შალვა პაპუაშვილი - მსოფლიო პოლიტიკური წესრიგის რყევამ დაგვანახა, რომ არ არსებობენ მუდმივი მოკავშირეები და მეგობრები, არსებობს მუდმივი ეროვნული ინტერესები, რომლებიც ქვეყანამ ნებისმიერ ფასად უნდა დაიცვას

მსოფლიო პოლიტიკური წესრიგის რყევამ დაგვანახა, რომ არ არსებობენ მუდმივი მოკავშირეები და მეგობრები, არსებობს მუდმივი ეროვნული ინტერესები, რომლებიც ქვეყანამ ნებისმიერ ფასად უნდა დაიცვას. ამ ინტერესების განუყოფელი ნაწილია ჩვენი პოლიტიკის გარედან დაცულობა - ჩაურევლობა. სწორედ ესაა დამოუკიდებლობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართველებმა უნდა გავიაზროთ, რომ თუ გვინდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ეროვნული სუვერენიტეტი, თითოეული ჩვენი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება უნდა გავზომოთ მხოლოდ ერთი საზომით, ეროვნული ინტერესით.

„ქვეყნის თავისუფლება, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა თავისთავადი ღირებულებაა და არა ინსტრუმენტი სხვა გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად, თუნდაც ამ მიზანს ევროპული ან ევროატლანტიკური ინტეგრაცია ერქვას. ჩვენ, საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობა გვჭირდება საქართველოს თავისუფლების, უსაფრთხოების და კეთილდღეობისთვის გასამყარებლად და არა პირიქით. ჩვენ ვეძებთ ისეთ ურთიერთობას ევროკავშირთან თუ სხვებთან, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობაზე, საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე და არა უპირობო მორჩილებაზე. სუვერენიტეტი დღეს ზოგიერთი პოლიტიკური ძალისთვის არა დამოუკიდებლობის, არამედ პირიქით, დაქვემდებარების იარაღი გახდა. ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, როდესაც ქვეყნის ლიდერისგანაც კი შეიძლება მოვისმინოთ, რომ პატარა ქვეყანას დამოუკიდებლობის შენარჩუნება უჭირს და გამოსავალი სხვა ქვეყანასთან მიერთებაა. სწორედ ამ პათოსს არის აყოლილი რადიკალური ოპოზიციაც, რომლის განცხადებებშიც გვესმის, თითქოს ერი-სახელმწიფოს იდეა მალე გაქრება. ეს არის რასაც ცდილობენ შეგვაგუონ ისინი, ვინც საქართველოში სხვის დროშებს აფრიალებენ, სხვათა ჰიმნებს მღერიან და სხვა ქვეყნის ლიდერებს საკუთრად მიიჩნევენ. ამიტომ დასცინიან სუვერენიტეტს, იდეას, რომლითაც საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანა; ამიტომ აიგივებენ დამოუკიდებლობას იზოლაციონიზმთან, ხოლო ეროვნული ინტერესების პრიმატს - ეგოიზმთან. ამიტომ ზომავენ და წონიან ადამიანებს არა მათი ქვეყნისთვის სამსახურით, არამედ იარლიყებით: პრო და ანტიევროპელი, პრო და ანტირუსი, პრო და ანტიჩინელი, პრო და ანტიირანელი. ეს არის სწორედ ის იარლიყების პოლიტიკა, რომლითაც უნდათ გაგვაჩუმონ, დაგვაშინონ და დაგვიმორჩილონ. თუმცა, მათ სამყარომაც კი ზურგი აქცია და საბოლოოდ გადატეხა ყალბი კოსმოპოლიტიზმის იარლიყები. მსოფლიო გამოფხიზლდა. დღეს სულ უფრო მეტი ქვეყანა აღიარებს მარტივ ჭეშმარიტებას - საკუთარი ქვეყნის პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს არა სხვებს შორის არჩევანს, არამედ საკუთარ ეროვნულ ინტერესს. ამიტომ თითოეულმა ქართველმა უნდა გავიაზროთ, რომ თუ გვინდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, თუ გვინდა ეროვნული სუვერენიტეტი, თუ გვინდა აღვასრულოთ ილიას სიტყვა და „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“, თითოეული ჩვენი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება უნდა გავზომოთ მხოლოდ ერთი საზომით - ეროვნული ინტერესით. ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვა ყველას ვალია. ეს ყველას გვესმის. თუმცა დღეს სუვერენიტეტი აღარ არის მხოლოდ დროშა, ჰიმნი, ან გაეროს წევრობა. დღეს დამოუკიდებლობის დაცვა ნიშნავს სახელმწიფოს შინაარსის დაცვას - ხალხის უფლებას, თვითონ განკარგოს თავისი ბედი და არა უცხოეთმა. მსოფლიო პოლიტიკური წესრიგის რყევამ დაგვანახა, რომ არ არსებობენ მუდმივი მოკავშირეები და მეგობრები, არსებობს მუდმივი ეროვნული ინტერესები, რომლებიც ქვეყანამ ნებისმიერ ფასად უნდა დაიცვას. ამ ინტერესების განუყოფელი ნაწილია ჩვენი პოლიტიკის გარედან დაცულობა - ჩაურევლობა. სწორედ ესაა დამოუკიდებლობა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, დამოუკიდებლობა დღეს არანაკლებ ძნელია, ვიდრე ორმოცი წლის წინ.

„დღეს დამოუკიდებლობას ხელახლა გვართმევენ და სწორედ ამიტომ არის ამგვარი გააფთრებული წინააღმდეგობა, როცა ვცდილობთ დავიცვათ სუვერენიტეტი და დავიცვათ საქართველო. სწორედ ამიტომ, ბოლო პლენარულს სხდომაზე მესამე მოსმენით მივიღეთ უცხოური დაფინანსების შესახებ ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც არის სამართლებრივი გარანტია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას გარედან ვეღარავინ შეეხება. ეს კანონი არის იმ ბრძოლის ლოგიკური გაგრძელება, რომელსაც სახელმწიფო უკვე რამდენიმე წელია აწარმოებს გარე ჩარევის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, როგორც ეს ამ საუკუნის უდიდესმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა, უკრაინის ომმა გვაჩვენა - როდესაც ქვეყანა დროულად არ იცავს საკუთარ სახელმწიფოს შიგნიდან და გარედან, მის ბედს სხვები წერენ. ორიოდე კვირის წინ შესრულდა ოთხი წელი, რაც ჩვენ ვუყურებთ ომის ქარცეცხლში გახვეულ ევროპას. ოთხი წელია ვუყურებთ მის ტერიტორიულად უდიდესი სახელმწიფოს ტრაგედიას და ევროკავშირის უუნარობას, გაუმკლავდეს სულ უფრო მზარდ კრიზისს. თითოეული დღე, რომელიც ომის დღის წესრიგით თენდება, ამძაფრებს გეოპოლიტიკურ კრიზისს და აღრმავებს უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემის ეროზიას. ჩვენ ვხედავთ სრულ უუნარობას, გადაიდგას ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები, რომელიც დაასრულებდა ომს, უკრაინელი ხალხის ტანჯვას და მათი სახელმწიფოს ნგრევას.

ოთხი წლის წინ საქართველო მზად აღმოჩნდა, ხმამაღლა ეთქვა უარი ომის ლოგიკაზე, დამდგარიყო მშვიდობის მხარეს და კრიზისის პოლიტიკურ ეპიცენტრში დაებრუნებინა მთავარი ცნება - საქართველოს ეროვნული ინტერესი, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი განმსაზღვრელი და მდგენელი. სწორედ ამიტომ აღშფოთდნენ ის ძალები, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს ქედმაღლურად უყურებდნენ, ჩვენს მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება გააჩნდათ და საკუთარ გეოპოლიტიკურ სცენარში „გასაწირი პაიკის“ როლი მოგვაკუთვნეს. მათთვის უცხოური მეურვეობა, სადამრიგებლო ჭკუის-სწავლებები, ქსელური აქტივიზმი და მრავალშრიანი გარე დაფინანსება უნდა ყოფილიყო ის ბერკეტი, რომლითაც, ომის ხანაში, საქართველოსთვის, თავს უნდა მოეხვიათ ახალი „ფუნქცია“ - საკუთარი სისხლი დაეღვარა სხვისი უსაფრთხოებისთვის, საკუთარი მიწა დაეკარგა სხვისი მიწის შენარჩუნებისთვის, საკუთარი მომავალი გაეწირა სხვისი კეთილდღეობისთვის. ჰიბრიდული და კოგნიტიური მექანიზმების გამოყენებით ეს როლი „სიხარულით“ უნდა შეგვესრულებინა: გაშლილი დროშებითა და სოლიდარობის ჯაჭვებით სხვათა სასარგებლო პროცესში ჩავბმულიყავით; დაგვეჯერებინა, რომ მარცხი გამარჯვებაა, სიკვდილი სიცოცხლეა, ტყუილი სიმართლეა და სიტყვიერი გამხნევება ბრძოლის ველზე გამოსადეგი იარაღი. ერთი სიტყვით, უნდა გაგვეკეთებინა ის, რაც ქვეყანას ერთხელ უკვე ძვირად დაუჯდა, უპასუხისმგებლო და უცხოების მაამებელი მმართველის ხელში. შედეგები კი, როგორც მაშინ, ჩვენი სისხლით, ჩვენი მიწით და ჩვენი მომავლით უნდა გადაგვეხადა. მაგრამ, ჩვენ ვართ უძველესი ერი, საუკუნეთა ქარტეხილებში გამოვლილი ხალხი, ჩვენში დევს ჩვენი გმირი წინაპრების ოფლითა და სისხლით მონაპოვარი სიბრძნე და ვიცით, რომ კრიტიკულ მომენტში, ჩვენი თავი ჩვენივე გადასარჩენია. ჩვენ აღარ ჩავდგით ფეხი დაგებულ ხაფანგში და რაც მთავარია, ჩვენ აღმოგვაჩნდა საკმარისი დრო იმისათვის, რომ აგვეხსნა ჩვენი ხალხისთვის, რა იყო თეთრი და რა იყო შავი, რა იყო სიმართლე და რა იყო სიცრუე, გაგვერჩია მტერი და მოყვარე, მართალი და მზაკვარი. ხალხმა მოგვისმინა, ხალხი გვენდო, ხალხმა აირჩია სიმართლე და მხარი დაგვიჭირა. ეს მხარდაჭერა არის ჩვენი უძლეველი ფარი, ჩვენი რწმენისა და სიმტკიცის საფუძველი, რომ აქ, ამ დარბაზში ჩვენ ვდგავართ ჩვენი ერის, ჩვენი მომავლის და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის სადარაჯოზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტის ამ დარბაზში მუშაობის ყოველი დღე არის ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება და დამოწმება იმისა, რომ ძალაუფლების წყარო არის ხალხი.

„ხალხმა მოგვცა ეს მანდატი და ვერავითარი გარე ჩარევა ვერ შეცვლის ხალხის ამ ნებას. სწორედ ხალხის ნების შეცვლა განიზრახეს იმ ძალებმა, რომელთაც საქართველოს დაპატრონება, მარიონეტული მმართველობის დამყარება და ქვეყნის სასურველ სცენარებში გამოყენება სურთ. სწორედ მათ წააქეზეს რადიკალური ოპოზიცია არჩევნების შედეგების არმიღებაზე, არაღიარებაზე, ბოიკოტზე, კრიზისის შექმნაზე, ძალადობრივ აქციებზე, ექსტრემიზმზე, ახალგაზრდების წინა ხაზზე მიშვებასა და რევოლუციური სცენარის აგორებაზე.

მაგრამ აქაც, ჩვენ კვლავ ვნახეთ, რომ ქართული სახელმწიფო აღმოჩნდა მტკიცე, გონიერი და მყარი. ისინი ვერ მოგვერივნენ, მაგრამ რაკიღა ზეწოლას ქართველებისვე ხელით ახორციელებენ, მათთვის უშედეგო პროცესიც მისაღებია. წლების განმავლობაში იმიტომაც აფინანსეს ქსელური აქტივიზმი, რომ სწორედ ასეთ დროს გამოიყენონ და შენახული აქტივები მიზანმიმართულად დახარჯონ. სწორედ ამ პროცესმა მიიყვანა ქვეყანა 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობამდე და შიდა ტერორიზმის გამოვლინებამდე. არჩევნების დღეს ქვეყნის აყირავების მცდელობა და რევოლუციური სცენარის ინსპირირება კარგად ნაცნობი მეთოდია. ასე მოხდა 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე სააკაშვილის გამოყენებით და ასე მოხდა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზეც ბურჭულაძის ხუთეულის გამოყენებით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს