როდესაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე ვლაპარაკობთ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მთავარი არის სასამართლო. დღეს კი სასამართლო არათუ თავისუფალი არ არის და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ინსტრუმენტია, არამედ მისი მოსამართლეები აშშ-ის მხრიდან კორუფციის ბრალდებით არიან სანქცირებულნი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
ფარულავას შეფასებით, რაც დღეს ხდება, ეს არა კორუფცია, არამედ გავლენებისთვის ბრძოლაა.
„მე მზად ვარ, ხელისუფლების წარმომადგენლებს დავუჯდე, დეტალურად ავუხსნა, თუ რატომ არის ქვეყანაში კორუფცია, რატომ და როგორ მიიტაცა კორუფციული გზით ხელისუფლება და სახელმწიფო ინსტიტუციები ბიძინა ივანიშვილმა. თუ იქნება პირისპირ დებატები, ყველგან მზად ვარ, მივიდე და ავუხსნა, რატომ არიან კორუმპირებულები და რატომ ატყუებენ ქართველ ხალხს. ეს ხალხი მარტო ჩვენს ფულს კი არ იპარავს ბიუჯეტიდან, არამედ დროსაც გვპარავს და მომავალსაც.
ელიტურ კორუფციაზე მითხარით ერთი საქმე, რომელთან დაკავშირებითაც დაიწყო გამოძიება. შეგახსენებთ ზაზა ოქუაშვილის განცხადებას, რომელიც 2018 წელს გააკეთა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით და თქვა, რომ თამბაქოს თემის განხილვები მიმდინარეობდა ბიძინა ივანიშვილთან და გენპროკურორი შოთაძე იმყოფებოდა იმ შეხვედრაზე, ანუ მთელი ვერტიკალი, მთელი სახელმწიფო აპარატი იყო ბიძინა ივანიშვილთან, ის აძლევდა დავალებებს და ის არის არაფორმალური ლიდერი დღესაც. სიმბოლური თანამდებობა ვერ ჩაითვლება, რომ ძალაუფლება არის ირაკლი კობახიძის ხელში.
რომელ ელიტურ კორუფციაზე მელაპარაკება ირაკლი კობახიძე, როდესაც ის იყო აღმასრულებელი მდივანი „ქართული ოცნების“ და ეს მაშინ ხდებოდა. მეტიც, მამუკა ხაზარაძის განცხადება ყველას დაავიწყდა, რომელიც მან ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებით გააკეთა და თქვა, რომ სასამართლო მისი ჩვეულებრივი ინსტრუმენტია და ვის წინააღმდეგაც დაიწყებს სასამართლო დევნას, მისი ბიზნესი გაჩერდება. ბიძინასთან და ვანოსთან თუ არ დალაგდი, ამ ქვეყანაში ბიზნესს ვერ გააკეთებ - ეს პირდაპირ ეთერში თქვა მამუკა ხაზარაძემ.
როდესაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე ვლაპარაკობთ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ გარდა მექანიზმისა, რომელიც კორუფციას დაუწყებს ბრძოლას, მთავარი არის სასამართლო. დღეს კი სასამართლო არათუ თავისუფალი არ არის და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ინსტრუმენტია, არამედ მისი მოსამართლეები აშშ-ის მხრიდან კორუფციის ბრალდებით არიან სანქცირებულნი. ესენი არიან ის მოსამართლეები, რომლებიც განიხილავენ კერძო საქმეებს, მილიონიან დავებს. სწორედ ამასთან დაკავშირებით საუბრობდა ხაზარაძე - როგორც კი ჩხარტიშვილი მოინდომებდა, საქმეები იჭედებოდა სასამართლოში.
კორუფციასთან ბრძოლა არ ხდება, რაც ხდება, ეს არის გავლენებისთვის ბრძოლა“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.