქვთ პრობლემა და ვისთან არა და თუ ვინმე ჩვენს შორის არის “ქართული ოცნების” მემკვიდრეობის წარმომადგენელი, ეს არის საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს