93 წლის ასაკში გარდაიცვალა ის, ვინც ჩვენს სამშობლოში ყველაზე მეტ ადამიანს უყვარდა - ღმერთმა დაიცვას მისი სამშობლო და მისი ხალხი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერს.
როგორც ის აღნიშნავს, ილია მეორე იყო რელიგიური მოღვაწე, რომელიც უყვარდა არა მხოლოდ მის მრევლს, არამედ სხვა რწმენის ქართველებსაც, აგნოსტიკოსებსაც და ათეისტებსაც.
„93 წლის ასაკში გარდაიცვალა ის, ვინც ჩვენს სამშობლოში ყველაზე მეტ ადამიანს უყვარდა; ის, ვისი სიტყვაც საქართველოში ყველაზე დიდი წონისა იყო ნახევარი საუკუნის განმავლობაში; ის, ვინც რელიგიური მოღვაწე იყო, მაგრამ უყვარდა არა მხოლოდ მის მრევლს, არამედ სხვა რწმენის ქართველებსაც, აგნოსტიკოსებსაც და ათეისტებსაც; ის, ვინც სულიერი ლიდერიც იყო და მრავალმხრივ ნიჭიერი კაციც, შემოქმედი, კულტურტრეგერი; ის, ვინც იყო უწმინდესი და უნეტარესიც და ასევე ძალიან საინტერესო და მრავლისმნახველი ადამიანი და მოღვაწე ამა ქვეყნისა, უმდიდრესი გამოცდილებით და ანალიზისა და თხრობის გასაოცარი უნარით; ის, ვისი აფხაზეთში მოღვაწეობა ჯერ კიდევ 50 წლის წინ, ქრისტიანულ მსახურებასთან ერთად, დიდ პატრიოტულ მისიას მოიცავდა და ვისაც მეხსიერებიდან არასდროს წაუშლია სოხუმის ნინოშვილის ქუჩა, სადაც ცხოვრობდა, და არასდროს განელებია იქ დაბრუნების იმედი; გაანათლოს მისი სული უფალმა. ღმერთმა დაიცვას მისი სამშობლო და მისი ხალხი“, - წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში მეუფე შიომ გააკეთა.