ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026

გიორგი მელაშვილი - “უკვე ტრაგიკულია ის, რომ “მოსკოვის მექანიზმი“ ამოქმედდა საქართველოსთან მიმართებაში...”

ევროპა “ოცნებას” პარტიების აკრძალვაზე ხელის აღებას სულ უფრო დაჟინებით სთხოვს

დავით ზურაბიშვილი - “სავარაუდოდ, ევროპა-საქართველოს ურთიერთობა 2028 წლის არჩევნებამდე მოლოდინის რეჟიმში იქნება”

დაარტყამს თუ არა ირანი უკრაინას - ორი დიდი კონფლიქტი შეიძლება ერთ გლობალურ ომად იქცეს?!

გიორგი კობერიძე - “ირანის რეჟიმის ჩამოშლა მხოლოდ დაბომბვით შეუძლებელია”

* * *

გიორგი მელაშვილი - “უკვე ტრაგიკულია ის, რომ “მოსკოვის მექანიზმი“ ამოქმედდა საქართველოსთან მიმართებაში...”

“უკვე ტრაგიკულია ის, რომ “მოსკოვის მექანიზმი” ამოქმედდა საქართველოსთან დაკავშირებით რომელსაც აქვს ევროკავშირის წევრობის ამბიციები. ანგარიში უპრეცედენტოდ კრიტიკულია - აქ თავმოყრილია ყველა ფუნდამენტური პრობლემა: სისტემური ხარვეზები და მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები. საერთაშორისო დონეზე მოხდა ყოველივე ამის დაფიქსირება. დასკვნა ტრაგიკულია არა მხოლოდ “ქართული ოცნებისთვის”, არამედ მთლიანად საქართველოსთვის, ამაზე კი პასუხისმგებლობა მხოლოდ მმართველ ძალას ეკისრება. მექანიზმის ფარგლებში შეისწავლეს ყველა ნეგატიური მოვლენა, რაზეც სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები ლაპარაკობდნენ ამ დროის განმავლობაში. “მოსკოვის მექანიზმი” არის ეუთოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით”, - აცხადებს “ევროპულ-ქართული ინსტიტუტის” ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი გიორგი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “უკვე ტრაგიკულია ის, რომ “მოსკოვის მექანიზმი“ ამოქმედდა საქართველოსთან მიმართებაში...”

“ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ უფრო ნათლად გამოჩნდა ყველა სისტემური გადაცდომა, იქნება ეს შეკრების, აზრის გამოხატვის თავისუფლება თუ ზოგადად ადამიანის უფლებების მდგომარეობა, რომელიც სულ უფრო მძიმე ხდება. ყოველდღიურად “ოცნებას” ახალი საკანონმდებლო დრაკონული მექანიზმები შემოაქვს. ბოლო პერიოდში საბჭოთა კავშირზე გაცილებით მკაცრი კანონები მიიღეს. ანგარიშის გამოქვეყნება დაემთხვა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვას. ანგარიში ისტორიულია - პირველად პირდაპირ გაიცა რეკომენდაცია, რომ `რომის წესდების~ ხელმომწერმა სახელმწიფოებმა განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC). აქამდე მსგავსი არ ყოფილა, “ოცნებამ” კვლავ მოახერხა და გადააჭარბა საკუთარ თავსაც კი. ანგარიში მნიშვნელოვნად შეცვლის დამოკიდებულებას “ოცნებისადმი”. ხელისუფლების ლაპარაკი ურთიერთობების გადატვირთვაზე, ახალი ფურცლიდან დაწყებაზე და ა.შ. სამწუხაროდ, შეუძლებელი გახდება. ვერც ერთი ნორმალური ქვეყანა ვერ გადააბიჯებს ამ ანგარიშს და ყველა სახელმწიფოს მოუწევს მისი გათვალისწინება “ქართულ ოცნებასთან” ნებისმიერი კომუნიკაციისას. დღეს უკვე არსებობს დოკუმენტი, სადაც “ოცნება” შეფასებულია როგორც ავტორიტარული ძალა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი მელაშვილი.

“ანგარიში მისცემს შესაძლებლობას ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, გაააქტიურონ გაცილებით უფრო ეფექტური მექანიზმები, მათ შორის სანქციები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ უახლოეს მომავალში უნგრეთში გაიმართება არჩევნები, რომელსაც, დიდი ალბათობით, ორბანი წააგებს. შესაბამისად, უნგრეთი, რომელიც აქამდე ბლოკავდა “ოცნებასთან” დაკავშირებულ ევროკავშირის საერთო ქმედებებს, მათ შორის სასანქციო კუთხით, მოიხსნება დღის წესრიგიდან. აქედან გამომდინარე, გაცილებით გაუმარტივდებათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს სათანადო რეაგირება და ინდივიდუალური სანქციების დაწესება ყველა მავნებლობასა და სიგიჟეზე, რასაც ვაკვირდებით ბოლო პერიოდში... ბოლო წლების განმავლობაში “ოცნება” ატყუებდა ქართველ საზოგადოებას და დღემდე აგრძელებს იმავეს, როდესაც ამბობს, რომ მათი გეზი ევროკავშირში გაწევრებისკენ არის მიმართული. რაც შეეხება მათი მოქმედებებისა და გეგმების განჭვრეტას, ფაქტობრივად, ეს შეუძლებელია. პარტია ყოველმხრივ არაადეკვატურად იქცეოდა ბოლო წლებში. თუმცა ერთი მხრივ, გვაქვს ყულევის ტერმინალის მაგალითი: როდესაც გაჩნდა სანქციების საფრთხე, “ოცნებამ” მაშინვე შეცვალა ქმედებები და დაჰპირდა ევროპელ პარტნიორებს, რომ ყველაფერს გააკეთებდა, ოღონდ კი სანქციები არ დაედოთ. აშკარად ჩანს, რომ ფინანსური სანქციების დიდი შიში აქვთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ეს ვიზიტი იყო “ოცნებასთან” დიალოგის გამართვის მცდელობა. სხვათა შორის, მეც გახლდით იმ შეხვედრაზე, რომელიც დელეგაციამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართა. ნამდვილად იყო საუბარი პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობაზე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამას სჭირდება გარკვეული წინა პირობები. დიალოგი შეუძლებელია, როდესაც ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები. დიალოგი შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ გაიმართოს, როდესაც ამ ადამიანებს გაათავისუფლებენ. დელეგაციის შეხვედრები და იქ გამართული დიალოგი საკმაოდ გულწრფელი იყო, თუმცა აქაც დავინახეთ “ქართული ოცნების” სრულიად დესტრუქციული დამოკიდებულება, როდესაც მათ უარი უთხრეს დელეგაციას პოლიტიკურ პატიმრებთან შეხვედრაზე. ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა “ოცნების” დამოკიდებულება ქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებებისადმი. გარდა ამისა, ნათლად ვნახეთ, რომ საერთაშორისო დონეზე მოხდა ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობის აღიარება. ჯერ ეს დელეგაცია და შემდგომ ანგარიში - ორივე შემთხვევაში ხაზი გაესვა იმას, რომ ქვეყანაში არიან პატიმრები, რომლებიც გისოსებს მიღმა იმყოფებიან საკუთარი პოლიტიკური პოზიციისა და საქმიანობის გამო”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“ირანში მიმდინარე პროცესების შეფასება ურთულესია, რადგან ძალიან ბევრი გარემოება მოქმედებს. რა თქმა უნდა, ირანი ემზადებოდა ასიმეტრიული ომისთვის. მან კარგად შეისწავლა ერაყისა და ავღანეთის მაგალითები, თუმცა ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ისინი სრულად გაუმკლავდნენ იმ გამოწვევებს, რაც წარმოშვა ირანის ხელისუფლების უმაღლესი პირების განადგურებამ. ირანის პრეზიდენტმაც კი აღიარა, რომ აზერბაიჯანსა და თურქეთზე თავდასხმები განაპირობა იმან, რომ ირანის თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობის გარეშე დარჩნენ. ესეც აჩვენებს, რამდენად დეზორიენტირებულია ირანის ხელისუფლება და რამდენად უჭირს საკუთარი სამხედროების გაკონტროლება. რაც შეეხება სახმელეთო ოპერაციას, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა ძნელად წარმოსადგენია სრულმასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია. უფრო მოსალოდნელია წერტილოვანი დარტყმები სანაპირო ზონებში, სადაც კონტროლის დამყარება პირდაპირ ნიშნავს ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფას... მაშინ როდესაც ირანში აშშ-ისა და ისრაელის კოალიცია სამხედრო ოპერაციებშია ჩართული, “ქართული ოცნება” ისე იქცევა, თითქოს ირანის მიმართ უფრო კეთილგანწყობილია, რაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს”, - დასძენს გიორგი მელაშვილი.

ევროპა “ოცნებას” პარტიების აკრძალვაზე ხელის აღებას სულ უფრო დაჟინებით სთხოვს

“მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში გამოქვეყნებულ ანგარიშში სხვა უამრავ რეკომენდაცია-მოწოდებებთან ერთად წერია, რომ ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიმდინარე მცდელობა პოლიტიკური პლურალიზმის არსებობას ემუქრება, “ქართულმა ოცნებამ” თავი უნდა შეიკავოს საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პროცედურების თვითნებური დაწყებისგან და უკან გაიწვიოს ამჟამინდელი განცხადებები. თავად მმართველი პარტია უარყოფს ანგარიშში მოცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს. “საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ანგარიშში მოცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს და თხოვნით მიმართავს ეუთო-ს და მის მონაწილე სახელმწიფოებს, სათანადოდ გაითვალისწინონ საქართველოს მთავრობის ვრცელ პასუხში გაჟღერებული სამართლებრივი არგუმენტები, მიღწევები და დეტალური განმარტებები”, - აღნიშნულია ხელისუფლების საპასუხო განცხადებაში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ევროპა “ოცნებას” პარტიების აკრძალვაზე ხელის აღებას სულ უფრო დაჟინებით სთხოვს - ამ ნაბიჯის პლიუსები და მინუსები.

“მთავრობისგან დამოუკიდებელი მოქმედი სუბიექტების მიმართ მტრული განწყობის ატმოსფერო კიდევ უფრო მძაფრდება პრაქტიკულად უკონტროლო ძალადობის ფაქტებით, რომლებსაც ჩადიან დაუდგენელი ვინაობის მამაკაცთა ჯგუფები, რომლებიც ხშირად საჯარო სივრცეებში დღისით და აშკარა დაუსჯელობით ესხმიან თავს ხელისუფლების კრიტიკოსებს. ამ ატმოსფეროს ჩამოყალიბებაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მთავრობასთან დაახლოებული პირების მხრიდან გამოყენებულ სასტიკ და სტიგმატიზებულ რიტორიკას. გარდა ამისა, არსებობს გარკვეული შეშფოთება სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებასთან დაკავშირებით იმ პირების შემთხვევაში, რომლებიც სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშ ექცევიან რაიმე ფორმით განსხვავებული აზრის გამო”,- ვკითხულობთ მისიის დასკვნაში. ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ “ოცნება” პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელს არ გაიწვევს, რადგან ეს მისთვის უკანდახევად ჩაითვლება და დამაზიანებელი იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პარტიების აკრძალვის სარჩელს არ გამოიტანს, რადგან საკუთარ ამომრჩეველთან მოუწევს ახსნა-განმარტება, მაშინ ეს რისთვის იყო საჭირო. ამ სარჩელს, წინ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა უძღვოდა და ხომ გაჩნდება კითხვა, ამ ყველაფრის რა საჭიროება იყო, თუკი უკან დაატრიალებენ, გამოიტანენ სარჩელს და ამ რეკომენდაციებს დაემორჩილებიან? ამიტომაც ეს “ქართული ოცნებისთვის” პოლიტიკურად და რეპუტაციულად წამგებიანი ნაბიჯი გამოვიდოდა. საქართველოსა და ევროსტრუქტურებს შორის კატა-თაგვობანას თამაში გაგრძელდება. ვიქნებით იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა ვართ, მაგრამ ვინ გამოვა გამარჯვებული, ეს უკვე ცალკე თემაა, რადგან ის რეზოლუცია, რაც ევროპარლამენტმა მიიღო, დოკუმენტი, რაც “მოსკოვის მექანიზმის” მოხსენების საფუძველზე შეიქმნა და თუნდაც იმ ვაიმარის სამკუთხედის მინისტრების განცხადება, ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიმღებებში უფრო მკაცრი სასჯელის ნიადაგი შეამზადონ და ხელისუფლების პოზიციები შეასუსტონ, რათა პროტესტის განცდა გაჩნდეს და ქუჩაში მეტი ხალხი გამოვიდეს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“ამ ყველაფერს ტალღების ეფექტი აქვს, ერთი ტალღა ჩაივლის, ხედავენ, რომ შედეგი არ მოიტანა, მეორე ტალღა წამოვა. მეორეც თუ შედეგს არ მოიტანს, მესამე მოდის და ა.შ. ეს უკვე ბრძოლაა გაძლებაზე - ვინ, როგორ და რანაირად გაუძლებს. ეს პროცესი არ გაჩერდება, ვიდრე ისინი თავისას არ მიაღწევენ. “ქართულმა ოცნებამ” ალბათ იმაზე უნდა იფიქროს, ასეთ პირობებში რა რესურსები აქვს იმისათვის, რომ ამ ზეწოლას გაუძლოს, რადგან რაღაც ეტაპზე მათ ეს დასჯის მექანიზმები ამოეწურებათ. სადამდე უნდა წავიდნენ, ომს ხომ არ დაუწყებენ საქართველოს ირანის მსგავსად? შესაბამისად, ეს პროცესი სადღაც უნდა გაჩერდეს და შემდეგ დიალოგის რეჟიმში უნდა გადავიდეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“თუ “მოსკოვის მექანიზმი” სამართლებრივ ჩარჩოში გადავიდა, “ოცნებას” ერთადერთი რაც შეუძლია გააკეთოს ისაა, რომ სასამართლოში საკუთარი არგუმენტი წარადგინოს. ამის თაობაზე გაცხადდა კიდეც, რომ ჩვენ ჩვენი არგუმენტი გვაქვს და სასამართლოში წასვლის არ გვეშინიაო. ყოველ შემთხვევაში, მათი განცხადებებიდან მე ასეთი შინაარსი გამოვიტანე. მართალია, “ოცნებამ” თავისი მმართველობის პირობებში არაერთხელ აჩვენა, რომ შეუძლია გონივრულ კომპრომისებზე წასვლა, ზოგჯერ უკანდახევა და არაპოპულარულ გადაწყვეტილების მიღებაც, მაგრამ არსებულ ვითარებაში, როცა ასე გამწვავებულია დაპირისპირება ოპოზიციასა და მის მხარდამჭერ გარე ძალებთან, “ოცნება” ალბათ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში დაიხევს უკან და ისიც მხოლოდ ცალკეულ საკითხებზე და არა ყველაზე, რასაც ეს დოკუმენტი ითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან”, - დასძენს ზაალ ანჯაფარიძე.

დავით ზურაბიშვილი - “სავარაუდოდ, ევროპა-საქართველოს ურთიერთობა 2028 წლის არჩევნებამდე მოლოდინის რეჟიმში იქნება”

“ანგარიშში საუბარია ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე, წამებასა და ჰააგის სასამართლოს შესაძლო ჩართულობაზე. “მოსკოვის მექანიზმის” ამოქმედება ნიშნავს, რომ დასავლეთი ან სერიოზულ ზეწოლას მოახდენს ხელისუფლებაზე, რაც ქვეყანაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს, ან საბოლოოდ აიღებს ხელს ამ რეგიონზე. მეორე ვარიანტი, პრაქტიკულად, რუსეთისთვის ჩვენს ჩაბარებას ნიშნავს, რაც ევროკავშირისთვის, რომლისთვისაც რუსეთი ნომერი პირველი საფრთხეა, წარმოუდგენელი დათმობა იქნება. ამერიკის ყურადღება სხვა რეგიონებზეა გადატანილი, რაც საქართველოს გარკვეულწილად უყურადღებოდ ტოვებს. სამაგიეროდ, ევროკავშირი ძალიან გააქტიურებულია. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების რეაქცია საფრთხეებზე არაადეკვატურია და პროპაგანდის ჭრილშია გადატანილი. მმართველი გუნდი ცდილობს მომხრეები დაარწმუნოს, რომ “მოსკოვის მექანიზმი” უმნიშვნელოა და დასავლეთი ოჯახური ღირებულებების შელახვასა და კანონების გაუქმებას გვთხოვს. სინამდვილეში მოთხოვნები ეხება ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც ირანზე უფრო მკაცრია”, - აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “სავარაუდოდ, ევროპა-საქართველოს ურთიერთობა 2028 წლის არჩევნებამდე მოლოდინის რეჟიმში იქნება”.

“მმართველობის სტრუქტურა ჩიხშია შესული, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია ერთ პირზე, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობების არაფერი ესმის და სახელმწიფო მართვაში რუსული ოლიგარქიული მეთოდები გადმოაქვს. მისი გარემოცვა კი, რომელსაც დამოუკიდებელი პოლიტიკური წონა არ გააჩნია, სრულად მასზეა დამოკიდებული. ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია. დასავლეთი პირდაპირ მოგვიწოდებს რიტორიკის შეცვლისკენ. საერთაშორისო პარტნიორებსა და ელჩებს ისე ელაპარაკებიან, როგორც ბოროტმოქმედებს, რაც პირად შეურაცხყოფაშია გადასული. ოპოზიციის ქმედებებიც არაკვალიფიციურია, თუმცა ხელისუფლების არაადეკვატურობა მათ შეცდომებს ბევრად აღემატება. ხელისუფლების ლეგიტიმაცია დამოკიდებულია არა ოპოზიციასთან ვაჭრობაზე, არამედ იმაზე, თუ რამდენად შემობრუნდება ის დემოკრატიისკენ. საჭიროა კომპრომისები, კანონების შეცვლა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება”, - აღნიშნავს გამოცემიდ კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

“დღეს ოპოზიციური ჯგუფების ერთობა ძალიან რთული წარმოსადგენია, რადგან მათ შორის ურთიერთობები უკიდურესად გაფუჭებულია. ამ ჯგუფების უმრავლესობას ერთი რამ აერთიანებს - ისინი “ნაცმოძრაობიდან” არიან წამოსული. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ზოგიერთი მათგანი თავს “ნაცად” აღარ მიიჩნევს, ეს იარლიყი მაინც რჩება. თუმცა მთავარი პრობლემა იარლიყები კი არა, პოლიტიკური პროცესისადმი მათი დამოკიდებულებაა. ოპოზიციური ერთობა ორიენტირებულია მხოლოდ ხელისუფლების ჩამოშლაზე და არ ასხივებს კონსტრუქციულობას. დასავლეთში სერიოზული აღქმისთვის აუცილებელია, რომ ოპოზიცია მზად იყოს კომპრომისული დიალოგისთვის, ნაცვლად ულტიმატუმებისა, ჯერ დაგვემორჩილეთ და მერე დავილაპარაკოთო. გარდა ამისა, ოპოზიცია ყოველთვის მზად უნდა იყოს არჩევნებისთვის, მაშინაც კი, თუ საარჩევნო გარემო იდეალური არ არის. ეს ერთადერთი გზაა დასავლეთის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ამასთან, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ლიდერის პერსონას, რომელიც ოპოზიციის გამაერთიანებელი იქნება. სამწუხაროდ, ჩვენთან ასეთი ფიგურა არ არსებობს. სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ამის შანსი, მაგრამ ვერ გამოიყენა”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“სავარაუდოდ, ევროპა-საქართველოს ურთიერთობა 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მოლოდინის რეჟიმში იქნება. ბიძინა ივანიშვილი რიგგარეშე არჩევნებზე არ წავა. მისთვის ეს ზედმეტი ხარჯი და რისკია, მით უმეტეს, როცა მთელი პარლამენტი მისია. ის დარწმუნებულია, რომ ხალხი კი არ ებრძვის, არამედ საიდუმლო ძალები, რასაც მისი გარემოცვაც უდასტურებს. შესაბამისად, მკვეთრი ნაბიჯები მხოლოდ 2028 წელსაა მოსალოდნელი, როცა გამოჩნდება, რამდენად მყარად დგას ხელისუფლება და რამდენად მზად არის ოპოზიცია საბრძოლველად. ვფიქრობ, ამ დროისთვის პოლიტიკურ არენაზე ახალ “მზეჭაბუკებსაც” გამოაჩენენ. მგონი, ამის ერთი-ორი პრეტენდენტი უკვე ჩანს. ერთი, ჯერჯერობით ხმას არ იღებს, მაგრამ ამოიღებს. თუ არ ამოიღებს, ამოაღებინებენ, მაგრამ ჯერ კონკრეტულად ამაზე ლაპარაკი არ ღირს, დაველოდოთ და ვნახოთ”, - დასძენს დავით ზურაბიშვილი.

დაარტყამს თუ არა ირანი უკრაინას - ორი დიდი კონფლიქტი შეიძლება ერთ გლობალურ ომად იქცეს?!

“ახლო აღმოსავლეთში ირანის დაპირისპირება აშშ-ისრაელთან და უკრაინა-რუსეთის ომი შესაძლოა ერთმანეთთან გადაიკვეთოს. ირანში მიიჩნევენ, რომ უკრაინა მათ წინააღმდეგ ომში ჩაერთო და შესაბამისად, უკრაინის ტერიტორია ირანის “ლეგიტიმურ სამიზნედ” იქცა. თუმცა, ანალიტიკოსები ასეთ სცენარს ამ ეტაპზე ნაკლებად რეალურად მიიჩნევენ. თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ ამჟამად ირანს არ აქვს იმის რესურსი, რომ ღიად ჩაერთოს უკრაინის ომში რუსეთის მხარეს და არც უკრაინას შეუძლია საბრძოლო მოქმედებების დაწყება ირანის წინააღმდეგ. 14 მარტს ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა იბრაჰიმ აზიზიმ განაცხადა რომ უკრაინა ამიერიდან მათთვის “კანონიერ სამიზნედ იქცა”. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ეს განცხადება პირდაპირ მუქარად აღიქმება, უწყებაში აღნიშნავენ, რომ ირანის მმართველებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა როგორც ირანელი ხალხის, ისე სხვა ქვეყნებისა და ერების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით დაარტყამს თუ არა ირანი უკრაინას - პარალელურად მიმდინარე ორი დიდი კონფლიქტი შეიძლება ერთ გლობალურ ომად იქცეს.

“აბსურდულია, როცა ამ რეჟიმის ზოგიერთი წარმომადგენელი ემუქრება უკრაინას და, ამავდროულად, საუბრობს თავდაცვის უფლებაზე, რომელიც გაწერილია გაერო-ს ორგანიზაციის წესდების 51-ე მუხლში. ეს იგივეა, რომ სერიული მკვლელი ამართლებდეს თავის დანაშაულებს სისხლის სამართლის კოდექსზე დაყრდნობით", - განაცხადა უკრაინის: საგარეო უწყების პრესსპიკერმა გეორგი ტიხიმ. მანამდე უკრაინამ აშშ-სა და მისი მოკავშირეებისთვის დახმარების მზადყოფნა გამოთქვა ირანულ დრონებთან ბრძოლაში. ამას მოგვიანებით პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ “ზელენსკი ბოლო ადამიანია, ვისგანაც დახმარება ვაშინგტონს სჭირდება”. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ირანი უკრაინა-რუსეთის ომის დაწყებისთანავე მოსკოვს სამხედრო დახმარებას უწევს. 15 მარტს კი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ირანს “შაჰედის” ტიპის დრონები გადასცა, რომლებიც თეირანმა უკვე გამოიყენა ამერიკულ ბაზებსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე თავდასხმებისთვის. თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ კიევის გადაწყვეტილებები აშშ-ს შეძლებისდაგვარად დაეხმაროს მოულოდნელი არაა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მოულოდნელი არაა, თუ კიევმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის მხარდამჭერ განცხადებებთან და იმასთან დაკავშირებით, რომ ექსპერტები მიავლინოს, რათა დაეხმარონ დრონების სინააღმდეგ ბრძოლაში გამომდინარე იქიდან, რომ მათ ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვთ. ირანს უკრაინა წლების განმავლობაში სთხოვდა, რომ “შაჰედები” არ მიეწოდებინა მოსკოვისთვის, მაგრამ ამას მაინც აკეთებდა. უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლა ყურადღება არ გაიფანტოს, ისედაც საერთაშორისო ფოკუსმა სპარსეთის ყურის ქვეყნებზე გადაინაცვლა და ახლა გარკვეული შიშის საფუძველი აქვს, რომ თუ ეს ომი დიდხანს გაგრძელდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს დასავლური იარაღის უკრაინისთვის მიწოდების შემცირება. უკრაინისთვის ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის კონფლიქტია და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, მისთვის შეიძლება ცუდად იმოქმედოს შეიარაღების მიწოდების კუთხით. არ მგონია უკრაინა ირანის წინააღმდეგ ომში ღიად ჩაერთოს ამერიკის მხარეს, ამის რესურსები ახლა მას არ აქვს. ესაა ქვეყანა, რომელიც ამ წამს საკუთარი გადარჩენისთვის იბრძვის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“არც ირანის მხრიდან მგონია, რომ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ღიად ჩაერთოს. არ მგონია ახლა ირანს ამის თავი ჰქონდეს, რომ რეგიონალური ომი გააჩაღონ. მით უმეტეს, რომ რუსეთმა მას ისეთი დახმარება ვერ აღმოუჩინა, როგორსაც ელოდა. რამდენიმე წლის წინ სტრატეგიული შეთანხმება გააფორმეს, მაგრამ ვერ შესრულდა, რუსეთი უკვე თვითონაა შეზღუდული უკრაინის ომით და აღარ შეუძლია, გარდა ამ სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებისა”, - დასძენს კაკაჩია და შეკითხვაზე - “თუ უკრაინამ და ირანმა ცალკე კონფლიქტი წამოიწყეს, რამდენად შეიძლება ეს გადაიზარდოს მესამე მსოფლიო ომში”, - პასუხობს:

“ეს ომი თუ გაგრძელდა, გარკვეული რისკები არსებობს. განსაკუთრებით თუ ამას სახმელეთო ოპერაციები დაერთო, ამერიკა შეიძლება აღმოჩნდეს ჩათრეული უფრო დიდ ომში, როგორიც ვიეტნამისა და ერაყის ომები იყო. სცენარები ძალიან ბევრია, უბრალოდ ამ ეტაპზე გაურკვეველია დაიდოს რაღაც კონკრეტული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ამ გაურკვევლობას თვითონ აშშ-ც უწყობს ხელს, შესაძლოა ეს სპეციალურადაცაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს მისი მიზნები ცნობილი არაა”.

გიორგი კობერიძე - “ირანის რეჟიმის ჩამოშლა მხოლოდ დაბომბვით შეუძლებელია”

“ირანი იმართება იდეოლოგიური სტრუქტურით, რომელსაც “ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი” ჰქვია. IRGC 200 ათას სამხედროს ითვლის. მათ უკავიათ თითქმის ყველა საკვანძო სამხედრო და პოლიტიკური თანამდებობა როგორც ჯარში, ასევე იმ შეიარაღებულ სტრუქტურაში, რომელიც ირანის “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა” და მას დაქვემდებარებულ ბასიჯთა დანაყოფებშია. ბასიჯთა დანაყოფების ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ რეგისტრირებულთა რიცხვი დაახლოებით 10 მილიონია, ხოლო აქტიური პერსონალი დაახლოებით 3 მილიონი ჰყავს. თუკი ჩვენ ვლაპარაკობთ რეჟიმის ცვლილებაზე, რეჟიმი არ არის მხოლოდ აიათოლა ხომეინი, ხამენეი ან მისი შვილი ხამენეი, რეჟიმი არის მრავალათასიანი რადიკალური სტრუქტურა, რომელსაც აქვს ძალაუფლება, რომელიც იდეოლოგიურად მოძრავია და მათი მოტივატორი, ბასიჯებისგან განსხვავებით, არ არის ფინანსები. ბასიჯების უმრავლესობას უფრო მეტად ფინანსური ინტერესები ამოძრავებს. ამიტომ რეჟიმის ჩამოშლა მხოლოდ დაბომბვით შეუძლებელია”, - აცხადებს ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “ირანის რეჟიმის ჩამოშლა მხოლოდ დაბომბვით შეუძლებელია”.

“დაბომბვა ეფექტური საშუალებაა, თუკი გაქვს საზღვაო და საჰაერო დომინაცია. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ტიპის შეტევითი სახმელეთო ოპერაციის გამარჯვება გარანტირებულია. აშშ-მა ჩრდილოეთი ვიეტნამი თითქმის მიწასთან გაასწორა, იქ უფრო მეტი ბომბი ჩაყარეს, ვიდრე მეორე მსოფლიო ომში, მაგრამ აშშ-ს არ ჰქონდა იმის პოლიტიკური ნება, რომ ჩრდილოეთი ვიეტნამი მთლიანად დაემორჩილებინა სახმელეთო ოპერაციით, გაეღო მსხვერპლი და მიეღო შედეგი. ამიტომაც არ იმოქმედა იქაც მხოლოდ საჰაერო იერიშებმა. საჰაერო და საზღვაო დომინაცია არის საშუალება და არა შედეგი, შედეგი იქნება “გუშაგთა კორპუსის” განადგურება აჯანყებულების ხელით, მოსახლეობა ან ჯარის ნაწილები უნდა აჯანყდნენ... მესამე ვარიანტია დისიდენტებისგან შეიკრას ჯარი, გადასხან ადგილზე და უმცირესობები ააჯანყონ. ამის შემდგომ, თუკი რეჟიმი გადარჩება (შეიძლება ამის შემდგომ რეჟიმი ვერ გადარჩეს იმიტომ, რომ როცა ომი დამთავრდება, ისეთი ეკონომიკური კოლაფსი იქნება, კრიზისი­ შეიქმნება და შეიძლება თავისთავად ჩამოიშალოს), ამ დეგრადირებას გამოასწორებს, თავის უნარებს და შესაძლებლობებს აღიდგენს, ბირთვულ იარაღზე დაიწყებს მუშაობას და, ალბათ, ბოლოში გაიყვანს კიდეც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

“ამიტომაცაა ახლა გარდამტეხი მომენტი, რომ აშშ-მა შეიძლება მართლაც სცადოს საჰაერო­დარტყმებით წარმატების მოპოვება, მაგრამ თუკი IRGC არ განადგურდა, ეს იქნება ლიმიტირებული შედეგის მომტანი. მისი განადგურების ერთი მეთოდია არა ბაზების დაბომბვა, არამედ იმ საველე პოლიციური დაწესებულებების დაბომბვა, რომლებშიც თავმოყრილები არიან გუშაგთა კორპუსის წევრები. აშშ და ისრაელი ახლა გადავიდნენ კონკრეტული ცოცხალი ძალის განადგურებაზე და ეს დამაიმედებელია, შეიძლება ისინი მართლაც სერიოზულად უდგებიან IRGC-ს მაქსიმალურად გამოხშირვას. შესაძლოა რეჟიმის ჩამოშლა ამანაც არ მოიტანოს, მაგრამ თუ სახმელეთო ოპერაციები დაიწყება, გუშაგები ძალიან დასუსტდებიან. ვფიქრობ, არასწორად გვქონდა წარმოდგენილი, რომ აიათოლას რეჟიმი ერთკაციანია, რეალურად, იდეოლოგიურ ფანატიკოსებს უჭირავთ ხელში ჯარი და მართვის სისტემა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“შესაბამისად, მათი განადგურების გარეშე ერთი ლიდერის მოშორება არაფერს ცვლის. ეს სტრუქტურაში დემორალიზებას იწვევს, მაგრამ არ ნიშნავს რეჟიმის კოლაფსს. ისიც არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ შიდაარეულობა იქნება - განხეთქილებაა “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა” და ჯარს შორის (გუშაგები საყვედურობენ ჯარს, თქვენგან განსხვავებით ჩვენ ძალიან დიდი მსხვერპლი გვაქვსო). არც მეორე აიათოლა ყოფილა მაინცდამაინც მისასალმებელი ფიგურა, რადგან სხვებსაც ჰქონდათ სურვილი ყოფილიყვნენ სულიერი ლიდერები. მოჯთაბა ხამენეი არ არის ისეთი ცნობილი სულიერი და რელიგიური ფიგურა, როგორიც სხვები... ირანისთვის მთავარი არა უსაფრთხოების სისტემა, არამედ გუშაგთა კორპუსია, რომლის იდეოლოგიურად მამოძრავებელი შეიარაღებული ადამიანები არიან, ისინი აკონტროლებენ ყველაფერს. ეს არა ვერტიკალური, არამედ ჰორიზონტალური, შეიარაღებული ფანატიკოსების სისტემაა, ამიტომაც `გუშაგთა კორპუსის~ განადგურების გარეშე, რეჟიმის განადგურება წარმოუდგენელია. ეს თავად იდეოლოგიური სისტემაა (არა ერთეული ადამიანი), რომელიც აკონტროლებს ყველაფერს სახელმწიფოში”, - განმარტავს ანალიტიკოსი.

“ავტორიტარული რეჟიმები სრულდება მაშინ, როდესაც 1. ეკონომიკური კოლაფსი აქვთ და ამ კოლაფსს მოსდევს სახალხო აჯანყება; 2. გარე შემოჭრა, რამაც როგორც ლიბიაში ან ერაყში დაასრულა რეჟიმი; 3. სამხედრო გადატრიალებამ შეიძლება დროებით ჩაანაცვლოს ერთი რეჟიმი მეორით, სანამ ეს რეჟიმი არ დაიწყებს დემოკრატიზაციას. რეჟიმი დაბომბვებით არ იშლება, დაბომბვას შეიძლება მოჰყვეს კატასტროფული ეკონომიკური მდგომარეობა, რამაც შესაძლოა მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვიოს არა მარტო მოსახლეობაში, მათ შორის ბასიჯებშიც - მათ თუ ხელფასს ვერ გადაუხდი, ჯარი თუ ფულს ვერ აიღებს, პოლიცია ხალხს თუ აღარ დაარბევს, 200 ათასი კაცი 91-მილიონიან ქვეყანას ვეღარ გააკონტროლებს. ამიტომაც რეჟიმს მოუწევს გახსნა, კოლაბორაციაში ჩაბმა, ან რეჟიმი დაემხობა. შესაძლოა მივიღოთ საპირისპირო ამბავიც. ჰიპოთეზურად ვთქვათ - თუ ომი დღესვე დამთავრდა, მომდევნო 1-2 წელიწადი ირანში იქნება ეკონომიკური და ეკოლოგიური კატასტროფული მდგომარეობა (ისედაც უმძიმესი იყო და ომი უფრო დაამძიმებს). ამასთან, იქნება რეპრესიები, წმენდა, შიდა დაპირისპირებები. რეჟიმმა ამ კრიტიკულ 1 და 2 წელიწადს თუ გაუძლო, მერე მისი ჩამოშლა გართულდება, რადგან, დიდი ალბათობით, შექმნიან ბირთვულ იარაღს და ირანს ჩინეთი დაიახლოებს”, - დასძენს გიორგი კობერიძე.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა