ევროკომისარი - ჩემი მესიჯია საქართველოს მთავრობისადმი: მსგავსი ქმედებებითა და კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს სიცოცხლისუნარიანი გზა ევროკავშირის წევრობისადმი, არც 2030 წლისთვის, როგორც მთავრობა იბრალებს, არც არასდროს

ჩემი მესიჯია საქართველოს მთავრობისადმი: მსგავსი ქმედებებითა და კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს სიცოცხლისუნარიანი გზა ევროკავშირის წევრობისადმი, არც 2030 წლისთვის, როგორც მთავრობა იბრალებს, არც არასდროს, - ამის შესახებ ევროკომისარმა ვოპკე ჰუკსტრამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე განაცხადა და აღნიშნა, რომ სიტყვით გამოდის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის სახელით.

ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი გმობს "პოლიტიკურ რეპრესიას, მათ შორის ოპოზიციური ლიდერების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ და მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს "ყველა უკანონოდ დაკავებული პირი".

მისივე განცხადებით, მსგავსი რეპრესიული ტაქტიკები ავტორიტარული ქვეყნების ტაქტიკას ჰგავს, რათა განსხვავებული ხმები და პოლიტიკური ოპონენტები გააჩუმონ.

“საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარება, როგორც ბევრმა აღნიშნა, გაუარესებას აგრძელებს. საქართველოს მთავრობას განზრახ მიჰყავს ქვეყანა ავტოკრატიისკენ, ისინი საბაზისო დემოკრატიულ პრინციპებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს შლიან.

ბოლო დროის კანონები, რომლებიც უცხოურ დაფინანსებასა და პოლიტიკურ აქტიურობას ზღუდავენ, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობასთან, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ოპოზიციური ფიგურების დაპატიმრებასთან ერთად, ძალიან ნათლად აჩვენებენ, რომ მთავრობა უგულებელყოფს კანონის უზენაესობას დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის. ეს არ არის ის, რასაც ევროკავშირი და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ქართველები მოელიან მთავრობისგან, რომელიც ჯერ კიდევ იბრალებს თითქოს ევროკავშირში წევრობისკენ მიისწრაფვის.

ასე რომ, ჩემი პირველი მესიჯია საქართველოს მთავრობისადმი: მსგავსი ქმედებებითა და მსგავსი კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს სიცოცხლისუნარიანი გზა ევროკავშირის წევრობისადმი. არც 2030 წლისთვის, როგორც მთავრობა იბრალებს, და არც არასდროს, თუ ეს კურსი გაგრძელდება.

საერთაშორისო კანონის ფარგლებში საქართველოს ვალდებულება აქვს პატივი სცეს, დაიცვას და შეასრულოს ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები. თუმცა, რასაც ვხედავთ, არის სისტემატური თავდასხმა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და ამ უფლებების მძიმე, გაუმართლებელი და უკანონო შეზღუდვები. მეორე - ევროკავშირი თავის სოლიდარობას გამოხატავს ყველასადმი, ვინც უკანონოდ დააკავეს, ცუდად მოექცნენ და დააპატიმრეს ბოლო ორი წლის განმავლობაში, მათ შორის ელენე ხოშტარია.

ევროკავშირი გმობს პოლიტიკურ რეპრესიას, მათ შორის ოპოზიციური ლიდერების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ, მთავრობას მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი.

წამება და ცუდად მოპყრობა სრულიად აკრძალულია საერთაშორისო სამართლით, სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დარღვევების დაუსჯელობა უნდა დასრულდეს. ოპოზიციური ლიდერები ძალადობის, დაპატიმრებების წინაშე აღმოჩნდნენ და კონსტიტუციური აკრძალვა ახლოვდება. მსგავსი რეპრესიული ტაქტიკები ავტორიტარული ქვეყნების ტაქტიკებს ჰგავს, რათა განსხვავებული ხმები და პოლიტიკური ოპონენტები გააჩუმონ.

ევროკავშირი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაიცვას დემოკრატიის საბაზისო პრინციპები, რომლის საკვანძო ნაწილიცაა პოლიტიკური პლურალიზმი.

საბოლოოდ, ევროკავშირი მზად რჩება პასუხი აგებინოს მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან მნიშვნელოვან დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე საქართველოში. გასულ კვირას თქვენ უვიზო მიმოსვლის შეჩერება გადაწყვიტეთ საქართველოს დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მქონეებისთვის. და ეს პასუხია საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ვალდებულებების განზრახ და მუდმივ დარღვევებზე, რომლებიც მან უვიზო მიმოსვლის მიღების დროს აიღო”, - განაცხადა ჰუკსტრამ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა