აშშ-თან ვერ დალაგდებიან, რადგან ბიძინა ივანიშვილს დასავლეთში არავინ ენდობა - ნიკოლოზ სამხარაძე კი არა, ვაშინგტონში „ქართული ოცნების“ მთელი ბანდა რომ წაიხიკოს, არაფერი შეიცვლება, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პარტია „დროას” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.
ლემონჯავას შეფასებით, „ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ხალხისთვისაც და დასავლეთისთვისაც ჩავლილი ამბავია“. როგორც მან ამ კონტექსტში აღნიშნა, „ივანიშვილის დასრულება გასაფორმებელია, რაც ქუჩის წინააღმდეგობისა და საერთაშორისო წნეხის გზით უნდა გაფორმდეს“.
„აშშ-ში და ზოგადად, დასავლეთში საქართველოსთან დაკავშირებით მკაფიოდ კონსოლიდირებული პოზიცია არსებობს. იმისთვის, რომ დასავლეთთან, განსაკუთრებით კი, აშშ-თან რაიმე ტიპის ურთიერთობები აღდგეს, საჭიროა ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რომლის შედეგად მიტაცებულ ძალაუფლებას ქართველი ხალხი დაიბრუნებს, ასევე, საპყრობილეებიდან პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება. საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი პოლიტპატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს. სანამ ეს ორი მოთხოვნა არ შესრულდება, ნიკოლოზ სამხარაძე კი არა, „ქართული ოცნების“ მთელი ბანდა რომ დალაგდეს და ვაშინგტონში წაიხიკოს, არაფერი შეიცვლება. ყველა წამყვანი დედაქალაქიდან „ქართულ ოცნებას“ ერთი გზავნილი აქვს - ახალი, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები, მიტაცებული ძალაუფლების ხალხისთვის დაბრუნება და პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება.
„ქართული ოცნება“ პროპაგანდასა და ლობიზმში მილიარდობით ლარს ხარჯავს - ერთი მხრივ, აქვეყნებენ წერილებს, სადაც ამბობენ: - ტრამპი „დიფ სთეითს“ ვერ უგებს, მას „დიფ სთეითსა“ და გლობალური ომის პარტიას ეძახიან. მეორე მხრივ, მილიარდობით ლარს ხარჯავენ ლობიზმში, რათა როგორღაც აშშ-თან დალაგდნენ, მაგრამ ვერ დალაგდებიან, რადგან არავინ დასავლეთში ბიძინა ივანიშვილს არ ენდობა - ყველამ იცის, რომ ივანიშვილი არის მატყუარა, რუსეთიდან მართული კაცი, კრიმინალი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეები აწამა და ქიმიური იარაღი გამოიყენა და რომელსაც ფულის თაღლითურად გამოძალვის სქემები აქვს. ამიტომ მასთან ურთიერთობების ნორმალიზება არის გამორიცხული. ივანიშვილი სინამდვილეში ჩავლილი ამბავია ხალხისთვისაც და დასავლეთისთვისაც და მისი დასრულება არის გასაფორმებელი“, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
ლემონჯავა იმასაც ამბობს, რომ დიდი კონსოლიდაციის გარეშე ბიძინა ივანიშვილის დამარცხება ძალიან რთული იქნება. პარტია „დროას“ წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციური პარტიების ალიანსს, რა ფორმითაც ის ახლა არის, ხელისუფლების რეალური პოლიტიკური ალტერნატივის შექმნის ყველა წინაპირობა გააჩნია.
მისივე აზრით, „რეჟიმზე საბოლოო გამარჯვება ქუჩის პროცესებით და ქუჩის წინააღმდეგობის გზით მოხდება“.
„ოპოზიციური პარტიების ალიანსი არის კონკრეტული გასაკეთებელი საქმეების გარშემო შეკრებილი ადამიანების ერთობა. ეს არ არის ერთობა ერთობისათვის - ეს არის ერთობა გამარჯვებისთვის. ჩვენ გამარჯვება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულებით და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით წარმოგვიდგენია. ეს არის ჩვენთვის გამარჯვება!
აუცილებელი არ არის, რომ ერთი შერწყმული სუბიექტი გავხდეთ - პირიქით, ჩვენ მრავალფეროვნება, როგორც ძალა, უნდა გამოვიყენოთ. როდესაც ვსაუბრობთ პრინციპზე „ერთობა ერთფეროვნების გარეშე“ ზუსტად იმას გულისხმობს, რომ ყველა ერთნაირი არ არის, ჩვენ ჩვენს სეგმენტზე მუშაობას გავაგრძელებთ და ამ მრავალფეროვნების გამოყენება, როგორც ძალის, არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ჩვენ ვამბობთ, რომ გამარჯვების ხედვაზე ვთანხმდებით - ეს არის რეჟიმის არაღიარება! არ ვიღებთ მონაწილეობას არცერთ მანევრში, რომელიც რაიმე ფორმით მას ლეგიტიმაციის ატრიბუტებს შესძენს. რეჟიმმა მიიღო კანონი, რომლითაც აღიარების გამოძალვისთვის ციხით იმუქრება. არ არსებობს დედამიწაზე ლეგიტიმურად არჩეული არც ერთი ხელისუფლება, რომელსაც დასჭირდებოდა, რომ მოქალაქეებისთვის აღიარება ციხის მუქარით გამოეძალა. ივანიშვილს ლეგიტიმაციის საკითხი ძალიან რომ აღელვებს, ეს ამ ე.წ. კანონითაც ჩანს. ამაზე ძალიან ნერვიულობენ, რადგან კარგად იციან, რომ არალეგიტიმურ რეჟიმში დარჩენას თავისი დროითი ლიმიტები აქვს და ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. არალეგიტიმურად ყოფნის ყოველი დღე რეჟიმს ასუსტებს. ამიტომ მათი არალეგიტიმურ რეჟიმში დატოვება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.
ჩვენი მეორე სტრატეგიული ხაზია წინააღმდეგობის გაძლიერება, გაფართოება და მისი რეგიონებში გატანა. ასევე, თბილისში მასშტაბური წინააღმდეგობის ორგანიზება. 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩვენ მასშტაბური წინააღმდეგობა ვნახეთ, მაგრამ ყოველ ჯერზე ორგანიზებულობა გვაკლდა. ჩემი აზრით, პროდასავლური პოლიტიკური კლასის პასუხისმგებლობაა, რომ შეძლოს ხალხის ორგანიზება-მობილიზება ნამდვილი, ფართომასშტაბიანი, ხისტი წინააღმდეგობისთვის, რომელიც დაასუსტებს და საბოლოო ჯამში, ჩამოშლის რეჟიმს.
ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო განზომილება. ალბათ გახსოვთ, „იმედის“ ერთ დღეში დაშლილი სამეთვალყურეო საბჭო, როცა საბჭოს ხუთი წევრიდან ოთხი გაიქცა. ჩემთვის ეს არის მიკრო მოდელი, თუ როგორი უნდა დაიშალოს საბოლოო ჯამში რეჟიმი - ის, რომ ვინმეს სანქციების არ ეშინია, არის ტყუილი. ამიტომ საერთაშორისო მიმართულებით ოპოზიციის ალიანსის კოორდინირებული, ერთიანი მუშაობა, რათა ივანიშვილის რეჟიმზე საერთაშორისო წნეხი რაც შეიძლება მეტად გაძლიერდეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ლემონჯავამ.