ჩვენც შევამცირეთ უნივერსიტეტების რიცხვი, მაგრამ საქმე არ ეხება რაოდენობას ან თავად რეფორმას, საქმე ეხება სულისკვეთებას, ეხება იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რასაც განათლების რეფორმა ეფუძნება, ეს არის დემოკრატიული პრინციპები, მათ შორის ის, აქვთ თუ არა აკადემიურ ინსტიტუციებს ავტონომია, არსებობს თუ არა აკადემიური თავისუფლება, მიჰყვება თუ არა საქართველოს განათლების სისტემა „ბოლონიის პროცესს“ ან ევროპულ სტანდარტებს. ამ კონტექსტში ჩვენ ვხედავთ, რომ მიმართულება საწინააღმდეგოა ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში, სამწუხაროდ! - ამის შესახებ საქართველოში ესტონეთის ელჩმა მარგე მარდისალუ-კაჰარიმ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს უპასუხა იმის თაობაზე, რომ რეფორმა, რომელიც საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში ხორციელდება, უმეტესწილად ესტონური მოდელია.
ელჩის განმარტებით, „განზრახვა არასდროს არის, რომ ერთი ქვეყნის ერთი მოდელის პირდაპირი გადმოტანა მოხდეს, რადგან იმისთვის, რომ რაღაც მოდელი სასარგებლო იყოს, უნდა მოხდეს მისი ადაპტირება ადგილობრივ გარემოზე, ადგილობრივ კულტურასა და პოლიტიკაზე“.
„პირველ რიგში, ჩვენ არასდროს ვერევით ქვეყნის საშინაო საქმეებში. ეს არასდროს არ არის ჩვენი განზრახვა. რაც შეეხება უნივერსიტეტებსა და შეხვედრებს რექტორებთან, აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, ეს არის ის, რასაც დიპლომატები აკეთებენ ყველგან. ეს, ასევე, არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს დიპლომატიური სამუშაოს ნორმალური ნაწილია. ქართველი დიპლომატები ტალინშიც იმავეს აკეთებენ. ჩვენ არასდროს ვქმნით წინაღობებს, ისინი თავისუფლები არიან შეხვდნენ აკადემიურ წრეებს. ამის გაკეთება ძალიან ნორმალურია. რაც შეეხება თავად ესტონურ მოდელს საქართველოს განათლების სისტემაში - ესტონეთმა, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი შეიტანა განათლების სისტემის რეფორმაში, მაგრამ რომ ავხსნათ როგორ მუშაობს რეფორმის გამოცდილების გაზიარება ზოგადად, საქართველოს აქვს ესტონური გამოცდილებისადმი ინტერესი, ამა თუ იმ სექტორში, იქნება ეს გარემო, განათლება, სოფლის მეურნეობა. ჩვენ ვაზიარებთ ამ გამოცდილებას. ვყვებით ჩვენს ამბავს, ძლიერი და სუსტი მხარეებით და შემდეგ საქართველო წყვეტს ამ გამოცდილების რომელი ნაწილი არის მისთვის გამოსადეგი და რომელი არ არის გამოსადეგი. განზრახვა არასდროს არის, რომ ერთი ქვეყნის ერთი მოდელის პირდაპირი გადმოტანა მოხდეს. ეს ასე ვერ იმუშავებს. იმისთვის, რომ რაღაც მოდელი სასარგებლო იყოს, უნდა მოხდეს მისი ადაპტირება ადგილობრივ გარემოზე, ადგილობრივ კულტურასა და პოლიტიკაზე. გამოცდილების პირდაპირ გადმოღება არ ხდება. საქართველოს მხრიდან უდიდესი ინტერესი არსებობს ნამდვილად, ხშირად ეს ეხება საგანმანათლებლო სექტორს, ესტონურ გამოცდილებას, იქნება ეს დაწყებითი განათლება, პროფესიული განათლება თუ უმაღლესი განათლება. ასობით სტუდენტი სწავლობდა და სწავლობს ესტონეთში, მაგრამ რასაც ახლა ვხედავთ საქართველოში, განათლების გარემო საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს. ეს არ უკავშირდება უშუალოდ რეფორმის საკითხს - ჩვენც გამუდმებით გვაქვს რეფორმები საგანმანათლებლო სექტორში. ეს ზოგადად ძალიან სენსიტიურია, რადგან ყველას ეხება, ამიტომ ძალიან ნორმალურია ამის გაკეთება. ჩვენც შევამცირეთ უნივერსიტეტების რიცხვი, მაგრამ საქმე არ ეხება რაოდენობას ან თავად რეფორმას, საქმე ეხება სულისკვეთებას, ეხება იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რასაც განათლების რეფორმა ეფუძნება, ეს არის დემოკრატიული პრინციპები, მათ შორის ის, აქვთ თუ არა აკადემიურ ინსტიტუციებს ავტონომია, არსებობს თუ არა აკადემიური თავისუფლება, მიჰყვება თუ არა საქართველოს განათლების სისტემა „ბოლონიის პროცესს“ ან ევროპულ სტანდარტებს. ამ კონტექსტში ჩვენ ვხედავთ, რომ მიმართულება საწინააღმდეგოა ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში, სამწუხაროდ!
ამ გაგებით ეს არ არის ესტონური მოდელი, ეს არ არის ესტონური მოდელის სულისკვეთება - ფაკულტეტების ან უნივერსიტეტების რაოდენობა არ არის ამდენად მნიშვნელოვანი. ჩვენ, ასევე, შევამცირეთ ეს, მაგრამ არსი არის ის ფუნდამენტური პრინციპები, რასაც საგანმანათლებლო სისტემა ეფუძნება და სწორედ ეს არის ძალიან განსხვავებული იმისგან, რაც ჩვენ გვაქვს ესტონეთში, რადგან ჩვენ გვაქვს აკადემიური თავისუფლება, აკადემიური ინსტიტუტების ავტონომია და დემოკრატიული სტანდარტები განათლებაში,“ - განაცხადა ესტონეთის ელჩმა.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.