კირილ დმიტრიევი - აშშ ფაქტობრივად აღიარებს: რუსული ნავთობის გარეშე გლობალური ენერგეტიკული ბაზარი სტაბილური ვერ დარჩება

აშშ-ის მიერ შეზღუდვების მოხსნა გავლენას მოახდენს ტრანზიტში მყოფ დაახლოებით 100 მილიონ ბარელ რუსულ ნავთობზე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ინვესტიციებისა და უცხო ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევმა განაცხადა.

„აშშ ფაქტობრივად აღიარებს აშკარა რამეს: რუსული ნავთობის გარეშე გლობალური ენერგეტიკული ბაზარი სტაბილური ვერ დარჩება“, - დაწერა დმიტრიევმა „ტელეგრამზე“.

მისი მტკიცებით, მზარდი ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, რუსულ ენერგომატარებლებზე დაწესებული შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება სულ უფრო გარდაუვალი ჩანს.

„რუსულ ენერგომატარებლებზე დაწესებული შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება სულ უფრო გარდაუვალი ჩანს, ბრიუსელის ბიუროკრატიის ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად“, - აღნიშნა დმიტრიევმა.

აშშ-მა ქვეყნებს უფლება მისცა შეიძინონ სანქცირებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომლებიც ამჟამად ზღვაში გემებზეა დატვირთული.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის განცხადებით, ეს არის დროებითი ზომა, რომელიც 11 აპრილამდე იმოქმედებს და რომელიც ომის დროს მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე სტაბილურობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამასთან, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სპეციალურად ინდოეთისთვის 30-დღიანი შეღავათი გასცა, რაც ქვეყანას ზღვაში ჩარჩენილი რუსული ნავთობის შეძენის საშუალებას აძლევს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა