რომეო მიქაუტაძე 4 საათის განმავლობაში საუბრობდა, რომ დამნაშავე არ არის. დააყოლა ბოლოს, რომ დამნაშავე არ ვარო, მაგრამ განცხადება[საპროცესო შეთანხმებაზე] მაინც შემოვიტანეო. ეს არ არის აღიარება - არანაირი მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ პროკურორმა ირაკლი მარშანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ის გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ბრალდებულ რომეო მიქუტაძის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად მან პროკურატურას საპროცესო შეთანხმებისთვის განცხადებით მიმართა. პროკურორი აღნიშნულ უარყოფს და იმედოვნებს, რომ სასამართლო ყოფილ მაღალჩინოსანს ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობს.
„სასამართლო პროცესზე ჩვენ მოვისმინეთ დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა, ასევე მოვისმინეთ რომეო მიქაუტაძის პოზიცია, მის ბრალთან დაკავშირებით, რომელიც იყო უბრალოდ ემოციური საუბარი. მოგეხსენებათ, გამამტყუნებელ განაჩენს და ზოგადად განაჩენს საფუძვლად უდევს მტკიცებულებები. ასეთი მტკიცებულებები ჩვენ წარვადგინეთ სასამართლოში და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მას ცნობს სასამართლო დამნაშავედ ყველა წარდგენილ ბრალდებაში. მას ბრალი ედება კორუფციულ დანაშაულებში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. ანალოგიურად, გამამართლებელ განაჩენსაც საფუძვლად უდევს არა ემოციური საუბარი, არამედ მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულებები წარმოაჩენს იმას, რომ რომეო მიქაუტაძემ ნამდვილად ჩაიდინა ჩემს მიერ ხსენებული დანაშაული.
მე არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, რომ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება რამდენიმე წინაპირობა უნდა იყოს. პირველ რიგში უნდა იყოს აღიარება სახეზე, ზიანის ანაზღაურება და ასევე განცხადებით უნდა მოემართა. მან პროცესზე დააფიქსირა ასეთი რამ - 4 საათის განმავლობაში საუბრობდა, რომ დამნაშავე არ არის დააყოლა ბოლოს, რომ დამნაშავე არ ვარო, მაგრამ განცხადება მაინც შემოვიტანეო. ეს არ არის აღიარება და არ მიიჩნევა არანაირ აღიარებად. 4 საათი საუბრობდა, რომ უდანაშაულოა და ბოლოს თქვა, მაინც მზად ვარ გავაფორმო საპროცესო შეთანხმებაო, თუმცა დამნაშავე არ ვარო. ამ შემთხვევაში საპროცესო არ ფორმდება. ადამიანმა უნდა აღიაროს დანაშაული. მე ამის არანაირი შთაბეჭდილება ამ 4 საათის განმავლობაში არ დამრჩენია. 4 საათის განმავლობაში ამბობდა, რომ მართალი ვარო და [თქვენ] ამბობთ რომ აღიარა დანაშაული? არ მესმის, უბრალოდ. არანაირი მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს, ვინაიდან მას დანაშაული აღიარებული არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი მარშანიამ ჟურნალისტებთან.
ცნობისთვის, პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.
სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი. მათ შორის, 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რის გამოც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი დაირღვა. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე. ამას გარდა, შესაძლებელია თანამდებობის დაკავების აკრძალვა ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა სამ წლამდე ვადით.
ასევე, წარდგენილი აქვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე.
მიქაუტაძეს ბრალი ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით წარედგინა, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებულის მიერ პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის დაარსებას, აკრძალვის მიუხედავად მის მართვაში მონაწილეობას, და უკანონო შეღავათებისა და უპირატესობის მოპოვებას გულისხმობს მფარველობის გზით. ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
მიქაუტაძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილის, გ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს (ფულის გათეთრება), რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ისჯება ცხრიდან თორმეტ წლამდე პატიმრობით.