„მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ ხდება, სადაც არის ვარაუდი, რომ ეს სახელმწიფო რეკომენდაციებს ნებაყოფლობით არ შეასრულებს, სწორედ ამიტომ, უნივერსალური აღსრულების შესაძლებლობას ითვალისწინებს, - ამის შესახებ „ჭავჭავაძის ცენტრის“ თანადამფუძნებელმა ნინო კალანდაძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ოცნებას“ მიზანმიმართული პოლიტიკა ჰქონდა, რომ „დასავლეთს ჩვენზე ხელი აეღო და ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა გაჩერებულიყო“.
„მოსკოვის მექანიზმი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მექანიზმია, რომელიც შესაძლოა ეუთოს წევრმა ქვეყნებმა, რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ აამუშაონ. ეს მექანიზმი არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის, როგორც რეზოლუციები, მას კონკრეტული შედეგების მოტანა შეუძლია. ეს კომისია იქმნება მაშინ, როდესაც არსებობს მყარი ვარაუდი, რომ ეს ვარაუდები გამოძიების შედეგად დადასტურდება. კომისიას მაღალი მანდატი აქვს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა კონკრეტული ქმედებები შეაფასოს და კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღონ. როგორც წესი „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ ხდება, სადაც იმთავითვე ივარაუდება, რომ ეს სახელმწიფო რეკომენდაციებს ნებაყოფლობით არ შეასრულებს, ამიტომ ეს მექანიზმი უნივერსალური აღსრულების შესაძლებლობას ითვალისწინებს - წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მოკვლევისა და გამოძიების დაწყება. პირობითად, შესაძლოა ერთმა ქვეყანამ გადაწყვიტოს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით ისეთი მაღალ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, რომ მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტული პირების დაპატიმრების შესახებ. მათ დასკვნაში ისეთი ტერმინებია გამოყენებული როგორიც არის „პატერნი“, რომელიც გულისხმობს, რომ ძალადობას სისტემური ხასიათი ჰქონდა, ასევე გამოყენებულია „წამების ზღვარზე“, ანუ ტერმინებს, რომლითაც დატვირთულია აღწერილობითი ნაწილი, მოჰყვა ძალიან მძიმე რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციების შესრულება „ქართული ოცნების“ ხელში არ არის, ამიტომ არის, რომ ეს „ოცნების“ მწვავე რეაქციას იწვევს“,- განაცხადა ნინო კალანდაძემ.
რაც შეეხება ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებულ ანგარიშის მიმართ მმართველი პარტიის დამოკიდებულებასა და შეფასებებს, ნინო კალანდაძე აცხადებს, რომ „ოცნების“ პრეტენზიები არავის აინტერესებს“.
„ოცნების“ პრეტენზიები არავის აინტერესებს. აქამდე, მათ ჰქონდათ იმის ფუფუნება, რეზოლუციებზე ეთქვათ, რომ „ჩალის ფასი აქვს და არ გვაინტერესებს ევროპა რას იტყვის“, მაგრამ „მოსკოვის მექანიზმის“ დოკუმენტი როგორც არ უნდა დააკნინოს „ქართულმა ოცნებამ“, მისი სიმძიმე ამით არ იკლებს. მათ [„ქართული ოცნების“] მიმართ საერთაშორისო ზეწოლა გაძლიერებულია, ვიდრე ამას წარმოიდგენენ. მათი არგუმენტები მოისმინეს, შეაფასეს და ყურად არ იგდეს, რადგან სიმართლეს არ შეესაბამება. ფაქტების დამდგენმა კომისიამ დაადგინა, რომ „ოცნების“ პასუხები არ არის ადეკვატური იმის საპირწონედ, რომ ეს რეკომენდაციები არ შესრულდეს.
„ოცნებას“ ჰქონდა მიზანმიმართული პოლიტიკა როგორც საშინაო, ისე საგარეო, რომ საქართველოს ისეთი ქვეყნების კატეგორიაში გადაენაცვლებინა, როგორიც არის რუსეთი, ბელარუსი და თურქმენეთი, რომლებიც არ დაეთანხმნენ კომისიის დასკვნას და მას აკრიტიკებდნენ. „ოცნების“ მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა თუ ქმედებებმა განაპირობეს „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება. ეს შემთხვევითობა არ არის. ეს კი იმიტომ გააკეთეს, რომ დასავლეთს ჩვენზე ხელი აეღო, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო ან შემდეგ შეეჩერებინათ, რომ ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა გაჩერებულიყო. კონტექსტი შეცვალა იმ ეჭვებმა, რომ საქართველო იმის მიღმა, რომ ადამიანის უფლებებს არღვევს და მოსახლეობას არ ექცევა სამართლის ფარგლებში, შესაძლოა მონაწილეობდეს ტრანსნაციონალურ დანაშაულებში. ეს კი მძიმე და წითელი ხაზია დასავლეთისთვის, ეუთოს წევრი ქვეყნები ამას რეაგირების გარეშე ვერ დატოვებენ. საუბარია - ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე, დერეფნის უკანონო გამოყენებაზე, ნარკოტრეფიკინგზე, „ქოლ-ცენტრებზე“, კომპლექსურ ჩართულობაზეა უკვე საუბარი „ოცნების“ მიმართ. ამას ევროპა გვერდს ვერ აუვლის. საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გაცილებით მძიმედ იწონის ის დანაშაულები, რომლებშიც „ოცნება“ ეჭვმიტანილია“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
მისივე თქმით, მმართველ პარტიაზე ზეწოლა გაძლიერდება, რომ ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ და დამთმობი ნაბიჯები გადადგან.
„მიუხედავად იმისა, რომ ევროპის კონტინენტზე ომი მიმდინარეობს, ასევე ახლო აღმოსავლეთში, დასავლეთში მაღალი რეგისტრით მოიცალეს საქართველოსთვის. ეს კი გვაფიქრებინებს იმას, რომ საქართველო ევროპის გეოსტრატეგიული პოლიტიკის ნაწილია. სწორედ ამიტომ, ისინი დამატებით რეაგირებას მოახდენენ. ეს კი შეიძლება იყოს „ოცნებაზე“ ზეწოლის გაძლიერება, რომ ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ და დამთმობი ნაბიჯები გადადგან. ასევე, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ დასავლეთი „ოცნებას“ რეაგირებას არ დააცდის და შესაბამის ზომებს მიიღებენ, რადგან აღწერილი ფაქტები მძიმეა დასავლეთისთვის“,- განაცხადა ნინო კალანდაძემ.
რაც შეეხება, „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნაში გაკეთებულ ჩანაწერს პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, კალანდაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ პატიმრების საკითხს ვაჭრობისთვის ვერ გამოიყენებს.
„პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე გაკეთებული ჩანაწერი საყურადღებოა, რადგან ისინი ფაქტად ასახელებენ იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არსებობენ და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეჭვს არ გამოხატავენ. დასკვნაში ნათქვამია პოლიტიკური პატიმრების „უპირობო გათავისუფლება“, ეს კი გულისხმობს იმას, რომ თუ „ოცნებას“ პოლიტპატიმრები იმისთვის ჰყავდა, რომ შემდგომ სავაჭრო ბერკეტი ჰქონოდა, დასკვნით უთხრეს, რომ პოლიტპატიმრები მძევლებად არ გამოადგებათ. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას პოლიტიკური პატიმრები არ უნდა ჰყავდეს, თუ რეჟიმს სურს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. „უპირობო გათავისუფლება“ - ამ ჩანაწერით, მათ თქვეს, რომ „თქვენს არანაირ პირობებს არ მივიღებთ, სანამ არ შესრულდება ეს მოთხოვნა. პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა დღის წესრიგში იდგა და ამას „ოცნება“ როგორც შესაძლებლობას ისე უყურებდა, რომ დრო გაეწელა და ეს გამოეყენებინა მისთვის ხელსაყრელ მომენტში, დასავლეთმა კი უთხრა, რომ ეს ვაჭრობის საგანი ვერ იქნება“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.