ამ ფაქტით დადასტურდა კიდევ ერთხელ ის, რომ საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია, - ასე ეხმაურება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ყულევის პორტის სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოღებას.
მისივე განცხადებით, რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარება იმდენად „მდაბიო ტყუილია, რომ მერე თვითონ უწევთ ხოლმე ამ ყველაფრის უარყოფა და უკან წაღება“.
„საქართველოს მიმართ უკვე დიდი ხანია, 4 წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს დეზინფორმაციის ღრუბლის შექმნა იმისთვის, რომ ქვეყანა დაადანაშაულონ რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში, ახლა თურმე აღმოჩნდა, რომ ირანსაც ვეხმარებით, ალბათ, ვენესუელასაც ვეხმარებით, ნიკარაგუას და კიდევ არ ვიცი ვის, ეს ყველაფერი არის იმდენად მდაბიო ხარისხის ტყუილი, რომ მერე თვითონ უწევთ ხოლმე ამ ყველაფრის უარყოფა და უკან წაღება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.