გუშინ დაახლოებით შუადღიდან გაჩნდა პრობლემა, იყო სატურაციის ვარდნა - მოგვიანებით, აღმოჩნდა, რომ ჰემოგლობინთან დაკავშირებული პრობლემებიც არსებობდა, რამაც მიანიშნა ექიმებს, რომ შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა სისხლის კარგვას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მედიას განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც საქართველოს პატრიარქი ილია მეორე არის მოთავსებული.
მისი თქმით, მოგვიანებით, ფარული სისხლდენა გამოაშკარავდა და, შესაბამისად, დაუყოვნებლივ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პატრიარქის ჩაფიძის კლინიკიდან პოლიპროფილურ დაწესებულებაში გადმოყვანის შესახებ.
“პირველივე წუთებიდანვე გახლავართ საქმის კურსში და ამ ვითარებას მივდევ. გუშინდელი დღიდან, დაახლოებით შუადღიდან გაჩნდა პრობლემა, იყო სატურაციის ვარდნა, შესაბამისად, იყო გარკვეული პარამეტრები, რომლებიც გარკვეულ ჩარევას მოითხოვდა, შესაბამისად, მკურნალი ექიმების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გადაყვანილი ყოფილიყო სატურაციასთან დაკავშირებული პრობლემების ირგვლივ ჩაფიძის კლინიკაში.
მოგვიანებით, აღმოჩნდა, რომ ჰემოგლობინთან დაკავშირებული პრობლემებიც არსებობდა. ჰემოგლობინმა მიანიშნა ექიმებს, რომ შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა სისხლის კარგვას, რომელიც შეიძლება იმ წუთას უსიმპტომოდ მიმდინარეობდა. მოგვიანებით, ეს ფარული სისხლდენა გამოაშკარავდა და, შესაბამისად, დაუყოვნებლივ მიღებული იქნა გადაწყვეტილება პატრიარქის პოლიპროფილურ დაწესებულებაში გადმოყვანის შესახებ. ეს იყო დაახლოებით, ღამის 02:00 საათი. აქაც დაუყოვნებლივ იქნა მიღებული გადაწყვეტილება იმ სამედიცინო მანიპულაციების განხორციელების შესახებ, რაც განხორციელდა. ამან წარმატებით ჩაიარა, რადგან, რეალურად მოხდა განეიტრალება კუჭში არსებული იმ კერისა, საიდანაც ხდებოდა სისხლის დაკარგვა",- განაცხადა სარჯველაძემ.