საქართველოში ხვალინდელი დღე ისეთი არ გათენდება, როგორიც მანამდე იყო. ასევე შეიცვლება ჩვენი ქვეყანა, ისეთი აღარ იქნება, როგორიც მანამდე იყო, მისი უწმინდესობის ეპოქის დროს, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ღუდუშაურმა ქართულ საზოგადოებას პატრიარქის გარდაცვალება მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ილია მეორე ქვეყნის ისტორიაში მარადიულად დარჩება.
“საქართველომ და ქართველმა ხალხმა დაკარგა უდიდესი პიროვნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ხვალინდელი დღე ისეთი არ გათენდება, როგორიც მანამდე იყო. ასევე შეიცვლება ჩვენი ქვეყანა, ისეთი აღარ იქნება, როგორიც მანამდე იყო, მისი უწმინდესობის ეპოქის დროს.
ძალიან მიმძიმს სიტყვების პოვნა, იმდენად რთული და მძიმე არის თითოეული ჩვენგანისთვის, ამ ქვეყანაში თითოეული მცხოვრებისთვის. ყველამ კარგად იცით, თუ რაოდენ დიდი იყო ჩვენი პატრიარქის, ილია მეორეს დამსახურება არა მარტო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, არამედ მთლიანად კაცობრიობის წინაშე. თითოეული ჩვენგანი ვართ იმ ეპოქის მონაწილე, რომელმაც საკუთარი თვალით იხილა ის ისტორია, უდიდესი ეპოქა, რომელიც დაწერა ჩვენმა უწმინდესმა.
მე მინდა მოგისამძიმროთ ყველას, მივუსამძიმრო ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს განურჩევლად ყველა, მიუხედავად იმისა, რომელი მრწამსის არის ჩვენი ქვეყნის რომელიმე მოქალაქე, ყველანი ვართ უაღრესად დამწუხრებულები. ჩვენ რაღაცნაირად მივეჩვიეთ იმას, რომ თითქოს ჩვენი უწმინდესი მარადიულად უნდა ყოფილიყო ჩვენს გვერდით და ჩვენი ქვეყნის გვერდით, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ასეთად დარჩება, ჩვენი პატრიარქი ასეთად დარჩება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენს გულებში და ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის”, - განაცხადა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ გააკეთა.