სამაგიეროდ, ბევრი სალაპარაკო გექნებათ ჰააგის ტრიბუნალთან, - ასე ეხმაურება “ლელო საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის იმ განცხადებას, სადაც ის „ლელოს“ მიერ დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით შეთავაზებას პასუხობს და ამბობს, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ლელოს“ ერთმანეთთან სალაპარაკო არ აქვთ.
როგორც სამადაშვილი განმარტავს, მათ ხელისუფლების მხრიდან რაციონალური გამოხმაურების იმედი არც ჰქონდათ.
„სამაგიეროდ ბევრი სალაპარაკო გექნებათ ჰააგის ტრიბუნალთან. თუ დაამოკლებთ გზას ტრიბუნალისკენ, მხოლოდ მივესალმები. „ლელომ“ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რა არის გამოსავალი უმძიმეს კრიზისში შესული ქვეყნისთვის - პატიმრების გათავისუფლება, რეპრესიული კანონების გაუქმება და ახალი სამართლიანი არჩევნები.
მოლოდინი არავის ჰქონდა, ცხადია, რომ რაიმე რაციონალური გამოხმაურება ექნებოდა ამაზე რეჟიმს. ისტერიკა რამ გამოიწვია, არ ვიცი... ყველა ისტერიკა ყოველთვის ერთი შედეგით კი სრულდება - მისი მომწყობის უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნით... ვინც ფიქრობს, რომ ივანიშვილი დღეს „მიშელის შეთანხმების“ მსგავს გამოსავალს ეძებს, მგონია, რომ სამწუხაროდ, აცდენილია რეალობას”, - განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, „ლელო - ძლიერმა საქართველომ“ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმად, აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირება და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის.
„ლელოს“ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ „ლელოს“ „ქართულ ოცნებასთან“ და „ქართულ ოცნებას“ „ლელოსთან“ სალაპარაკო არ აქვს. მისივე თქმით, „ისინი უნდა ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეებია“.