შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ევროპის დამფუძნებელი ნაწილი ვართ - ის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი არ არის, არ ნიშნავს, რომ საქართველო ევროპა არ არის ან ვინმეზე ნაკლები ევროპაა

ჩვენ ევროპის დამფუძნებელი ნაწილი ვართ - ის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი არ არის, არ ნიშნავს, რომ საქართველო ევროპა არ არის ან ვინმეზე ნაკლები ევროპაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის წევრობა არავის უნდა აძლევდეს უფლებას, მენტორული ტონით ესაუბროს ქართველ ხალხს და ქედმაღლურად უკარნახოს, როგორი უნდა იყოს მისი არჩევანი.

„ბოლო ერთმა წელიწადმა ფუნდამენტური კორექტივები შეიტანა საერთაშორისო პოლიტიკაში. სახელმწიფოთა პოლიტიკაში ეროვნული ინტერესების წინ წამოწევის კვალდაკვალ, დღეს უკვე ნათელია, რომ აღარ არსებობს შავ-თეთრი გეოპოლიტიკური სამყარო, გახუნდა მექანიკური იარლიყები - პროდასავლურობა და ანტიდასავლურობა, პრორუსულობა და ანტირუსობა, სხვასთან მიმართებაში დანახული ყოველგვარი „პრო“ და „ანტი“. დღეს არსებობს მხოლოდ ერთი განმსაზღვრელი საზომი - პროქართული და ანტიქართული. ქართულის გარდა ყველა „პრო-ორიენტაცია“ საბოლოო ჯამში არაქართულია, რადგან ის ქვეყნის პოლიტიკას საკუთარ ეროვნულ ინტერესს აშორებს და სხვისი მიზნების ინსტრუმენტად აქცევს. და ეს უნდა ითქვას ღიად, ნათლად და გადაწყვეტით: ჩვენი ქვეყნის მართვის საკითხებში არ არსებობს პროევროპულობა და ანტიევროპულობა, პროდასავლურობა და ანტიდასავლურობა, პრორუსობა და ანტირუსობა. არსებობს მხოლოდ ქართულობა და ანტიქართულობა, ეროვნული ინტერესების ერთგულება და ეროვნული ინტერესების ღალატი.

ევროპა ჩვენთვის არის არა გეოპოლიტიკური პროექტი ან ბიუროკრატიული ერთობა, არამედ ღირებულებითი და ცივილიზაციური სივრცე, რომელიც ქართველების ხელითაც არის შექმნილი. სივრცე, რომელსაც ისტორიულად სხვადასხვა პოლიტიკური თუ ინსტიტუციური ფორმა ჰქონდა. ევროკავშირი ევროპის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ის არც პირველია და არც უკანასკნელი. ის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი არ არის, არ ნიშნავს, რომ საქართველო ევროპა არ არის ან ვინმეზე ნაკლები ევროპაა. ამიტომ ვერც ბრიუსელისგან და ვერც ევროკავშირის სხვა დედაქალაქისგან ვერ მივიღებთ მენტორულ ტონს, როცა საუბარია ევროპულ ღირებულებებზე. იმ ღირებულებებზე, რომელთა დაცვაშიც საქართველო ხშირად მარტო იდგა ისტორიის ყველაზე მძიმე მონაკვეთებში.

ლოზუნგი „მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი!“ თავისი დროის პირმშო იყო, როდესაც „რკინის ფარდის“ წყალობით საქართველოსა და ევროპას შორის გაჩნდა ისეთი გეოპოლიტიკური, ინსტიტუციური და ეკონომიკური ნაპრალი, რომ, ამ ორი ცნების დასაკავშირებლად, „მაშასადამე“ თითქოს აუცილებელი გახდა. დღეს ქართველების ევროპელობას „მაშასადამე“ აღარ სჭირდება, ვინაიდან აღარავისთვის არის სამტკიცებელი, რომ ევროპის თანაშემოქმედი საქართველო თავადაც არის ევროპა. ყველა, ვინც საქართველოს ევროპელობას დანამატებში და არა თავად საქართველოში ხედავს, საკუთარ სახელმწიფოს აკნინებს და სხვას უქვემდებარებს. ჩვენ ევროპის დამფუძნებელი ნაწილი ვართ. მისი ღირებულებები, იდეები და ესთეტიკა ჩვენთვის არც ნასესხებია და არც ხელოვნურად შეთვისებული. ისინი ჩვენი ისტორიის, კულტურისა და თვითმყოფადობის ორგანული ნაწილია. მაგრამ დღევანდელი ევროპული კავშირი სულ უფრო შორდება იმ ევროპას, რომლის შექმნაშიც ჩვენც მიგვიძღვის წილი. ევროპა ნიშნავს, ეძებდე მშვიდობასა და განვითარებას, რომელიც ეფუძნება სამართლიანობას, თანამშრომლობას, ღირსებასა და ურთიერთპატივისცემას, და არა იერარქიასა და დაქვემდებარებას. ევროკავშირის წევრობა არავის უნდა აძლევდეს უფლებას, მენტორული ტონით ესაუბროს ქართველ ხალხს და ქედმაღლურად უკარნახოს, როგორი უნდა იყოს მისი არჩევანი. ასეთი დამოკიდებულება უსამართლო, უღირსი და, მაშასადამე, არაევროპულია“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, „საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს“.

„ჩვენ ეს არ მოგვწონს. ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს. ბრიუსელმა ძალიან კარგად იცის, რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობა დაუბრუნდეს იმ ღირსეულ ჩარჩოს, რომელშიც ის უნდა ვითარდებოდეს. უპირველეს ყოველისა, ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს დემოკრატიას, ანუ ხალხის მმართველობას. ქართველი ხალხისთვის პოლიტიკური ნების გარედან თავს მოხვევა, ან მის ნაცვლად „ქართველი ხალხის“ სუროგატის შექმნის მცდელობა, დემოკრატიის უხეში უარყოფაა. მისი დღევანდელი პოლიტიკით, ბრიუსელი ქართული დემოკრატიის შემაფერხებელია და არა ხელშემწყობი.

მეორე, ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს სამართლის უზენაესობას. ბრიუსელი საკმარისზე მეტად დამარცხდა საერთაშორისო სასამართლოებში ქართულ მართლმსაჯულებასთან, იმისთვის, რომ დღეს კვლავ ქედმაღლურად ეჭვქვეშ აყენებდეს მის გადაწყვეტილებებს. დამარცხდა სტრასბურგში სააკაშვილის, მელიას, გვარამიას, ახალაიას, „რუსთავი 2“-ის საქმეებში; დამარცხდა პარიზის და ვაშინგტონის არბიტრაჟებში ხაზარაძის საქმეში. ყველა იმ საქმეში, რომელსაც წლების განმავლობაში პოლიტიკურ დევნად წარმოაჩენდნენ, საბოლოოდ სამართალმა სხვა რამ თქვა. ამის შემდეგაც იგივე ბრალდებების გამეორება უკვე სამართლის უზენაესობის დაცვა კი არა, უბრალოდ პოლიტიკური პროპაგანდაა. ამიტომ, ბრიუსელმა საბოლოოდ და მკაფიოდ უნდა დაადასტუროს მისი ერთგულება სამართლის უზენაესობის მიმართ და გაემიჯნოს ძალადობასა და პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულებს, როგორც პოლიტიკის წარმოების ინსტრუმენტს. დაბოლოს, უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია და ანტიქართული რიტორიკა. პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც სიმართლის ნაცვლად პოლიტიკური ნარატივები დომინირებს. თუ ევროკავშირს ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, პატივი სცეს მის დემოკრატიულ არჩევანს და პატივი სცეს იმ ღირებულებებს, რომლებსაც ევროპული ღირებულებები ჰქვია. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს