ჯანდაცვის მინისტრი - ამ დროისთვის პატრიარქის მდგომარეობა არსებითი დინამიკის გარეშეა - რაიმე არსებით გაუმჯობესებაზე, ან გაუარესებაზე საუბარი არ არის

ამ დროისთვის [პატრიარქის] მდგომარეობა არსებითი დინამიკის გარეშეა. კვლავ არის გარკვეული ცვლილებები ცალკეული მიმართულებით და ცვლადების მიხედვით, თუმცა რაიმე არსებით გაუმჯობესებაზე, ან გაუარესებაზე საუბარი არ გახლავთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ კავკასიის მედიცინის ცენტრში ჟურნალისტებს განუცხადა საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

სარჯველაძის განცხადებით, ექიმები მუდმივად აკვირდებიან ყველა მონაცემს, სად შეიძლება ვნახოთ შესაძლებლობა შემდგომი გაუმჯობესებისთვის.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას თურქი ექიმის ჩამოყვანის შესახებ, მინისტრის თქმით, დილიდანვე მიღებულია გადაწყვეტილება, შეძენილია ბილეთებიც და სულ რამდენიმე საათში საკმაოდ კვალიფიციური, დიდი ავტორიტეტის მქონე თურქი ექიმი რეანიმატოლოგი იქნება თბილისში.

„ვგეგმავდით, ვაკვირდებოდით პროცესს, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო საჭიროება, ან რა შეიძლება გვეცადა, ან ახალ მედიკამენტზე გვეფიქრა, ან ისეთ საშუალებაზე, რომელიც ამ დრომდე შეიძლება არ ყოფილიყო გამოყენებული.

ჩვენ ამაზე დილიდან ვიმუშავეთ, დილიდანვე მიღებულია გადაწყვეტილება, შეძენილია ბილეთებიც და სულ რამდენიმე საათში საკმაოდ კვალიფიციური ექიმი, საკმაოდ დიდი ავტორიტეტის მქონე თურქი ექიმი რეანიმატოლოგი იქნება თბილისში. კლინიკასთანაც მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ის დაშვებული იქნება სამუშაოდ. ყველა სამართლებრივ პროცედურას გავივლით იმისთვის, რომ მივიღოთ კვალიფიციური რჩევები თურქი ექიმისგან.

პირადად მოლოდინი მაქვს, რომ დასკვნები დაემთხვევა იმას, რა მეთოდოლოგიითაც მიმდინარეობს მკურნალობა, თუმცა, რა თქმა უნდა, ინტერესით და დადებითი მოლოდინით ველოდები, რომ იქნება იყოს რჩევა რაიმე უკეთესზე. ასეთია ჩვენი დამოკიდებულება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, არ იგეგმება მკურნალობის გასაგრძელებლად კათოლიკოს-პატრიარქის სხვა ქვეყანაში გადაყვანა.

„გადაყვანას რაც შეეხება, ამ ეტაპზე ჯანმრთელობის ის მდგომარეობა, რომელიც აქვს უწმინდესს, არ გვაძლევს ფიქრის შესაძლებლობას, რომ გადავიყვანოთ. ამჟამად მდგომარეობა ისეთია, სხვაგან მკურნალობა რომ უკეთესი შეიძლება იყოს, ამის თქმის საფუძველი ობიექტურად არ არსებობს. ეს დაადასტურა აქ გამართულმა კონსილიუმმა. მეთოდოლოგია, სისტემა მკურნალობისა არის გამართული და არავითარი დამატებითი შენიშვნა არ ყოფილა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძის თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ შუადღიდან გაუარესდა, როდესაც მას ჯერ სატურაციის, შემდეგ კი ჰემოგლობინის პრობლემა შეექმნა.

“პირველივე წუთებიდანვე გახლავართ საქმის კურსში და ამ ვითარებას მივდევ. გუშინდელი დღიდან, დაახლოებით შუადღიდან გაჩნდა პრობლემა, იყო სატურაციის ვარდნა, შესაბამისად, იყო გარკვეული პარამეტრები, რომლებიც გარკვეულ ჩარევას მოითხოვდა, შესაბამისად, მკურნალი ექიმების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გადაყვანილი ყოფილიყო სატურაციასთან დაკავშირებული პრობლემების ირგვლივ ჩაფიძის კლინიკაში.

მოგვიანებით, აღმოჩნდა, რომ ჰემოგლობინთან დაკავშირებული პრობლემებიც არსებობდა. ჰემოგლობინმა მიანიშნა ექიმებს, რომ შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა სისხლის კარგვას, რომელიც შეიძლება იმ წუთას უსიმპტომოდ მიმდინარეობდა. მოგვიანებით, ეს ფარული სისხლდენა გამოაშკარავდა და, შესაბამისად, დაუყოვნებლივ მიღებული იქნა გადაწყვეტილება პატრიარქის პოლიპროფილურ დაწესებულებაში გადმოყვანის შესახებ. ეს იყო დაახლოებით, ღამის 02:00 საათი. აქაც დაუყოვნებლივ იქნა მიღებული გადაწყვეტილება იმ სამედიცინო მანიპულაციების განხორციელების შესახებ, რაც განხორციელდა. ამან წარმატებით ჩაიარა, რადგან, რეალურად მოხდა განეიტრალება კუჭში არსებული იმ კერისა, საიდანაც ხდებოდა სისხლის დაკარგვა",- განაცხადა სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, „სამედიცინო მანიპულაციებმა წარმატებით ჩაიარა, რადგან, რეალურად მოხდა განეიტრალება კუჭში არსებული იმ კერისა, საიდანაც ხდებოდა სისხლის დაკარგვა”.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს