კავკასიის მედიცინის ცენტრში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად, მიხეილ ყაველაშვილი მივიდა.
"როგორც საზოგადოებამ იცის, ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. რთული მდგომარეობაა, მაგრამ ინტენსიური მკურნალობა მიდის. იმედი უნდა ვიქონიოთ ყველამ, ვილოცოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს, პატრიარქი ისევ გამოჯანმრთელდეს და დაგვიბრუნდეს", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ასევე, ადგილზე იმყოფება ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე.
ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასევე გაეცნო კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე და სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი.
პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა, დილიდან კლინიკაში იმყოფებიან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ასევე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და სხვა სასულიერო პირები.