აზერბაიჯანს ამ მომენტში, ასეთ გეოპოლიტიკურ ვითარებაში არავინ დაასანქცირებდა და ამით გადარჩა „ყულევი“ , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ყულევის პორტის ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოღებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, აზერბაიჯანის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გამო ევროკავშირმა სანქციები არ დაუწესა ყულევის პორტს, რის შედეგადაც პორტიც და მასთან დაკავშირებული ნავთობპროდუქტების ქარხანაც სანქციებისგან გადარჩა.
„მათ პირდაპირ თქვეს, რომ ვიღებთ მხედველობაში თქვენს დაპირებას. წერილში ნახსენებია დაპირება და ვალდებულების აღება, რომ მეორეჯერ არ გაიმეორებენ. სინამდვილეში, აზერბაიჯანის ფაქტორი იყო. სომხეთი და აზერბაიჯანი ტრამპისთვის ფავორიტი ქვეყნები გახდა. აზერბაიჯანს ამ მომენტში, ასეთ გეოპოლიტიკურ ვითარებაში არავინ დაასანქცირებდა და ამით გადარჩა „ყულევი“ და ამით გადარჩა ის ქარხანა, რომელიც ვერაფერს ვერ აწარმოებს და გახდა ნომერ პირველი ნავთობის ექსპორტიორი, თანაც ევროკავშირის ქვეყნებში. ეს არის ან აზერბაიჯანული ან რუსული “,- განაცხადა გოცირიძემ.
რომან გოცირიძე განცხადებით, ევროკავშირის სანქციების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანი-ს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილი-სთვის გაგზავნილი წერილი „უკიდურესად მკაცრი და არადიპლომატიური ტონით“ არის დაწერილი და გარკვეულწილად მუქარის ელემენტებსაც შეიცავს.
გოცირიძის შეფასებით, წერილის მთავარი გზავნილია, რომ ევროკავშირმა საქართველო ამ ეტაპზე არ დაასანქცირა, რადგან ქართულმა მხარემ და აზერბაიჯანულმა სახელმწიფო ნავთობკომპანიამ ვალდებულება აიღეს, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდება.
„ეს წერილი [სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორიშვილისთვის გაგზავნილი წერილი] არის უკიდურესად მკაცრი, არა დიპლომატიური ენით. შეიძლება ითქვას, რომ მუქარაც კი არის. წერილის მთელი შინაარსი არის ის, რომ არ დაგასანქცირებთ და გაპატიეთ, რადგან მოიბოდიშეთ და ვალდებულებას იღებთ, როგორც ქართული მხარე , ასევე SOCAR -ი . ეს არის სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება, მაგრამ რეალურად რატომ არ სანქცირდება? იმიტომ, რომ აზერბაიჯანის ნავთობინდუსტრია გაჩერდება. აზერბაიჯანს თავისი ნედლი ნავთობი გააქვს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით, ხოლო მის მიერ წარმოებული ყველა ნავთობპროდუქცია გააქვს ყულევიდან“, - აცხადებს გოცირიძე.
ოპოზიციონერის განცხადებით, ნოემბრიდან იანვრამდე პერიოდში ყულევის პორტიდან ევროპაში დაახლოებით 16 მილიონი დოლარის ღირებულების საწვავი გავიდა. მისი მტკიცებით, ეს საწვავი შესაძლოა რუსეთიდან შემოსული იყოს, შემდეგ კი დოკუმენტურად გადაფორმებული და ერთ გემიდან მეორეში გადატვირთული, რის შედეგადაც ექსპორტზე ქართული პროდუქტის სტატუსით გავიდა.
„ყულევი“ ეკუთვნის აზერბაიჯანს მისი სახელმწიფო კომპანიის SOCAR-ის სახით და ეს SOCAR -იც ჩაითრიეს თაღლითობაში. პასუხისმგებლობაც საქართველოზეც არის, რომლის იურისდიქციაშია „ყულევის“ პორტი, რომელმაც ნოემბერ-იანვარში 16 მილიონი დოლარის ღირებულების საწვავი გაიტანა ევროპაში. შემოვიდა რუსული, ქაღალდზე გაფორმდა, ერთი გემიდან მეორეში გადაისხა...
300 მილიონი ლარის ნავთობი რომ აწარმოონ, სულ მცირე 60 მილიონი ლარის ხელფასი უნდა გაიცეს. იქ მუშები არც მუშაობენ, რომ მიხვიდეთ 10 კაცს ვერ ნახავთ. ამდენი დღგ შევიდა ბიუჯეტში? მთელი ეს აფიორა ვლინდება მხოლოდ ერთი მაჩვენებლით, რომელსაც ჰქვია საქართველოს ექსპორტის სტატისტიკა“,- განაცხადა გოცირიძემ.