შალვა პაპუაშვილი - წელს აღვნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელს და განსაკუთრებით ვულოცავ ილია მეორეს, რომლის ჯანმრთელობისა და მხნეობისთვის დღეს მთელი საქართველო ლოცულობს

ილია მეორის ჯანმრთელობისა და მხნეობისთვის დღეს მთელი საქართველო ლოცულობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელს აღნიშნავს და „ეს არის მადლიერების წელი ღვთის მიმართ“.

„წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელს. ეს იქნება განსაკუთრებული წელი, როდესაც შეგვეძლება კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ თუ ვინ ვართ დღეს, რანი ვიყავით გუშინ და რანი ვიქნებით ხვალ. ეს არის მადლიერების წელი ღვთის მიმართ, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა და მომავლის გააზრების წელი, თუ როგორ უნდა გავიაროთ ის ახალი ჟამი, რომელიც სწორედ ახლა, ჩვენს თვალწინ იბადება. ამ საიუბილეო წელს ამ ტრიბუნიდან განსაკუთრებით ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომლის ჯანმრთელობისა და მხნეობისთვის დღეს მთელი საქართველო ლოცულობს.

ძველი წესრიგი - ცივი ომის თუ პოსტ-ცივი ომის დროინდელი, დასრულებულია, ახალი წესრიგის დაბადება კი ყოველთვის ტკივილით ხდება. ასე ყოფილა ადრეც და ასე იქნება ახლაც. უკრაინის ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე, როდესაც იმედი გვქონდა, რომ გაერთიანებული დასავლეთი უკრაინის დაცვას თუ ვერა, ომის შეჩერებას მაინც შეძლებდა, ვიხილეთ დაშლილი და ფრაგმენტირებული დასავლეთი და ახალი ომი ჩვენს საზღვრებთან კიდევ უფრო ახლოს, ჩვენს მეზობლებთან კიდევ უფრო მჭიდროდ. ისტორიულად ომი ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკის გაგრძელება. ხანმოკლე ილუზია, რომ ისტორია დასრულდა და სამყაროს მხოლოდ მშვიდობა მართავს, გაქარწყლდა.

თუმცა საქართველომ მოახერხა და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეძლო გამოემუშავებინა საქართველოს სუვერენულ ეროვნულ ინტერესებსა და მშვიდობის კონცეფციაზე აგებული უსაფრთხოების დოქტრინა, რომელსაც ერთგულად და თანმიმდევრულად იცავს. ამიტომ გვსურს დავარწმუნოთ ჩვენი ამომრჩეველი და ყველა ჩვენი მოქალაქე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა, მისი სიძლიერე და სიმტკიცე, იყო, არის და იქნება ქვეყნის დაცულობის და უსაფრთხოების მთავარი სტრატეგია, რომლის პირდაპირი მანდატიც გვაქვს ქართველი ხალხისგან. ამ მტკიცე ჯაჭვს ვერავითარი გარე ძალა, უცხოური ინტერესები და მეხუთე კოლონა ვერ გაწყვეტს. ამ რთულ დროში კი ჩვენი გზამკვლევი და მომავლის ჩირაღდანი ისევ ის საუნჯეა, რაც დაგვიტოვეს წინაპრებმა - ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება. საქართველო უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი მთავარი სათქმელიც და ჩვენი მთავარი იდეოლოგიაც. ყველას გისურვებთ სამშობლოს ერთგულებით, ერთობითა და სიყვარულით საქმიანობას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს