„მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, ეს არის ისტორიული განაჩენის ტოლფასი მოვლენა, - ამის შესახებ „ჭავჭავაძის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზაზა ბიბილაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
ზაზა ბიბილაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელიდან დასავლეთის მიმართულება მკვდარია.
„ამ დასკვნის ნახევარი „ოცნების“ ნარატივზეა. [ანგარიში] 200 გვერდამდეა და პრაქტიკულად, ნახევარი არის ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ილაპარაკა. „ოცნებაში“ შეაფასეს და დაასკვნეს, რომ არაფერი არ არის გასათვალისწინებელი. დღეს ირაკლი კობახიძის გენერალური პასუხი რაც იყო, ვიტყოდი, რომ რამდენიმე ადგილას კომიკური იყო. პირველ დღეებში შეამზადეს საზოგადოება, ჩვენ არა თუ ჰააგის არ გვეშინიაო, არამედ ჰააგაში იქით მოვუწყობთ დასავლეთს სასამართლოსო. ეს ძალიან რუსული გზავნილია და საბჭოთა „ვაიბები“ წამოიღო. თურმე ესენი ჰააგაში იქით უწყობენ ვიღაცას სასამართლოს.
კობახიძის დღევანდელი განცხადება კომიკური იყო რამდენიმე რამით. საბავშვო ბაღის დონეა, როდესაც ადამიანი, რომელსაც პრემიერი ჰქვია, იძახის, რომ ვინც ჩვენ გვაბრალებს წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, ცემას, მისიკვდილებას, იმათ ინტერესი ჰქონდათ ჩვენს წინააღმდეგ და ეს არ გაითვალისწინესო. ასობით შემთხვევაა დოკუმენტირებული ჟურნალისტებისა და გამვლელების მიერ, რომლებიც პირდაპირ იღებდნენ რა ხდებოდა. ათობით შემთხვევაა, როდესაც ადამიანებს კამერების წინ უტრიალებდნენ სახეს, სახის ძვლებს უმტვრევდნენ და ამაზე თქვეს, მეტი რა უნდათ ჩვენგან, ხომ დავგმეთ ძალადობაო. ეს არის რუსული ცინიზმის უმაღლესი სტადია“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.