საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში შეხვედრები დაასრულა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში შეხვედრები დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, დელეგაციის წევრები დღეს ხუთ კონგრესმენს შეხვდნენ, რომლებიც ძირითადად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს წარმოადგენდნენ.

პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, შეხვედრებისას საუბრის ძირითად თემას ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, უსაფრთხოების საკითხები, რეგიონში მიმდინარე მოვლენები და „შუა დერეფნის" განვითარების საკითხი წარმოადგენდა.

კონგრესში ბოლო შეხვედრა დელეგაციის წევრებმა კიტ სელფთან გამართეს, რომელიც წარმომადგენელთა პალატის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა. დღის განმავლობაში ასევე შეხვედრები გაიმართა რენდი ფაინთან, მაიკ ტერნერთან, რაიან ცინკესა და ანა პაულინა ლუნასთან.

„შეხვედრებისას საუბრის ძირითადი თემა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ამ ურთიერთობების გაჯანსაღება და ახალ ეტაპზე გადაყვანა იყო. მიმოვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი - ძირითადად, უსაფრთხოების საკითხები, ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და ოკუპაცია. კონგრესმენებისგან ინფორმაცია მივიღეთ ირანში მიმდინარე მოვლენებზე და მათ შეფასებაზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, კონგრესმენები ასევე დაინტერესდნენ „შუა დერეფნის" განვითარების საკითხით და საქართველოს როლით „შუა დერეფანში".

„შეხვედრებისას ძალიან საინტერესო დიალოგი წარიმართა. კონგრესმენებს ვთხოვეთ, ყურადღებით შეისწავლონ ზოგიერთი კონგრესმენის მიერ წარმოდგენილი ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც აშკარად ანტიქართული ხასიათი აქვს, რათა ზიანი არ მიადგეს იმ პოზიტიურ დინამიკას, რაც ჩვენს ურთიერთობებში ახლა გამოჩნდა", - აღნიშნა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს