თეონა აქუბარდია - ირაკლი კობახიძე აყენებს პირობას, რომ თუ „ქართულ ოცნებას“ არ აღიარებენ, არც არავის დაუჯდება სალაპარაკოდ - საინტერესოა, აპირებს თუ არა, „ლელო“ კობახიძის პრემიერ-მინისტრად აღიარებას?

გამიჭირდება გითხრათ, რომ „ლელოს“ განცხადებიდან კონკრეტულად დავინახე რეალური გზა, გარდა სურვილისა, რომ ერთიანი ევროპული ქვეყანა გვქონდეს. ეს მეც მინდა, მაგრამ ამას სჭირდება შრომა და წინაპირობები - დიალოგი აუცილებლად მოხდება, თუმცა იქამდე „ქართულ ოცნებას“ მოუწევს პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ეუთოს რეკომენდაციების შესრულება - არ მგონია, რომ დღეს ეს შესაძლებელი იყოს, მით უფრო უპირობოდ, - ასე აფასებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თეონა აქუბარდია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმში“ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ განცხადებას ხელისუფლებასთან პოლიტიკური დიალოგის დაწყების მზაობის შესახებ.

აქუბარდიას თქმით, საინტერესოა, რა პოზიცია აქვს „ლელოს“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „ოპოზიციამ ჯერ აღიაროს ლეგიტიმაცია და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების იურისდიქცია საქართველოს ტერიტორიაზე, მერე კი ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი“. პოლიტიკოსის შეფასებით, საინტერესოა, აპირებს თუ არა, „ლელო“ კობახიძის აღიარებას პრემიერ-მინისტრად და შესაბამისად, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას.

„სურვილი ნამდვილად კეთილშობილურია, რომ ქვეყანაში განიმუხტოს კრიზისი და დაბრუნდეს დემოკრატიის რელსებზე, თუმცა ვფიქრობ, არარეალისტური და გეტყვით რატომ. ალბათ, გახსოვთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი წინა კვირას. ასევე, მისი განცხადება დიალოგთან დაკავშირებით, ისევე როგორც მისი მოსაზრება, რომ პოლიტპატიმრებიდან, ვინც [სასჯელის] ნახევარი მოიხადა, გათავისუფლდნენ. მან ასევე, დაადასტურა, რომ პოლიტიკის ირგვლივ გამოსვლებიდან გამომდინარე დაკავებულები არიან ადამიანები. ამ შემთხვევაში შესაძლებელი იყო დიალოგის დაწყება. მით უფრო მაშინ, როდესაც ასევე, მზია ამაღლობელის მონახულებაზე გააკეთა განცხადება „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერთან და კატეგორიული უარი მიიღო. შესაბამისად, ერთი მხრივ, ვნახეთ წინა ისტორია და მეორე მხრივ, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ თუ მას არ აღიარებენ, არც არავის დაელაპარაკება. ერთიანი, ევროპული და დემოკრატიული საქართველო მეც მინდა, მაგრამ ამას სჭირდება შრომა და წინაპირობები. ამ ეტაპზე მე წინაპირობებს ვერ ვხედავ, მაშინ როდესაც ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ შესრულებასთან დაკავშირებით პოზიცია არის აუცილებელი და არა მხოლოდ პოზიცია, არამედ მისი შესრულებაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ პერსონალურად კიდევ უფრო მძიმე დღეში იქნება, ისევე როგორც მისი უზენაესი ლიდერი, ივანიშვილი ჰააგის განსასჯელის სკამზე იქნება. ამას ჩვენ ვხედავთ.

სიმართლე გითხრათ, ვისურვებდი, რომ გარკვეულწილად, თეორიულად უფრო მკაფიოდ ჩანდეს ამ დიალოგის შესაძლებლობა. თუ პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებს „ქართული ოცნება“, თუ იტყოდა, რომ ეუთოს მექანიზმებს ასრულებს… ამას, ერთი მხრივ, „ქართული ოცნება“ არ გააკეთებს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ არ გააკეთებს.

თავისუფალი სამართლიანი არჩევნებისთვის წინაპირობები უნდა იყოს. „მოსკოვის მექანიზმის“ 46 რეკომენდაცია არჩევნებით იწყება. ამისთვის ყველა კანონი უნდა შეიცვალოს, რათა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესაძლებლობა გაჩნდეს ქვეყანაში. ვისურვებდი, ურთიერთგაყოფილი პოზიციით არ იყოს პოზიციონირება და იყოს გარკვეულწილად, შეთანხმებული, რასაც ადგილი არ ჰქონდა. მეც გამიჭირდება გითხრათ, რომ კონკრეტულად დავინახე ამ განცხადებიდან რეალური ან რეალისტური გზა, გარდა სურვილისა, რომ ერთიანი, ევროპული ქვეყანა გვქონდეს. დიალოგი აუცილებლად მოხდება, თუმცა იქამდე „ქართულ ოცნებას“ მოუწევს პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ასევე, მათ შორის, იმ რეკომენდაციების შესრულება ეუთოს მხრიდან, რაც ქვეყანას დემოკრატიის რელსებზე დაბრუნებისა და თავისუფალი არჩევნების წინაპირობას შეუქმნის. ეს აუცილებლად გარდაუვალია, თუმცა არ მგონია, რომ დღეს, ამ ვითარებაში, ეს შესაძლებელი იყოს, მით უფრო უპირობოდ. ვხედავთ, რომ იქითა მხარე კობახიძე პირობას აყენებს, რომ თუ არ აღიარებენ, არც არავის დაუჯდება სალაპარაკოდ. საინტერესო იქნება „ლელოს“ პოზიცია, რას აპირებენ ამ წინაპირობაზე. აპირებენ კობახიძის აღიარებას პრემიერად და შემდგომ დაჯდომას მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ მის გარეშე. ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გააჩინა ამ განცხადებამ, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ პოლიტიკური დიალოგის გარეშე კრიზისიდან გამოსვლა ვერ მოხდება. ფაქტია, „ოცნებამ“ უნდა დაინახოს, რომ მის ქმედებებს შესაბამისი პასუხები მოჰყვება არამხოლოდ ქართველი ხალხისგან, არამედ საერთაშორისო საზოგადოებიდან, იქნება ეს ჰააგის სასამართლო, სტრასბურგის, გაეროსი თუ პერსონალური სანქციები. ეს ყველაფერი გარდაუვალია და მათ მოუწევთ გარკვეულ დათმობებზე წასვლა. დღეს, როგორც ვხედავთ, ისინი მზად არ არიან ამ დათმობებისთვის. არარეალური მგონია ეს ყველაფერი და უფრო გამყოფი ოპოზიციურ ველში“,- განაცხადა აქუბარდიამ.

გარდა ამისა, პოლიტიკოსმა ისაუბრა ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზეც. აქუბარდიას თქმით, განცხადებები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში ეუთოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტამდე იყო დაწერილი, „ტყუილია“.

„მოსკოვის მექანიზმი“ დროში არის ძალიან სწრაფი. როდესაც მოხდება მისი ამოქმედება და ექსპერტს შეარჩევენ, შემდგომ არის ძალიან მოკლე ვადა, რათა ეს ანგარიში დროულად გამოქვეყნდეს და ზომები იქნას გატარებული ადამიანის უფლებების დასაცავად. საქართველო ეუთოს წევრია და მას ვალდებულება აქვს აღებული, რომ დაიცვას ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ქვეყანაში. თუ თქვენ ნახავთ პრაქტიკას ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“, მათ შორის რუსეთზე და ლუკაშენკოსთან დაკავშირებით, ანალოგიური ვადები იყო დაცული. საბოლოოდ, ლუკაშენკო ჰააგის კართან არის მისული, რადგან გამოძიება დაწყებულია. კიდევ უფრო მარტივი იქნება საქართველოსთან დაკავშირებით ამის გაკეთება, ვიდრე ეს იყო ლუკაშენკოს შემთხვევაში. ის, რომ წინასწარ დაწერეს და შემდეგ ჩამოვიდნენ, ეს არის ტყუილი. ამ ანგარიშში მკაფიოდ არის მთელი ის პოზიცია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მიაწოდა. ისინი ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ ერთი მხრივ, „დიპ სტეიტს“ და „გლობალურ ომის პარტიას“ დაუკავშირონ ეს ანგარიში და მეორე მხრივ, წარმოაჩინონ მტრად ის ექსპერტი, რომელიც არის ნახსენები. ეუთოს „მოსკოვის მექანიზმში“ არასამთავრობო ორგანიზაციების წინასწარი ანგარიშებია, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ქვეყნდებოდა. ეს ყველაფერი გადაცემული იყო ექსპერტისთვის. შეხვედრები, რაც ორ დღეში ჩაატარა, ესეც ასახულია. არ ვიცი, თუ მაინც და მაინც, თუ იმას გულისხმობდა „ქართული ოცნება“ საქართველოში ექსპერტის ექსკურსიებს რა ვადა დასჭირდებოდა.. ამას რომ ანგარიშობენ, გაუგებარია. ორი დღე და შეხვედრების სრული გრაფიკი, რომელიც მას ჰქონდა, ვფიქრობ, რომ იყო ადეკვატურად ასახული ამ ანგარიშში. მათი ეს უსუსური განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ისინი ხალხის მოტყუებას ცდილობენ პროპაგანდის გზით, რათა თავი დაიცვან საკუთარი ხალხის რისხვისგან. რეალურად, „ქართული ოცნება“ ძალიან სუსტ პოზიციაშია, განაჩენია ეს ანგარიში“,- განაცხადა აქუბარდიამ.

მისივე თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ის ისურვებდა, რომ „ბიძინა ივანიშვილს ქვეყნისთვის კომპრომისი ახლა მაინც მოეხდინა და ეუთოს რეკომენდაციები შეესრულებინა“.

„14 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ტაქტიკა, მეტ ნაკლებად, ყველასთვის ცნობილია. ის ყოველთვის ტაქტიკურად ცდილობს თავის გადარჩენას, ტაქტიკურ უკან დახევას და შემდგომ იერიშს. ახლაც იმავეს იზამს. ლუკაშენკოს შემთხვევაში მან დაინახა და შეეშინდა. ყველა აღიარებს, რომ არც ირაკლი კობახიძე და არც ვინმე სხვა, არავინ არ არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი. ის, რომ დეოლიგარქიზაცია რეკომენდაციად გვქონდა ევროკავშირისგან, ესეც ამას მოწმობს. ივანიშვილს პირდაპირ აქვს ჰააგის საფრთხე. შესაბამისად, ის ტაქტიკურად დროის გაყვანას ეცდება, ამასთან, პატარა ბარტყების რაოდენობის გადაგდებას, თუმცა სრულად შესრულებას არა. ვნახეთ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ წამებაზე, რომელიც ვნახეთ თბილისის ქუჩებში, ამაზე არ იქნება გამოძიება. ისინი ახლა ტაქტიკურ ქმედებას ეცდებიან, ისევ და ისევ, ტაქტიკური უკან დახევით, კიდევ უფრო მეტი უპირატესობის მისაღებად. ეს არის და ეს. რესურსი უნდა ჰქონდეს ივანიშვილს. ვისურვებდი, რომ ივანიშვილს ქვეყნისთვის კომპრომისი ახლა მაინც მოეხდინა და შეესრულებინა ეს რეკომენდაციები. როგორც ჩანს, მისი შეთქმულების თეორიები და რუსეთზე დამოკიდებულება მას ამის საშუალებას არ მისცემს“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ამასთან, აქუბარდიამ ისაუბრა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზეც, სადაც მათ შორის, საქართველოს საკითხიც უნდა განიხილონ. პოლიტიკოსი „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას უკავშირებს დღევანდელ მინისტერიალზე საქართველოს დღის წესრიგში შეყვანას, მით უფრო გერმანიისა და საფრანგეთის ინიციირებული იყო საქართველოს საკითხის შეყვანა“.

„კრიტიკულ განცხადებებთან ერთად, საკმაოდ მნიშვნელოვანი გაფრთხილება იქნება ივანიშვილის რეჟიმისადმი. ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი“ საბოლოოდ, არის დიაგნოზი, რომ ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაა. ასევე იმის, რომ ქვეყანაში არიან პასუხისმგებელი პირები ადამიანების წამებაზე. ამ დიაგნოზის შემდგომ ან შეთავაზებულია წამალი, რომ ქვეყანა გადარჩეს, ან არის მძიმე სანქციები, როგორც პერსონალური, ფინანსური, ასევე სასამართლოები - ჰააგა და სტრასბურგი. არჩევანი ორია - ერთ შემთხვევაში, „ქვეყნის მკურნალობა“ და მისი დაბრუნება დემოკრატიულ რელსებზე და მეორე, უკვე სასჯელი. ივანიშვილმა თავად უნდა აირჩიოს სასჯელსა და მკურნალობას შორის რა ურჩევნია. არ ვფიქრობ, რომ მას დარჩა რესურსი, რომ მიხვდეს მკურნალობა და ქვეყნის დაბრუნება დემოკრატიის რელსებზე მისთვისაც და მისი გუნდისთვისაც უკეთესია, ვიდრე ის სახელი, რომელიც აუცილებლად წამოვა. არ სჭირდება ამას დიდი დრო. ვხედავთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება ასეთი შეთანხმებული საქართველოში არსებულ დიაგნოზთან დაკავშირებით ჯერ არ ყოფილა. ამიტომ არის ეს ძალიან მძიმე მოცემულობა და ივანიშვილი ის ძალა, რომელსაც საკუთარი ქვეყნისთვის კომპრომისი აღარ შეუძლია“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა