ანდრეი სიბიგა - უნგრეთმა „ოსჩადბანკის“ შვიდი თანამშრომელი მძევლად აიყვანა და ფული მოიპარა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, ბუდაპეშტში უნგრეთის ხელისუფლებამ მძევლად აიყვანა უკრაინის შვიდი მოქალაქე, „ოსჩადბანკის“ თანამშრომლები, და ფული მოიპარა.

„დღეს ბუდაპეშტში უნგრეთის ხელისუფლებამ უკრაინის შვიდი მოქალაქე მძევლად აიყვანა. მიზეზები, ასევე მათი ამჟამინდელი მდგომარეობა ან მათთან დაკავშირების შესაძლებლობა ჯერ კიდევ უცნობია. ეს შვიდი უკრაინელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „ოსჩადბანკის“ თანამშრომლები არიან, რომლებიც ავსტრიასა და უკრაინას შორის ტრანზიტით მოძრავ ბანკის ორ მანქანას მართავდნენ და სახელმწიფო ბანკებს შორის რეგულარული მომსახურების ფარგლებში ნაღდი ფული გადაჰქონდათ“, - წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, უკრაინამ უკვე გაგზავნა ოფიციალური ნოტა და მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

„სინამდვილეში, ჩვენ ვსაუბრობთ უნგრეთის მიერ მძევლების აყვანასა და ფულის მოპარვაზე. თუ ეს არის „ძალა“, რომელიც ბატონმა ორბანმა დღეს გამოაცხადა, მაშინ ეს არის კრიმინალური დაჯგუფების ძალა. ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი და რეკეტი. უკვე გავაგზავნეთ ოფიციალური ნოტა, რომლითაც მოვითხოვთ ჩვენი მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ასევე მივმართავთ ევროკავშირს, მკაფიოდ დააკვალიფიციროს უნგრეთის უკანონო ქმედებები, მძევლების აყვანა და ძარცვა,“ - აცხადებს სიბიგა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინელებს აიძულებენ, უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდება განაახლონ. მისი მტკიცებით, უნგრეთი „პოლიტიკურ და ფინანსურ ინსტრუმენტებს“ გამოიყენებს, რათა „უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენი გახსნას“. „არანაირი შეთანხმება და კომპრომისი არ იქნება. ჩვენ ძალის გამოყენებით გავარღვევთ უკრაინის ნავთობის ბლოკადას. გარწმუნებთ, რომ ამისთვის სამხედრო ძალის გამოყენება ჩვენს გეგმებში არ შედის, მაგრამ ჩვენ პოლიტიკური და ფინანსური ინსტრუმენტები გვაქვს“, - განაცხადა ორბანმა.

ცნობისთვის, სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით „დრუჟბას“ ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს