ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026

ირანმა შეიძლება თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენს დაარტყას

ახალი კანონები და ახალი პოლიტიკური რეალობა - პარლამენტმა სადავო ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცა

კვარტალური სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ 2026 წლის მარტის N1 (297) ნომრის მიმოხილვა

* * *

ირანმა შეიძლება თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენს დაარტყას

“ირანისა და აშშ-ისრაელის უკვე მასშტაბური სამხედრო კონფლიქტის ფონზე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თეირანი აპირებს თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის ნავთობმილსადენზე მიიტანოს იერიში. ირანული წყაროების ინფორმაციით, ისრაელი მისთვის საჭირო ნედლ ნავთობს სწორედ ამ მილსადენით იღებს და შესამაბისად, ის ირანელი სამხედროებისთვის ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენს. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის მრჩეველმა სამშაბათს განაცხადა, რომ თეირანი მიზანში ამოიღებს მტრის ნავთობის მიწოდების ხაზებს და არ დაუშვებს რეგიონიდან ნავთობის ექსპორტის გაგრძელებას. გამოცემა “მილდ ისთ აი” თავის არაბულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ ხაზებში პირველ რიგში სწორედ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი იგულისხმება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ირანმა შეიძლება თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენს დაარტყას.

“ირანის მუქარა “მტრის ნავთობსადენებზე” დარტყმის შესახებ მხოლოდ თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენს შეიძლება გულისხმობდეს, რადგან ის ისრაელისთვის ნედლი ნავთობის მთავარი მიმწოდებელია”, - განაცხადა წყარომ. მისივე ინფორმაციით, დარტყმა, შესაძლოა, მილსადენის აზერბაიჯანულ მონაკვეთზე განხორციელდეს, რომელიც ირანთან უფრო ახლოს მდებარეობს. ირანის მაღალჩინოსანმა წყაროებმა “მიდლ ისთ აის” განუცხადეს, რომ ისრაელი “ირანისა და რეგიონის წინააღმდეგ თავის ჭუჭყიან საქმეს აზერბაიჯანის მეშვეობით ასრულებს” და დასძინა, რომ ბოლო წლებში ეს საქმიანობა გახშირდა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰამის მილსადენით აზერბაიჯანული ნავთობი საქართველოს გავლით თურქეთში გადაიზიდება. დასავლური მედიის ინფორმაციით, ამის შემდეგ თურქეთიდან, ჯეიჰანის პორტიდან ტანკერებით ხდება ნავთობის გადაზიდვა ისრაელში აშქელონის პორტამდე. “მიდლ ისთ აის” მონაცემებით, ისრაელი მისთვის საჭირო ნედლი ნავთობის 30%-ს სწორედ ამ გზით ღებულობს”, - აღნიშნავს გამოცემა

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია თითქმის გამორიცხავს, რომ ირანმა თბილისი-ბაქო-ჯეიჰანზე თავდასხმა განახორციელოს. თუმცა თუ ეს მართლაც მოხდა, ფიქრობს, რომ ნავთობის ფასები კიდევ უფრო გაიზრდება. “ცოტა ეჭვი მეპარება ირანმა ეს გააკეთოს. რა თქმა უნდა, ირანს ამის რესურსი გააჩნია, მას აქვს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების მთელი კომპლექსი. თუმცა ვერ ვხვდები, რა მოტივი უნდა ჰქონდეს, რომ ეს განახორციელოს. იქიდან წასული რესურსი თურქეთში მიდის და ჯერჯერობით ირანი მასზე დარტყმას არ აპირებს. თურქეთსაც არ სურს ირანთან ურთიერთობის გამწვავება. თან იქიდან რა რაოდენობა მიდის ისრაელის მიმართულებით, დიდად ცნობილი არა”, - ამბობს მაისაია, რომლის განმარტებით “ბაქო-ჯეიჰანის ძირითადი მომხმარებელი მაინც ევროპული სახელმწიფოებია”, - განაგრძობს გამოცემა.

“თანაც თუ საკითხი ასეა, ირანისთვის უფრო მისაღებია ტანკერების განადგურება ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში. ეს მათთვის ოპერატიულად უფრო შესაძლებელია. აქედან გამომდინარე, თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენზე დატყმებს გამოვრიცხავ. შესაძლოა ეს იყოს რუსული პროპაგანდის ნაწილი, რადგან ვისაც არ აწყობს ამ მილსადენის მუშაობა, ეს რუსული მხარეა. ეს იმიტომ, რომ ნავთობის ფასები იზრდება და ბუნებრივია, რუსეთი ცდილობს ამ ამაღლებულ ფასებზე მანიპულაცია მოახდინოს, მეტი სარგებელი მიიღოს.თბილისი-ბაქო-ჯეიჰანი მისთვის კონკურენტია საერთაშორისო ბაზარზე. თუ ეს განახორციელა ირანმა, ეს მოხდება ისევ რუსული დივერსიის სახით. რა თქმა უნდა, მასზე თავდასხმა პრესტიჟის მომენტიცაა და ის ზიანს მიაყენებს საქართველოს სატრანზიტო იმიჯსაც. აზერბაიჯანი ომში ჩართვას არ განიხილავს. საქართველოც, სომხეთიც და აზერბაიჯანიც ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ. ევროპაც კი გვერდზე გადგა და აზერიბაიჯანი მით უმეტეს, ამას არ იზამს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

ახალი კანონები და ახალი პოლიტიკური რეალობა - პარლამენტმა სადავო ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცა

“ოთხშაბათს პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ხელისუფლების ოპონენტებს ახალ შეზღუდვებს უწესებს და უკვე არსებულ შეზღუდვებს ამკაცრებს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ეს ცვლილებები ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას ემსახურება. რა ახალი პოლიტიკური რეალობა დადგება ამ კანონების ამოქმედებით და რა გავლენას მოახდენს ეს ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე? ამ ცვლილებების თანახმად, ხელისუფლებისა და კონსტიტუციური ორგანოების სისტემატური არაღიარება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოებით, ან 3 წლამდე პატიმრობით დაისჯება. სისხლის სამართლის კოდექს ახალი მუხლი ემატება: “ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ”. კანონდამრღვევად ჩაითვლება პირი, რომელიც სისტემატურად გამოვა საჯარო მოწოდებით კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, საქართველოს ხელისუფლების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ახალი კანონები და ახალი პოლიტიკური რეალობა - პარლამენტმა სადავო ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცა.

“გარდა ამისა, დასჯადი ხდება ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად წარმოჩენა, ან ამავე პირის მიერ სხვა სისტემატური მოქმედება, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება მიმართულია კონსტიტუციური წყობილების, კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება სამართალდარღვევის ჩადენა საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივი. გარდა ამისა, სისხლის სამართლებრივი სასჯელის დანიშვნის დროს დამამძიმებელი გარემოება ხდება “კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა”. ამ დამამძიმებელი გარემოების შემთხვევაში დანაშაულის მუხლით გათვალისწინებულ სასჯელს ერთი წელი დაემატება.ეს ცვლილებები ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, რის შემდეგაც ისინი ოფიციალურად ამოქმედდება.”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა თენგო თევზაძემ განაცხადა, რომ ქართველი ხალხი მაინც არ აღიარებს “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებად. “მნიშვნელოვანია ვიყოთ ერთიანები და მკაფიოები “ქართული ოცნების” იმ პოლიტიკის მიმართ, რომელმაც საზოგადოებაში გამოიწვია მათი არაღიარება. ქართველი ხალხი არ აღიარებს “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებად. სამოქმედო ხაზია ის, რომ აუცილებლად უნდა მივაღწიოთ იმ ამოცანებს, რაც დოკუმენტით არის გათვალისწინებული. მომდევნო დღეებში იქნება მნიშვნელოვანი აქტივობები, ამის შესახებ მედიას მივაწვდით ინფორმაციას. ჩვენ ვიცით, რა არის ჩვენი ამოცანა. ჩვენი ამოცანა არის ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის დათმობებზე წასვლა, ან მას გადავახდევინოთ ის პოლიტიკური ფასი, რაც არდათმობის შემთხვევაში აუცილებლად მოუწევს”, - განაცხადა თევზაძემ. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ აღნიშნული კანონით ოპოზიცია არჩევნების არაღიარებას ვეღარ იტყვის. მისივე აზრით, ეს ოპოზიციურ ტაქტიკაზე გავლენას ვერ მოახდენს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ერთ-ერთი რეალობა იქნება იმის ჩამკეტი, რაც იყო 2024 წელს, როცა არჩევნების შედეგები ოპოზიციამ არ აღიარა და მთელ მსოფლიოს მოსდო - არჩევნები გაყალბებულიაო. ამ ტიპის ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში პასუხისმგებლობა დადგება. ამის მიზეზი ის არის, რომ დასავლური ქვეყნების მიერ ოპოზიციის მხარდაჭერა ხდება ძირითადად ამ ლოზუნგით - აი, ოპოზიცია არჩევნებს არ აღიარებს და ჩვენ უნდა მივეხმაროთ. ეს არაღიარება რევოლუციის მოხდენის ერთ-ერთი ბერკეტია. ამ ბერკეტის გამოყენების განეიტრალებისთვის არის აღნიშნული კანონი შემოღებული. 13 წელია ოპოზიციას ერთი და იგივე ტაქტიკა აქვს და არ მგონია ამ კანონმა არსებითი გავლენა მოახდინოს. ალბათ აღარ იტყვიან “არჩევნებს არ ვაღიარებთო” - ეგაა და ეგ. სხვა ყველაფერი იგივე ექნებათ - “ქუჩაში გავიდეთ და ვანახოთ რამდენი ვართ”. ტაქტიკის ცვლილება იქნებოდა, თუ არჩევნებისთვის მოემზადებოდნენ, თორემ სხვა მხრივ არაფერი შეცვლილა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ისინი, ვინც რუსთაველზე ყოველ ღამეს დადიან, ერთი წელია არაფერს იძახიან. ბანერები კი უჭირავთ, მაგრამ ტრიბუნა და პოლიტიკური განცხადებები ხომ არ არის? ამიტომ მეეჭვება ასეთი პოლიტიკური ნიუანსი - რას ვაღიარებთ და რას არა - ამ შემთხვევაში მათთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. ის კი არა, შეიძლება დასაწყისში ენა წაუცდეთ, თქვან, ხელისუფლებას არ ვაღიარებთო და ამის მსხვერპლიც გახდნენ. მერე ჩასვამენ ციხეში და ამის პრეცედენტი აღარ იქნება. როგორც ვხედავთ, ციხეში ჩასმამ საპროტესტო აქციები დაარეგულირა - აღარ არის ქვების სროლა და პოლიციელებზე მაშხალების მიშვერა. ანალოგიური მოხდება ან შემთხვევაშიც”, - დაასკვნის რამაზ საყვარელიძე.

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორის ნიკა ჩიტაძის აზრით, “ეს არის მცდელობა ყველა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანზე ზეწოლა განახორციელონ და აიძულონ, აღიარონ მათი ლეგიტიმურობა. შეიძლება ვინმე მართლა დააკავონ და ამის პრეცედენტი შექმნან, რათა სხვები დააშინონ. ამის მიუხედავად ოპოზიცია ბრძოლას გააგრძელებს და იტყვის, რომ ხელისუფლებას არ აღიარებს. ახალ არჩევნებს მაინც მოითხოვს”. ნიკა ჩიტაძის აზრით, “ბრძოლა გაგრძელდება, მით უმეტეს, რომ ოპოზიცია გაერთიანდა”, - დასძენს გამოცემა.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ არსენალი“ 2026 წლის მარტის N1 (297) ნომრის მიმოხილვა

დიდი ომის ოთხი წელი... / ეროვნული თავდაცვის აკადემიის გეგმები და მიზნები / საზღვაო ომის საზღვრები ფართოვდება / რუსეთ-უკრაინის საინფორმაციო ომის ზოგიერთი თავისებურება / „სუვალკის დერეფნის გეოსტრატეგიული აჩრდილი და ჰიბრიდული ომის შემთხვევა აღმოსავლეთ ევროპაში / რუსეთის „ჰიბრიდული ომი“: არალეგალური დაზვერვა და მძინარე აგენტები“ / ამერიკული „მიწა-მიწა“ კლასის ჰიპერბგერითი რაკეტები / სპეცოპერაცია „ბერლინის გვირაბი“ / დრონები საჰაერო ბრძოლებისთვის / დრონის ქართველი პილოტი რუსეთ-უკრაინის ომში / ამ პროექტში მოხვედრისას ყველაჯანმრთელითანაბარი ხდება / ვეტერან ფერმერთა პირველი ნაბიჯები და გეგმები / ამერიკული აღჭურვილობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს / ამერიკული რაკეტების აღმომჩენი ქართველი კონსტრუქტორი / საქართველოს ბედკრული შვილები

„2026 წლის 24 თებერვალიც დადგა, შესრულდა ოთხი წელი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან. მაშინ, ოთხი წლის წინ, როდესაც 2022 წლის 24 თებერვლის გამთენიისას პუტინის რუსეთი დაესხა თავს უკრაინას (ფარულად რუსეთი უკრაინას 2014 წლის გაზაფხულიდან ეომებოდა პრორუსი სეპარატისტების ხელით, როდესაც ჯერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია-ანექსია მოახდინა და დონბასი „ააფეთქა“), ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ომი ამდენ ხანს გაგრძელდებოდა, რადგან ძალების თანაფარდობა ისეთი განსხვავებული იყო, რომ აგრესორი რუსეთის სწრაფ გამარჯვებაში უმრავლესობას ეჭვი არც ეპარებოდა. თავიდან სწორედ ასევე ფიქრობდნენ კრემლშიც და პუტინიც სწრაფი ბლიცკრიგის იმედზე იყო - უკრაინის დედაქალაქ კიევის სამ დღეში აღება, ზელენსკის ხელისუფლების ჩამოგდება და რუსი მარიონეტების დასმა, რაც უკრაინას რუსეთის ფედერაციის ვასალად გადააქცევდა. საბედნიეროდ, ასე არ მოხდა, უკრაინელებმა საოცარი გმირობა გამოიჩინეს და ოთხი წელია სისხლის ბოლო წვეთამდე ებრძვიან რუს დამპყრობლებს მშობლიური მიწის თითოეული გოჯისთვის “- წერს ჟურნალი არსენალი 2026 წლის მარტის N1 (297) ნომერში სათაურით დიდი ომის ოთხი წელი... / რუსეთ-უკრაინის ომმა ხანგრძლივობით გერმანია-საბჭოთა კავშირის ომსაც გადაასწრო და უახლოვდება მეორე მსოფლიო ომს.

“შეიძლებოდა თუ არა უკრაინა ამ ოთხი წლის წინ უფრო მომზადებული დახვედროდა რუსეთის სამხედრო შემოჭრას და ომის პირველ ეტაპზე ასე ადვილად არ დაეთმო ქვეყნის სამხრეთის ის ნაწილი (ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ნაწილი), რომელთა უკან დაბრუნებას ახლა ვეღარ ახერხებს? პირდაპირ ვიტყვით, რომ ზელენსკიმ გაიმეორა სტალინის დიდი შეცდომა – 1941 წლის 22 ივნისის გამთენიამდე, როდესაც ჰიტლერის გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს, სტალინს არ სურდა იმის დაჯერება, რომ ჰიტლერი ამას გაბედავდა. სტალინს ჰქონდა ამგვარად ფიქრის საფუძველი, რადგან იმ დროს გერმანია დიდ ბრიტანეთთან იყო ომში ჩაბმული და სტალინი უბრალო ლოგიკიდან გამომდინარე არ უშვებდა, რომ ჰიტლერი პარალელურად გაბედავდა თავისი ქვეყნისთვის მეორე ფრონტის გახსნას აღმოსავლეთით, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგაც. საერთო ჯამში, ჰიტლერის გერმანიის დამარცხება 1945 წლის მაისისთვის, ძირითადად, სწორედ ამ ფაქტორმაც - ორ ფრონტზე დიდი ხნით ბრძოლის შედეგად გერმანიის სამხედრო და ეკონომიკური შესაძლებლობების გამოფიტვამ გამოიწვია“, - აღნიშნავს გამოცემა.

„ანუ სტალინი მართალი აღმოჩნდა, თუმცა იმის გამო, რომ არ დაუჯერა სადაზვერვო ინფორმაციას 1941 წლის 22 ივნისის თავდასხმა „გამოეპარა“, რაც მაშინ დიდ მსხვერპლად დაუჯდა მის არმიასა და ქვეყანას. 2022 წლის 24 თებერვლის გამთენიისას კი თითქმის იგივე სცენარი გათამაშდა, როდესაც პრეზიდენტი ზელენსკი ბოლო დღემდე არაფრით არ იჯერებდა, რომ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესიას წამოიწყებდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ამ რეალური საფრთხის შესახებ აფრთხილებდნენ ამერიკული და ბრიტანული დაზვერვები, რასაც ადასტურებდნენ მათი უკრაინელი კოლეგებიც. არადა, პრეზიდენტ ზელენსკის თურმე სისტემატურად აცნობებდნენ ჯერ კიდევ 2021 წლის შემოდგომიდან, რომ პუტინს უკვე მიღებული ჰქონდა საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინაში სატანკო არმადებით შეჭრაზე და მხოლოდ ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდა, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტმა ყური არ ათხოვა ამ გაფრთხილებებს და დაუჯერა სხვას... ეს პიროვნება ყოფილა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, სწორედ ის ერმაკი, რომელიც 2019 წლის მაისიდან გასული წლის ნოემბრის ბოლომდე ზელენსკის აჩრდილივით სულ თან დაჰყვებოდა, სანამ კორუფციულ გარიგებებში ეჭვმიტანილად არ ცნეს და ზელენსკიც იძულებული გახდა გაეთავისუფლებინა თანამდებობიდან“, - განაგრძობს გამოცემა...

“დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია მიზანმიმართულ და მრავალმხრივ ინსტიტუციურ განვითარებას განაგრძობს. აღნიშნული პროცესის ფარგლებში მნიშვნელოვნად გაძლიერდა საგანმანათლებლო პროგრამები და სამხედრო კომპონენტი, დაინერგა თანამედროვე სწავლების მოდელები, განახლდა ინფრასტრუქტურა და გაძლიერდა ლოჯისტიკური შესაძლებლობები. აღნიშნული კომპლექსური რეფორმების შედეგად, აკადემია პოზიციონირებს როგორც თანამედროვე, შედეგზე ორიენტირებული და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სამხედრო-საგანმანათლებლო ინსტიტუცია. 2022 წელს აკადემიამ წარმატებით გაიარა რეავტორიზაცია და ახორციელებს 11 საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტებულ რეჟიმში, მათ შორის 4 სამაგისტრო, 6 საბაკალავრო და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას. სამხედრო კომპონენტის გაძლიერების მიზნით საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები აგებულია 3+1 პრინციპით, რაც გულისხმობს პროგრამის სამი წლის განმავლობაში ძირითადი სპეციალობის სასწავლო კურსების შესწავლას, ხოლო მეოთხე წელი სამხედრო სწავლებას”, - აცხადებს სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, თამარ რემიშვილი ჟურნალ „არსენალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სათაურით ეროვნული თავდაცვის აკადემიის გეგმები და მიზნები.

„ ამასთან, 2026 წლის სექტემბრიდან აკადემიაში აკრედიტებულ რეჟიმში განხორციელდება ახალი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „კიბერსივრცის ოპერაციები და ინფორმაციის უსაფრთხოება“. აკადემიაში აქტიურად ხორციელდება იუნკრების/მსმენელების გაცნობითი ხასიათის ვიზიტები სხვადასხვა სახელმწიფო და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე უწყებებსა თუ ორგანიზაციებში, რაც ხელს უწყობს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ კონტექსტში გააზრებასა და პროფესიული ორიენტაციის გაძლიერებას. აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების პარალელურად, აკადემიაში წარმატებით ფუნქციონირებს ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსი. ასევე, 2024 წლიდან ხორციელდება რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების 2-წლიანი პროგრამა და უმცროსი ოფიცრების მომზადების 11-თვიანი პროგრამა ეროვნული სამხედრო სამსახურის წვევამდელთათვის. აკადემიაში დანერგილია და წარმატებით ფუნქციონირებს ანტიპლაგიატის პროგრამა (Turnitin), რომელიც წარმოადგენს სამართლიან, ხარისხიან და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმს“,- აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თამარ რემიშვილი.

„2021 წელს აკადემიაში შეიქმნა და დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს დისტანციური სწავლების ცენტრი. ცენტრმა 2022-2025 წლიებში განახორციელა 50-მდე დისტანციური კურსი, რომლის ფარგლებში 1965 სამხედრო და სამოქალაქო პირმა მიიღო სერტიფიკატი. ცენტრი ასევე ადმინისტრირებას უწევს ფასიანი დისტანციური კურსების წარმართვას. განვლილი ცენტრის ორგანიზებით, ოთხჯერ წარმატებით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „დისტანციური სწავლების გამოწვევები და პერსპექტივები“. აკადემიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა აკადემიის ბიბლიოთეკა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს იუნკრებს/მსმენელებსა და პერსონალს სასწავლო პროცესისთვის საჭირო სასწავლო რესურსით, ხოლო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ოპერირებს შემდეგი მიმართულებით: კონფერენციები/საკონფერენციო ნაშრომთა კრებულები, პერიოდული სამეცნიერო გამოცემები, სამეცნიერო-კვლევითი და საგრანტო პროექტები, დისტანციური კურსები. ბოლო პერიოდში ცენტრში ჩატარდა 30-ზე მეტი კონფერენცია, მათ შორის: საერთაშორისო, სამხედრო, სამეცნიერო და სტუდენტური. გამოიცა აღნიშნული კონფერენციების და სამეცნიერო სტატიების 12 კრებული. საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისთვის აკადემიის გამომცემლობის მიერ ყოველწლიურად იბეჭდება სამი პერიოდული ჟურნალი...“ - განაგრძობს რესპონდენტი...

„ზღვაზე ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ბრძოლა სავაჭრო ნაოსნობასთან. ამ სტრატეგიული ამოცანის შესასრულებლად ორივე მსოფლიო ომში მეომარი მხარეები იყენებდნენ ავიაციას, წყალქვეშა ნავებს, შეიარაღებულ სამოქალაქო გემებსა და სხვა საშუალებებს. დღეისათვის სამოქალაქო გემების წინააღმდეგ მოქმედება რაკეტებმა, ნაღმებმა, საჰაერო და საზღვაო დრონებმა ბევრად გაამარტივა. უკრაინის ომი უკვე გასცდა მეომარი ქვეყნების ტერიტორიულ წყლებს და მოიცვა შავიზღვისპირა ქვეყნების სანაპიროები, ხმელთაშუა და კასპიის ზღვები, ატლანტის ოკეანე. რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტისთვის მტკივნეული დარტყმების მისაყენებლად ოპერაციები უკრაინიდან ათასობით კმ-ის დაშორებით ტარდება. ოკუპირებული ყირიმის პორტების გარდა, უკრაინული დრონებისა და რაკეტების დარტყმების სამიზნეა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე რუსეთის პორტები ტამანში, ნოვოროსიისკში, ტუაფსეში, სოჭში და სხვ. უკრაინა შავ ზღვას გადასწვდა და 28 ნოემბრის ღამეს ინდოეთიდან რუსეთისკენ მიმავალი ტანკერი Kairos-ი თურქეთის სანაპიროდან 28 მილში, სავარაუდოდ, უეკიპაჟო დრონებმა ააფეთქეს და მძიმედ დაზიანებული გემი ბოლოს ბულგარეთის სანაპიროსთან მეჩეჩზე აღმოჩნდა. მეორე დღეს ისევ თურქეთის სანაპიროსთან ტანკერ Virat-ს ხანძარი გაუჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ხანძარი გარე ზემოქმედებამ გამოიწვია. ორივე ტანკერი ევროკავშირის, ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ სანქცირებულია“,- წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში სათაურით საზღვაო ომის საზღვრები ფართოვდება.

„10 დეკემბერს უკრაინულმა უეკიპაჟო დრონებმა დაარტყეს შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში თურქეთის სანაპიროდან 120 კმ-ში ნოვოროსიისკენ მიმავალ სანქცირებულ ტანკერ Dashan-ს და დააზიანეს. 30 მლნ დოლარად ღირებული ტანკერი ამ დროს ერთი რეისით 60 მლნ დოლარის ნავთობს ეზიდება. საპასუხოდ რუსებმა ოდესის პორტს 12 დეკემბერს „ისკანდერის“ ტიპის რაკეტა ესროლეს და უკრაინისთვის ელექტროგენერატორებით დატვირთულ თურქულ გემ CENK G-ს ხანძარი გაუჩნდა. თურქეთის სანაპიროსთან მომხდარ შემთხვევათა გამო ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა უსაფრთხოების ზომების გაძლიერების აუცილებლობის შესახებ განაცხადა. ამის მიუხედავად, 9 იანვარს ტანკერ Elbrus-ს საჰაერო უპილოტოებმა თურქეთის ქალაქ კასტამონუდან 50 კმ-ში ზედნაშენი დაუზიანეს და მას ბუქსირება დასჭირდა. ბოლო შემთხვევა 18 იანვარს მოხდა – ნოვოროსიისკიდან გამოსულ კონტეინერმზიდ Aurelia-ს თურქეთის სანაპიროდან 80-90 მილში უპილოტომ რამდენიმე კონტეინერი დაუზიანა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმების შემთხვევაში ანკარა შავ ზღვაში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ანუ შეთანხმებამდე ომი გაგრძელდება“,- აღნიშნავს გამოცემა.

„მედიასაშუალება Bloomberg-ის მონაცემებით, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებმა უკრაინული დარტყმების ასარიდებლად ნოვოროსიისკიდან ნავთობის გადასაზიდი მარშრუტი საქართველოსა და თურქეთის სანაპიროსკენ გადაიტანეს. გასული წლის მიწურულიდან უკრაინის უშიშროების სამსახურის შორსმფრენი დრონების სპეცოპერაციების ცენტრ „ალფას“ სამოქმედო არეალმა კასპიის ზღვა მოიცვა და ზღვის ჩრდილო ნაწილის რუსეთის სექტორში კომპანია „ლუკოილის“ ნავთობ/აირმომპოვებელი პლატფორმები უკრაინელთა დარტყმების ქვეშ აღმოჩნდა. 11 დეკემბერს ფილანოვსკის სახელობის საბადოს პლატფორმა ЛСП-1-ზე მინიმუმ 4 აფეთქება მოხდა. მას დაუზიანდა კრიტიკულად საჭირო მოწყობილობები, რამაც საწარმოო პროცესები შეაჩერა; 12 დეკემბერს საჰაერო დრონებმა კორჩაგინის სახელობის საბადოს პლატფორმა დააზიანეს; 19 დეკემბრის შეტევა გრაიფერის სახელობის საბადოზე პლატფორმის აირტურბინის დანადგარის აფეთქებით დასრულდა. მიმდინარე წელს უკრაინელებმა იმავე პლატფორმებზე დარტყმები გაიმეორეს. 2025 წლის 12 სექტემბერს უკრაინულმა დრონებმა მასირებულად შეუტიეს ბალტიის ზღვაში ლენინგრადის ოლქში მდებარე უდიდესი ნავთობჩამომსხმელ პორტ პრიმორსკს, რომელსაც დღეში დაახლოებით 100 მლნ დოლარის ტვირთბრუნვა აქვს. დრონებმა ხანძარი გაუჩინეს პორტში მდგომ ორ ტანკერს და ნავთობსატუმბი სადგური დააზიანეს“, - განაგრძობს გამოცემა...

„რუსეთის მიერ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ მონათლულ რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღებაში დიდი წვლილი მიუძღვის კრემლის „ჰიბრიდული ომის“ ერთ-ერთ ინსტრუმენტს, პროპაგანდისტულ მედიას. ომის ოთხი წლის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში ფაქტობრივად აღარ დატოვა დამოუკიდებელი მედია და არასამათავრობო სექტორი - ყველა, ვინც გაბედავს და სამხედრო უწყებასთან შეუთანხმებლად გაავრცელებს ცნობას ფრონტზე რუსეთის არმიის წარუმატებლობაზე, რუს სამხედროთა შორის დანაკარგებზე, სამხედრო თუ სამოქალაქო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობით მოქალაქეთა უკმაყოფილებაზე, ან გაიზიარებს დასავლეთის მედიაში გამოქვეყნებულ კრიტიკულ სტატიებს, მათ არმიის შესახებ „ფეიკნიუსის“ (ყალბი ცნობების) გავრცელებისთვის სისხლის სამართლის მუხლით გასამართლება ემუქრება. ცხადია, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის აგრესიული ომის პირველივე დღეებიდანვე უკრაინული მედიაც მთლიანად დადგა სახელმწიფოს მხარეზე, მაგრამ იბრძვის რა რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ, უკრაინელი ჟურნალისტები არ ერიდებიან ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკასაც, რისთვისაც, რუსეთისგან განსხვავებით, მათ არავინ სჯის“,- წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით რუსეთ-უკრაინის საინფორმაციო ომის ზოგიერთი თავისებურება.

„საილუსტრაციოდ რამდენიმე მაგალითს მოვიტან. ვიდრე 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რეგულარულ სამხედრო ნაწილებს შეიყვანდა, რუსეთთან დაკავშირებულმა დონბასელმა სეპარატისტებმა 2014 წლის ზაფხულიდან დაიწყეს შეიარაღებული ბრძოლა კიევის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ. სეპარატისტები „ღირსების რევოლუციის“ გზით მოსულ უკრაინის ხელისუფლებას ბრალს სდებდნენ დაუმორჩილებელი დონბასის რუსულენოვანი მოსახლეობის დისკრიმინაციასა და მასობრივ განადგურებაში. რუსეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია 2014 წლის 12-13 ივლისს რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის „პირველი არხის“ მიერ მომზადებულმა სიუჟეტმა „ჯვარზე გაკრული სლავიანსკელი ბიჭის“ შესახებ. რეპორტაჟი შეიცავდა ყალბ მტკიცებულებას უკრაინელი სამხედროების მიერ დონეცკის ქალაქ სლავიანსკზე კონტროლის დამყარების შემდეგ მშვიდობიანი მოსახლეობის დამცირებასა და ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, დედის თვალწინ სამი წლის ბიჭის ჯვარზე გაკვრის შესახებ. სიუჟეტი ეყრდნობოდა სლავიანსკიდან დევნილი გალინა პიშნიაკის მონაყოლს, რომელიც ვითომდა თავად შეესწრო ქალაქის ცენტრში, ლენინის მოედანზე უკრაინელი სამხედროების მიერ სამი წლის ბიჭის ჯვარცმის ფაქტს“,- აღნიშნავს გამოცემა.

„მაგრამ რუსი და უცხოელი ჟურნალისტების გამოძიებამ მალევე გამოავლინა რუსული ტელეარხის სიყალბე. ფრონტისპირა სლავიანსკში ჩასულმა „ნოვაია გაზეტას“ კორესპონდენტმა ევგენი ფელდმანმა რამდენიმე ათეული ადგილობრივი მცხოვრები გამოჰკითხა, მაგრამ ვერც ერთმა ვერ დაადასტურა ამ საშინელი ისტორიის ამბავი, თანაც ქალაქ სლავიანსკის ცენტრში საერთოდ არ არსებობს ლენინის მოედანი, ხოლო გალინა პიშნიაკი კი აღმოჩნდა ცოლი სლავიანსკელი მილიციელის, რომელიც სეპარატისტული ფორმირებების ერთ-ერთი მეთაურის იგორ სტრელკოვის (გირკინის) მხარეზე იბრძოდა. მიუხედავად ყველაფრისა, ყალბ ჩვენებაზე აგებული სატელევიზიო სიუჟეტი სწრაფად გავრცელდა რუსულ ინტერნეტში, გააძლიერა უკრაინის საწინააღმდეგო განწყობები და მოსახლეობა სამხედრო მოქმედებების მხარდაჭერისკენ წააქეზა. უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში რუსეთის ხელისუფლებამ არაერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრა იმ დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტებისა და ბლოგერების წინააღმდეგ, რომლებმაც გაავრცელეს ცნობები საბრძოლო მოქმედებების პირველ თვეს კიევთან ახლომდებარე ქალაქებში, ბუჩასა და ირპენში, რუს სამხედროთა ჩადენილ დანაშაულებსა და მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებზე“, - განაგრძობს გამოცემა...

„აღმოსავლეთი ევროპა გასული წლის ერთ-ერთ ყველაზე „ცხელ წერტილად“ გადაიქცა და არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მიზეზით, არამედ კიდევ ერთი სავარაუდო კერის გაჩენის გამო. საქმე ეხება ე. წ. სუვალკის კორიდორის გეისტრატეგიულ დილემას, რომელიც შეიძლება რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის ახალი სამხედრო კონფლიქტის საფუძველი გახდეს პოლონეთის, ლიეტუვის და მთლიანად NATO-ს ალიანსს შორის... სიტუაცია უკვე გადადის ალიანსური სამხედრო დაპირისპირების ფაზაში, სადაც, ერთ მხარეს იქნება 2022 წელს ჩამოყალიბებული რუსეთ-ბელარუსის ორმხრივი სამხედრო ალიანსი, რომელსაც, სავარაუდოდ, შეუერთდებიან ჩრდილო კორეა და, დაბალი ალბათობით, მაგრამ გარკვეული მოსაზრებით ირანის ისლამური რესპუბლიკა, მეორე მხარეს კი NATO-ს სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი. ასეთი სამხედრო სცენარის შემთხვევაში გრავიტაციის ცენტრი იქნება ე. წ. სუვალკის დერეფანი. ეს გეოსტრატეგიული სივრცე ლიეტუვისა და პოლონეთის საზღვრის დაახლოებით 70 კმ სიგანის მონაკვეთია, რომელიც რუსეთის ფედერაციის კალინინგრადის რეგიონს დასავლეთით, ხოლო ბელარუსს აღმოსავლეთით ესაზღვრება“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში სათაურით სუვალკის დერეფნის გეოსტრატეგიული აჩრდილი და ჰიბრიდული ომის შემთხვევა აღმოსავლეთ ევროპაში;

„მას უკვე მიენიჭა განსაკუთრებული საერთაშორისო უსაფრთხოების მაღალი მოწყვლადობის სტატუსი. პოლონეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი და მე-18 მექანიზებული დივიზიის ყოფილი მეთაური იაროსლავ გრომადზინსკი განიხილავს ასეთი სცენარის სამი ფაზის განვითარებას: პირველი ფაზა მოიცავს უკვე დაწყებულ ჰიბრიდულ ომს, რომელიც დაიწყო რუსეთის ფედერაციამ და რომელიც მოიცავს ასეთი ომის ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა დეზინფორმაცია, კიბერჯაშუშობა, კოგნიტური და ფსიქოლოგიური საბრძოლო მოქმედებები, რაც გულისხმობს NATO-ს მიმდებარე წევრი ქვეყნების სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაციას, მოშლას და სამხედრო პროვოკაციებს; მეორე ფაზის დროს იწყება საჰაერო ანუ აეროკრატიული მასირებული შეტევითი ოპერაციები, რაც შეიძლება გამოიხატოს 800-1000 დრონის, მათ შორის სტრატეგიული შეტევითი დანიშნულების, ერთდროულად პოლონეთსა და ლიეტუვაში შეჭრით. ამ ფაზის პერიოდში გაგრძელდება საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციების გადასვლა უფრო სტრატეგიულ დონეზე. ფაქტობრივად, რუსეთის ფედერაციის ახალშექმნილმა კიბეროპერაციებისა და უპილოტო მოწყობილობათა მართვის სარდლობამ მოახდინა აეროკრატიული შეტევის იმიტაცია პოლონეთის ტერიტორიაზე და რუსულმა სამმა დრონმა მიაღწია დედაქალაქ ვარშავასაც“,- აღნიშნავს გამოცემა.

„NATO-ს სარდლობას მოუწია F-35-ის გამოყენებამ 3-ათასიან დოლარად ღირებული რუსული დრონების გასანადგურებლად; მესამე ფაზა უშუალო სახმელეთო ოპერატიულ-სტრატეგიული ტიპის „მინი-ბლიცკრიგის“ ოპერაციაა მთავარი მიზნებით: სუვალკის დერეფანზე კონტროლის დაწესება, ლიეტუვაში შეჭრა და, მაღალი ალბათობით, მისი ოკუპაცია, პოლონეთის შეიარაღებული ძალების ზურგის კომუნიკაციების და არიერგარდის განადგურება, მათ შორის მე-18 მექანიზებული დივიზიის ჩათვლით. 2027 წელს სუვალკის მიმართულებაზე სავარაუდო საომარი მოქმედებების დაწყებას უკვე განიხილავენ სამხედრო მაღალი თანამდებობის პირები. მაგალითად, ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა და უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს აწ უკვე ყოფილმა უფროსმა კირილ ბუდანოვმა განაცხადეს ასეთი სცენარის განვითარების შესახებ, რომელიც ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით იქნება მიღებული. ამგვარი მოვლენების ალბათობაზე ისაუბრა 15 იანვარს ლიეტუვის თავდავცის მინისტრის მოადგილემ კაროლის ალექსამაც „ევრონიუსთან“ სატელევიზიო ინტერვიუში“, - განაგრძობს გამოცემა...

„2023 წლის თებერვალში დიდი ბრიტანეთის პოლიციამ დააკავა ბულგარეთის ექვსი მოქალაქე, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ ინგლისში. ესენი არიან: ორლინ რუსევი (45 წლის), ბისერ ჯამბაზოვი (41 წლის), კატრინ ივანოვა (31 წლის), ივან სტოიანოვი (31 წლის), ტიხომირ ივანჩევი (39 წლის) და ვანია გაბეროვა (29 წლის). მათ ბრალი წაუყენეს რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობაში, კერძოდ, სხვადასხვა სტრატეგიულ ობიექტებსა და პირებზე თვალთვალსა (როგორც დიდი ბრიტანეთის, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში) და ინფორმაციის რუსეთის სპეცსამსახურებისთვის გადაცემაში. ამ ჯგუფის აგენტურულ საქმიანობას ორლინ რუსევი ხელმძღვანელობდა. რუსევის, ჯამბაზოვისა და ივანოვას ბინების ჩხრეკისას აღმოჩნდა: დიდი ბრიტანეთის, ბულგარეთის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ხორვატიის, სლოვენიისა და ჩეხეთის ყალბი პასპორტები, სხვადასხვა ქვეყნის მასმედიისა და გამოცემების (National Geographic, Discovery) ჟურნალისტების ყალბი პირადობის მოწმობები. ორლინ რუსევი 2009 წელს გადავიდა დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად და სამი წელი მუშაობდა IT-სპეციალისტად საფინანსო სფეროში. შემდეგ საინფორმაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფის (მათ შორის იყო მობილური ტელეფონის მფლობელის ადგილმდებარეობისა და გადაადგილების მარშრუტის დადგენა) საკუთარი კომპანია შექმნა“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში სათაურით რუსეთის „ჰიბრიდული ომი“: არალეგალური დაზვერვა და მძინარე აგენტები“.

„ჯამბაზოვი და ივანოვა ერთად ცხოვრობდნენ, როგორც დაქორწინებული წყვილი. ჯამბაზოვი მუშაობდა მძღოლად საავადმყოფოებში, ხოლო ივანოვა იქვე - ლაბორანტად. ისინი თითქმის ათი წლის წინ გადავიდნენ საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში და ძალზე აქტიურად იყვნენ ჩართული ინგლისში ჩასული ბულგარელების ადაპტაციის პროცესში. 29 წლის ვანია გაბეროვა კი კოსმეტოლოგად მუშაობდა და დიდი კლიენტურაც ჰყავდა, რაც ნამდვილად არაა გასაკვირი. 31 წლის ივან სტოიანოვი, ყოფილი მოჭიდავე-სამბისტი, შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი იყო და ხშირად გამოდიოდა რინგზე. დიდი ბრიტანეთის პროკურატურის განცხადებით, ექვსივე ეჭვმიტანილი ეწეოდა თვალთვალსა და სხვა სადაზვერვო საქმიანობას რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით. ირკვევა, რომ აგენტურული ჯგუფის ხელმძღვანელი ორლინ რუსევი წლების განმავლობაში აქტიურად ცდილობდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, კერძოდ, ლატვიაში, ტელესაკომუნიკაციო ბიზნესში დამკვიდრებას. მისი (ანუ რუსეთის სპეცსამსახურების) განსაკუთრებული დაინტერესების ობიექტი იყო ბალტიის ზღვაში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გასაყვანი სამუშაოები. ორლინ რუსევს ეკუთვნოდა პატარა სასტუმრო ზღვისპირა ქალაქ იარმუთში და პროკურატურის განცხადებით სწორედ იქიდან ხელმძღვანელობდა ჯაშუშურ ოპერაციებს დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში“, - აღნიშნავს გამოცემა.

„სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ რუსეთის აგენტების ეს ჯგუფი ატარებდა როგორც დეზინფორმაციულ-დივერსიულ ოპერაციებს ცალკეული ქვეყნების (ყაზახეთისა და უკრაინის) წინააღმდეგ, ასევე გეგმავდა რუსეთის ხელისუფლებისთვის მიუღებელი პირების, ჟურნალისტების ხრისტო გროზევისა და რომან დობროხოტოვის, ასევე რუსეთიდან გაქცეული საგამოძიებო კომიტეტის ყოფილი მაღალჩინოსან კირილ კაჩურას მოტაცება-ლიკვიდაციას.ჯგუფის ჯაშუშური საქმიანობის არეალი მთელ ევროპას მოიცავდა, ხოლო კონკრეტული ოპერაციები ძალზე მრავალფეროვანი იყო. რუსეთის დაზვერვის ერთ-ერთი დეზინფორმაციულ-დივერსიული ოპერაცია მიმართული იყო ყაზახეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ორმხრივ ურთიერთობათა დაძაბვის პროვოცირებისკენ. კონკრეტულად, 2022 წლის სექტემბერში ჯგუფი გეგმავდა ლონდონში ყაზახეთის საელჩოსთან ინგლისელების პროტესტის ინსცენირებას და საელჩოს შენობისთვის ვითომდა ღორის სისხლის შესხმას. რუსეთის აგენტების მეორე ოპერაცია კი პირადად ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის წინააღმდეგ იყო მიმართული: უნდა შეექმნათ და ინტერნეტით გაევრცელებინათ ყალბი პორნოვიდეოები მისი შვილის, ტიმურ თოყაევის მონაწილეობით”, - განაგრძობს გამოცემა...

„გასული წლის 12 დეკემბერს აშშ-ის სამხედრო მინისტრი პიტერ ჰეგსეთი ეწვია სახმელეთო ჯარების რედსტოუნის არსენალს (ალაბამის შტატი, ქალაქი ჰანტსვილი), სადაც მიმდინარე სამუშაოებსა და პერსპექტიულ პროგრამებს გაეცნო. მინისტრი დაინტერესდა „მიწა-მიწა“ კლასის ჰიპერბგერით სარაკეტო კომპლექსს Dark Eagle-ით (ბნელი არწივი), რომლის თაობაზე მას მოახსენა ჰიპერბგერითი ტექნოლოგიების, მიმართული ენერგიების, კოსმოსური ტექნოლოგიებისა და არმიისთვის დაჩქარებული შესყიდვების სამმართველოს დირექტორმა გენერალ-ლეიტენანტმა ფრანსისკო ლოზანომ. მოხსენებისას გენერალმა განაცხადა, რომ ლონდონიდან გასროლილ Dark Eagle-ს მოსკოვამდე ან კატარიდან თეირანამდე, ან კუნძულ გუამიდან კონტინენტურ ჩინეთამდე მიფრენისთვის სულ 20 წუთი დასჭირდება. სხვადასხვა პუბლიკაციის თანახმად, „ბნელი არწივის“ ჰიპერბგერით საბრძოლო ბლოკის სიჩქარე 10Мах-12Мах-ის ფარგლებში მერყეობდა. ამის საფუძველზე დადგინდა, რომ ფრენის სიშორე 3 500 კმ-ია. იმავე შეხვედრიდან გაირკვა, რომ მწარმოებელი კომპანია Lockheed Martin-ი თვეში ერთ ჰიპერბგერით რაკეტა Dark Eagle-ს ამზადებს. მინისტრმა წარმოების ტემპის გაზრდა და თვეში ორი რაკეტის ანუ წელიწადში 24 „ბნელი არწივის“ გამოშვება ისურვა“,- წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში სათაურით ამერიკული „მიწა-მიწა“ კლასის ჰიპერბგერითი რაკეტები.

„პროექტ Long-Range Hypersonic Weapon-ზე (LRHW) ანუ Dark Eagle-ზე მუშაობა Lockheed Martin-მა 2019 წელს დაიწყო. მიზანი მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემების გასანადგურებელი ჰიპერბგერითი საბრძოლო საშუალების შექმნა იყო და მას საფუძვლად აშშ-ში სხვადასხვა პროგრამით შესრულებული საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები დაედო. მათ შორის იყო 1980-იან წლებში პროექტ Sandia Winged Energy Reentry Vehicle Experiment-იდან (SWERVE) მიღებული მონაცემები. პროექტის ფარგლებში Sandia National Laboratories-მა მოამზადა დედამიწაზე დაბრუნებისას მანევრირების ტექნოლოგიათა დასამუშავებელი ჰიპერბგერითი სიჩქარით მფრენი აპარატის საცდელი სტენდი ანუ თანამედროვე Dark Eagle-ის ერთგვარი წინამორბედი. 1985 წელს რაკეტა Strypi IX-ით გაშვებულმა და უკან დაბრუნებულმა აპარატმა მაღალ სიჩქარეებზე (12Мах-მდე) მანევრირებისა და ჰიპერბგერით სიჩქარეებზე (8Мах) პლანირების დემონსტრირება შეძლო“, - აღნიშნავს გამოცემა.

„ბნელი არწივისთვის“ გამოყენებულია მყარ სათბობზე მომუშავე ორსაფეხურიანი AUR (All-Up-Round) ტიპის რაკეტა-მატარებელი. ეს უკანასკნელი სარაკეტო ამაჩქარებლის დანიშნულებას ასრულებს, რომლის ცხვირის გარსშემომდენში უმოტორო ჰიპერბგერითი პლანირებადი საბრძოლო ბლოკია (Common Hypersonic Glide Body ანუ C-HGB) მოთავსებული. რამდენიმე ათეულ ათასი მეტრის სიმაღლეზე რაკეტა-მატარებელს პირველი საფეხური სცილდება და მეორე საფეხურით საბრძოლო ბლოკი ჰიპერბგერით სიჩქარეს იღებს, შემდეგ მისგან თავისუფლდება, მიზნისკენ პლანირებას იწყებს და თან აეროდინამიკური ძალის გამოყენებით მანევრირებს. გამოცემა Breaking Defense-ის მონაცემებით, Dark Eagle-ის მინიატიურული საბრძოლო ბლოკი დაახლოებით 13.6 კგ-ს იწონის და ნაკლებია „ჰაერი-ჰაერი“ კლასის რაკეტა AIM-120-ის საბრძოლო ნაწილზე. პატარა მასის მიუხედავად, მიზანზე ის კომბინირებულად - კინეტიკური დარტყმის დროს გამოყოფილი კოლოსალური ენერგიითა და ფართობზე გატყორცნილი მსხვრევად-ფუგასური დამაზიანებელი ელემენტებით ზემოქმედებს. კინეტიკური დარტყმის დამანგრეველი ეფექტი ბირთვულ იარაღზე ნაკლები არ არის, ოღონდ რადიაციის გარეშე“, - განაგრძობს გამოცემა...

„ბერლინის კედლის“ აგებისა და 30 წლის შემდეგ დანგრევის ეპოქალური ისტორია ყველასთვის კარგადაა ცნობილი, სპეცოპერაცია „ბერლინის გვირაბის“ შესახებ კი ნამდვილად ცოტამ თუ იცის. ორად გაყოფილ ბერლინში საზღვარი პირდაპირ ქალაქის ქუჩებში გადიოდა, ბევრი სახლის ერთი ნაწილი აღმოსავლეთ, ხოლო მეორე ნაწილი - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საზღვრებში მოხვდა. 1940-იანი წლების ბოლოს ავსტრიასა და გერმანიაში განლაგებული საბჭოთა ჯარები და სპეცსამსახურები უსაფრთხოების მიზნით რადიოარხებით კავშირიდან საკაბელო კომუნიკაციის ორ ტიპზე გადავიდნენ: ერთი ტელეგრაფის ბოძებზე დაკიდებული სატელეფონო საჰაერო, მეორე კი მიწისქვეშა სატელეფონო კაბელები იყო. ამ გარემოებით არ შეიძლება არ დაინტერესებულიყვნენ მოწინააღმდეგე მხარეების სპეცსამსახურები. თუ საბჭოთა კავშირი და მისი მოკავშირე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა ორად გაყოფილ ბერლინს კაპიტალისტურ ქვეყნებში აგენტების შესაგზავნად იყენებდნენ, აშშ-ისა და ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურებმა ამ ტერიტორიული სიახლოვის უფრო ორიგინალური მიზნით გამოყენება გადაწყვიტეს“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით სპეცოპერაცია „ბერლინის გვირაბი“.

„ახალჩამოყალიბებული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დაზვერვის შეფმა რეინჰარდ გელენმა, რომელიც ბერლინს საკუთარი ხუთი თითივით იცნობდა და ამერიკელებთან თავის გამოჩენა ძალზე სურდა, 1953 წელს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მაშინდელ დირექტორს ალენ დალესს აღმოსავლეთ ბერლინის სატელეფონო კომუნიკაციების ნახაზები წარუდგინა. აღმოჩნდა, რომ დასავლეთ ბერლინის საზღვრიდან დაახლოებით ხუთას მეტრში გადიოდა ის სატელეფონო კაბელები, რომელთაც საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების სარდლობა და საბჭოთა დიპლომატები მოსკოვ-ბერლინის კავშირისთვის იყენებდნენ. ეს კაბელები მიწაში 1.8 მეტრის სიღრმეზე იყო ჩადებული. ამერიკელებმა დიდი ბრიტანეთის დაზვერვის წარმომადგენლებს გააცნეს ეს ინფორმაცია და გადაწყვიტეს, ერთობლივი ძალებით გაეყვანათ გვირაბი და სატელეფონო კაბელებზე ინფორმაციის „მოსახსნელი“ აპარატურა დაემონტაჟებინათ. ალენ დალესის საიდუმლო ბრძანებით დაიგეგმა და ჩატარდა განსაკუთრებით საიდუმლო ოპერაცია კოდური სახელწოდებით „ოქრო“. ეს იყო „ცივი ომის“ პერიოდში ფარული მიყურადების ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სპეცოპერაცია, რომელიც ყველასთვის მოულოდნელი შედეგით დასრულდა“, - აღნიშნავს გამოცემა.

„1953 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ლონდონში ბრიტანეთის საგარეო დაზვერვისა (MI6) და აშშ-ის საგარეო დაზვერვის (ცსს) ხელმძღვანელების საიდუმლო შეხვედრა გაიმართა, სადაც ოპერაცია „ოქროს“ საკითხები განიხილეს. როგორც შემდგომ გაირკვა, შეხვედრას საბჭოთა „თხუნელა“ (ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის აგენტი ან თანამშრომელი, რომელიც ფარულად სხვა ქვეყნის სპეცსამსახურზე მუშაობს), 31 წლის „ჰომეროსი“ (ოპერატიული მეტსახელი) ესწრებოდა. 1953 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო გვირაბის გაყვანა. საინჟინრო სამუშაოების შესანიღბად გვირაბის გათხრა დასავლეთ ბერლინში მდებარე აშშ-ის ერთ-ერთი სამხედრო საწყობიდან დაიწყეს. ამოღებული მიწის ნაწილი შეუმჩნევლად გაჰქონდათ, ხოლო დანარჩენს ტომრებში ყრიდნენ და გვირაბის გასამაგრებლად იყენებდნენ. ამერიკელმა სამხედრო ინჟინრებმა, რომლებიც ძალზე ფრთხილად მუშაობდნენ, ერთ წელზე მეტი დახარჯეს თითქმის 500-მეტრიანი გვირაბის გასაყვანად, რომელიც მიწის ზედაპირიდან 4.5 მეტრის სიღრმეში იყო, ხოლო სიმაღლე ორ მეტრამდე ჰქონდა. 1955 წლის 11 მაისს აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა დაასრულეს საბჭოთა მიწისქვეშა სატელეფონო კვანძზე სპეციალური ჩამწერი აპარატურის მიერთება და თითქმის ერთი წელი ფარულად უსმენდნენ ბერლინში მდებარე საბჭოთა სამხედრო კომენდატურის საუბარს მოსკოვთან“, - განაგრძობს გამოცემა...

„ნოემბრის მიწურულს თურქეთის ქალაქ სინოპთან მდებარე პოლიგონზე კომპანია Bayraktar-მა საკუთარი წარმოების უპილოტო Kızılelma-თი პირდაპირი ხედვის არეალსგარეთ რეაქტიული ზებგერითი საჰაერო მიზანი „ჰაერი-ჰაერი“ კლასის რაკეტით ჩამოაგდო. ავიაციის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა დრონმა საჰაერო მიზნის წინააღმდეგ დიდ მანძილზე მართვადი საავიაციო რაკეტა გამოიყენა. მსოფლიოში არსებული უპილოტოების დიდი უმრავლესობა ჰაერიდან სახმელეთო ან საზღვაო მიზნების საწინააღმდეგო მოქმედებებზეა ორიენტირებული. მათგან განსხვავებით თურქმა მეცნიერებმა და ინჟინრებმა წარმატებით გადაჭრეს ამოცანა, სადაც პილოტირებული თვითმფრინავის სტანდარტული დავალება უპილოტომ თავისი რადარითა და რაკეტით შეასრულა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დრონმა საჰაერო მიზანი Aselsan-ის MURAD 100-A AESA ტიპის საბორტო რადარით მოძებნა, თანხლება გაუკეთა და კომპანია TUBITAK SAGE-ის „ჰაერი-ჰაერი“ კლასის შორეული მოქმედების რაკეტა Gokdogan-ით გაანადგურა“,- წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში სათაურით დრონები საჰაერო ბრძოლებისთვის.

„Kızılelma-ს საბორტო რადარის აქტიური ფაზირებულცხაურიანი ანტენა პატარა მცირეშემჩნევადობის მიზნებს დიდ მანძილზე ეძებს, რითაც მიზნების ოპერტიულ და ზუსტ მიდევნებასთან ერთად იარაღის გამოყენების ეფექტურობას ზრდის. რადიოლოკაციური ამოცანების გარდა, რადარს შეუძლია დროის განაწილების პრინციპით მეკავშირის, მონაცემთა გადაცემისა და რადიოელექტრონული ბრძოლის ფუნქციების შეთავსება. რა მანძილზე შეძლო დრონმა ზებგერითი რეაქტიული საჰაერო მიზნის აღმოჩენა და განადგურება, ამის თაობაზე არაფერია ცნობილი, მაგრამ ნოემბერში წინა გამოცდის დროს დრონმა რადარით მიზანი ჰაერში 48 კმ-ზე მოძებნა და რაკეტის სიმულაციური გასროლით გაანადგურა. იმის გათვალისწინებით, რომ „ჰაერი-ჰაერი“ კლასის Gokdogan-ის სამოქმედო რადიუსი 65 კმ-ზე მეტია, ამიტომ სროლის მანძილი ამჯერადაც რამდენიმე ათეული კმ იქნებოდა. გამოცდაში დრონთან ერთად თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების F-16 ტიპის ხუთი გამანადგურებელი მონაწილეობდა უპილოტო და პილოტირებული ავიაციის საერთო მოქმედებათა კონცეფციის დასამუშავებლად“, - აღნიშნავს გამოცემა.

„ჰაერში მიმდინარე მოვლენებს Bayraktar-ის Akinci-ს მოდელის მეორე უპილოტო აფიქსირებდა. სავარაუდოდ, Kızılelma-ს მართვისა და იარაღის გამოყენების ბრძანებებს ჰაერში ერთ-ერთი F-16-ის მფრინავი გადასცემდა, ხოლო სხვა გამანადგურებლები უპილოტოს დაცვას უზრუნველყოფდნენ, ერთობლივად მანევრირებდნენ და მართვის ფუნქციებში, ალბათ, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. შედეგიანი გამოცდის მიუხედავად, დიდ სიჩქარეებზე მფრენ და მაღალმანევრულ თანამედროვე გამანადგურებლებთან საჰაერო დუელში წარმატებისთვის თურქულ უპილოტოს კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. რეაქტიული ძრავის მქონე Kizilelma თვითმფრინავს ჰგავს და თურქი სამხედროები ხშირად უპილოტო გამანადგურებელს ეძახიან. აქვს დაბალი რადიოლოკაციური შემჩნევადობა და უახლესი თაობის სენსორებითაა აღჭურვილი. შეუძლია საჰაერო მიზანი დიდ მანძილზე უფრო ადრე მოძებნოს და შეუტიოს, ვიდრე თავად მას მოწინააღმდეგე აღმოაჩენს. მას აფრენა-დაფრენისთვის მოკლე საფრენი ზოლი სჭირდება. აქვს ერთი ძრავა და 1 500 კგ-მდე სასარგებლო ტვირთს ატარებს. განკუთვნილია დაზვერვისა და სახმელეთო მიზნებთან საბრძოლველად. მოსალოდნელია, რომ Kizilelma-ი თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების უნივერსალურ სადესანტო ხომალდ Anadolu-ს საავიაციო შეიარაღებაში შევა“, - განაგრძობს გამოცემა...

„ქალაქ დნიპროს ერთ-ერთ სოფელში „ქართველ პარტიზანებში“ ოთარ ასათიანს შევხვდი. ჩაწერაზე უარი მითხრა, მხოლოდ საბრძოლო მოქმედებებისას გადაღებული ის ვიდეოები მანახვა, სადაც მისი თანამებრძოლები ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. ოთარი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეა. სამხედრო წოდების გამო ბიჭები „კაპიტანას“ ეძახიან. 12 წელი იმსახურა ქართულ ჯარში. უკრაინაში თითქმის ომის დაწყების დროიდან იბრძვის. ყველა დიდი და მძიმე შეტაკება გამოიარა. ორჯერ დაიჭრა, მაგრამ ბრძოლის ველს არ მოწყვეტილა. როგორც ყველა მებრძოლს, ოთარსაც ომის უხილავი ძალა ეწევა და სამშობლოში დაბრუნების საშუალებას არ აძლევს. რამდენჯერმე ჩამოვიდა, მოესიყვარულა ოჯახს, ახლობლებს და ისევ ისე გაიპარა, როგორც პირველად - 2022 წლის მარტში. „ჩემზე მეტი მეომრები არიან. ვიქნები აქ, ბრძოლის ველზე თუ არ ვიქნები, ამით რას შევცვლი?!“ - სიტყვით ასე ამბობს, თუმც საქმით სხვას ამტკიცებს. ამტკიცებს იმას, რომ თავისი საქმის პროფესიონალია და მუხლჩაუხრელად დგას პოზიციებზე, სადაც პროდუქტი და საბრძოლო მასალა მხოლოდ დრონებს და პულტიან მანქანებს შეაქვთ“,- წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში სათაურით დრონის ქართველი პილოტი რუსეთ-უკრაინის ომში.

„2022 წლის მარტის ბოლო იყო. ქუთაისში ვიყავი, სახლში. ჩემები სოფელში იყვნენ, ჩემი და სახლში არ იყო და წამოვედი. მერამდენედ გამოვიპარე მასე... წამოვედი, როგორც მოხალისე, კიევში იყო შეკრების პუნქტები, სადაც მიდიოდი და ეწერებოდი. მერე ქართველებმა ვნახეთ იქ ერთმანეთი. პირველი ორი კვირა ბატალიონ „აზოვში“ წასვლას ველოდებოდით. ჩიქობავა ახსენეს, ბახვა, და უნდოდათ ჩვენც მარიუპოლში წავსულიყავით, მაგრამ ისე მოხდა, რომ „აზოვი“ ალყაში მოაქციეს და მარიუპოლში ვეღარ წაგვიყვანეს. პირველად მოვხვდი „კარპატი სიჩში“, მერე გადავედი „ქართველ პარტიზანებში“ დასახმარებლად. „კარპატი სიჩში“ ჩემთან ერთად იყო ალუდა ზვიადაური, რომელიც 2022 წლის ივნისში დაიღუპა, სევერო-დონეცკის მიმართულებაზე, ლისიჩანსკთან. როინიშვილი, სახელაშვილი, აჩიკო, ყველანი ერთად ვიყავით. ლაშა აბუთიძეც იქ იყო. ლაშა, საბედნიეროდ ცოცხალია“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ოთარ ასათაიანი“, -

დრონების ოპერატორი ვარ. დრონს ვმართავ წინა ხაზიდან, სადაც ბლინდაჟებია, 4 კილომეტრით უკან. ყველაზე მინიმალურია ეს მანძილი. წესით, 10 კილომეტრით უკან უნდა იყო. მაგრამ რაც უფრო ახლოს ხარ, ვიდეოგამოსახულება მით უფრო კარგი გაქვს. უფრო მალე მიდიხარ მიზანთან, ელემენტი უფრო დიდხანს გყოფნის დრონზე და მანევრის საშუალება გაქვს, სიღრმეში რომ შეხვიდე. ბოლო ერთი თვე 3.5 კილომეტრში ვიყავი. ზიხარ ბლინდაჟში, გარეთ პატარა ანტენაა აწეული და მართავ იქიდან. ინტერნეტი გაქვს, გენერატორი და თუ მანქანა ვერ შემოდის, ხან დრონებით მოაქვთ საჭმელი და საბრძოლო მასალები. პულტით სამართავი მანქანები რომ არის, იმითაც შემოაქვთ ხოლმე. თუ აღმოგაჩინეს, დრონებს გესვრიან, ძირითადად, საავიაციო დარტყმებს აკეთებენ. ავიაცია იმ პოზიციაზე ისე აღარ მუშაობს, სადაც ვარ. ძირითადად, არტილერია და დრონები... წამოსვლა მინდოდა, მაგრამ შემცვლელი არ გვყავს, ორი კაცი ვართ მხოლოდ. მე, ქართველი, პილოტი და უკრაინელი, 23 წლის ბიჭი, რომელიც შტაბს ელაპარაკება. დრონი უნდა ავაწყო, გარეთ გავიტანო, დავდო, მერე ვიფრინო და ვარ ასე გაწამაწიაში. მოვა ვინმე და გაგიშვებთო, მეუბნებიან, მაგრამ ჯერ არავინ ჩანს. სამი თვის წინ რომ ჩავალაგე ჩანთა... მედალი მომცეს გასულ წელს და დაიბომბა ის სახლი, სადაც ვიყავით და დაიკარგა...“ - განაგრძობს რესპონდენტი.

„დღეს, როდესაც არაერთი მაღალი ტრიბუნიდან არასამთავრობო ორგანიზაციების ყოფნა-არყოფნაზე საუბრობენ, საქართველოში არსებობს ერთი არაჩვეულებრივად მზრუნველი ორგანიზაცია „ახალგაზრდული მედიაკავშირი“, რომელიც ყოველწლიურად, უჩუმრად და მუხლჩაუხრელად ემსახურება საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის - შშმ პირების, სხვადასხვა ომში დაჭრილ-დაინვალიდებული ვეტერანების რესოციალიზაციასა და რეინტეგრაციას. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი და დამაარსებელი ხატია გავაშელი 6-7 წლის წინ ბორჯომში, ჩითახევში გავიცანი, სადაც, როგორც შშმ პირი, მეგობრის დახმარებით მართლაც სრულიად შემთხვევით მოვხვდი და იმ დღიდან ამ „ოჯახის“ წევრი ვარ. დიახ, ესაა ჩვენი მეორე ოჯახი, რომელიც 800-მდე ომის ვეტერანსა და შშმ პირს აერთიანებს. ამ ოჯახის წევრები 9-12 თებერვალს კიდევ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს „ახალგაზრდული მედიაკავშირისა“ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანადაფინასებით გამართულ ღონისძიებაზე „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“. ამჯერად თეთრად გადაპენტილ ბაკურიანში ერთმანეთს შევეჯიბრეთ ეტლთხილამურის ჩემპიონატში“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში სათაურით ამ პროექტში მოხვედრისას ყველაჯანმრთელითანაბარი ხდება.

„ეს იყო ნამდვილი პაექრობა, რომელშიც, როგორც ყოველთვის, მეგობრობამ გაიმარჯვა; მეგობრობამ და მადლიერებამ, რომელიც ასე გამოხატა შეჯიბრებარში მონაწილე შშმ პირმა, ხატია ტატურაშვილმა. „განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ომსა და სამშვიდობო მისიებში დაჭრილ ჯარისკაცებთან შეხვედრა. მათ თვალებში ჩანდა ტკივილიც და უდიდესი ძალაც. თითოეული მათგანი მაგალითია იმისა, რას ნიშნავს ქვეყნის სიყვარული და თავდადება. მათთან ურთიერთობამ მასწავლა მადლიერება იმ მშვიდი დღეებისთვის, რომლებიც ხშირად ჩვეულებრივად მიგვაჩნია“. ჟურნალ „არსენალის“ საშუალებით მინდა მთელმა ქვეყანამ იცოდეს ამ ორგანიზაციის შესახებ, სადაც 70 წლის ბაბუ და 18 წლის ბიჭი პეინტბოლს ერთად თამაშობენ, მინდა ყველამ იცოდეს ისიც, რომ მსოფლიო ჩემპიონი ვახტანგ ახობაძეც ჩვენი ამ პატარა ორგანიზაციის წევრია. შეიძლება თვალებსაც არ დაუჯერო, როცა დაინახავ, თუ როგორ დაფრინავს პარაპლანით ინვალიდის ეტლში მჯდომი ადამიანი! ჩვენ „ახალგაზრდული მედიაკავშირის“ ორგანიზებით მიგვიღია მონაწილეობა შეჯიბრებაში, სადაც უფეხო ან უხელო ადამიანი ჯომარდობის ნავში მჯდომარე ჩქერში წყალს ებრძოდა“, - აღნიშნავს გამოცემა.

„ჩვენ გვყავდა ასეთი ომის ვეტერანი თემურ სახოკია, უხელო ადამიანი, რომელიც ბოულინგს თამაშობდა, დღეს კი უკვე მისი სახელობის ტურნირი იმართება... იქნებ მართლაც არ დაიჯეროს ადამიანმა, რომ ამ ჩვენი პატარა ორგანიზაციის წევრმა თემურ დადიანმა ზამთრის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა მთის ეტლით თხილამურების სახეობაში. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მე მინახავს, თუ როგორ დაეშვა ეტლი-თხილამურით დამოუკიდებლად უსინათლო ადამიანი. ჩვენს ბანაკში, ჩვენს ამ ოჯახში, არ არსებობს სიტყვა „არ შემიძლია“. ცხადია, არსებობს ზღვარი ჯანმრთელსა და შშმ პირს შორის, მაგრამ ამ პროექტში მოხვედრისას, რამდენიმე დღით მაინც, ყველა „ჯანმრთელი“ თანაბარი ხდება. და ეს ნამდვილად ხატია გავაშელის დამსახურებაა. გადაჭარბებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ხატია გავაშელს ჩვენ ზოგჯერ „დედას“ ვეძახით. მინდა ყველამ იცოდეს, რომ იგი, თავის შვილსა და რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად წელიწადში დაახლოებით 25 სპორტულ ღონისძიებას უკეთებს ორგანიზებას ლამის მთელი საქართველოს მასშტაბით: ურეკი, საგარეჯოს სამონადირეო ნაკრძალი, თბილისის ზღვა, ლილო, კაჭრეთი, პალიასტომი, ჩითახევი, ბაკურიანი...“, - განაგრძობს გამოცემა.

„ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად არის ჩართული ვეტერანების ეკონომიკური გაძლიერებისთვის სოფლის მეურნეობის პროექტებში. ამ მხარდაჭერით სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ვეტერანებს ეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლონ სახელმწიფო საგრანტო პროგრამებით და განავითარონ საკუთარი მეურნეობები. გარდა სახელმწიფოს მხარდაჭერისა, მსგავსი ინიციატივები ხორციელდება სხვადასხვა ორგანიზაციის თანადგომითა და პარტნიორული მონაწილეობით. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ჩართულობით გურიის რეგიონში მცხოვრები 21 ვეტერანი გადავიდა „აწარმოე საქართველოს“ საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე, ხოლო ხუთმა მათგანმა სახელმწიფოს დაფინანსება მოიპოვა. ამ მხრივ პიონერად ითვლება გურიის რეგიონში არსებული ფუტკრის სასწავლო-საცდელი მეურნეობა, რომელიც ეტაპობრივად გაფართოვდა და დღეისათვის დაახლოებით 100 სკა-ოჯახს აერთიანებს. ამ პროცესმა მნიშვნელოვნად გაზარდა თაფლის წარმოების მოცულობა, რომელმაც დაახლოებით 3 ტონა შეადგინა“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით ვეტერან ფერმერთა პირველი ნაბიჯები და გეგმები.

„ აღსანიშნავია, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA-ს) შორის კოოპერაციის ფარგლებში 2022 წელს TIKA-მ „გურიის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერან ფერმერთა ასოციაციას“ საჩუქრად გადასცა სკები, თაფლის წარმოებისთვის საჭირო ინვენტარი და მეფუტკრეთათვის სპეცტანსაცმელი. „თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს“ საქართველოში, სხვადასხვა სფეროში, რამდენიმე ათეული პროექტი აქვს განხორციელებული, თუმცა ეს პროექტი, რომელიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ძალისხმევით, გურიის რეგიონში მცხოვრები ვეტერანებისთვის განხორციელდა, ამ მხრივ მართლაც განსაკუთრებულია, რადგან მისი მეშვეობით თურქეთის მხარემ თანადგომა გამოხატა მათ მიმართ, ვინც თავისი ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ძალიან ბევრი გაიღო. ეს ძალიან გვახარებს. ვიმედოვნებ, TIKA-ს მხარდაჭერით წარმოებული თაფლი თურქეთის ბაზარზეც გავა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და TIKA-ს შორის თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება და კიდევ ბევრ სფეროს მოიცავს“, - აღნიშნა თურქეთის ელჩმა საქართველოში ალი ქაან ორბაიმ გასულ წელს გურიის დაბა ანასეულში ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტის შედეგების პრეზენტაციაზე“, - აღნიშნავს გამოცემა.

„შეხვედრაში მონაწილეობდა ასევე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს TIKA-ს თბილისის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი თუბა ოზუთოკი. „ჩემთვის საქართველოს ვეტერანების თანადგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამიტომაც ვე-ტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერ-თად განხორციელებული ეს პროექტი ჩემთვის პიროვნულადაც გამორჩეულია. მოხარული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ასეთი ნაყოფიერია. ძალა ერთობაშია“, - განაცხადა ბატონმა ოზუთოკიმ. გურიის ფერმერთა ასოციაციის ბაზაზე შექმნილმა სასწავლო-საცდელმა მეურნეობამ 2025 წლის 5 მაისს თაფლის წარმოებისთვის მიიღო HACCP-ის სურსათის უვნებლობის სისტემის დანერგვის სერტიფიკატი, რაც პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. 2025 წლის 10 აგვისტოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაცია დარეგისტრირდა ბიზნეს-ოპერატორად და უკვე ბაზარზე ოპერირებს“, - განაგრძობს გამოცემა...

„საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში აშშ-ის სამხედრო ჯგუფის (U.S. Military Group) წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 234 150 დოლარის სახანძრო და საკომუნიკაციო აღჭურვილობა გადასცეს. აღნიშნულ ღონისძიებაზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი აშშ-ის სამხედრო ჯგუფის დელეგაციასა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ალან პერსელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის სამხედრო ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ენდრიუ ანდერვუდი, სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ჯონათან ადამსი და ორმხრივი თანამშრომლობის ოფიცერი მაიორი ალეკ ჰარისონი. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს გაწეული მხარდაჭერისთვის. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ გადმოცემული სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს მეხანძრე-მაშველების ოპერატიულ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციებზე ეფექტიან რეაგირებას“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში სათაურით ამერიკული აღჭურვილობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს.

„დელეგაციის წევრებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის ცენტრის შენობაც დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროცესის სპეციფიკას. კონკრეტულად რას მოიცავს ეს აღჭურვილობა, რამდენად მნიშვნელოვანია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის და როგორ ნაწილდება, ამის შესახებ “არსენალი“ უწყების ხელმძღვანელობას ესაუბრა. „საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკულმა მხარემ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გადასცა TETRA სისტემის ხელის და პორტატული თანამედროვე რადიოსადგურები, სახანძრო ჩაფხუტები და ხელთათმანები. საკომუნიკაციო ტექნიკა წარმოადგენს ოპერაციების ეფექტური მართვისა და უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გარანტიას. საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი და უწყვეტი ინფორმაციის მიწოდება კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც წინასწარი დაგეგმვის, ისე უშუალო კოორდინაციის პროცესში“,- აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი და შეკითხვაზე - „რამდენად ხანგრძლივია თანამშრომლობა აშშ-ის სამხედრო ჯგუფთან?“ - პასუხობს:

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს აშშ-ის სამხედრო ჯგუფთან. მხოლოდ 2019-2025 წლებში სამსახურს გადმოგვცა 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების სხვადასხვა სახის სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა. მიღებულია მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებები, საველე განათების სისტემები, ტვირთის ასაწევი ბალიშები, კომპიუტერული ტექნიკა, წყალზე სამაშველო აღჭურვილობა და სხვა აუცილებელი რესურსები, რომლებიც მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენი დანაყოფების შესაძლებლობებს...“

„აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამსახურის ინსტიტუციური და ოპერაციული შესაძლებლობების გაძლიერებაში. თანამედროვე ტექნიკით უზრუნველყოფა ამცირებს რეაგირების დროს საგანგებო შემთხვევებზე და ზრდის ჩატარებული ოპერაციების ეფექტიანობასა და უსაფრთხოებას. დიახ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ამერიკელ პარტნიორებს შორის შენარჩუნებულია ორმხრივი მზაობა თანამშრომლობის გაგრძელებისა და შემდგომი გაღრმავების მიმართულებით. დაგეგმილია სახანძრო-სამაშველო მანქანებისა და სპეციალური აღჭურვილობის შეძენა, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველთა ტექნიკურ და ოპერაციულ შესაძლებლობებს როგორც ქალაქის, ისე საველე პირობებში. ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ მატერიალურ მხარდაჭერას არ მოიცავს. ამერიკელი ექსპერტები ადგილობრივ დანაყოფებთან ერთად მონაწილეობენ საგანგებო მართვის გეგმების შემუშავებაში, ოპერაციული სტანდარტებისა და რეაგირების პროცედურების გაუმჯობესებაში. ერთობლივად მიმდინარეობს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებაც სხვადასხვა ტიპის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიმართულებით“, - განაგრძობს რესპონდენტი.

„„ცივი ომის“დროს დასავლეთისა და საბჭოთა კავშირის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საშუალო რადიუსის რაკეტები იყო. მოსკოვმა 1977 წლიდან საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილში საიდუმლოდ დაიწყო საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების კომპლექს РСД-10 Пионер-ის (SS-20) საბრძოლო მორიგეობაზე განთავსება. 1987 წლისათვის 650 „პიონერის“ ორი მესამედი დასავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მდებარე მიზნებისკენ იყო მიმართული. საპასუხოდ NATO-მ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში საშუალო სიშორის 108 ბალისტიკური რაკეტა MGM-31C Pershing 2-ისა და 464 ფრთოსანი რაკეტა BGM-109G Gryphon-ის განთავსება გადაწყვიტა. „პერშინგებისთვის“ მხოლოდ დასავლეთი გერმანია, ხოლო „გრიფონებისთვის“ - დიდი ბრიტანეთი (160 რაკეტა), იტალია (112), დასავლეთი გერმანია (96), ბელგია (48) და ნიდერლანდები (48) იყო შერჩეული. 1987 წლის 1-ლი იანვრისთვის საბრძოლო მორიგეობაზე 108 „პერშინგი“ და 256 „გრიფონი“ იდგა“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში სათაურით ამერიკული რაკეტების აღმომჩენი ქართველი კონსტრუქტორი.

„ამერიკულმა რაკეტებმა საბჭოთა კავშირის ლიდერთა შიში გააძლიერა დასავლეთიდან პირველ რაკეტულ-ბირთვულ დარტყმაზე. არის ვერსია, რომ მაშინდელი თავდაცვის მინისტრი დმიტრი უსტინოვი გამოვიდა ინიციატივით, რათა საბჭოთა სპეცსამსახურებს NATO-ს სარაკეტო-ბირთვული დარტყმის მზადების გამოსავლენად მუშაობა დაეწყოთ. 1981 წელს კა-გე-ბეს დახურულ კონფერენციაზე ანდროპოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ რეიგანის ადმინისტრაცია აქტიურად ემზადებოდა სარაკეტო-ბირთვული დარტყმისთვის, რამაც საბჭოთა სადაზვერვო ოპერაციებში აშშ-ისა და NATO-ს ქვეყნების ბირთვულ საფრთხეებზე სამხედრო-პოლიტიკური ხასიათის მონაცემების მოპოვებამ პრიორიტეტულობა შეიძინა. 1981 წლის ნოემბერში საბჭოთა დაზვერვის ყველა რეზიდენტს დასავლეთის ქვეყნებში მოსალოდნელი კრიზისის მანიშნებელ ნიშნებზე ყურადღების გამახვილება დაევალათ. ინსტრუქცია მოითხოვდა თვალთვალს აშშ-ის საელჩოს ევაკუაციის შესაძლო დაწყებაზე და ამერიკული საწარმოების დახურვაზე; საფრთხის შემცველად ითვლებოდა სამთავრობო შენობებსა და ბირთვულ იარაღთან დაკავშირებულ ობიექტებთან ავტომობილებისა და გვიან ღამით შუქანთებული ფანჯრების რაოდენობის მომატება, ხოლო საბჭოთა აგენტები მოსკოვს დათვლის შედეგებს რეგულარულად მოახსენებდნენ; დგინდებოდა სამთავრობო ჩინოვნიკებისა და მათი ოჯახების საევაკუაციო გზები გამგზავრებისთვის მათი მზადების დასაფიქსირებლად; აკვირდებოდნენ მნიშვნელოვან ჩინოვნიკთა გადაადგილებებს და ა. შ.” - აღნიშნავს გამოცემა.

„ამ ღონისძიებათა პარალელურად დაიწყო მუშაობა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში განლაგებული „პერშინგების“ სტარტის ადრეული ფიქსაციისთვის სათანადო რადიოტექნიკურ საშუალებათა შექმნაზე. ამ მიმართულებით სამუშაოებში ჩაერთო კოსმოსური ნაგებობების ინსტიტუტი, რომელსაც აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი ხელმძღვანელობდა... „1983 წლის გაზაფხულზე საგურამოს სასტენდო კომპლექსის მშენებლობაზე რეფლექტორის პირველ ვარიანტს ვაწყობდით, როცა სახელდახელოდ მოწყობილ კაბინეტში მოსკოვიდან დამირეკეს. ცენტრალური სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტის „კომეტის“ დირექტორმა ანატოლი სავინმა მაცნობა, რომ თავდაცვის მინისტრი სპეციალურ თათბირს ატარებდა და ამისათვის გერმანიიდან „პერშინგის“ სტარტის ადრეული ფიქსაციისთვის სათანადო რადიოტექნიკურ საინჟინრო კომპლექსზე სამეცნიეროტექნიკური ანგარიში უნდა მომემზადებინა“, - იხსენებს ელგუჯა მეძმარიაშვილი, რომლის განმარტებით, ანგარიშის მოსამზადებლად სულ 3 დღე ჰქონდა“, - განაგრძობს გამოცემა...

„2045 წლის აპრილში წითელმა არმიამ გაათავისუფლა ნაცისტური გერმანიის არაერთი საკონცენტრაციო ბანაკი, მათ შორის, ქვეყნის ჩრდილოეთით, ქალაქ ცაითჰაინთან სამხედრო ტყვეთა ლაზარეთი, სადაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ეროვნების ტყვესთან ერთად, ქართველებიც იყვნენ. ამას მოწმობს მის მიმდებარედ არსებული 187 ქართველის საფლავი, რომელიც ემიგრანტმა მკვლევარ-ისტორიკოსმა მეგი სტემპენ-გიუნტერმა აღმოაჩინა, შეისწავლა და საქართველოში მათ ოჯახებს მიაწოდა ცნობები. ბანაკის აღების დღესთან დაკავშირებით გამართულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე, ქართველი ემიგრანტი მიიწვიეს, სადაც ის მეორე მსოფლიო ომში ქართველების მონაწილეობაზე, ადამიანურ დანაკარგსა და შედეგებზე ისაუბრებს. მეგი სტემპენ-გიუნტერი წლებია ცდილობს მეორე მსოფლიო ომში დაკარგულ ქართველებზე ინფორმაციის მოძიებას. მან უკვე ასობით დაკარგულის საფლავზე აცნობა მათი ოჯახების წევრებს. როგორც ამბობს, ეს საქმე მისთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ნებისმიერ ქალაქში, სადაც ჩადის, სასაფლაოს ეძებს, სადაც საძმო საფლავებში შესაძლოა ქართველები იყვნენ დაკრძალული“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში სათაურით საქართველოს ბედკრული შვილები / „როცა ფინალში გავდივარ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ ქართველს ვპოულობ, ეს ბედნიერებაა.

„ეს შრომა უდიდეს ენერგიასა და რაც მთავარია, შრომას მოითხოვს, რადგან არქივებში ზოგჯერ წააწყდება ხოლმე ისეთ დოკუმენტებს, რომლებიც თითქმის საუკუნის წინ ხელით საბეჭდ მანქანაზეა აკრეფილი და მიზეზთა გამო გაცრეცილია, სიტყვები ძნელად იკითხება. გერმანელებისთვის ისინი ჩვეულებრივი დანომრილი ტყვეები იყვნენ, ამიტომაც სწორედ ნომრებით იწყება სამხედრო ტყვეებზე ცნობების მოძიება. ცაითჰაინის მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნორა მანუკიანი დამიკავშირდა და 23 აპრილს ბანაკის გათავისუფლების ღონისძიებაზე მიმიწვია. როცა ფინალში გავდივარ, ვხედავ ადამიანს, რომელსაც ოჯახი წლების განმავლობაში ელოდა, ის კი ტყვედ ჩავარდა, სიცოცხლის დასრულების შემდეგ კი ნომერი მიანიჭეს და საერთო საფლავში მიუჩინეს ადგილი. ჩემი პირველი საქმე, ანუ პირველი ნაპოვნი მეომარია დიმიტრი ფოცხვერაშვილი, ბიჭი, რომელიც ქემნიცის სასაფლაოზეა დაკრძალული. აქედან დაიწყო ყველაფერი... მისმა ისტორიამ შემძრა - მისი საქმის დასრულებას წელიწადზე მეტი დასჭირდა“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მეგი სტემპენ-გიუნტერი.

„პირველ ხანებში ბევრს ვწვალობდი, რადგან მუშაობის გამოცდილება არ მქონდა. შემდეგ ინტერნეტში ვიპოვე დრეზდენის ფონდი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის გარდა, სხვა პროექტებიც აქვს და მათ მივწერე, დახმარება ვთხოვე. ძალიან გულისხმიერი გუნდი აღმოჩნდა, ბაუცენში, გროსშვაიდნიცში, თორგაუში, პირნა-ზონენშტაინსა და ცაითჰაინში მუზეუმები აქვთ, სადაც ბევრი რამის გაგება შეიძლება. ყველაფერში მაკვალიანებდნენ, ცდილობდნენ საქმე გაეადვილებინათ. ახლა უკვე ბევრ არქივთან მუშაობის გამოცდილება მაქვს. რაც მთავარია, მოხალისე აღარ ვარ. უკვე მაქვს მკვლევარ-ისტორიკოსის სერტიფიკატი, რაც ძალიან მეხმარება, თუ მანამდე მოხალისის სტატუსით ვგზავნიდი წერილებს არქივებში და პასუხი თვე-ნახევარში მომდიოდა, ახლა პასუხი სამ-ოთხ დღეში მიბრუნდება. ასევე, გააჩნია, რომელ არქივთან ცდილობ დაკავშირებას. პატარა ქალაქები ბევრად ოპერატიულები არიან, რასაც ვერ იტყვი დიდ ქალაქებზე, მაგალითად, აროლსენის სამხედრო არქივზე. ერთხელ პასუხი ორი წლის შემდეგ დამიბრუნეს. აღარც მახსოვდა, რა მივწერე“, - განაგრძობს რესპონდენტი...

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს